წყარო 1811-1917წწ ეგზარქოსობისდროინდელი იმერეთის ეკლესიები და მღვდლები, ავტ. მერაბ კეზევაძე სრული სია
1100-ზე მეტი წმიდა გიორგის ტაძარი საქართველოში, მოგვაწოდეთ რაც, გამოგვრჩა.
მღვდელი ამბროსი კანდელაკი იმ სემინარიელთა ჯგუფს მიეკუთვნებოდა, რომელნიც წმინდა ილია ჭავჭავაძის ეროვნული იდეებით გულანთებულნი ემსახურებოდნენ საკუთარ ქვეყანას
მღვდელი ამბროსი კანდელაკი იმ სემინარიელთა ჯგუფს მიეკუთვნებოდა, რომელნიც წმინდა ილია ჭავჭავაძის ეროვნული იდეებით გულანთებულნი ემსახურებოდნენ საკუთარ ქვეყანას
08.10.2014
მღვდელი ამბროსი კანდელაკის შესახებ დღემდე უცნობი მასალა ჩვენმა სამტრედიელმა მეგობარმა გალაქტიონ (გოგიტა) თემურის ძე გიორგაძემ მოგვაწოდა.
- არსებობენ ადამიანები, რომლებიც ძალიან ჩუმად, წყნარად დღედაღამ შრომობდნენ, იღწვოდნენ, იბრძოდნენ თავიანთი სამსახურეობრივი მოვალეობის პირნათლად შესასრულებლად. მთელი ცხოვრება მცველად ედგა ენას, მამულს, სარწმუნოებას - მის დაცვას, აღორძინებას, სარწმუნოებისადმი ერთგულებას და თვდადებას უქადაგებდა მომავალს. "ადამიანი არის არა ის, რაც არის, არამედ ის, რასაც აკეთებს"(პ. ჟ. სარტრი).
ის ორ მოვალეობას ასრულებდა იყო სულიერი მამა-მოძღვარი და პედაგოგი და ზრუნავდა ადამიანის როგორც სულიერი ასე გონებრივი განვითარებისთვის. ის იმ სემინარიელთა ჯგუფს მიეკუთვნებოდა, რომელნიც წმინდა ილია ჭავჭავაძის ეროვნული იდეებით გულანთებულნი ემსახურებოდნენ საკუთარ ქვეყანას.
ადამიანს, რომელზეც ახლა უნდა გესაუბროთ, საუკუნე გვაშორებს, თუმცა ფოტო გვიამბობს ისტორიას. ღრმად პატივცემულ ადამიანთა სახეები გვიცქერენ გასული საუკუნიდან.
ნათქვამია, ხის სიმაღლე მიწიდან კი არა ფესვებიდან იზომებაო და მათი გახსენება და პატივისცემა ისევ ჩვენი სულგრძელობის და კეთილგონიერების გამოხატულებაა. მომავალ თაობას არ უნდა დავუკარგოთ დიდი წინაპარი, რათა მათთვის იქცეს სამაგალითოდ.
მღვდელი ამბროსი კანდელაკი 1870 წელს, იმერეთის გუბერნიაში,სოფელ ჭოგნარში, მღვდელ ბესარიონ კანდელაკის ოჯახში დაიბადა. კანდელაკების ოჯახი წარმოშობით სოფელ გამოჩინებულიდან ყოფილა. მამა ამბროსის ბაბუა, სამღვდელო მსახურების გამო სოფელ ჭოგნარში გადასახლებულა.
იგი 1887-93 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა. სემინარიის დამთავრების შემდეგ, 1894 წელს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძემ) ჯერ დიაკვნად, შემდეგ კი მღვდლად დაასხა ხელი და ჭოგნარის სამრევლოს წინამძღვრად დანიშნა.
მამა ამბროსიმ თავისივე სახლებში დააარსა ორწლიანი სამრევლო-საეკლესიო სასწავლებლები - ჯერ სოფელ დაფნარში, შემდეგ სოფელ ჭოგნარში. ამ სასწავლებლებს თავად ხელმძღვანელობდა. მასწავლებლები იყვნენ მისი ბიძაშვილი -აგრაფინა კანდელაკი, გალაქტიონ ტაბიძის ძმა - აბესალომ (პროკლე) ტაბიძე და გიორგი ხუროძე.
1904 წლის 30 ნოემბერს, იმერეთის ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) მამა ამბროსი სოფელ ბარ-საჯავახოს ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანა.
1910 წლის 6 მაისს კამილავკით დაჯილდოვდა.
1917 წელს კი, საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, ქუთათელმა მიტროპლიტმა ანტონმა (გიორგაძე) მამა ამბროსი გამოჩინებულის ოლქის მთავარუხუცესად დანიშნა.
იგი 1939 წლის თებერვლის თვეში გარდაიცვალა.
მას დიდი წვლილი მიუძღვის ღირსეული თაობის აღზრდა განვითარებაში, მანვე აღუზარდა შვიდი შვილი საყვარელ ქვეყანას და ბოლომდე მიიღო მონაწილეობა ქვეყნის გამრალებასა და განვითარებაში.
არსებობს საუკუნის ფოტო, რომელზეც სოფელ ჭოგნარის სამრევლო-საეკლესიო ორკლასიანი სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები არიან აღბეჭდილი. შუა რიგში სხედან, მარცხნიდან: გიორგი ხუროძე, აბესალომ ტაბიძე, მღვდელი ამბროსი კანდელაკი, მამა ამბროსის მეუღლე მაშო მიქელაძე, აგრაფინა კანდელაკი და გოგოლა კანდელაკი, მამა ამბროსის ქალიშვილი. (ფოტო გადაღებულია 1914 წლის 31 მაისს, ის დღეისათვის მამა ამბროსის შთამომავლთა საოჯახო არქივში ინახება).
მადლობა გალაქტიონ (გოგიტა) თემურის ძე გიორგაძეს, მცხოვრები სოფ. გორმაღალი, სამტრედია