სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
სამაჩაბლო
ლაშა თევზაძე 1985-2008წწ გარდ. სამაჩბლო დაბ. სამტრედია ლაშა თევზაძე 1985-2008წწ გარდ. სამაჩბლო დაბ. სამტრედია

1985-2008 წწ. გარდ. 23 წლის

ბმულის კოპირება

სამაჩაბლო

გვარი თევზაძე სია

სამტრედია გამოჩენილი ადამიანები სრული სია

491       ბეჭდვა

ლაშა თევზაძე 1985-2008წწ გარდ. სამაჩბლო დაბ. სამტრედია

ლაშა თევზაძე პოლიციის რიგითი ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენოსანი, 2008 წ. 1985 - 2008


წლინახევრის იყო მამა ავღანეთის ომში რომ დაეღუპა. ობლობაში გაიზარდა, და თავადაც რუსების ავანტიურას ემსხვერპლა. გმირულად დაიღუპა ცხინვალში, რუსული საოკუპაციო ძალების აგრესიის დროს დაიღუპა და ახლა მისი დედისერთა ბიჭი დარჩა ობლად... სულმოუთქმელად ელოდა, საბა „მამას“ როდის დაუძახებდა... არ დასცალდა... საბა 4 თვის იყო, მამა რომ გმირულად დაიღუპა.

დღეს საბა ფოტოებით იცნობს მამას და ამბობს, რომ „მამა, მაგარი კაცია“...

მამა სულ 23 წლის ბიჭი იყო, რომელიც ტრაგიკულად დაიღუპა მამულისთვის. ლაშა თევზაძე სამტრედიაში დაიბადა, გათამამებული ბავშვი არ ყოფილა. ალბათ, გაათამამებდნენ კიდეც, დედისერთა იყო, მაგრამ ავღანეთის ომმა მას უზრუნველი ბავშვობა წაართვა...

მადონა კაცაძე, ლაშას დედა: „ობლად გაიზარდა. ჩემი ძმა მეხმარებოდა მის გაზრდაში. განსაკუთრებულად უყვარდა ბიძა... ათასი უბედურება და გაჭირვება გავიარეთ მე და ლაშამ, მაგრამ სულიერად არც მე დავეცი და ლაშასაც არ მივეცი ამის უფლება. გმირულად ვიტანდით ყველაფერს... მე და ლაშა ისე შევეზარდეთ ერთმანეთს... პატარა ბავშვს ჭკუას ვეკითხებოდი, დედა, ეს მინდა გავაკეთო და ლაშა, რას მირჩევ, როგორ მოვიქცე-მეთქი... 23 წლის დავქვრივდი, 23 წლის ასაკში დავკარგე ლაშა...“


სკოლაში მისაბაძი მოსწავლე ყოფილა, სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა ქუთაისში განაგრძო და დაასრულა გერმანული ენის თარჯიმან-რეფერენტის კვალიფიკაციით. „გერმანული ენის პედაგოგი ვარ და ჩემი სიყვარულით ჩააბარა ამ სპეციალობაზე“ _ ამბობს თვალცრემლიანი დედა. იქვე, უნივერსიტეტში გაუვლია სამხედრო კათედრა, სავალდებულო სამსახურში არ გამოუძახიათ, როგორც დედისერთა, მაგრამ მალევე თბილისში წამოვიდა. გადაწყვიტა სპეცნაზელი გამხდარიყო, ჩააბარა ნორმატივები, ფსიქოლოგიური ტესტირებაც გაიარა და 2008 წლის იანვრიდან განსაკუთრებულ დავალებათა მესამე სამმართველოში დაიწყო მუშაობა. ოჯახს წინააღმდეგობა არ გაუწევია, როცა ამ ნაბიჯს დგამდა. მეუღლეც, დედაც გაგებით მოეკიდა მის სურვილს - ემსახურა სამშობლოსთვის. მაგრამ მტერმა რამდენიმე თვე აცალა ეს სამსახური...

ომამდე კი იყო სიყვარული და ამ სიყვარულით ოჯახის შექმნა...

მადონა კაცაძე, ლაშას დედა: „როცა დაოჯახება გადაწყვიტა, ძალიან გულჩათხრობილი გახდა... რაღაცას ვატყობდი, მაგრამ ვერ ვხვდებოდი რა ემართებოდა. ერთხელაც მითხრა, დედა შეყვარებული ვარო. ყველანაირად დავეხმარე, ერთი შვილი მყავდა, ყველაფერი საუკეთესო მისთვის მინდოდა... მოიყვანა ცოლი და ძალიან ბედნიერი იყო“...

