სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11914

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
წმიდანები
ღირსი ანტონი (დადიანი) - ჭყონდიდელი მიტროპოლიტი (+1815) და მოწაფე მისი იაკობ ხუცესმონაზონი ხსენება 13 (26) ოქტომბერი ღირსი ანტონი (დადიანი) - ჭყონდიდელი მიტროპოლიტი (+1815) და მოწაფე მისი იაკობ ხუცესმონაზონი ხსენება 13 (26) ოქტომბერი

1747-1815 წწ. გარდ. 68 წლის

ბმულის კოპირება

წმიდანები

გვარი დადიანი სია

მარტვილი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

579       ბეჭდვა

ღირსი ანტონი (დადიანი) - ჭყონდიდელი მიტროპოლიტი (+1815) და მოწაფე მისი იაკობ ხუცესმონაზონი ხსენება 13 (26) ოქტომბერი

ღირსი ანტონ ჭყონდიდელი - საქართველოს ეკლესიის ერთ-ერთი თვალსაჩინო მოღვაწე - დაიბადა სამეგრელოს მთავრის, ოტია დადიანის მრავალშვილიან ოჯახში. დედა - გულქანი - რაჭის ერისთავის შოშიტა III-ის ქალიშვილი იყო. ოჯახში ხუთი ვაჟი და ერთი ასული - მარიამი იზრდებოდა (შემდგომში იმერეთის დედოფალი, ცოლი სოლომონ დიდისა). შვილებს პირველდაწყებითი განათლება დედამ მისცა. ის იყო ძველი დედების ტრადიციების გამგრძელებელი ქალი, რომლის ცოცხალი სარწმუნოება და კეთილი საქმეები მისაბაძი იყო ყველასათვის. მამის გარდაცვალების შემდეგ ახალგაზრდა ანტონი (მისი საერო სახელი უცნობია) ძმის, კაცია დადიანის კარზე იზრდებოდა. მას საერო მოღვაწედ ამზადებდნენ და ამიტომაც საღვთო წერილსა და მამათა შრომებზე უფრო ღრმად საერო მწერლობა, პოეზია, ფილოსოფია და ხელოვნება შეასწავლეს. ანტონი ფლობდა თათრულ ენასაც, რომელიც იმ დროისათვის ძალზე პრესტიჟული და აუცილებელი იყო, მაგრამ მოხდა ისე რომ ანტონმა მონაზვნობა გადაწყვიტა და მალე აღიკვეცა კიდეც.

მონაზვნად შემდგარმა ანტონმა მომეტებულად იგრძნო წყურვილი საეკლესიო განათლებისა. მან მიმართა მარტვილის ბერებს, რომელთა ხელმძღვანელობითაც  ეცნობოდა წმიდა მამათა თხზულებებს. განათლების შესავსებად მას მიჰგვარეს ფრანგი მისიონერები, რომელთაც მისთვის უნდა ესწავლებინათ სქოლასტიკური ფილოსოფია. ანტონს არც ფრანგების ქცევა მოეწონა და არც მათი სწავლება, მან შეიტყო, რომ ფრანგი ბერები მწვალებლობის ღვარძლს ურევდნენ მართლმადიდებლურ მოძღვრებაში. ერთხელ, სადილობის დროს, ანტონმა უთხრა ლათინ ბერს: „თუ შეგიძლია ამ წყლიან ჭიქაში ღვინო ჩაასხა ისე, რომ ერთმანეთში არ გაერიოს?“ ლათინმა მოძღვარმა უპასუხა, რომ ეს შეუძლებელია. მაშინ ანტონმა უთხრა: „როგორც ერთ ჭიქაში წყალი და ღვინო არ ჩაისხმის ისე, რომ ერთმანეთში არ გაერიოს, აგრეთვე ერთი კაცის გონება ვერ დაიტევს მართლმადიდებლურ და მწვალებლურ მოძღვრებებს ისე, რომ ერთი მეორეს არ გაჰრიოსო“, - და ამ დღიდან დაითხოვა ლათინი ბერი.

