სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11172

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
სამაჩაბლო
ირაკლი აბრამაშვილი 1979-2008წწ დაკარგ. სამაჩბლო დაბ. გორი ირაკლი აბრამაშვილი 1979-2008წწ დაკარგ. სამაჩბლო დაბ. გორი

1980-2008 წწ. გარდ. 28 წლის

ბმულის კოპირება

სამაჩაბლო

გვარი აბრამაშვილი სია

გორი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

352       ბეჭდვა

ირაკლი აბრამაშვილი 1979-2008წწ დაკარგ. სამაჩბლო დაბ. გორი

ირაკლი აბრამაშვილი დავითის ძე პოლიციის რიგითი ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენოსანი, 2008 წ 1979- დაკარგულია 2008


თექვსმეტ აგვისტოს ცოლი უნდა მოეყვანა, სამსახურში განცხადებაც ჰქონდა დაწერილი რომ ამ დროისთვის გაეთავისუფლებინათ, მაგრამ ომი დაიწყო.

ის ომში წავიდა. რუს ოკუპანტებს ებრძოდა, ცხინვალში, გამოჰყავდა დაჭრილები, არაერთხელ შებრუნდა სიკვდილის ზონაში, მაინც არ შორდებოდა იმედიანი ფიქრი სამშობლოს გამარჯვებაზე და საკუთარ ქორწილზე.

მეგობარს, რომელიც ბოლოს ნახა, ცხინვალში შებრუნებისას, შეუძახა, არ დაიკარგო, ქორწილში გელოდებიო.

თვითონ დაიკარგა. კარგა ხანს უგზო-უკვლოდ იყო დაკარგული. გაურკვევლობას დეენემის პასუხმა დაუსვა წერტილი... ის დაიღუპა გმირულად.

ირაკლი აბრამაშვილი 1979 წლის 4 ოქტომბერს, გორში დაიბადა.


ოჯახში პირველი შვილი იყო. დედა გაიხსენებს, რომ ირაკლი ძალიან თბილი და მოწესრიგებული ბავშვი იყო...

ლამარა აბრამაშვილი, დედა: „დედისერთა გვყავდა და ვათამამებდით, ორი ოჯახის პირველი შვილიშვილი იყო, ყველა მას შევნატროდით, შევხაროდით, მაგრამ არასოდეს ყოფილა ეგოისტი, ამპარტავანი, დედისერთებს რომ სჩვევიათ ხოლმე... მოკრძალებული. წყნარი, მშვიდი და დამჯერი ბავშვი იყო. ზედმეტად არავის აწუხებდა.

მშობლიური ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ვარ, სადაც ვასწავლიდი იმ სკოლაში მივიყვანე, სკოლაში საშუალოდ სწავლობდა, როგორც ბიჭების უმეტესობა... უყვარდა ისტორია და ინფორმატიკა...

მახსოვს, მეშვიდე კლასში იყო, მისი კლასი შატალოზე წავიდა, ირაკლი არ წავიდა. სკოლის დირექტორმა მითხრა, როგორი ხათრიანი ბავშვია, ალბათ, შენთვის, რომ არაფერი მეთქვა შატალოზე იმიტომ არ წავიდაო... გახარებულმა ვუთხარი, შვილო კიდევ კარგი შენც არ წახვედი, დირექტორმა მითხრა: შენმა შვილმა ანგარიში გაგიწია არ წავიდა შატალოზეო. არა დედა, შენ კი არ გაგიწიე ანგარიში, უბრალოდ, მე არ მინდოდა იქ, სადაც ისინი უნდა წასულიყვნენ და იმიტომ არ წავედიო... თავისი შეხედულებები ჰქონდა ბავშვობიდან ყველაფერზე...“

ირაკლი აბრამაშვილმა სკოლის დამთავრების შემდეგ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარა ინფორმაციისა და ეკონომიკური მართვის სისტემების ფაკულტეტზე.