ლაშა თევზაძემ და ლიანა რომელაშვილმა ერთმანეთი სამტრედიაში, საერთო ახლობლის ქორწილში გაიცნეს, გაცნობიდან ერთი წლისთავზე ლაშა სიყვარულში გამოუტყდა ლიას...

ლიანა რომელაშვილი, მეუღლე: „ერთი წელიწადი შეყვარებულები ვიყავით, 29 ივნისს გავიპარეთ, რატომღაც ყველაფერი ეჩქარებოდა, სულ ერთი წელი მოგვიწია ერთად ცხოვრება... ძალიან თბილი და ყურადღებიანი იყო ჩემს მიმართაც და ბავშვის მიმართაც. სიხარულისგან იტირა, ბიჭი რომ გვეყოლა. ბავშვის სახელი ერთად შევარჩიეთ, საბა დავარქვით, ერთი სული ჰქონდა მამას როდის დაუძახებდა... ერთხელ საბუთებს ავსებდა და ისეთმა გახარებულმა მითხრა, პირველად მოხდა, ასე დავწერე `საბა ლაშას ძეო“...

დედა: „სამტრედიაში იყო, როცა გაიგო, რომ მამა უნდა გამხდარიყო, გახარებულები ერთმანეთს ჩავეხუტეთ და ვტიროდით... საბა ძალიან თბილი ბავშვია, გარეგნობითაც, ხასიათითაც მამას ჰგავს. მადონას მეძახის, მეუბნება, მამიკო მოვა, მანქანაში ჩავჯდებით და შენთან, სამტრედიაში მალე ჩამოვალთო...~

დედამ შვილი ბოლოს 10 ივლისს ნახა...

დედა: „ბავშვი მოვნათლეთ თბილისში, სამტრედიაში ჩამომიყვანა. რომ მიდიოდა, უკვე კარში მდგარმა მითხრა, დედა, ერთი თვეც დამაცადე, სექტემბერში ბინას დავიგირავებ და ჩემთან წაგიყვანო... იცოდა, რომ მე სულ თვალცრემლიანი ველოდი... ბოლოს 5 აგვისტოს ველაპარაკე ტელეფონით. გახარებულმა დამირეკა, დღეს ბინა გავიფორმეო. სამსახურმა სამოთახიანი ბინა უყიდა და მანქანაც გადასცა საჩუქრად... ომის პერიოდში საერთოდ არ შემხმიანებია... 7 აგვისტოს დილაუთენია ავდექი, ტელევიზორი ჩავრთე თუ არა, რას ვხედავ, ყველა არხზე ერთი და იგივე ინფორმაციაა... ომი... მაშინვე ეზოში გამოვვარდი და ყვირილი დავიწყე, ხალხო გაიღვიძეთ, ცხინვალში ომი დაიწყო-მეთქი. თურმე ჩემი შვილი ომში ყოფილა... ვურეკავდი და ვერაფრით ვუკავშირდებოდი, უკვე გათიშული ჰქონდა ტელეფონი. მაშინვე ჩემს რძალთან დავრეკე. ჩემმა მძახლებმა მითხრეს: გორში არიან, ნუ გეშინიაო... მის თანამებრძოლებს უთქვამთ, ცხინვალში დარჩნენ, მათ დასახმარებლად უნდა შევსულიყავით, მაგრამ ვეღარ შევედითო...“


მეუღლე: „როდესაც განგაში იყო და სამსახურში იბარებდნენ, გასვლის წინ დედაჩემს ეტყოდა ხოლმე, ნაზი, ცოლ-შვილს მიმიხედეო... ბოლოს 7 აგვისტო რომ იწყებოდა, მაშინ გამოიძახეს, გვიან ღამით. ჩვეულებრივ ადგა, არანაირი წინათგრძნობა არ გვქონია, არც მას, არც მე... წავედით, ცოტა ხანს მანქანასთან გავჩერდით, ვსაუბრობდით, გვიანი იყო, ბავშვი მარტო იყო ზემოთ და მითხრა: ადი, ბავშვს მიხედეო და წავიდა ბაზაზე. გორში დილით გადაიყვანეს. ცხინვალში ნიქოზის მხრიდან შევიდნენ. ჩემი მეუღლე კობრის მანქანაში იჯდა, უკან გამოსვლის ბრძანება მიიღეს, მაგრამ სხვა ქუჩაზე ბიჭები იყვნენ ჩარჩენილები და იმათ გამოსაყვანად შებრუნდნენ.