სწავლის სურვილი არ ასვენებდა ანტონს. „ურვა მქონდა სწავლისა და მკურნალს ვეძიებდ“, - წერს თავად. ამ დროს სამეგრელოში გაიგეს, რომ აღმოსავლეთ საქართველოში გაიხსნა საფილოსოფოსო სკოლა და 1757 წლის ახლო ხანებში ანტონი გაემგზავრა თბილისს, მეფე ერეკლე II-ის კარზე, რომელსაც ცოლად ჰყავდა მისი მამიდა დარეჯანი.

სამეგრელოში დაბრუნების შემდეგ, 1761 წელს ღირს ანტონს ხელი დაასხეს ცაგერის ეპისკოპოსად. 1765 წელს ანტონ ცაგარელს მოუხდა თბილისში წასვლა: ერეკლეს და, ელისაბედი, მისთხოვდა ანტონის ძმას, კაცია დადიანს. წირვის დროს ახალგაზრდა ანტონს ხელში მისცეს დაუწერელი ქაღალდი. მაშინდელი ჩვეულებით, ეს იმას ნიშნავდა, რომ მას ქადაგება უნდა წარმოეთქვა. ეს მოხდა სულთმოფენობის დღეს. ანტონს ისე ლამაზად და ბრძნულად უქადაგია, რომ აღტაცებულ კათოლიკოსს იგი ამბიონზე გადაუკოცნია.

1777 წელს გარდაიცვალა ჭყონდიდელი გრიგოლი, ბეჟან დადიანის ძე. იმავე წელს ჭყონდიდის ტახტზე ავიდა ანტონ ცაგარელი, ხოლო ცაგერის კათედრა მიიღო მისმა ნათესავმა სოფრონმა.

ანტონ ჭყონდიდელის ქადაგებას განუზომელი გავლენა ჰქონდა მსმენელებზე. მის მარხვისაგან გალეულ პირისახეზე აღბეჭდილი იყო ანგელოზებრივი სათნოება. საოცრად კეთილი მღვდელმთავრის ბრძანებით, ჭყონდიდელის რეზიდენციაში ყოველდღე მზადდებოდა სადილი ღარიბ-ღატაკთათვის. ამ წესს შემდგომ ყველა ჭყონდიდელი იცავდა.

XVIII საუკუნეში სამეგრელოში ზოგიერთმა დიდებულმა შემოიღო ტყვეთა გაყიდვის უსაშინლესი წესი. ანტონი მტკიცედ აღუდგა წინ ამ ბოროტ ჩვეულებას. ის შეაჩვენებდა ტყვეების მსყიდველთ. მათ სახლში მღვდელს არ შეუშვებდა. სოფელში ეკლესიას დაკეტავდა. 1792 და 1794 წელს ანტონის თავმჯდომარეობით ჩატარდა ადგილობრივი კრება, რომელმაც მკაცრი განაჩენი გამოუტანა ტყვეთა მსყიდველებს. სასტიკი ზომები მიზანს აღწევდა: დამნაშავენი შენდობას თხოულობდნენ, საკანონოს იხდიდნენ და გაყიდულ ტყვეს გამოიხსნიდნენ ხოლმე.

1789 წელს მიტროპოლიტმა ანტონმაც დატოვა ჭყონდიდის კათედრა, უბრალო მონაზვნური ღვაწლი იტვირთა და მის მიერვე აშენებულ ნახარებაუს მონასტერში განმარტოვდა. მან ეს მონასტერი გაამდიდრა სიწმიდეებით, ძველი ხატებით, დიდძალი მამულებით და გლეხებით. ჭყონდიდელობიდან გადადგომის წინა წელს (1788 წ.) მთავარს, კაცია დადიანს, ყველა საეკლესიო მამული გაათავისუფლებინა საერო გადასახადებისგან. წმიდა ანტონს მუდამ გვერდით ედგა უახლოესი მეგობარი და თანაშემწე, მღვდელ-მონაზონი იაკობი, რომლის შესახებ ბიოგრაფიული ცნობები არ მოგვეპოვება.

ღირსი ანტონი ღრმად მოხუცებული გარდაიცვალა 1815 წელს მის მიერვე აშენებულ მონასტერში, დაკრძალულია იქვე.

„ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.

