შინა ომების დროს ციხე–სიმაგრედ ქცეულ ჯრუჭის მონასტერში ღვთისმსახურება დაახლოებით 1753–1763 წლებში განახლდა. ეპიგრაფიკული მასალა ზუსტად გვაწვდის ცნობას იმის შესახებ, რომ ,,მრავალი წლის დარღვეულსა ამას მონასტერსა… კრებულობა განაწესა» და წინამძღვრობა იტვირთა სვიმონ აბაშიძემ[1]. მის სახელს, როგორც ჯრუჭის მონასტრის წინამძღვრისა, ჩვენ ვხვდებით 1766, 1770 და 1772 წლების საბუთებში [6; 9; 8]. ეპიტაფიიდან ირკვევა, რომ ჯუმათელი მიტროპოლიტის ხარისხში ამაღლებული (ჯუმათში, ცხადია, ცნობილი ისტორიული მოვლენების გამო, ვერ მოღვაწეობდა) გარდაცვლილა 1778 წლის 22 აპრილს და დაუკრძალავთ ჯრუჭის მონასტრის წმინდა გიორგის ეკლესიაში. მაშასადამე, 1753(?)-1778 წლებში ჯრუჭის მონასტრის წინამძღვარი იყო სვიმონ აბაშიძე.
ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში დაცული პეტრე ერისთავის შეწირულობის წიგნის მიხედვით ჩანს, რომ მომდევნო წინამძღვარი სვიმონ ქავთარაძეა [9]. მისი წინამძღვრად გამწესების ამსახველ საბუთს ჩვენ ვერ მივაკვლიეთ და ზუსტი თარიღიც არ ვიცით, მაგრამ ვფიქრობთ, ეს მოხდა იმავე 1778 წელს, როცა გარდაიცვალა წინა წინამძღვარი. მაღალ ღირსი მამა სვიმონის სახელს ვხვდებით 1784 წ-ისა [7] და 1791 წ-ის [9] დოკუმენტებში . დავით მიტროპოლიტი 1823 წელს შედგენილ საბუთში უთითებს: ,,როცა გარდაიცვალა სიმონ წინამძღვარი ჯრუჭის მონასტრის არქიმანდრიტი ქავთარაძე, მამაჩემის ნებით მომაბარა ჯრუჭის მონასტერი და მას შინა მდებარე ნივთი დოსითეოს ქუთათელმა“ [25, ფ.26]. ეს მოხდა 1804 წელს [1, ფ.80]. მაშასადამე, სვიმონ არქიმანდრიტი ჯრუჭის წინამძღვარი იყო 1778(?)–1804 წლებში.
სვიმონ ქავთარაძის შემდეგ ჯრუჭის მონასტრის წინამძღვარი ზურაბ სახლთუხუცესის შვილი – დავით წერეთელია, რომელიც დაიბადა 1778 წელს და ცამეტი წლის ასაკიდან გელათის მონასტერში მიტროპოლიტ ეფთვიმესთან იზრდებოდა. 1796 წლის 14 დეკემბერს აღიკვეცა ბერად, 1798 წლის 23 აპრილს აკურთხეს დიაკვნად, ამავე წლის 8 ოქტომბერს – არქიდიაკვნად, 1803 წლის 29 მარტს – მღვდელ–მონაზვნად. 1804 წლის 14 დეკემბერს დოსითეოს ქუთათელის ხელდასხმით გახდა ჯრუჭის არქიმანდრიტი. 1805 წლის 24 აპრილს არქიეპისკოპოსებმა სოფრონმა და ანტონმა, მიტროპოლიტებმა ეფთვიმემ და დოსითეოსმა აკურთხეს არქიეპისკოპოსად. იმავე წელს, სოლომონ მეორის ინიციატივით, მოხდა მისი ხელდასხმა ხინოწმინდელ მიტროპოლიტად. ხინოწმინდის მონასტერი თურქებმა 1740 წელს დაარბიეს და მოსახლეობის დიდი ნაწილი გაამაჰმადიანეს. სოლომონ მეორემ თავისი გადაწყვეტილებით, ერთი მხრივ, ასიამოვნა სახლთუხუცეს ზურაბ წერეთელს, მეორე მხრივ, კი გააცხადა, რომ ქობულეთი და ბათუმი კვლავ მართლმადიდებელ მეფეს უნდა დაქვემდებარებოდა [73, გვ.496–497]. ამ დიდი მისიის განხორციელება, სამწუხაროდ, შეუძლებელი აღმოჩნდა. შეუძლებელი აღმოჩნდა არა მარტო ოსმალეთის მიერ დაპყრობილი ტერიტორიის დაბრუნება, არამედ იმ ერთობის შენარჩუნებაც, რომელიც სუფევდა მეფესა და წერეთელთა სათავადოს შორის. 