სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12139

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
ერმალოზ ლუკას ძე კანდელაკი 1857-1914წწ დეკანოზი ერმალოზ ლუკას ძე კანდელაკი 1857-1914წწ დეკანოზი

1857-1914 წწ. გარდ. 57 წლის

ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი კანდელაკი სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

16       ბეჭდვა

ერმალოზ ლუკას ძე კანდელაკი 1857-1914წწ დეკანოზი

დეკანოზი ერმალოზ კანდელაკი 1857-1914



დეკანოზი ერმალოზ ლუკას ძე კანდელაკი ქუთაისის გუბერნიაში, აზნაურის ოჯახში დაიბადა. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. საღგთო წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი ქუთაისის საკათედრო ტაძარში ისწავლა. 1882 წლის 13 სექტემბერს სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელში ყველა ზედა განყოფილების პარალელური კლასის ქართული ენის მასწავლებლად დაინიშნა. მასვე დაევალა მაღალ და საშუალო განყოფილებებზე მოსამზადებელ კლასებში მართლწერის სწავლება. იმავე წლის 24 სექტემბერს კლასის დამრიგებლად დაინიშნა. 1884 წლის 1 სექტემბრიდან შეთავსებით დაევალა III კლასებში გეოგრაფიის სწავლება, ერმალოზი სასწავლებელში აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა. იმჟამად სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელში რამდენიმე პრობლემა არსებობდა. ერთ-ერთი პრობლემა სასწავლებლის
მარტვილიდან სენაკში გადმოტანა გახლდათ. საზოგადოების ნაწილი თვლიდა, რომ სენაკში წყალი და ჰაერი „უვარგისი“ იყო, თანაც არ იყო შესაბამისი შენობა, ჰიგიენური პირობები და ასე შემდეგ, ხოლო მარტვილში საუკეთესო მდგომარეობა გახლდათ,
ერმოლაოზი ბევრს წერდა ამასთან დაკავშირებით და ცდილობდა, თავისი სატკივარი უმაღლეს საეკლესიო ხელისუფლებამდე ზუსტად მიეტანა. ახალი სენაკის სასწავლებლის დიდ ნაკლად პარალელური განყოფილებების არარსებობა იყო, ამიტომ ყოველ წელს უამრავი შეგირდი ირიცხებოდა სასწავლებლიდან. ერმალოზმა რამდენჯერმე საკმაოდ ვრცლად ისაუბრა ამ პრობლემებზე, რის გამოც 1885 წლის
16 იანვარს კეთილსინდისიერი და ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისთვის საქართველოს ეგზარქოსმა პავლემ (ლებედევი) მადლობა გამოუცხადა. 1885 წლის 17 მაისიდან იგი უმაღლეს მოსამზადებელ კლასებში საღვთო სჯულის და IV კლასში გეოგრაფიის პედაგოგად დაინიშნა. 1886 წლის 17 მაისს ერმოლაოზი თავს ანებებს
სასწავლებელს და სასულიერო ასპარეზზე იწყებს მოღვაწეობას. 1886 წლის 30 აგვისტოს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) იგი დიაკვნად აკურთხა, იმავე წლის 7 სექტემბერს მღვდლად დაასხა ხელი და კულაშის მაცხოვრის ჯვარცმის სახ. ტაძრის წინამძღვრად განამწესა. 1888 წლის დეკემბერში გამოჩინებულის ოლქის მთავარხუცესად აირჩიეს. 1889 წლის 12 მაისიდან კი კულაშის ოლქის მთავარხუცესია.


3-1  საპატრიარქოს უწყებანი N3 24-30იანვარი 2019წ გვ.18
დეკანოზი ერმალოზ კანდელაკი 1857-1914 (გაგრძელება)