წყარო - orthodoxy,ge

წყარო-orthodoxy,ge


მიტროპოლიტი ანტონი (დადიანი) არონისებრი ძველი მღვდელი 1747-1815
ჭყონდიდელი მიტროპოლიტი ანტონი სამეგრელოს მთავარ ოტია დადიანის (1720-1758წწ.) ოჯახში დაიბადა. მომავალი წმინდანის აღზრდაზე ნაკლები ცნობებია შემორჩენილი. ცნობილი ისტორიკოსი და საეკლესიო მკვლევარი თ. ჟორდანია წერდა: „მოხუცებულ სამღვდელო პირთაგან გამიგონია, რომ მან პირველდაწყებითი სწავლა დედისგან, გულქან შოშიტა რაჭის ერისთავის ასულისგან მიიღო, რომელმაც დიდი როლი ითამაშა პატარა ანტონის მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში. გულქანი ეკუთვნოდა იმ გუნდს ძველ დედებისას, რომელნიც განთქმულნი იყვნენ ღვთისა და მოყვასის სიყვარულით, ოჯახის ერთგულობითა და მხნეობით, რომელნიც წირვალოცვას არ აკლდებოდნენ, ყოველდღე ორჯერ დილა-საღამოს წაიკითხავდნენ დადებულ ლოცვას, წელიწადში რამდენჯერმე ღამეს უთევდნენ და ორჯერ მაინც ეზიარებოდნენ. რადგან ანტონი თავდაპირველად საერო კაცად იზრდებოდა, მას შეასწავლეს, გარდა საღმრთო წერილისა, რომლითაც იწყებოდა მაშინ ყოველი პირველდაწყებითი სწავლა, საერო წიგნები, მელექსეთა ნაწერები და განსაკუთრებით თათრული ენა, იმ დროს მეტად საჭირო ყველა დარბაისელ გვამისათვის“., ოტია დადიანს ხუთი ვაჟი -– კაცია, ანტონი, ნიკოლოზი, გიორგი, გრიგოლი და ერთი ასული მარიამი (იმერთა მეფე სოლომონ I-ის მეუღლე + 1778წ.) ჰყავდა. გადადიანებულმა ჩიქოვანებმა ჩვეულება შემოიღეს, რომ უსათუოდ ჭყონდიდლად სვამდნენ თავის სახლიკაცებს. ამიტომ ოტიაც თავის ძეს ნიკოლოზს “ამზადებდა ჭყონდიდის კათედრაზე. როდესაც შესაბამისმა ასაკმა მოუწია, ბერად აღკვეცეს, მაგრამ ნიკოლოზი საერო ცხოვრებით იყო გატაცებული და არაფრით განსხვავდებოდა სხვა თავადებისგან, რომელნიც უზრუნველად ცხოვრობდნენ. ანტონი მტკივნეულად განიცდიდა ძმის მდგომარეობას და ერთხელ ნიკოლოზს უთხრა: „ძმაო, გეტყობა, რომ ბერობას ღირსეულად ვერ ატარებ და ცოდვაში ჩააგდებ შენს ნათესავთა. შენ საერო საქმისადმი დაგიძს გული და არ შეგიძლია ტვირთება მონაზონობის მძიმე უღლისა: „არა ძალ-გიძს მონებად ორთა უფალთა“. გევედრები, დააგდე ბერობა და შენ მაგიერ მე ვიტვირთებ ამ საქმეს“. მართლაც, თავისი მამისა და სულიერი მოძღვრის ლოცვა-კურთხევით ანტონი ბერად აღიკვეცა. სასუ-
23-1  საპატრიარქოს უწყებანი N23 13-19ივნისი 2013წ გვ.19
მიტროპოლიტი ანტონი (დადიანი) არონისებრი ძველი მღვდელი 1747-1815 (გაგრძელება)