1810-1820 წლებში, იმერეთის სამეფოსათვის უმძიმეს პერიოდში, ზურაბ წერეთელი, თავის ვაჟებთან – გრიგოლთან და დავითთან ერთად, სოლომონ მეორეს გადაუდგა. მეუფე დავითმა პირველმა დადო ფიცი რუსეთის იმპერატორის ერთგულებაზე და ხალხსაც მოუწოდებდა [73, გვ. 503]. იმერეთის აჯანყების დროს, როცა მისი სულიერი მოძღვარი – ეფთვიმე გელათელი დააპატიმრეს და სამუდამოდ გადაასახლეს რუსეთში, ხოლო ახლო ნათესავი და ხელდამსხმელი – დოსითეოს ქუთათელი არაადამიანური სისასტიკით მოკლეს [63, გვ.245], დავით მიტროპოლიტი იმათ რიცხვში იყო, ვინც მხარს უჭერდა რუსეთის არმიას. საქართველოს სამოქალაქო მმართველობის უფროსი და საქართველოს მთავარმართებლის მოვალეობის დროებით შემსრულებელი გენერალი ი. ველიამინოვი იმერეთის მმართებელს, პოლკოვნიკ ი. პუზირევსკის წერდა, რომ ხშირად მიეღო რჩევა დავით მიტროპოლიტისაგან, რადგანაც ამ უკანასკნელის ერთგულება რუსეთის მიმართ ეჭვს არ იწვევდა და შეეძლო სხვებზეც მოეხდინა ზეგავლენა[67, გვ. 508]. რუსული მმართველობის პერიოდში იმერეთში საშინელი შიმშილობა ჩამოვარდა. ამ დროს დავით მიტროპლიტი დამპურებლად მოევლინა საწერეთლოს მოსახლეობას. მან ჯრუჭში სამეურნეო ცხოვრება ააყვავა და იქაურობა პატარა ქალაქს დაამსგავსა [69, გვ.144]; უმნიშვნელოვანესი წიგნებითა და სარიტუალო ნივთ–სამკაულით გაამდიდრა მონასტრის საგანძური [23][2]; სამწუხაროდ, ყოველივე ეს, როგორც შემდგომმა მოვლენებმა ცხადყო, დროებითი აღმოჩნდა. საბოლოოდ, ჯრუჭის მონასტრის კეთილდღეობა ერთმორწმუნე რუსეთის დამპყრობლურმა პოლიტიკამ შეიწირა. მანამდე კი, კერძოდ, 1817 წელს დავით მიტროპოლიტი, იმპერატორის ბრძანებით, დაჯილდოვდა ბრილიანტებით შემკობილი პანაღიით[1, ფ.80–82; 20, ფ.1]. 1827 წლიდან მეუფის სიძე (დის ქმარი) – ლევან დადიანი სინოდს დაჟინებით თხოვდა, რომ დავით მიტროპოლიტი გადაეყვანათ სამეგრელოს ეპარქიის მმართველად [1, ფ.105–107]. 1829–34 წლებში დავით მიტრპოლიტი, უკვე ჭყონდიდელი, სამეგრელოს ეპარქიის მწყემსმთავარი იყო [73, გვ.508]. 1831 წელს მეუფის ძმები და ბიძაშვილები კავკასიის განყოფილების კორპუსის მთავარმართებელს – ი. პასკევიჩს მიმართავდნენ შუამდგომლობით, რათა ჯრუჭის მონასტერი დარჩენილიყო ,,განმგებლობასა შინა სამენგრელოს მიტროპოლიტისა“ [4, ფ.2]. 1835 წლიდან დავით მიტროპოლიტი კვლავ იმერეთშია და 1843 წლამდე ჯრუჭის მონასტრის წინამძღვარია [73, გვ.508]. 1837 წელს მთავრობამ იგი დააჯილდოვა წმინდა ანას პირველი ხარისხის ორდენით და დაუნიშნა პენსია 1000 მანეთი [68, გვ155; 22, ფ1]. 1843–1853 წლებში (გარდაცვალებამდე) დავით მიტროპოლიტი იმერეთის ეპარქიის მმართველი იყო და ამ ათი წლის განმავლობაში ჯრუჭის მონასტრის წინამძღვრად არავინ გაუმწესებია. მეუფე დავითს იმერეთის ვიცეგუბერნატორის – პ. გნილოსაროვისათვის კერძო საუბარში უთქვამს, რომ წლების განმავლობაში ვეძებდი შესაფერის კანდიდატურას და ვერ შევარჩიეო [73, გვ.551]. 