ბევრი სამუშაო გასწია მამა ერმალოზმა თავის ოლქში. პირველ რიგში, სასწავლებლის დაარსება განიზრახა და ეს საკითხი დასვა კულაშის საზოგადოებაში. 1894 წლის თებერვალში ვინმე კონსტანტინე მკურნალის თაოსნობითა და მღვდელ ერმალოზის ლოცვა-კურთხევით დაარსდა და გაიხსნა ერთკლასიანი სასწავლებელი, დაინიშნა ადგილობრივი დირექტორი. მასწავლებლად ინსტიტუტში სწავლადამთავრებული გ. ხოშტარია მოიწვიეს. ამის შემდეგ მოძღვარმა ზრუნვა სამკითხველოს დაარსებაზე დაიწყო. აი, რას წერდა იგი ქართულ პრესაში: „ერთი რამ თვალსაჩინო დაწესებულება აკლია კულაშის საზოგადოებას,
ეს გახლავთ სამკითხველო. მართალია, ერთმა პატივცემულმა კნეინამ იკისრა სამკითხველოს დაარსება, მაგრამ ვერ დაამთავრა. იმოდენად განვითარებული თავად-აზნაურობაა ჩვენს ტურფა სოფელში, იმედია, მათგან თანაგრძნობა არ მოგვაკლდება, სამკითხველო შეიძლება ადვილად მოთავსდეს რომელიმე სასწავლებლის ოთახში. მისი არსებობისათვის თითო აბაზი რომ გამოიღონ, საკმარისია და ჩინებულადაც გაჩაღდება ეს გონების განმავითარებელი საუნჯე“.
1891 წლის 1 ივლისს ქუთაისის სასულიერო სასწავლებელთან გაიხსნა ძმობა წმ. დავით აღმაშენებლის სახელზე, რომელთაც დაევალათ ღარიბ
სასულიერო პირთა შვილების მფარველობა და შეწევნა. ამისთვის ეპისკოპოსმა გაბრიელმა თავისი ეპარქიის სამღვდელოებას მოუწოდა გაეღოთ შეწირულება ამ ძმობის სასარგებლოდ. მღვდელმა ერმალოზმა სასწრაფოდ შეკრიბა თავისი ოლქის სამღვდელოება, იმსჯელეს და შემდეგი დაადგინეს: „ჩვენ, სამღვდელო და საეკლესიო მოსამსახურეთ კულაშის ოლქისა, მოვისმინეთ შინაარსი ქუთაისის სასწავლებლის სამმართველოს მოწერილობისა ამ სასწავლებელთან დაარსებული
ძმობის შესახებ და ვაცხადებთ, რომ ჩვენ ყველანი ღარიბნი ვართ: თვითოეული ჩვენგანი იხდის ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის შესანახავად ნახევარს იმა ჯამაგირისას, რაც გვეძლევა ხაზინისაგან; სამრევლოსაგან შემოსავალი თანდათან კლებულობს, განსაკუთრებით ამ
უკანასკნელ წლებში; მაგრამ მიუხედავად ამისა, გამსჭვალულნი ქრისტიანულის მზრუნველობით ღარიბ მშობელთა შვილების შესახებ, რომელთაც სწყურიანთ განათლება, მაგრამ არა აქვსთ შეძლება ამისათვის, ვსცანით მათთვის ფრიად სასარგებლოდ აღნიშნული ძმობის დაარსება და
