წყარო 1811-1917წწ ეგზარქოსობისდროინდელი იმერეთის ეკლესიები და მღვდლები, ავტ. მერაბ კეზევაძე სრული სია
1100-ზე მეტი წმიდა გიორგის ტაძარი საქართველოში, მოგვაწოდეთ რაც, გამოგვრჩა.
მღვდელი ამბროსი კანდელაკი იმ სემინარიელთა ჯგუფს მიეკუთვნებოდა, რომელნიც წმინდა ილია ჭავჭავაძის ეროვნული იდეებით გულანთებულნი ემსახურებოდნენ საკუთარ ქვეყანას
მღვდელი ამბროსი კანდელაკი იმ სემინარიელთა ჯგუფს მიეკუთვნებოდა, რომელნიც წმინდა ილია ჭავჭავაძის ეროვნული იდეებით გულანთებულნი ემსახურებოდნენ საკუთარ ქვეყანას
08.10.2014
მღვდელი ამბროსი კანდელაკის შესახებ დღემდე უცნობი მასალა ჩვენმა სამტრედიელმა მეგობარმა გალაქტიონ (გოგიტა) თემურის ძე გიორგაძემ მოგვაწოდა.
- არსებობენ ადამიანები, რომლებიც ძალიან ჩუმად, წყნარად დღედაღამ შრომობდნენ, იღწვოდნენ, იბრძოდნენ თავიანთი სამსახურეობრივი მოვალეობის პირნათლად შესასრულებლად. მთელი ცხოვრება მცველად ედგა ენას, მამულს, სარწმუნოებას - მის დაცვას, აღორძინებას, სარწმუნოებისადმი ერთგულებას და თვდადებას უქადაგებდა მომავალს. "ადამიანი არის არა ის, რაც არის, არამედ ის, რასაც აკეთებს"(პ. ჟ. სარტრი).
ის ორ მოვალეობას ასრულებდა იყო სულიერი მამა-მოძღვარი და პედაგოგი და ზრუნავდა ადამიანის როგორც სულიერი ასე გონებრივი განვითარებისთვის. ის იმ სემინარიელთა ჯგუფს მიეკუთვნებოდა, რომელნიც წმინდა ილია ჭავჭავაძის ეროვნული იდეებით გულანთებულნი ემსახურებოდნენ საკუთარ ქვეყანას.
ადამიანს, რომელზეც ახლა უნდა გესაუბროთ, საუკუნე გვაშორებს, თუმცა ფოტო გვიამბობს ისტორიას. ღრმად პატივცემულ ადამიანთა სახეები გვიცქერენ გასული საუკუნიდან.
ნათქვამია, ხის სიმაღლე მიწიდან კი არა ფესვებიდან იზომებაო და მათი გახსენება და პატივისცემა ისევ ჩვენი სულგრძელობის და კეთილგონიერების გამოხატულებაა. მომავალ თაობას არ უნდა დავუკარგოთ დიდი წინაპარი, რათა მათთვის იქცეს სამაგალითოდ.
მღვდელი ამბროსი კანდელაკი 1870 წელს, იმერეთის გუბერნიაში,სოფელ ჭოგნარში, მღვდელ ბესარიონ კანდელაკის ოჯახში დაიბადა. კანდელაკების ოჯახი წარმოშობით სოფელ გამოჩინებულიდან ყოფილა. მამა ამბროსის ბაბუა, სამღვდელო მსახურების გამო სოფელ ჭოგნარში გადასახლებულა.
იგი 1887-93 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა. სემინარიის დამთავრების შემდეგ, 1894 წელს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძემ) ჯერ დიაკვნად, შემდეგ კი მღვდლად დაასხა ხელი და ჭოგნარის სამრევლოს წინამძღვრად დანიშნა.
მამა ამბროსიმ თავისივე სახლებში დააარსა ორწლიანი სამრევლო-საეკლესიო სასწავლებლები - ჯერ სოფელ დაფნარში, შემდეგ სოფელ ჭოგნარში. ამ სასწავლებლებს თავად ხელმძღვანელობდა. მასწავლებლები იყვნენ მისი ბიძაშვილი -აგრაფინა კანდელაკი, გალაქტიონ ტაბიძის ძმა - აბესალომ (პროკლე) ტაბიძე და გიორგი ხუროძე.
1904 წლის 30 ნოემბერს, იმერეთის ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) მამა ამბროსი სოფელ ბარ-საჯავახოს ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანა.
1910 წლის 6 მაისს კამილავკით დაჯილდოვდა.
1917 წელს კი, საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, ქუთათელმა მიტროპლიტმა ანტონმა (გიორგაძე) მამა ამბროსი გამოჩინებულის ოლქის მთავარუხუცესად დანიშნა.
იგი 1939 წლის თებერვლის თვეში გარდაიცვალა.
მას დიდი წვლილი მიუძღვის ღირსეული თაობის აღზრდა განვითარებაში, მანვე აღუზარდა შვიდი შვილი საყვარელ ქვეყანას და ბოლომდე მიიღო მონაწილეობა ქვეყნის გამრალებასა და განვითარებაში.