ჩემი ძმაც ცხინვალში იბრძოდა, ქვეითი იყო, და უკანდახევისას შეხვდა ცხინვალის შესასვლელში ლაშას. ლაშა უკან შედიოდა, უკითხავს სად მიდიხარო, ბიჭები არიან დარჩენილი და იმათ გამოსაყვანად შევდივართო. სამი მანქანით შებრუნებულან. მივიდნენ ადგილამდე, ჩასვეს ეს ბიჭები მანქანებში და გამობრუნდნენ. მანქანას, რომელშიც ლაშა იჯდა, ორი ჭურვი მოხვდა... მანქანიდან გადმოსულან და შენობისთვის შეუფარებიათ თავი. მაშინ მიუღია კანტუზია. ეს სტალინის ქუჩაზე ხდებოდა... იმ სახლიდან რომ გამოდიოდნენ, როგორც შემდეგ გვითხრეს, მტერმა ჩაცხრილა... არც კი ვიცი, რა ძალა მყოფნის ახლა ამას რომ ვყვები, მტერსაც არ ვუსურვებ, ისეთი დღეები გავიარეთ... ბოლოს 8 აგვისტო რომ იწყებოდა, მაშინ ველაპარაკე, ღამის პირველ საათზე... ტელეფონით რომ ვსაუბრობდით, არც ერთხელ არ დაუმალავს სად იყო, რა მდგომარეობაში, სულ იმედიანად იყო, მეუბნებოდა, ჩვენ გავიმარჯვებთ. როგორც გადმოცემით ვიცი, ძალიან შემართებით და იმედიანად იბრძოდა, იმედი ჰქონდა, რომ გამარჯვებული დაბრუნდებოდა. ერთ-ერთი თანამშრომელი მიყვებოდა, რაღაც შენობა ყოფილა, სადაც ოსური დროშა ფრიალებდა, ლაშა თავისი კობრით მისულა, დაუძახიათ, რას შვრები, არ გესროლონო, მაინც მამაცურად ასულა და ის ოსური დროშა ჩამოუხსნია...


რვა აგვისტოს მთელი დღის განმავლობაში ვრეკავდი, არ მპასუხობდა... როგორც შემდეგ მითხრეს, ტელეფონი მანქანაში დარჩენია. 8 აგვისტოს საღამოს ჩემს ძმას დაურეკავს მამაჩემისთვის ლაშა ცხინვალში დარჩა და იქნებ მანდ საავადმყოფოებში ეძებოთო. მაგრამ მამაჩემმა ჩვენ არ გვითხრა... 8 აგვისტოს თბილისის საავადმყოფოებში რომ ვერ იპოვა, 9 აგვისტოს დილით გორში წავიდა. ჩემი ძმა გვამშვიდებდა, კარგადაა ნუ ნერვიულობთო... 6 თვე ვეძებდით ლაშას, იმედს არ ვკარგავდით, იმედი გვქონდა, რომ ოსებს ტყვედ ჰყავდათ. 6 თვის შემდეგ მივიღეთ დეენემ-ის ანალიზის პასუხი. როგორც გვითხრეს, დახვრიტეს... ეს ყველაფერი 8 აგვისტოს მოხდა... სამტრედიაში გადავასვენეთ და მამამისის გვერდით დავკრძალეთ...


ძალიან რთულია მის გარეშე ცხოვრება... პირველი ხელფასი რომ აიღო, ფეხმძიმედ ვიყავი და ბავშვისთვის შევიძინეთ რაც კი საჭირო იყო. პირველი პრემია რომ აიღო, სამასი ლარი, ორასი ლარი მე მაჩუქა, შენახული მქონდა ეს ფული და ღვთისმშობლის სახიანი ბეჭედი გავაკეთებინე მის სამახსოვროდ.