ლიერო მოღვაწეობის დასაწყისში მას საეკლესიო განათლებისადმი წყურვილი მეტად გაუძლიერდა. ამ სურვილის დასარწყულებლად მას მარტვილის მონასტრის ბერები მიუგზავნეს, რომელთა დახმარებით იგი წმინდა მამათა თხზულებებს სწავლობდა. განათლების შესავსებად კათოლიკე ბერებიც მიჰგვარეს, რომელთა შემწეობით ანტონს იმ დროისათვის გავრცელებული სქოლასტიკური ფილოსოფიაც უნდა შეესწავლა. მომავალ ჭყონდიდელს არც მათი ქცევა მოეწონა და არც მათი სწავლება; შეატყო, რომ კათოლიკენი მართლმადიდებლობას მწვალებლობის ღვარძლს ურევდნენ. ერთხელ, სადილობისას, მამა ანტონმა უთხრა კათოლიკე ბერს: „აბა, თუ შეგიძლია, ამ წყლიან ჭიქაში ღვინო ისე ჩაასხი, წყალი რომ არ გაერიოსო“. კათოლიკე მოძღვარმა ამის შეუძლებლობა მოახსენა. მაშინ ანტონმა განუცხადა: „როგორც ამ ერთ ჭიქაში წყალი და ღვინო არ ჩაისხმის ისე, რომ ერთმანეთს არ გაერიოს, ეგრევე, ერთი კაცის გონება ვერ დაიტევს მართლმადიდებლობასა და მწვალებლობას ისე, რომ ერთმანეთს არ გაჰრიოსო“. იმ დღიდან დაითხოვა ანტონმა კათოლიკე მოძღვარი. სურვილი სწავლისადმი არ ასვენებდა მამა ანტონს. „ურვა მაქვნდა სწავლისა და მკურნალსა ვეძიებდ“ წერდა იგი შემდგომში. 1757 წლის ახლო ხანებში საეკლესიო განათლების გასაღრმავებლად მამა ანტონი ქართლ-კახეთში, თეიმურაზ II-ისა და ერეკლე II-ის კარზე ჩამოვიდა (მისი მამიდა იყო ერეკლე მეფის მეუღლე დარეჯანი). აი, რას წერდა მამა ანტონი სომხურიდან თარგმნილი „ლოღიკის“ წინასიტყვაობაში: „წარმოვედ სწავლად სამეფოსა ქალაქსა, შორსა სოფელსა თფილისსა ეგრელოით (ესე იგი სამეგრელოით), არა განბნევად სიმდიდრისა, არამედ მოსაღებად გოლისა თაფლისასა... თფილისს ვიხილენ მრავალნი წარმატებულად ხედვათა შინა ფილოსოფოსობათა, რამეთუ ბრწყინვალესა ირაკლი მეორეს, დიდსა მეფეს, აღეგო სხოლა ქალაქსა თელავს და მუნით წრთვნილ იყვნენ; და ამასვე მეფეს მოეპოვა სხოლაპეტი და მოძღვარი სიბრძნისა ჰარმანთა მღვდელი ფილიპე ესევითარისა მოძღვრებისა პატივსა და ამა მოძღვართა მიერ და ამის ერთის რჩეულ მოწაფისა ზაქარიას მიერ მიიღო უღირსებამანცა ჩემმან წვრთილებაი ხედვათა შინა ფილოსოფობათა...“ (თ. ჟორდანიას ეს ზაქარია მიაჩნია ცნობილ ხუცეს ზაქარია გაბაშვილად, თუმცა, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს ზაქარია შეიძლება ასევე იყოს ცნობილი მქადაგებელი და პოეტი, ნეკრესელი მიტროპოლიტი ამბროსი, რომელსაც ერისკაცობაში ზაქარია ერქვა -გ. მ.). ზუსტად რამდენ ხანს დაჰყო ახალგაზრდა ბერმა თბილისში -ცნობილი არ არის. სამეგრელოში დაბრუნებულს დაახლოებით 1760/61 წლებში ეპისკოპოსად დაასხეს ხელი და ცაგერის კათედრაზე დაინიშნა. მან თავიდანვე სახელი გაითქვა, როგორც ძლიერმა მჭევრმეტყველმა მქადაგებელმა ღირსეულმა მღვდელმთავარმა და ასკეტმა ბერმა. გადმოცემა მოგვითხრობს, რომ კათოლიკოსმა ანტონ I-მა (ბაგრატიონი) ისურვა ახალნაკურთხი ეპისკოპოსის ნახვა და მისი ქადაგების გაგონება. მალე მას მართლა მოუხდა თბილისში წასვლა. ეს მოხდა 1765 წელს, როდესაც ერეკლე მეფის და -- ელისაბედი მისთხოვდა კაცია დადიანს, ანტონის ძმას. წირვის დროს