არსებობს საუკუნის ფოტო, რომელზეც სოფელ ჭოგნარის სამრევლო-საეკლესიო ორკლასიანი სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები არიან აღბეჭდილი. შუა რიგში სხედან, მარცხნიდან: გიორგი ხუროძე, აბესალომ ტაბიძე, მღვდელი ამბროსი კანდელაკი, მამა ამბროსის მეუღლე მაშო მიქელაძე, აგრაფინა კანდელაკი და გოგოლა კანდელაკი, მამა ამბროსის ქალიშვილი. (ფოტო გადაღებულია 1914 წლის 31 მაისს, ის დღეისათვის მამა ამბროსის შთამომავლთა საოჯახო არქივში ინახება).
მადლობა გალაქტიონ (გოგიტა) თემურის ძე გიორგაძეს, მცხოვრები სოფ. გორმაღალი, სამტრედია
გალაკტიონის ძმამ - პროკლემ სამასწავლებლო კარიერა 1913 წელს სამტრედიის სოფელ ჭოგნარში დაიწყო. არსებობს ერთი ისტორიული ფოტო - სკოლის ხედზე აღბეჭდილნი არიან სოფელ ჭოგნარის სამრევლო, ორკლასიანი სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები. შუა რიგში სხედან, მარცხნიდან: გიორგი ხუროძე, აბესალომ ტაბიძე, მღვდელი ამბროსი კანდელაკი, მამა ამბროსის მეუღლე მაშო მიქელაძე, აგრაფინა კანდელაკი და გოგოლა კანდელაკი - მამა ამბროსის ქალიშვილი. ფოტოს უკანა მხარეს აწერია “1914 წლის 31 მაისი”. ინახება მამა ამბროსის შთამომავლის, აწგარდაცვლილი თემურ კანდელაკის საოჯახო ალბომში. ფოტოს პირველად 2006 წელს მიაკვლია გოგიტა გიორგაძემ. გამოქვეყნდა ჟურნალ “საპატრიარქოს უწყებანის” 2007 წლის 13 ივნისის ნომერში.
1915 წლის პირველ თვეში გაზეთ “განათლებაში” დაიბეჭდა პროკლე ტაბიძის “მასწავლებლის დღიურები”, საიდანაც ვიგებთ, რომ 1914 წლის 22 აპრილს მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა ერთობლივი ფოტოები გადაიღეს. წავიკითხოთ პროკლეს დოკუმენტური ჩანაწერი: “დღეს ჩემი მოწაფეებისთვის დღესასწაული იყო: ყველა მასწავლებლებმა, მოწაფეებთან ერთად სურათები გადავიღეთ. საუცხოვოთ გამოწყობილიყვნენ ბავშვები: კოსტას ახალი ჩექმები ჩაუცვამს, ნიკოს მამის მოვერცხლილი ქამარი შემოურტყამს წელზე, ბესო კი წუღა-მესტებში გამოწყობილა. სახეებზე სიხარულის ღიმი უთამაშებდათ; მხოლოდ, სურათების გადაღების დროს ზოგიერთებმა მოიწყინეს. ყველას უნდოდა ამდგარი გადახატულიყო და დაჯდომა არავინ მოინდომა. მაგრამ აი, გადიღო ფოტოგრაფმა სურათი. ბავშვები წამოიშალნენ, გააკეთეს წრე და შემოსძახეს: „ოდელა-დელა, დელა, ნანი-ნანა, აღსდეგ, თამარ-დედოფალო“! და გაშალა ხელი პატარა ანდრომ. რა სიცოცხლით უსობდა ფეხებს, რა ციბრუტივით ტრიალობდა“. (“განათლება”, 1915, N1, გვ.53; 1 იანვარი).
მეორე ჩანაწერით, რომელიც 30 მაისს დაუწერია, შეგვიძლია თამამად ვამტკიცოთ, შემდეგი... როგორც ჩანს, 1914 წლის 30 მაისს სასწავლო წელი მორჩა და 22 აპრილს ფოტოგრაფ ხუნდაძის მიერ გადაღებული ფოტოები კურსდამთავრებულებს დაურიგეს. ზემოთ ხსენებულ ფოტოს, რომელმაც, საბედნიეროდ, ჩვენამდე მოაღწია, 31 მაისს იმავე დღის თარიღი აქვს მიწერილი. წავიკითხოთ პროკლე ტაბიძის ჩანაწერი: “გამოცდები გავათავეთ. რვა მოწაფემ დაასრულა ჩვენი შკოლა და დღეს უკანასკნელი დღე იყო მათი ჩვენ შკოლაში ყოფნისა, დილას ძალიან ცუდ ხასიათზე ვიყავი. გამახსენდა, დედა იმ დღეს, როდესაც მე და ჩემი ძმა სასწავლელში უნდა გავესტუმრებინეთ, ყოველთვის ცუდს ხასიათზე იყო; ან ჭიქა გაუტყდებოდა, ან საინი; ან ქვაბს წააქცევდა და სულ დაღვრემილი დადიოდა. დედის გულს ენანებოდა ორი ვაჟის მოცილება; მეც მენანება ჩემი მოწაფეების მოშორება. საწყლები! ვინ იცის, რას უმზადებს. იმათ ცხოვრება? „ბატონო სურათები დაგვირიგე,“- მხიარულათ მეუბნება თვალჭრელა სერგო. „ჯერ დაბალ განყოფილების მოწაფეებს გავუშვებთ და მერე დაგირიგებთ“-ვეუბნები მე და ოთახში შევდივარ”. (“განათლება”, 1915, N1, გვ.55)
ითანამშრომლა თემო რევაზის ძე ჭახნაკია, სამტრიდიის მუნიციპალიტეტის გამოჩენილი ადამაინების მკვლევარი