გულრიფშის რაიონის სოფელ ესტონკაში დაიბადა გენო გაბუნია. შემდეგ ოჯახი სოხუმში გადავიდა საცხოვრებლად.
დაამთავრა სოხუმის მე-6 საშუალო სკოლა, შემდეგ – სავაჭრო ტექნიკუმი.მურმანსკში წყალქვეშა გემზე 3 წელი იხდიდა სავალდებულო სამხედრო სამსახურს. იქიდან დაბრუნებულს აფხაზეთის კონფლიქტი დახვდა. დედისერთა იყო, შეეძლო არ ეომა, მაგრამ დედას ამაყად უთხრა: „საქართველოს ყველა კუთხიდან ჩამოდიან ჩემი მიწის დასაცავად და მე სახლში ვიჯდე?.. ზურგში მოხვედრილ ტყვიას გულში მოხვედრილი მირჩევნიაო“.
სამი ვაჟკაცი – გენოს საყვარელი ბიძაშვილი, ისიც გენადი გაბუნია, დედის ძმა იური ჩაკვეტაძე – წავიდა საბრძოლველად ერთი ოჯახიდან. გენადი და იური, საბედნიეროდ, დღეს ცოცხლები არიან და მკერდით დაატარებენ 24 წლის ვაჟკაცის გენო გაბუნიას სურათს. მამამისი ავიზორ გაბუნია, ფიზიკური ნაკლის გამო, ვერ წავიდა ფრონტის ხაზზე, დღესდღეობით ჩარჩენილია იქ და უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. მარტო დარჩა ლტოლვილი და ნათესავების კერას შეფარებული დედა სულიკო გაბუნია, რომელიც ცრემლიანი თვალებით ყვება შვილის ამბავს: ჩემი გენო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 23-ე მოტომსროლელი ბრიგადის მაიორ იური ომანიძის სახელობის ბატალიონის ასეულის მსროლელი იყო. ბავშვობიდანვე სათნო, თბილი, მოსიყვარულე განსაკუთრებით მოხუცებისადმი იჩენდა მზრუნველობას, აკი დაუფასდა კიდეც – მისი საყვარელი ბებია ეთერი შვილიშვილის საფლავს ტირილში დააკვდა დაკრძალვიდან რამოდენიმე დღის შემდეგ.
1993 წლის 24 აპრილს სოხუმის რაიონის სოფ. აჩადარაში ერთ-ერთი ობიექტის დაცვის დროს, გენო და მისი სამი თანამებრძოლი ჭურვის ნამსხვრევებმა ნაფლეთებად აქცია.
დასაფლავებულია მშობლიურ სოფელში.
გენადი (გენო) აივიზორის ძე გაბუნია დაიბადა 1969 ელის 21 იანვარს გულრიფშის რ-ნი სოფელი ესტონკა, გარკვეული პერიოდის მერე ოჯახი სოხუმში გადავიდა
გენადი გაბუნია, სიკვდილის
შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისათვის“.
დედა სულიკო გაბუნია
მარინა ნაჭყებია დ.1956წ. აფხაზეთის მებრძოლთა მკვლევარი დ. სოხუმი აფხაზეთი