1850 წლის 21 აპრილს, რუსეთის იმპერატორის ბრძანებით, დავით მიტროპოლიტს გადაეცა წმ. ვლადიმერის მეორე ხარისხის ორდენი და დიდი ჯვარი[68, გვ 155;24, ფ3]. დავით მიტროპოლიტი გარდაიცვალა 1853 წელს და, თავმდაბლობით აღსავსე ანდერძის თანახმად, დაკრძალეს ჯრუჭის მონასტრის არა ტაძარში, არამედ ეზოში [73, გვ.512]. მეუფე დავითის დამსახურება იმერეთის ეპარქიისა და კონკრეტულად ჯრუჭის მონასტრისდმი შეუფასებელია. ის ზრუნავდა, როგორც სასულიერო, ასევე საერო პრობლემების გადასაჭრელად (მან მონაწილეობა მიიღო დასავლეთ საქართველოს აღმოსავლეთთან შემაერთებელი გზის მარშრუტის შემუშავებაში, რომლის მშენებლობა 1852 წელს დასრულდა და რომელსაც ოფიციალურდ ,,ულევი გზა“ ერქვა, მაგრამ ხალხი ,,მიტროპოლიტის გზას“ ეძახდა). მან შეუპოვრად იღვაწა ტაძრების კეთილმოწყობის, საეკლესიო ქონების შენარჩუნებისა და სხვა მრავალი პატრიოტული საკითხების გადასაწყვეტად (ის წინ აღუდგა სინოდის მიერ შერჩეული არქიტექტორის – რიჰარდის პროექტს გელათის მონასტრის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიისა და მთავარი ტაძრის დასავლეთ მინაშენის დანგრევის თაობაზე. როგორც გ. მჭედლიძე წერს, მეუფემ დაასაბუთა, რომ რიჰარდის წინადადების აღსრულებას იმერეთის ქრისტიანული მოსახლეობა შეაფასებდა რუსეთის მთავრობის მიერ ქართული ეკლესიის ხელყოფად [68, გვ.153–154]). გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე დავით მიტროპოლიტს გუბერნატორთან შეხვედრა მოუწადინებია და ისიც სწვევია მომაკვდავს. მისთვის მეუფეს უთქვამს: ,,მსურდა თქვენი ნახვა და მადლობა ღმერთს, კიდევ გნახეთ სიკვდილამდე. მე ეს არის გშორდებით…ხალხს ნუ დაჩაგრავთ და ნუ შეაწუხებთ. იცოდეთ ყველამ, რომ დაჩაგრულთა და შეწუხებულთა მფარველი ღმერთია და იგი არ შეაწევს დამნაშავეთ ცუდ საქმეთ. კაცი რომ თავშესაფარად მოგაშურებს, ვალდებული ხარ, გაუწიო მას ძმობა და არა მტრობა. ახლა მშვიდობით. გთხოვთ, ეს ჩემი სიტყვები თქვენს მოადგილესაც გადასცეთ“ [72, გვ5; 69, გვ.160]. მიტროპოლიტმა ანდერძით მთელი თავისი ქონება ჯრუჭის მონასტერს დაუტოვა: ,,მე ჯრუჭის მონასტერში მოვედი შიშველ–ტიტველი და ყველაფერი, რაც ახლა მაქვს, ჩემი მშობლების შემოწირულობანი, ჩემი ბიძის მიტროპოლიტ დოსითეოსის ნაწყალობები, თუ მორწმუნე ხალხის მოძღვნილი და ჩემს მიერ საკუთარი შრომით შეძენილი, ჩემი მამულიც, ყველაფერ ამას ვუტოვებ ჯრუჭის მონასტერს“[70, გვ.156; 25, ფ.88]. მართალია, იმერეთის სამეფოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის დროს დავით მოტროპლიტი დამპყრობელს უჭერდა მხარს, მაგრამ ანდერძში რუსების მიერ წამებით მოკლული დოსითეოს ქუთათელის ამაგის ხსენება და სიკვდილის წინ გუბერნატორისადმი ნათქვამი სიტყვები მეტყველებს იმაზე, რომ დავით მიტროპლიტის პიროვნებაში პატრიოტი აღემატებოდა მოღალატეს, რაც მკაფიოდ დადასტურდა მისი მოღვაწეობით უფლისა და სამშობლოს წინაშე.
1829-1835 წლებში ჯრუჭის მონასტრის წინამძღვარი სვიმონ(ბაქრაძე) არქიმანდრიტია, რომელიც ადრე ვანის უდაბნოს განაგებდა [21,ფ.1].