ბიძინა სამნიაშვილი, ირაკლის მეგობარი: `ირაკლიმ რომ უნივერსიტეტში დაიწყო სწავლა, მე უკვე დამთავრებული მქონდა უნივერსიტეტი და ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაცია მქონდა, ჩვენთან გაწევრიანდა ირაკლი, იმ პერიოდიდან დავმეგობრდით და მერე დავძმაკაცდით. მე მისი მეჯვარე უნდა ვყოფილიყავი, 16 აგვისტოს ქორწილისთვის ვემზადებოდით...


ძალიან უნდოდა, რომ ოჯახი შეექმნა, ოცნებობდა, მაგრამ არ დასცალდა... სიგიჟემდე იყო შეყვარებული.

ჩემთვის ირაკლი უძვირფასესი ადამიანი იყო... ასეთი ალალი და წესიერი კაცი, ალბათ, ცოტა თუ მოიძებნება ჩვენს ქვეყანაში... მოწესრიგებული, ძალიან მეგობრული და მამაცი ბიჭი იყო. ყოველთვის ხალისიანად უყურებდა ამ ცხოვრებას, სიცოცხლე უყვარდა... ცხოვრებას ოპტიმისტურად უყურებდა და ყოველთვის იმედი ჰქონდა, რომ ბედნიერი იქნებოდა... ბოლოს 28 ივლისს ვნახე. ზემო აფხაზეთში უპირებდნენ წაყვანას და მითხრა: ბიძინა, იქნებ ცხინვალის მხარეს წამოვიდეო... თუ მომცეს ამის შესაძლებლობა აქეთ წამოვალო... ცოტა დადარდიანებული მეჩვენა, მაგრამ არაფერი უთქვამს, საერთოდ არ უყვარდა თავის პრობლემებზე საუბარი, თავზე არ მოგახვევდა არასდროს თავის დარდს. თუ რამეს იტყოდა ისე, რომ შენ არ გეგრძნო...“

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სამხედრო ვალის მოსახდელად წავიდა ჯარში, წავიდა მიუხედავად იმისა, რომ კუჭის წყლული ჰქონდა და შეეძლო არ წასულიყო. დედა იტყვის, რომ მის ვაჟს ერთი წამითაც არ უფიქრია ჯარისთვის თავის არიდება. მეტიც, ოქროყანაში სავალდებულოს მოხდის შემდეგ, გადაწყვიტა სპეცნაზში შესულიყო. გორში 6 თვე მსახურობდა, შემდეგ თბილისში გადავიდა. ბოლოს განსაკუთრებულ დავალებათა მთავარ სამმართველოში მსახურობდა, ქვეით მებრძოლად.

ირაკლი აბრამაშვილს 22 ივნისს უნდა ჰქონოდა ნიშნობა, მაგრამ მის საცოლეს ბიძა გარდაეცვალა და ქორწილი ორმოცის გასვლამდე გადადეს.

თვალცრემლიანი დედა იტყვის, 8 აგვისტოს გასვლას ველოდითო... საბედისწერო გამოდგა მათთვის 8 აგვისტო.


ირაკლი შინიდან ბოლოს 6 აგვისტოს გავიდა, აღელვებული მამიდა დაამშვიდა. „მითხრა, ნუ გეშინია არაფერი არ იქნება, მშვიდად იყავიო“ – იტყვის მამიდა.

„ისე ჩუმად ჩამოვიდა და რომ დავუძახე იკა, ვერ გაიგონა შარვალი გაისწორა და სახლიდან გავიდა“ – იტყვის დედა...