თანაგრძნობით მივეგებეთ ჩვენი მთავარხუცესის მამა ერმოლაოზის წინადადებას, განვაცხადეთ სურვილი ჩავეწეროთ ამ ძმობის წევრებად და ყოველწლობით შევიტანოთ ქვემოთ აღნიშნული ხვედრი ფული 85 მანეთი“. 1894 წელს კულაშის მცხოვრებმა გლეხმა გოგია გულას ძე სტურუამ კულაშის ჯვარცმის ტაძარს შესწირა 370 მანეთად ღირებული ძვირფასად შემკული აღსავლის კარები და 11 თუმნად ღირებული შესამოსელი, რისთვისაც მამა ერმალოზმა ჟურნალ „მწყემსში“
მას დიდი მადლობა გადაუხადა და მოუწოდა სოფლის სხვა უფრო მდიდარ მაცხოვრებლებს მიებაძათ ამ ქველმოქმედი კაცისათვის. 1896 წელს მღვდელმა ერმალოზმა საკმაოდ ვრცელი და საინტერესო ქადაგება წარმოთქვა განსვენებული იმერეთის ეპისკოპოს გაბრიელის დაკრძალვაზე.
1898 წელს მღვდელი ერმალოზი სამტრედიის წმ. იოანე ნათლისმცემლის სახ. ტაძარში გადაიყვანეს. 1901 წლის 1 ივნისს კულაშის საზოგადოებას
ესტუმრა იმერეთის ეპარქიის ახალი ეპისკოპოსი ლეონიდე (ოქროპირიძე), დეკანოზ ნესტორ ყუბანეიშვილთან და საკათედრო ტაძრის კრებულთან.
სამტრედიის სადგურზე მეუფეს დახვდნენ მთავარხუცესი, მლვდელი ერმალოზ კანდელაკი, სამტრედიის ბოქაული ბ-ნი მახარაძე, კულაშის საზოგადოების მამასახლისი და იქიდან წარუძღვნენ კულაშის
ჯვარცმის ტაძარში. იმ დღეს კულაშის ტაძრის დიდი ეზო სავსე იყო ხალხით. იქ შეკრებილნი, თავადი თუ გლეხი, ქალი თუ კაცი, მოხუცი თუ ყმაწვილი ყველა  გრძნობდა გამოცოცხლებასა და ძალას. ეკლესიაში
გალობდა კულაშის სკოლის მოსწავლეები, სკოლის ზედამხედველ ბ-ნ მკურნალის ლოტბარობით, რომელიც მძიმე ავადმყოფობამ ვერ დააკავა და სხვებთან ერთად შეეგება მღვდელმთავარს. ეკლესიაში შესვლისთანავე მის მეუფებას ვრცელი სიტყვით მიმართა მღვდელმა ერმალოზმა. დასასრულს მან ეპისკოპოს ლეონიდეს მრევლის სახელით ძვირფასად შემკული წმ. ნინოს ხატი აჩუქა. 1905 წელს დეკანოზი ერმალოზი ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში საღვთო სჯულის მასწავლებლად და კარის ეკლესიის წინამძღვრად განამწესეს. 1910 წლის მაისში იმერეთის ეპისკოპოსმა გიორგიმ (ალადაშვილი) იგი იმერეთის ეპარქიალური
სასწავლო საბჭოს თავმჯდომარედ დანიშნა. 1910 წელს უცნობმა ავტორმა ქართულ პრესაში გამოაქვეყნა წერილი, სადაც სამრევლო სკოლებში ქართული ენის სწავლების დაკნინებაზე საუბრობდა, იგი წერდა, რომ სანამ რეაქცია ფეხს მოიკიდებდა, სამრევლო სკოლებში ქართული ენის სწავლების საქმე კარგად იყო დაყენებული, შემდეგ კი სასუ