1845 წლის 8 აგვისტოთი დათარიღებული საბუთის მიხედვით, ჯრუჭის მონასტრის წინამძღვრის მოვალეობას ასრულებს იერომონაზონი იუსტინე [23, ფ.3], რომელიც გვარად ქამუშაძე ყოფილა[21, ფ.3].
მომდევნო წლებში იგივე ფუნქცია (მოვალეობის შემსრულებელი) მღვდელმონაზონ ნეოფიტეს აკისრია. ის ჯრუჭში 35 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ, 1853 წლის 29 მარტს (დავით მიტროპლიტის გარდაცვალების შემდეგ) გახდა ამ მონასტრის წინამძღვარი [35, ფ.2]. 1867 წელს შედგენილი ნამსახურებითი სიის მიხედვით, წარმოშობით სამეგრელოდანაა. ჯრუჭში უსწავლია წერა-კითხვა, საეკლესიო გალობა, საღმრთო წერილი. 1811 წლის 15 თებერვალს აქვე გაუმწესებია მორჩილად დავით მიტროპოლიტს. 1812 წლის 22 აპრილს ამავე მიტროპოლიტის მიერ ხელდასხმულია იეროდიაკვნად, ხოლო 1818 წლის 6 აგვისტოს-მღვდელმონაზვნად [35, ფ.2]. მღვდელმონაზონი ნეოფიტე 1854 და 1856 წლების საბუთების მიხედვით კვლავ ჯრუჭის მონასტრის წინამძღვრია [26, ფ.1; 27, ფ.2; 29, ფ.2].
ქუთაისის ცენტრალური არქივის ერთ-ერთ საბუთში აღწერილია, თუ როგორ დადო ფიცი 1856წლის 9 ივნისს ჭელიშის მონასტრის წინამძღვარმა ნიკოლოზმა ჯრუჭის მონასტერში გამწესებისას [25, ფ.23]. ამავე საქმეში ჩაკრულია მისი ნამსახურებითი სია, სადაც აღნიშნულია, რომ დაიბადა იმერელი თავადის ოჯახში. წერა-კითხვა, საეკლესიო გალობა, საღმრთო წერილი შეისწავლა ჯრუჭის მონასტერში. აქვე აღიკვეცა მონაზვნად 1817 წელს. 1822 წლის 8 ივლისს გადაიყვანეს გელათის მონასტერში, 1825 წლის მაისში კი – ქუთაისის საკათედრო ტაძარში. 1832 წელს ხელდასხმულია მღვდელმონაზვნად გელათის მონასტერში. სხვადასხვა დროს (როცა წინამძღვარი ავად იყო ხოლმე) იგი მართავდა მონასტრის კუთვნილ მამულებს. 1847 წლის 21 აგვისტოს გაამწესეს ხონის ყოფილი ეპარქიის საეკლესიო მამულებისა და გლეხების მმართველად. 1849 26 ნოემბერს გადაიყვანეს კაცხის მონასტრის წინამძღვარად და რაჭის მაზრის საეკლესიო გლეხების მმართველად. 1853 წლის 23 მაისს აკურთხეს სან-იღუმენად, 1854 წლის 8 სექტემბერს კი არქიმანდრიტად. 1856 წლის 9 ივნისიდან, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, იგი ჯრუჭის მონასტრის წინამძღვარია. მაღალ ღირსი მამა ნიკოლოზი გვარად ნიჟარაძე იყო [65, გვ70–71].
1859 წელს ჯრუჭის მონასტრის წინამძღვრის მოვალეობას ასრულებს მღვდელმონაზონი იოსაფატი. ჯრუჭის მონასტრის ბერებმა 1859 წლის 24 ივნისს იმერეთის ეპისკოპსს შემდეგი თხოვნით მიმართეს: ,,იღუმენი იოსაფატი არა თუ დროებითად, არამედ საუკუნოდ დაგვიმტკიცეთ და მომადლეთ ამა დიდებულს მონასტერსა და ჩვენცა, უკეთუ კვლავ არ დაგვიბრუნდება არხიმანდრიტი ნიკოლაოზ“ [28, ფ.28].