ბონდო გავაშელიშვილი, ირაკლის მეგობარი: „ბოლოს ომის დაწყების წინ ვნახე, თუ არ ვცდები 6 აგვისტოს. ცოტა ჩაფიქრებული მეჩვენა, მაგრამ არაფერს იმჩნევდა. ისე ყოველთვის ხალისიანი და მხიარული იყო... შეიძლება ზოგჯერ სერიოზული პრობლემა ჰქონოდა, მაგრამ არასდროს გაგრძნობინებდა... დამშვიდობებისას ვუთხარი, ირაკლი თავს გაუფრთხილდი-მეთქი... კარგით რაა, ჩამოვალ და ერთი მაგრად ვიქეიფოთო... ეს იყო მისი უკანასკნელი სიტყვები... ქორწილისთვის ვემზადებოდით და მის უბედურებაზე შეგვკრიბა... ახლა ხშირად ვიხსენებთ ერთად გატარებულ დროს, საათებს წუთებს... ძალიან დაგვაკლდა... საშინელება მოხდა, დღეს ჩვენს გვერდით აღარ არის, მაგრამ ის ყოველთვის ჩვენს გულებშია“.

ირაკლი ომში წავიდა. იბრძოდა. დაჭრილები გამოჰყავდა ცხინვალიდან...

ლადო დეკანოსიძე, ირაკლის მეგობარი: „ცხინვალში შებრუნების დროს შევხვდი. ბოლოს მე ვნახე ირაკლი, ცხინვალიდან გამოვდიოდი და ის უკან ბრუნდებოდა... ჩვეულებრივ ვისაუბრეთ, თავზე ბენდენა ჰქონდა წაკრული... ჩვეულებრივ გამოიყურებოდა... იქაც ქორწილზე მელაპარაკებოდა... მითხრა: ქორწილისთვის არსად დაიკარგოო...“

ქეთევან აბრამაშვილი, მამიდა: „სამჯერ იყვნენ შესულები ცხინვალში დაჭრილები გამოყავდათ, კობრას ჰყავდა თავისი ფეხოსანი რაზმი, ამ რაზმიდან ოცეული დარჩა ცხინვალში და ბოლოს მათ გამოსაყვანად შევიდნენ. როცა უკითხავთ, ვინ შევიდოდა მათ გამოსაყვანად, სხვა ბიჭებთან ირაკლიც გამოსულა. ცხინვალში მათ მანქანას ესროლეს, მანქანა გადაბრუნდა, ბიჭები ცოცხლები იყვნენ და შენობას შეაფარეს თავი“.

ეს ამბავი 8 აგვისტოს მოხდა. ირაკლის იმ დღეს დაურეკავს კიდეც მამიდასთან ამ საბედისწერო ინციდენტამდე. შემდეგ მამიდამ გადარეკა ირაკლისთან...

მამიდა: „რომ დავრეკე ოსმა მიპასუხა და მითხრა, რომ ათიათასი უნდა გადაგვიხადო, მერე ხუთიათასიო. თავზარდაცემული ვკიოდი, ხელი არ ახლოთ და ფულს მოგიტანთ-მეთქი... მერე ჩემს ნათესავს დავურეკე, რომელიც ოსურად ლაპარაკობს, მას ვთხოვე დაერეკა, შეკრთნენ, როცა ოსურად ელაპარაკებოდნენ...

ამ გოგომ გვითხრა, ასე მითხრეს, ჩემი ნება არ არის აქ რა მოხდებაო... მერე ამბობდნენ, მოვკალით არაფერი საშველი არ არისო. ხან ამბობდა, ლიახვს გამოვატანეთ და დახვდითო, ხან ცოცხალს არ გაჩვენებთ და ვერ ნახავთო. ირაკლის ვერც მკვდარს მიაკვლიეს სადმე და ვერც ცოცხალს. ვერსიებს ვერსიები ენაცვლებოდა, ერთი თვითმხილველის ჩვენება მეორისას გამორიცხავდა, ტყუილი და მართალი ისე აირია, დღესაც კი შეუძლებელი ხდება რაიმე სურათის აღდგენა.

დედა: „28 წლის იყო რომ გარდაიცვალა. 23 იანვარს გვითხრეს დნმ-ის პასუხი....

გორის სასაფლაოზე დავკრძალეთ. ყოველდღე დავდივართ მის საფლავზე...

