„გავიპარე, რადგან ამხელა ტრაგედიის მერე ომში არავინ გამიშვებდა“
ძმები თეზელაშვილების გმირობის ამბავი
„ზემდეგმა იოსებ თედოს ძე თეზელაშვილმა 3.07.93 წ. ტამიშის ალყის დროს საკუთარ ძმასთან, ტარიელ თეზელაშვილთან ერთად, მოწინააღმდეგის ცეცხლი საკუთარ თავზე მიიღო და ქაქუცა ჩოლოყაშვილის, ახალციხის, დუშეთის ბატალიონების მეომრებს საშუალება მისცა, გაერღვიათ მოწინააღმდეგის ალყა, რასაც ორივე ძმამ სიცოცხლე შესწირა. მათ ჯარისკაცური წმინდა ვალი კაცურად მოიხადეს“, - ვკითხულობთ საბრძოლო მოკვლევაში, რომელიც ძმები თეზელაშვილების გმირობაზე ღაღადებს.
ისინი აფხაზეთის ომში ერთ ბატალიონში იბრძოდნენ. თავდაპირველად საომარ მოქმედებებში უმცროსი ძმა, იოსები ჩაერთო. იგი ბატალიონ „ავაზას“ შემადგენლობაში ირიცხებოდა. უფროსმა ძმამ, ტარიელმა, გადაწყვიტა, ძმა მოეძებნა და თავისთან, “დუშეთის“ ბატალიონში გადაეყვანა. ასეც მოიქცა და უკვე ძმებს მტრის წინააღმდეგ ბრძოლა ერთმანეთის მხარდამხარ უხდებოდათ.
1993 წლის ივლისის დასაწყისში ტამიშში გადმოსხმული რუსული დესანტი დუშეთის ბატალიონისთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა. მოწინააღმდეგის ჭარბ ძალებთან შეტაკების შემდეგ ბატალიონის მეომრებს უკან დახევა მოუხდათ. სამშვიდობოზე გასვლა მეტად რთული აღმოჩნდა, თითქმის შეუძლებელიც. აქ გმირობის ტოლფასი ქმედება ჩაიდინეს ძმებმა თეზელაშვილებმა. ისინი უკან ჩამორჩნენ და მოწინააღმდეგის ცეცხლი საკუთარ თავზე მიიღეს. უთანასწორო ბრძოლაში მთლიანად გამოელიათ ტყვია-წამალი, ამ დროს უფროსი ძმა მძიმედ დაიჭრა. სეპარატისტებმა ქართველ მეომრებს დერეფანი გაუკეთეს და ჩაბარების სანაცვლოდ დაჭრილის გატარება შესთავაზეს. იარაღი დაყარეს ბიჭებმა. მათ შორის, იოსებმაც. მან ახლოს მიუშვა მტერი, თითქოს ჩაბარებას აპირებდა, უცებ ავტომატს დასწვდა და მოწინააღმდეგეს ცეცხლი გაუხსნა. რამდენიმე მათგანი კიდეც გამოასალმა სიცოცხლეს, მაგრამ მეტი წინააღმდეგობის გაწევა ვეღარ შეძლო, მტერმა უმცროსი ძმა დაჭრილ ძმას ზედ დააკლა.
ეს ისტორია პირველად თეზელაშვილების დისშვილისგან, ვიტალი თეზელაშვილისგან მოვისმინე, რომელიც ამ ტრაგიკული მოვლენების დროს 16 წლისა იყო. ბიძების საფლავთან ჩუმად დაიფიცა, რომ მათ გზას გააგრძელებდა და დაკრძალვიდან ორ დღეში აფხაზეთში გაიპარა. მე კი მისმა საქციელმა მარაბდაში თავდადებული ცხრა ძმა ხერხეულიძის გმირობა გამიახლა. უფრო მეტიც, იგი ბრძოლის ველზე არ იმყოფებოდა, არც იარაღის გამოცდილება ჰქონდა, მაინც წავიდა. დროშა, რომელსაც ძირს დაცემა არ აცალა, ის ჟინი და სულისკვეთება იყო, რაც ჭაბუკს გმირი ბიძებისგან გადასდებოდა. ასე დაიკავა უწვერულმა ბიჭმა ძმები თეზელაშვილების ადგილი.