3-2  საპატრიარქოს უწყებანი N3 24-30იანვარი 2019წ გვ.19
დეკანოზი ერმალოზ კანდელაკი 1857-1914 (გაგრძელება)


ლიერო მთავრობის განკარგულებით საქმე დაქვეითდაო. დეკანოზი ერმალოზი გამოეხმაურა ამ ცილისმწამებლურ წერილს და აღნიშნა, რომ ივნისის თვეში იგი თავად იყო ქუთაისის რამდენიმე სკოლაში რევიზიაზე და კარგი შთაბეჭდილებებით დატოვა იქაურობა. იგი წერდა: „ბავშვებს მშვენივრად შეუსწავლიათ დედა-ენიდან ლექსები და იგავ-არაკები. მესამე განყოფილებაში „ბუნების კარი“ და „გუთანიც“ უკითხავთ და რაც გაუვლიათ, შეგნებით იციან. წერა ქართულად ყველგან საუცხოვოდ არის დაყენებული“. 1911 წელს დეკანოზი ერმალოზი არასასურველ
ვითარებაში აღმოჩნდა, რასაც მისი დასჯა და ბაქოში გადაყვანა მოჰყვა. აი, რას წერდა გაზ. „სახალხო გაზეთი“ ამ ფაქტზე: „ქუთაისის გიმნაზიის
მასწავლებელს იურკევსკის მძიმე ბრალდება აღმოუჩნდა. მას სწამებენ, რომ გამოცდების დროს უფროსკლასელებს ქრთამებს ართმევდა და სამაგიეროდ წინდაწინვე აუწყებდა მათ, რა თემა ექნებოდათ რუსულ ენაშიო. ამაზე დიდი ხანია ლაპარაკობენ ქუთაისში, მაგრამ მხილების ინიციატივას არავინ ტვირთულობდა. ასეთი როლი თავს იდვა საღვთო სჯულის მასწავლებელმა, დეკ. ერ. კანდელაკმა, რომელსაც ქალაქში გავრცელებულ ხმებზე ულაპარაკნია რამდენიმე მასწავლებელთა შორის. ერთს ამ უკანასკნელს უცნობებია დირექტორისთვის, ამ უკანასკნელს კი
სამოსწავლო ოლქის მზრუნველისთვის, რის შემდეგაც ოლქის ინსპექტორი სლოვინსკი ქუთაისში გაჩნდა და იურკევსკი-კანდელაკის ინცინდეტის საქმის გამოძიება დაევალა. რით გათავდება ეს საქმე, წინადაწინ ძნელი სათქმელია, რადგან გამოძიება საიდუმლოებით არის მოცული. მომავალი, რასაკვირველია გვაჩვენებს, რამდენად საფუძვლიანია დეკანოზ კანდელაკის ბრალდება, მაგრამ თვით აღძვრა ასეთი საკითხისა იმისი მომასწავებელია, რომ საშუალო სასწავლებელში, საცა 700-ზე მეტი მოსწავლეა, საქმე წესიერად არ არის წარმართული“. სამწუხაროდ, ამ ინციდენტმა შეიწირა დეკანოზი ერმალოზი. მიუხედავად იმისა, რომ მისი დანაშაული თითქმის არ იკვეთებოდა ამ საქმეში, იგი მოხსნეს კლასიკური გიმნაზიიდან და ქ. ბაქოში გადაიყვანეს. არ უშველა მას არც ეპისკოპოს გიორგისა და არც გინაზიის დირექტორის რეკომენდაციამ და თხოვნამ, ძველ ადგილზე დაეტოვებინათ. იმავე, 1911 წელს, მეორე მძიმე დანაკლისი განიცადა მოძღვარმა. 1911 წლის 12 ივლისს კურორტ ბახმაროში გარდა იცვალა მისი სულიერი შვილი,  ცნობილი ქართველი ფოლკლორისტი, ლოტბარი, ქართული  საოპერო ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებელი და ქართული მრავალხმიანი გალობის ნოტებზე გადამტანი, აწ წმინდათა
დასში შერაცხული ფილიმონ ქორიძე. მის ხსოვნას მან საკმაოდ ვრცელი წერილი მიუძღვნა გაზეთ „კოლხიდაში“.

3-3  საპატრიარქოს უწყებანი N3 24-30იანვარი 2019წ გვ.20
დეკანოზი ერმალოზ კანდელაკი 1857-1914 (დასასრული)

ბაქოში გადასახლებული მოძღვარი შეძლებისდაგვარად აგრძელებდა მსახურებას. 1913 წელს ქართული პრესაში კიდევ ერთხელ გვხდება იგი,
როდესაც ბაქოში ქართველებმა წმ. ნინოს დღესასწაული გადაიხადეს: „ნინოობა დღეს ბაქოელებმაც იდღესასწაულეს. ამ დღეს პირველად
ეღირსნენ აქაური ქართველები წირვა-ლოცვას დედაენაზე. წირვა სამმა ქართველმა მღვდელმა გადაიხადა აქაურ ფლოტის ეკლესიაში. გალობდა ამ დღისათვის შემდგარი ქართული გუნდი. მთელი წირვა და საგალობლები ქართულად შეასრულეს. მღვდელმა ერმალოზ კანდელაკმა
მშვენიერი სიტყვა წარმოსთქვა. წირვას დაესწრნენ ქართული სკოლის მოსწავლენი და დიდძალი ქართველობა“. ეკლესიაში ერთგული და დამსახურებული სამსახურისთვის დეკანოზი ერმალოზი დაჯილდოებული იყო: 1889 წელს საგვერდულით; 1892 წლის მარტში სკუფიით; 1895 წლის 6 მაისს კამილავკით; 1899 წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვრით; 1901 წლის
3 თებერვალს წმ. ანასIII ხარისხის ორდენით; 1903 წლის 15 მაისს დეკანოზის წოდებით. დეკანოზი ერმალოზი 1914 წლის 5 ოქტომბერს
გარდაიცვალა. დარჩა მეუღლე ივდით ალექსის ასული (დაბ. 1865წ.) და შვილი ვასილი (დაბ. 1889წ.).

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 23.01.2026
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0