ჩემი ქმარი გმირი იყო, საქართველოს შესწირა თავი. ძალიან რთულია უიმისოდ ცხოვრება, ძალიან მტკივნეულია, მაგრამ საამაყოცაა. ჩვენი შვილი რომ გაიზრდება, იამაყებს მამის გმირობით. საბა 4 თვის იყო ლაშა რომ დაიღუპა. სურათებიდან იცნობს მამას, როცა შეეკითხები მამაზე, ამბობს: „მამა, მაგარი კაციაო...“


დედა: „...ლაშა სიკვდილის მერე კი არ გახდა გმირი, სიცოცხლეშივე გმირი იყო... სულ სხვანაირი ახალგაზრდა ბიჭი იყო. ადამიანი არ არსებობს, რომ ლაშას ოდესმე ეწყენინებინოს. მის ხელში იარაღი, რომ დავინახე ძალიან გამიკვირდა, რადგან სულ სხვანაირი, ჰუმანური ბიჭი იყო. იმედს არ ვკარგავ მაინც, რომ იქნებ ჩემი შვილი ცოცხალია, იქნებ არის სადმე და დაბრუნდეს... არ მჯერა, რომ აღარ არის. ყოველდღე, ყოველ წამს ველოდები...


სტუდენტი, რომ იყო ქუთაისში სწავლობდა. პარასკეობით მოდიოდა სახლში. საჭმელს გავაკეთებდი, სუფრას გავშლიდი და დავურეკავდი, სად ხარ დედა ახლა-მეთქი, რომ მეტყოდა მარშრუტკაში ვზივარო, აივანზე გავდიოდი და გზას გავცქეროდი. აივანზე რომ გავდივარ ყველაზე მეტად ეს მკლავს. სულ იქით ვიხედები, საიდანაც ჩემი შვილი მოდიოდა“.

https://history.mod.gov.ge/ge/hero/208/lasha-tevzadze


„კობრას“ ეკიპაჟის თავგანწირვა

„კობრას“ ეკიპაჟის ტრაგედია ომის პირველსავე დღეს - 2008 წლის 8 აგვისტოს, ცხინვალში, სტალინის ქუჩის N62-ის მიმდებარე ტერიტორიაზე დატრიალდა.  შსს-ს  განსაკუთრებული დანიშნულების მთავარი სამმართველოს მე-3 სამმართველოს პირველი ასეულის N 307 „კობრას“ ეკიპაჟმა მტერს სასტიკი წინააღმდეგობა გაუწია. მოვლენები შემდეგნაირად განვითარდა. ცხინვალიდან გამოსული ქართველი მეომრები უკან იქ ჩარჩენილი 17 ქართველი ჯარისკაცის გამოსაყვანად შებრუნდნენ. სტალინის ქუჩაზე კი მათ ჯავშანმანქანას ჭურვი მოხვდა. ბიჭები მანქანიდან გადმოხტნენ, სახლს თავი შეაფარეს და მტერთან ხელჩართულ ბრძოლაში ჩაებნენ. 

როგორც ლაშა თევზაძის ოჯახის წევრები აცხადებენ, მათ სარწმუნო წყაროდან იციან, რომ  ოსმა ცოლ-ქმარმა ბიჭები შენობიდან გარეთ გამოიყვანა, მაგრამ ამ დროს მათ რუსები შეხვედრიან და ბიჭები წაურთმევიათ. „დახოცეს თუ არა, ესეც არ ვიცი. 45 ჯარისკაცის ცხედარი რომ გამოიტანეს ცხინვალიდან, თითქოს მათ შორის იყო ჩემი შვილიც, მე არ მინახავს და რაღაცნაირად გულს ვიიმედებ. ძნელია დედისთვის ერთადერთი შვილის დაკარგვა. მხოლოდ ერთი ლავიწის ძვალი იყოო, ასეა ცნობილი ჩვენთვის. ტყვედაყვანილი ადამიანის სხეული ნუთუ ამდენად შეიძლება ყოფილიყო დასახიჩრებული, რომ ერთი ძვალი დარჩენილიყო?!“ - ამბობს ლაშა თევზაძის დედა, მადონა კაცაძე. იქვე დასძენს: ,,კობრა’’ რომ შესულა ცხინვალში, ჩემს შვილს ოსური დროშა დაუნახავს, ბიჭებისთვის უთქვამს, მანქანა გააჩერეთ, უნდა ჩამოვხსნაო, არ უშვებდნენ თურმე, სნაიპერი იქნება ჩასაფრებულიო, მაგრამ ლაშა მაინც გადასულა და ოსური დროშა ჩამოუხსნია“.

