ალექსანდრე (სანდრო) კანდელაკი (დ. 6 ოქტომბერი 1893, ნიჩბისი, ახლანდელი მცხეთის მუნიციპალიტეტი — გ. 1959, მცხეთა)
ფალავანი. გამოირჩეოდა განსაკუთრებული ფიზიკური ძალით.
კანდელაკი ყმაწვილობაში მოჯამაგირედ იყო, შემდეგ მებორნედ მდინარე ქსანზე. მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში. დემობილიზაციის შემდეგ მცხეთაში მუშაობდა რკინიგზაზე, ზამთრობით კი თბილისში ჩამოდიოდა და ცირკში გამართულ ჭიდაობაში მონაწილეობდა. ხალხმა მას „ქართველი გოლიათი“ უწოდა. იგი სიმაღლით დაახლოებით ორი მეტრი იყო და 170 კილოგრამს იწონიდა.
კანდელაკს ბევრი ცნობილი მოჭიდავე ჰყავს დამარცხებული, მათ შორის: თევდორე კოჟემიაკინი, ივანე ზაიკინი, პავლე ზაგორუიკო, გეორგ ლურიხი.
აღსანიშნავია ალექსანდრე კანდელაკისა და ივანე პოდუბნის შერკინება. ისინი ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს ბაქოში 1923 წელს. ერთი შერკინება ფრედ დამთავრდა, ხოლო მეორე შერკინებაში კანდელაკმა გაიმარჯვა. 1921−1930 წლებში კანდელაკი უფრო კლასიკურ ჭიდაობას მისდევდა და, თუმცა კლასიკური ჭიდაობის ილეთები საგანგებოდ არ ჰქონდა შესწავლილი, დიდი ღონის წყალობით მაინც იმარჯვებდა.
გადაღებულია ქართულ ფილმებში: „ხანუმა“ (1926), „ჯანყი გურიაში“ (1928), „უკანასკნელი ჯვაროსნები“ (1933), „ქაჯეთი“ (1936), „მეგობრობა“ (1940), „ქაჯანა“ (1941).
გარდაიცვალა 1959 წელს, დაკრძალეს მცხეთის დედათა მონასტრის ტერიტორიაზე, 1975 წელს, მცხეტაში დაიდგა კანდელაკის ბიუსტი, სადაც გადმოასვენეს მისი ცხედარი.
შვილი ოთარ კანდელაკი დ.1928წ. ფალავანი თავისუფალი ჭიდაობა წარმ. სოფ ნიჩბისი მცხეთა