მეუფე ანტონს ხელში მისცეს დაუწერელი ქაღალდი. მაშინდელი ჩვეულებით ეს იმას ნიშნავდა, რომ ქადაგება უნდა ეთქვა. ის დღე ყოფილა სულიწმიდის მოფენის დღესასწაული და მან ისეთი ხელოვნებით წარმოთქვა ქადაგება, რომ აღტაცებულ ანტონ კათოლიკოსს იქვე ამბიონზე გადაუკოცნია მჭევრმეტყველი მქადაგებელი. ამის შემდეგ დიდი ურთიერთობა და სიყვარული დამყარდა მათ შორის და ხშირი მიმოწერაც ჰქონდათ ერთმანეთთან. ერთ-ერთ წერილში ანტონ კათოლიკოსი მას „არონისამებრ ძველ მღვდლად“ მოიხსენიებს და დასძენს: თუმც წლოვანებით ახალგაზრდა ხარ, მაგრამ ჭკუით ძველი, ანუ განვითარებული კაცი ხარო. 1777 წელს გარდაიცვალა ჭყონდიდელი მიტროპოლიტი გრიგოლ (დადიანი) და კაცია II დადიანმა, დასავლეთ საქართველოს უმაღლესი სამღვდელოების ნებართვით, ეპისკოპოსი ანტონი ჭყონდიდლის კათედრაზე დაადგინა. მეუფის ჩატარებული ყოველი წირვა ქადაგებით მთავრდებოდა და მის სიტყვას განუზომელი გავლენა ჰქონდა მსმენელზე. იგი ყოფილა სრული ტანისა და ახოვანი შეხედულების, მკაფიოდ და რიხიანად მეტყველი, პირუთვნელი და უშიშარი მამხილებელი ძლიერთა და მანუგეშებელი ჩაგრულთა. მისი ბრძანებით საჭყონდიდლო სახლში მუდამ მზადდებოდა სადილი ღარიბ-ღატაკთათვის. სამღვდელოებისგან და, განსაკუთრებით, ბერმონაზვნებისგან, ის მკაცრ სულიერ და ასკეტურ ცხოვრებას მოითხოვდა. XVII-XVIII საუკუნეებში სამეგრელოსა და თითქმის მთელ დასავლეთ საქართველოში ფართოდ იყო გავრცელებული ტყვეთა ყიდვის უსაშინლესი წესი. მიტროპოლიტი ანტონი მტკიცედ აღუდგა წინ ამ ბოროტ ჩვეულებას. მან შეაჩვენა ტყვეების გამყიდველნი, მათ სახლში მღვდელს არ უშვებდა, ხოლო იმ თავადებს, რომლებიც შემჩნეული იყვნენ ამ საქმეში, სოფელში ეკლესიას უკეტავდა. 1792 და 1794 წლებში მისი თავმჯდომარეობით ორჯერ ჩატარდა ადგილობრივი საეკლესიო კრება, რომელმაც მკაცრი განაჩენი გამოუტანა ტყვეთა მყიდველებს. მიტროპოლიტი ანტონი აქტიურ მონაწილეობას იღებდა სამეგრელოს სამთავროს პოლიტიკურსა და კულტურულ ცხოვრებაში. იგი ცდილობდა გურულებსა და მეგრელებს შორის ერთობა ჩამოეგდო. ამ მიზნით 1783 წელს მარტვილის მონასტრის არქიმანდრიტი გერმანე (ელიავა) გააგზავნა გიორგი გურიელთან მოსალაპარაკებლად და მშვიდობის ჩამოსაგდებად. ეს მოვლენა ასახულია ერთ-ერთ სიგელში, რომელიც მარტვილის მონასტერში იყო დაცული. 1788 წელს, კაცია დადიანის გარდაცვალების შემდეგ, მეუფე ანტონი თავისი ნებით გადადგა ეპარქიი-
23-2  საპატრიარქოს უწყებანი N23 13-19ივნისი 2013წ გვ.20
მიტროპოლიტი ანტონი (დადიანი) არონისებრი ძველი მღვდელი 1747-1815 (დასასრული)
დან და მის მიერვე და არსებულ ნახარებაოს ყოვლადწმინდა ლვთისმშობლის ხარების სახელობის მამათა მონასტერში დამკვიდრდა, სადაც მძიმე ასკეტურ ცხოვრებას ეწეოდა. გადადგომამდე ცოტა ხნით ადრე  მან ყველა საეკლესიო  მამული გაათავისუფლებინა კაცია დადიანს ყოველგვარი საერო გადასახადისგან, რაც დაკარგული მამულები იყო დაიბრუნა