უფროსი სერჟანტი ვიტალი თეზელაშვილი ამჟამად ეროვნულ გვარდიაში მსახურობს და ბიძების გმირულ ისტორიას მთელი სიამაყით გვიამბობს.
ვიტალი თეზელაშვილი: „იოსები „ავაზაში“ იბრძოდა. ტარიელი კი გელა გელაშვილის მეგობარი იყო და დუშეთის ბატალიონში წავიდა. უმცროსი ძმაც მასთან გადაიყვანა. ბიძაჩემებმა ტამიშიდან გამოსვლის დროს თავის თავზე მიიღეს ცეცხლი და ბიჭებს გამოსვლის საშუალება მისცეს. 2 ივლისის შემდეგ 45 დღე დაკარგულები იყვნენ. პაპაჩემი, თედო თეზელაშვილი, წავიდა შვილების მოსაძებნად. მათ ძებნაში შვიდი კაცი გადმოასვენა აფხაზეთიდან. ძებნა-ძებნით იმ აფხაზს მიადგა, რომელსაც ბიძაჩემები დაუხოცავს. მისგან გაიგო, სადაც იყვნენ დასაფლავებულები. რვანი იწვნენ ერთ სამარეში. ექვსნი დუშეთის ბატალიონიდან იყვნენ. დედამ, ელენე თეზელაშვილმა, შვილების დარდს ვეღარ გაუძლო და ექვს თვეში გარდაიცვალა. ბიძები 24 აგვისტოს, ტარიელის დაბადების დღეზე დავასაფლავეთ. 26-ში აფხაზეთში წავედი, ბიძების გაზრდილი ვიყავი და გადავწყვიტე, მათი გზა გამეგრძელებინა. გავიპარე, რადგანაც ამხელა ტრაგედიის მერე ომში არავინ გამიშვებდა. „ბეტეერში“ ჩუმად ჩავჯექი. ქუთაისში შემამჩნია გელამ და თავის მძღოლს უთხრა, ახლავე უკან გააბრუნეო. არავითარ შემთხვევაში-მეთქი, მტკიცე უარზე დავდექი. წამიყვანა და გვერდიდან არ მიშორებდა, მფარველობას მიწევდა. 1-ელ სექტემბერს კი უკვე ბრძანებით ჩავირიცხე დუშეთის ბატალიონში“.
ღვთის წყალობით, ომიდან მშვიდობით დაბრუნდა და მას შემდეგ ჯარს აღარ მოვშორებივარო, ამბობს. 2008 წლის აგვისტოში კიდევ ერთხელ ჩაება საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლებში, ამჯერად, სამაჩაბლოში, ოსი სეპარატისტებისა და რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ.
ძმები თეზელაშვილების გმირულად დაღუპვის ამბავს მოგვითხრობს დუშეთის ბატალიონის უფროსის მოადგილე, თამაზ თომაშვილიც:
„ტამიშის დესანტის დროს მოწინააღმდეგის პირველი დარტყმა მიიღო ბატალიონის იმ ჯგუფმა, სადაც ძმები თეზელაშვილები იყვნენ. იმ ადგილიდან ჩვენ ერთ კილომეტრში ვიდექით. პოზიციები მოვხსენით და მივეხმარეთ, მაგრამ მტრის ჭარბ ძალებს შევეჯახეთ უკან დახევა მოგვიხდა. ქვემოდან გემი გვბომბავდა, ზემოდან კი აფხაზები გვესროდნენ. ისინი ყველანაირი ტექნიკით იყვნენ შეიარაღებულები. ჩვენ კი მწირი შეირაღება გვქონდა. ჩვენი ტანკი დავინახერთ და გვეგონა, მოგვეშველებოდა, „ავაზა“ეწერა. თურმე მათ წაუყვანიათ. რაც გაგვაჩნდა, ყველაფერი დავხარჯეთ. კავშირიც გაითიშა, რადგანაც კავშირის მანქანა და შტაბის უფროსი, აწ განსვენებული მალხაზ ჭიკაიძე ერთად ააფეთქეს. ჭაობ-ჭაობ მოვდიოდით, თან ერთმანეთს ვაფრთხილებდით, ბოლო ორი ტყვია შეგვენახა და ტყვედ არ ჩავბარებულიყავით. სამი ბიჭი მაინც აიყვანეს. ორი გამოვიხსენით. ვახტანგ ვერძეული კი როგორ გაქრა, დღემდე არ ვიცით. 52 დღე ტყვედ იყვნენ. ყველაფერი რომ დამთავრდა, ბიჭების გამოსახსნელად გადავედი. მესამე ბიჭზე ვუთხარი, მკვდარი მაინც გამატანეთ, მის მშობლებს რა ვუთხრა-მეთქი. ტყვეობისას სამივე ერთ ოთახში ყოფილა. ერთი აფხაზი შესულა, მთვრალი, რომელსაც ძმა მოუკლეს თურმე და ყვირილი აუტეხავს. ამათ უთქვამთ, ბიჭებო, ჩუმად ვიყოთ, ხმა არ ამოვიღოთო. ვახტანგ ვერძეული გაუყვანია. ასეთი რამეც ითქვა, თითქოს ძმის საფლავზე წაიყვანა და ზედ დააკლაო.