„კობრას“ ქართული ეკიპაჟის სიმამაცესა და თავგანწირვაზე რუსული მედიაც ალაპარაკდა. რამდენიმე თვეში ერთ-ერთმა რუსმა ჟურნალისტმა  forums.airbase.ru-ზე შემდეგი სახის ინფორმაცია გამოაქვეყნა: „მაქვს სრული აღწერილობა იმისა, თუ რა მოხდა იქ. ფოტოები კი მთლიანად ადასტურებს, რომ გამოყენებული იყო ყუმბარმტყორცნი „рпг-7“ და არა ტყვიები. შსს სპეცრაზმი... „კობრას“ მოხვდა ორი ჭურვი. ერთი - საბურავში, მეორე კი - პირდაპირ. მანქანა გადაბრუნდა. გაიხვრიტა ჯავშნის ცხვირი, მძიმედ დაიჭრა ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრი. ჭურვის ნამსხვრევმა გახვრიტა სკამი, მძღოლის საფარი მინა და გამოფრინდა გარეთ. გააპო მანქანის წინა ნაწილიც. მეომრებმა გადმოიყვანეს დაჭრილი და თავი აფეთქებულ მანაქანასთან ახლომდებარე სახლს შეაფარეს. მოწინააღმდეგემ სახლს ალყა შემოარტყა და მათ ჩაბარება შესთავაზა. ქართველები არ დათანხმდნენ, როგორც ჩანს, დახმარების იმედი ჰქონდათ. ერთი საათის განმავლობაში ისმოდა რაციაზე, თუ როგორ ითხოვდნენ ისინი დახმარებას. მოკლედ, შტურმის შემდეგ შენობა დაიწვა. ერთი ქართველი ცეცხლმოკიდებული სახლიდან სახურავზე აძვრა  და შესასვლელისკენ ისროდა. იგი იქვე დაიღუპა. დაიღუპა დანარჩენი ხუთიც“. 

ლაშა თევზაძის, ირაკლი აბრამაშვილისა და მამუკა შუბითიძის ცხედრები მხოლოდ ექვსი თვის შემდეგ გადასცეს ოჯახებს, რადგანაც სწორედ ექვსი თვის შემდეგ მოვიდა დნმ-ის ანალიზის პასუხი, რომლის მიხედვითაც მუხათგვერდის სასაფალაოზე დაკრძალულთა შორის ეს ბიჭებიც იყვნენ. რაც შეეხებათ გიორგი მარსაგიშვილს, გიორგი ძირტკბილაშვილსა და ზურაბ ბიბილურს, მათი ბედი დღემდე გაურკვეველია. გავრცელებული ინფორმაციით, ბიჭები არ დაუხოცავთ და თითქოს დღესაც ტყვეობაში იმყოფებიან.  ფაქტია, რომ 8 აგვისტოს შემდეგ ისინი ოჯახებს აღარ დაკავშირებიან. 

ექვსივე ჯარისკაცი ვახტანგ გორგასლის მე-3 ხარისხის ორდენითაა დაჯილდოებული. 

ზაირა მიქატაძე

ჟურნალი "მეციხოვნე"


ლაშა თევზაძე, გმირი, რომელმაც ცხინვალში ოსური დროშა ჩამოხსნა!!!

ლაშა თევზაძეს მამა ავღანეთის ომში დაეღუპა, მაშინ წლინახევრის იყო. დედამ მარტომ გაზარდა. შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა მთავარ სამმართველოში მუშაობა ისე დაიწყო, მისთვის არ უთქვამს, რადგან იცოდა, დედა ამის წინააღმდეგი იქნებოდა. 2008 წელს, 24 წლის ლაშა თევზაძე რუსეთ-საქართველოს ომში წავიდა, უკან არ დაბრუნებულა. ლაშას არც იმის შესახებ უთქვამს ოჯახისთვის, რომ ომში მიდიოდა. შინ 4 თვის საბა და მეუღლე დატოვა. ლიანა რომელაშვილი იხსენებს, რომ ბოლოს მეუღლეს 7 აგვისტოს, 12 საათზე ესაუბრა და მაშინ შეიტყო, რომ იგი ცხინვალში აპირებდა შესვლას. ეს მათი ბოლო საუბარი იყო. მას შემდეგ ლაშა თევზაძის მობილური ტელეფონი გაითიშა.