და ხელახლა დაუმტკიცა ეკლესია-მონასტრებს. მიუხედავდ კათედრიდან გადადგომისა და მონასტერში განმარტოებისა, მეუფე ანტონის გარეშე დასავლეთ საქართველოში არცერთი მნიშვნელოვანი საეკლესიო თუ საერო საქმე არ წყდებოდა -–- ყველგან იგრძნობოდა მისი გავლენა და ძალა, მისი დიდი სულიერი გამოცდილება და ღვაწლი მართლმადიდებლობის განმტკიცების საქმეში. მიტროპოლიტი ანტონი გარდაიცვალა 1815 წელს, ნახარებაოს მონასტერში. იგი დაკრძალულია ამავე მონასტრის ეზოში. აღსანიშნავია, რომ მისი საფლავის გარშემო ყოველ წელს ამოდის სურნელოვანი ბალახი. 1898 წელს თ. ჟორდანიამ გამოსცა ჭყონდიდელი მიტროპოლიტი ანტონის ქადაგებების კრებული, რომელშიც მისი ჰომილეტიკური მემკვიდრეობის მხოლოდ მცირე ნაწილია შესული (სულ 34 ქადაგება). ამათ გარდა, როგორც თ. ჟორდანია ამბობდა, კიდევ იყო მეორე კრებული დიდმარხვის დღეებში წარმოთქმული ქადაგებებისა, რომელთა დაბეჭვდა მას ვერ მოუსწრია. მეუფე ანტონის ქადაგება ყველა ზნეობრივ თემაზეა წარმოთქმული. განყენებული დოგმატური ხასიათის თემებს ის გაურბოდა. ალბათ ის თავის მოძღვრებას მსმენელთა წრეს უფარდებდა. ამით აიხსნება, რომ მისი ქადაგებანი მარტივი, გასაგები და მდაბიური ენითაა დაწერილი, თუმცა, სხვა თხზულებას, თეოლოგიურსა და ფილოსოფიურს, ის გადმოგვცემს მაღალი, სქოლასტიკური, ანტონისებური სტილით. მისი ყველა ქადაგება დგას საღმრთო წერილის ნიადაგზე, არგუმენტები მოჰყავს უმთავრესად ბიბლიიდან, მოკლე და თავისუფალი გადმოცემით. ამავე დროს, ის წმინდა მამათა თხზულებებითაც სარგებლობს. შემორჩენილია აგრეთვე მიტროპოლიტ ანტონის „ანდერძი“, რომელიც მას ნახარებაოს მონასტრისათვის მიუცია. აქ აღნიშნულია, თუ როგორ გადააკეთა მან სამრევლო ეკლესია ნახარებაოს მონასტრად და ჩამოთვლილია, რა ადგილ-მამულები, გლეხები და წიგნები დაუტოვა მან მონასტერს. ქართულმა სამოციქულო მართლმადიდებელმა ეკლესიამ მიტროპოლიტი ანტონი წმიდათა დასში შერაცხა და მისი ხსენების დღედ 13 ოქტომბერი დააწესა.

წყარო: გაზეთი „კოლხიდა“ 1912წ. 39-40.
ლიტ: „ქართული ლიტერატურის ისტორია“ ტ. I. კ.
კეკელიძე. თბ. 1960წ. გვ. 391-395; „ქართული მწერლობა“, ლექსიკონი-ცნობარი წიგნი I. თბ. 1984წ. გვ.
20; „ანტონ ჭყონდიდელის ქადაგებანი“, თბ. 2002წ;
ჟურნალი „ქაროზი“, 2003 წ. ივლისი. 5(14), გვ. 21;
„ქართველ წმიდათა ცხოვრებანი“, შემდგენელი დეკანოზი ზაქარია მაჩიტაძე, თბ. 2007წ. გვ. 304-306; 

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 03.02.2020
ბოლო რედაქტირება 17.11.2025
სულ რედაქტირებულია 5





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0