მოკლედ, 15-20 კაცი მოვდიოდით. ბიჭებს ვუთხარი, მე ვერ გიბრძანებთ, ვისაც შეგიძლიათ, უკან ჩამორჩით და დანარჩენს ზურგი გაუმაგრეთ-მეთქი. ძმები თეზელაშვილები უყოყმანოდ დარჩნენ. ერთი რუსი იყო კიდევ, ვალერი მიშინი, რომელიც რუსეთიდან ჩამოვიდა ჩვენს მოსახმარებლად. მისი სახელი და გვარის მეტი არაფერი დაგვრჩა, არც სურათი და არც სხვა რამ. მოვაგროვეთ დარჩენილი ტყვია-წამალი და დავუტოვეთ. გვითხრეს, ბოლო გასროლის ხმას რომ გაიგონებთ, აღარც ჩვენ ვიქნებითო. მოკლედ, გამოსვლის საშუალება მოგვცეს. მოვდიოდით და იმათი ავტომატების ხმა ჩაგვესმოდა. ბოლო გასროლაც გავიგეთ და სროლა შეწყდა. აღარ ისროდნენ, ტყვიები აღარ ჰქონდათ და რაღას გაისროდნენ?! იქიდან ცაგერაში გადავედით და იქ ერთმა ბატალიონმა შეგვიფარა. 20-25 დღის შემდეგ მივაგენით. ჩვენ ვერ ვიცანით, მამამ ტანსაცმლით ამოიცნო ორივე შვილი. მე რომ დღეს ცოცხალი ვარ, იმ ბიჭების დამსახურებაა“.
ძმები თეზელაშვილები რუსთავთან ახლომდებარე სოფელ ახალ სამგორში ცხოვრობდნენ. ისინი ოჯახმა სოფლის სასაფლაოზე დაკრძალა. იოსები უცოლშვილოდ წავიდა, ტარიელს კი ორი ქალიშვილი დარჩა. ვიტალიმ გმირი ბიძების გვარისა და გენის გაგრძელება საკუთარ თავზე იტვირთა და ომიდან ჩამოსვლის შემდეგ მათ გვარზე გადავიდა. ბიძების ხსოვნის უკვდავსაყოფად კი ქუჩისთვის, სადაც ძმები ცხოვრობდნენ, მათი სახელის მინიჭებას ცდილობს. ქვეყნისა და ბიძების წინაშე ვალი კიდევ ერთხელ მოიხადა და ერისა და ჯიშის გასამრავლებლად ოთხ შვილი შესძინა სამშობლოს. ია, დავითი, ნიკოლოზი და ანასტასია თეზელაშვილები გმირი ძმების ფესვებზე იზრდებიან...
ზაირა მიქატაძე ჟურნალი მეციხოვნე
მარინა ნაჭყებია დ.1956წ. აფხაზეთის მებრძოლთა მკვლევარი დ. სოხუმი აფხაზეთი