ლიანა რომელაშვილი, ლაშა თევზაძის მეუღლე: “ცხინვალიდან უკან დახევის ბრძანება რომ გაიცა, ლაშა თავის ეკიპაჟთან ერთად “კობრით” გადაადგილდებოდა. გაიგეს, რომ 17 ბიჭი იყო ჩარჩენილი ერთ-ერთ ქუჩაზე და გამოსაყვანად შევიდნენ. ბიჭები რომ გამოჰყავდათ მათ ავტომანქანას ჭურვი მოხვდა და დაზიანდა, გადაადგილება ვეღარ შეძლეს. როგორც ვიცი, იქიდან გადმოვიდნენ და ერთ-ერთ ბინას შეაფარეს თავი. ამის შემდეგ არანაირი ინფორმაცია აღარ გვაქვს. დაკარგულად ითვლებოდა. ჩემს მეუღლესთან ერთად ხუთი თანამებრძოლი ჩარჩა მაშინ ცხინვალში. 6 თვის შემდეგ მოვიდა დნმ-ის ანალიზის პასუხი – მუხათგვერდის სასაფალაოზე დაკრძალულთა შორის, ერთ-ერთი ჩემი მეუღლე იყო. ჩემი ძმაც ლაშასთან ერთად იბრძოდა. მისგან გავიგე, რომ ის დარჩა ცხინვალში… 21 წლის ვიყავი როცა ომში წავიდა. ჩვენი შვილი მაშინ 4 თვის იყო. ლაშა ძალიან თბილი ადამიანი იყო, მოსიყვარულე. ამ გადასახედიდან რომ ვუყურებ, თითქოს ყველაფერი ეჩქარებოდა, ოჯახის შექმნა სექტემბერში გვქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ მისი დაჟინებული თხოვნით ივლისში გავყევი. სამსახურის მიმართ საოცარი პასუხისმგებლობა ჰქონდა, ყოველთვის პირნათლად ასრულებდა თავის მოვალეობას. მისი გარდაცვალების შემდეგ, სამმართველოში, სადაც ლაშა მუშაობდა მე ვმუშაობ, შინაგან საქმეთა სამინისტრო დაგვეხმარა. ყველანაირად ცდილობენ ყურადღება არ მოგვაკლონ.” ლაშა თევზაძის დედას იმედი აქვს, რომ ლაშა შეიძლება ცოცხალი იყოს. მას შვილის ცხედარი არ უნახავს. სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში განლაგებული შერეული სამშვიდობო ძალების სარდლის, მარატ კულახმეტოვისგან იცის, რომ მისი შვილი, ხუთ თანამებრძოლთნ ერთად რუსებმა წაიყვანეს.

მადონა კაცაძე, ლაშა თევზაძის დედა: “ჩემი შვილი, ხუთ თანამებრძოლთან ერთად, “კობრას” ეკიპაჟის წევრებმა შენობაში შეიყვანეს. როგორც ბიჭებმა მითხრეს, ლაშა ყველაზე უვნებელი იყო, მაგრამ მან კანტუზია მიიღო და სიარულს ვერ შეძლებდა. ექვსივე ცოცხლები იყვნენო. ბიჭებმა ისინი იმ იმედით დატოვეს, რომ ტექნიკით შევიდოდნენ მათ წასაყვანად, მაგრამ ვერ მოხერხდა ცხინვალში შებრუნება. ჩემი შვილი უკავშირდებოდა თანამშრომლებს, ეუბნებოდა ამ ადგილას ვართ და მოგვეშველეთო, ისევე იქცეოდნენ დანარჩენებიც. ეს სინამდვილეა. ჩვენ კულახმეტოვისგან ვიცით, რომ ოსმა ცოლ-ქმარმა გამოიყვანა ბიჭები გარეთ, მაგრამ ამ დროს მათ რუსები შეხვედრიან და ბიჭები წაურთმევიათ. მეტი ჩვენ არაფერი ვიცით. დახოცეს თუ არა ესეც არ ვიცი. 45 ჯარისკაცის ცხედარი რომ გამოიტანეს ცხინვალიდან, თითქოს მათ შორის იყო ჩემი შვილის ცხედარიც, მე არ მინახავს და რაღაცნაირად გულს ვიიმედებ. ძნელია დედისთვის ერთადერთი შვილის დაკარგვა. მხოლოდ ერთი ლავიწის ძვალი იყოო ასეა ცნობილი ჩვენთვის. ტყვედ აყვანილი ადამიანის სხეული ნუთუ ამდენად შეიძლება ყოფილიყო დასახიჩრებული, რომ ერთი ძვალი დარჩენილიყო მხოლოდ?