ოჯახზე ოცნებობდა და დაქორწინება უნდოდა, მაგრამ ქორწილი არ დასცალდა... პირველი ხელფასით მე მიყიდა სუნამო, ყველას უყიდა საჩუქრები. ყველას დახმარებას ცდილობდა. რომ მოვიდოდა მომეხვეოდა, ჩამეხუტებოდა, ძალიან თბილი ადამიანი იყო. ჩვენთვის ყოველდღეE ომია. ძალიან მძიმეა ჩვენთვის ცხოვრება მის გარეშე...

მამამისს არ უნდა, რომ საფლავზე ქვა გააკეთოს, მაინც ელოდება...

სამშობლო ძალიან უყვარდა, ჩვენ რომ წინააღმდეგობა გაგვეწია, მაინც წავიდოდა ომში...“

გამომცემლობა „პრაიმტაიმის“ წიგნი „გმირის“ მიხედვით.

ითანამშრომლა ლანა აბრამაშვილი და

ითანამშრომლა ბონდო გელაშვილი ვასილის ძე (მეგობარი) დაბადებულია გორში


„კობრას“ ეკიპაჟის თავგანწირვა

„კობრას“ ეკიპაჟის ტრაგედია ომის პირველსავე დღეს - 2008 წლის 8 აგვისტოს, ცხინვალში, სტალინის ქუჩის N62-ის მიმდებარე ტერიტორიაზე დატრიალდა.  შსს-ს  განსაკუთრებული დანიშნულების მთავარი სამმართველოს მე-3 სამმართველოს პირველი ასეულის N 307 „კობრას“ ეკიპაჟმა მტერს სასტიკი წინააღმდეგობა გაუწია. მოვლენები შემდეგნაირად განვითარდა. ცხინვალიდან გამოსული ქართველი მეომრები უკან იქ ჩარჩენილი 17 ქართველი ჯარისკაცის გამოსაყვანად შებრუნდნენ. სტალინის ქუჩაზე კი მათ ჯავშანმანქანას ჭურვი მოხვდა. ბიჭები მანქანიდან გადმოხტნენ, სახლს თავი შეაფარეს და მტერთან ხელჩართულ ბრძოლაში ჩაებნენ. 

როგორც ლაშა თევზაძის ოჯახის წევრები აცხადებენ, მათ სარწმუნო წყაროდან იციან, რომ  ოსმა ცოლ-ქმარმა ბიჭები შენობიდან გარეთ გამოიყვანა, მაგრამ ამ დროს მათ რუსები შეხვედრიან და ბიჭები წაურთმევიათ. „დახოცეს თუ არა, ესეც არ ვიცი. 45 ჯარისკაცის ცხედარი რომ გამოიტანეს ცხინვალიდან, თითქოს მათ შორის იყო ჩემი შვილიც, მე არ მინახავს და რაღაცნაირად გულს ვიიმედებ. ძნელია დედისთვის ერთადერთი შვილის დაკარგვა. მხოლოდ ერთი ლავიწის ძვალი იყოო, ასეა ცნობილი ჩვენთვის. ტყვედაყვანილი ადამიანის სხეული ნუთუ ამდენად შეიძლება ყოფილიყო დასახიჩრებული, რომ ერთი ძვალი დარჩენილიყო?!“ - ამბობს ლაშა თევზაძის დედა, მადონა კაცაძე. იქვე დასძენს: ,,კობრა’’ რომ შესულა ცხინვალში, ჩემს შვილს ოსური დროშა დაუნახავს, ბიჭებისთვის უთქვამს, მანქანა გააჩერეთ, უნდა ჩამოვხსნაო, არ უშვებდნენ თურმე, სნაიპერი იქნება ჩასაფრებულიო, მაგრამ ლაშა მაინც გადასულა და ოსური დროშა ჩამოუხსნია“.

„კობრას“ ქართული ეკიპაჟის სიმამაცესა და თავგანწირვაზე რუსული მედიაც ალაპარაკდა. რამდენიმე თვეში ერთ-ერთმა რუსმა ჟურნალისტმა  forums.airbase.ru-ზე შემდეგი სახის ინფორმაცია გამოაქვეყნა: „მაქვს სრული აღწერილობა იმისა, თუ რა მოხდა იქ. ფოტოები კი მთლიანად ადასტურებს, რომ გამოყენებული იყო ყუმბარმტყორცნი „рпг-7“ და არა ტყვიები. შსს სპეცრაზმი... „კობრას“ მოხვდა ორი ჭურვი. ერთი - საბურავში, მეორე კი - პირდაპირ. მანქანა გადაბრუნდა. გაიხვრიტა ჯავშნის ცხვირი, მძიმედ დაიჭრა ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრი. ჭურვის ნამსხვრევმა გახვრიტა სკამი, მძღოლის საფარი მინა და გამოფრინდა გარეთ. გააპო მანქანის წინა ნაწილიც. მეომრებმა გადმოიყვანეს დაჭრილი და თავი აფეთქებულ მანაქანასთან ახლომდებარე სახლს შეაფარეს. მოწინააღმდეგემ სახლს ალყა შემოარტყა და მათ ჩაბარება შესთავაზა. ქართველები არ დათანხმდნენ, როგორც ჩანს, დახმარების იმედი ჰქონდათ. ერთი საათის განმავლობაში ისმოდა რაციაზე, თუ როგორ ითხოვდნენ ისინი დახმარებას. მოკლედ, შტურმის შემდეგ შენობა დაიწვა. ერთი ქართველი ცეცხლმოკიდებული სახლიდან სახურავზე აძვრა  და შესასვლელისკენ ისროდა. იგი იქვე დაიღუპა. დაიღუპა დანარჩენი ხუთიც“. 

ლაშა თევზაძის, ირაკლი აბრამაშვილისა და მამუკა შუბითიძის ცხედრები მხოლოდ ექვსი თვის შემდეგ გადასცეს ოჯახებს, რადგანაც სწორედ ექვსი თვის შემდეგ მოვიდა დნმ-ის ანალიზის პასუხი, რომლის მიხედვითაც მუხათგვერდის სასაფალაოზე დაკრძალულთა შორის ეს ბიჭებიც იყვნენ. რაც შეეხებათ გიორგი მარსაგიშვილს, გიორგი ძირტკბილაშვილსა და ზურაბ ბიბილურს, მათი ბედი დღემდე გაურკვეველია. გავრცელებული ინფორმაციით, ბიჭები არ დაუხოცავთ და თითქოს დღესაც ტყვეობაში იმყოფებიან.  ფაქტია, რომ 8 აგვისტოს შემდეგ ისინი ოჯახებს აღარ დაკავშირებიან. 

ექვსივე ჯარისკაცი ვახტანგ გორგასლის მე-3 ხარისხის ორდენითაა დაჯილდოებული. 

ზაირა მიქატაძე

ჟურნალი "მეციხოვნე"

ლაშა თევზაძე 1985-2008წწ გარდ. სამაჩბლო დაბ. სამტრედია


ირაკლი აბრამაშვილი 1979-2008წწ დაკარგ. სამაჩბლო დაბ. გორი


მამუკა შუბითიძე 1984-2008 წწ დაკარგ. სამაჩბლო დაბ. სოფ. საიმერლო მარნეული


გიორგი მარსაგიშვილი 1981-2008წწ გარდ. სამაჩაბლო დაბ. სოფ. ზემო ქედი დედოფლისწყარო წარმ. სტეფანწმიდა (ყაზბეგი)


გიორგი ძირტკბილაშვილი 1980-2008წწ დაკარგ. სამაჩაბლო დაბ. სოფ. აგარა ქარელი


ზურა ბიბილური 1987-2008წწ დაკარგ. სამაჩაბლო დაბ. სოფ. ქვემო არცევი გორი






კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 09.08.2022
ბოლო რედაქტირება 03.10.2022
სულ რედაქტირებულია 11





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0