- როგორც ცნობილია ამ ეკიპაჟის წევრებმა მკლავი და ფეხი დაკარგეს…

– მათ შორის ჩემი შვილი არ იყო. მკლავი მარსაგიშვილს ჰქონდა დაზიანებული. ფეხშიც სხვა იყო დაჭრილი. თუ არ მომატყუეს ბიჭებმა, შეიძლება შევეცოდე და გაუბედურებულ დედას სიმართლე ვერ მითხრეს. ლაშა ყველაზე კარგად იყოო, უბრალოდ გონება დაკარგა და ვერ წამოვიყვანეთო, ვერც წამოიყვანდნენ ამხელა ბიჭს. ჩემი შვილი სხვანაირად იყო აღზრდილი, მაგრამ ომში ალბათ არავინ გახსენდება ადამიანს, არც დედა, არც ცოლი, შვილი, ალბათ მხოლოდ იმაზე ფიქრობ შენს სამშობლოს როგორ დაეხმარო და უშველო. “კობრა” რომ შესულა ცხინვალში, ჩემს შვილს ოსური დროშა დაუნახავს, ბიჭებისთვის უთქვამს მანქანა გააჩერეთ, უნდა ჩამოვხსნაო, არ უშვებდნენ თურმე, სნაიპერი იქნება ჩასაფრებულიო, მაგრამ ლაშა მაინც გადასულა, ოსური დროშა ჩამოუხსნია.

- როდის ნახეთ ბოლოს თქვენი შვილი?

– 2008 წლის 7 ივლისს ვიყავი ჩამოსული ლაშასთან. ბავშვი მოვნათლეთ მცხეთაში, სვეტიცხოველში. იქიდან მე და ლაშა ერთად დავბრუნდით სამტრედიაში, აქ ამოეწერა კომისარიატიდან. სახლიდან რომ გადიოდა კართან გაჩერდა და მითხრა: დედა, სექტემბრამდე როგორმე მოითმინე და მერე ჩემთან წაგიყვან, მარტო აღარ იქნებიო. იცოდა როგორ მიჭირდა მარტო ყოფნა. მას შემდეგ აღარ მინახავს. ბოლოს 5 აგვისტოს დამირეკა. სიმამრმა სამოთახიანი ბინა და მანქანა აჩუქა, 5 აგვისტოს გაიფორმეს. 7-ში და ღამის ორ საათზე წავიდა ცხინვალში. 5 აგვისტოს შემდეგ მისი ხმა არ გამიგია. სამსახურმა ძალიან დიდი პატივი სცა მის ოჯახს. მადლობელი ვარ ვანო მერაბიშვილის, რომ დააფასა ჩემი შვილის ამაგი და უყურადღებოდ არ ტოვებს მის ოჯახს.”

https://www.facebook.com/samshoblosusaxelobichebi/photos/a.1556833061224849/1877045785870240/?locale=pt_BR

ლაშა თევზაძე 1985-2008წწ გარდ. სამაჩბლო დაბ. სამტრედია


ირაკლი აბრამაშვილი 1979-2008წწ დაკარგ. სამაჩბლო დაბ. გორი


მამუკა შუბითიძე 1984-2008 წწ დაკარგ. სამაჩბლო დაბ. სოფ. საიმერლო მარნეული


გიორგი მარსაგიშვილი 1981-2008წწ გარდ. სამაჩაბლო დაბ. სოფ. ზემო ქედი დედოფლისწყარო წარმ. სტეფანწმიდა (ყაზბეგი)


გიორგი ძირტკბილაშვილი 1980-2008წწ დაკარგ. სამაჩაბლო დაბ. სოფ. აგარა ქარელი


ზურა ბიბილური 1987-2008წწ დაკარგ. სამაჩაბლო დაბ. სოფ. ქვემო არცევი გორი


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 09.08.2022
ბოლო რედაქტირება 14.08.2022
სულ რედაქტირებულია 2





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0