1860 წლის 14 აპრილიდან ჯრუჭის მონასტრის წინამძღვარია არქიმანდრიტი ბესარიონი [32, ფ.3]. იგი წინამძღვრად ჩანს 1861, 1862, 1963და 1865 წლების საბუთების მიხედვით [31, ფ.8; 30, ფ.7; 33, ფ.7; 34, ფ.2]. მისი ნამსახურებითი სიიდან ირკვევა, რომ ბესარიონ კაციას ძე დადიანი დაიბადა 1820 წელს. სასულიერო აღზრდა-განათლება მიიღო მარტვილის მონასტერში. მორჩილება გაატარა ჯრუჭის მონასტერში. ბერად აღკვეცა 1849 წელს. 1853 წელს დააჯილდოვეს წმინდა ანას მე-2 ხარისხის ორდენით. 1859 წლიდან არქიმანდრიტია, 1860-65 წლებში – ჯრუჭის მონასტრის წინამძღვარი, საიდანაც გადაიყვანეს გელათის მონასტერში [42, ფ.10–11]. 1869 წელს დაჯილდოვდა წმინდა ანას მე-3 ხარისხის ორდენით. 1871 წელს აირჩიეს უწმინდესი სინოდის საქართველო-იმერეთის კანტორის წევრად. 1874 წელს სამეგრელოს სავიკაროს მღვდელმთავრად გამოარჩიეს. 1875 წელს აკურთხეს ეპისკოპოსად და სამეგრელოს სავიკაროს ქორეპისკოპოსად დანიშნეს. 1886–1898 წლებში მართავდა ალავერდის სავიკაროს, ამასათანავე იყო შუამთისა და ალავერდის მამათა მონასტრების წინამძღვარი. 1887 წელს უბოძეს წმინდა ანას პირველი ხარისხის ორდენი. 1896–1898 წლებში ალავერდისა და იმერეთის ეპარქიების მმართველი იყო, 1898-1900 წლებში კი – მხოლოდ იმერეთის ეპარქიის. გარდაიცვალა 1900 წლის 9 აგვისტოს [64, გვ71–72; 63, გვ.39–40].
1866 წლის 30 იანვრიდან ჯრუჭის მონასტერს განაგებს არქიმანდრიტი სერაპიონი, გვარად ახვლედიანი [36, ფ.7; 65, გვ.72]. მისი ნამსახურებითი სიიდან ირკვევა, რომ დაიბადა 1804 წელს. წერა-კითხვა, საეკლესიო გალობა და საღმრთო წერილი შეისწავლა ჯრუჭის მონასტერში. 1845 წლის 15 იანვარს დავით მიტროპოლიტმა აქვე გაამწესა მორჩილად. 1846 წლის 15 იანვარს ააღიკვეცა ბერად. 1847 წლის 26 იანვარს ხელდასხმულია იეროდიაკვნად. 1849 წლის 28 დეკემბერს – მღვდელმონაზვნად. 1857 წლის 28 სექტემბრიდან გელათის მონასტერშია. 1862 წლის 8 ოქტომბერს გაამწესეს მოწამეთის მონასტრის წინამძღვრად. იღუმენის ხარისხზე ამაღლდა 1864 წლის 15 მარტს. იმერეთის ეპისკოპოსის გაბრიელის მითითებით ააშენა მოწამეთის მონასტრის გუმბათიანი ეკლესია (წინანდელი ძალიან პატარა ყოფილა), გააკეთა ახალი კანკელი და ტაძარი შეამკო ყველა საჭირო სამკაულით. 1866 წლის 30 იანვრიდან არქიმანდრიტი სერაპიონი ჯრუჭის მონასტრის წინამძღვარია. გაბრიელ ეპისკოპოსის განკარგულებით, ის 1870 წ. და 1874 წ-ს დაჯილდოვდა წმინდა ანას მესამე და მეორე ხარისხის ჯვრებით. მის შესახებ ნამსახურებით სიაში ვკითხულობთ: ,,არა მცირედი შრომა მიუღია ჯრუჭის მონასტერში, როგორც სამონასტრო მამულის მოვლით, აგრეთვე სამონასტრო შენობების შეკეთებითა და დახურვით, ეგრეთვე, ქალაქ ქუთაისში სამი ქვის დუქნის ახლად აღშენებითა და შესაფერად გარეთ და შიგნით განწყობითა და გაკეთებითა, სადაც ყოველ წლობით რვა ასი მანეთი შემოუდის მონასტერში, ამოუგია საჩივრით მონასტრის ადგილ-მამული, მითვისებულ სხვა პირისაგან სოფელ ქორეთსა, ღირებული ხუთი ათას მანეთისა, რომელიც დღეს ჯრუჭის მონასტერს ეკუთვნის და სარგებლობს მისი შემოსავლით». მაღალ ღირსი მამა სერაპიონი 1874 წელს ჯრუჭიდან გელათის მონასტერში გადაიყვანეს წინამძღვრად [48, ფ.3].
1874 წლიდან ჯრუჭის მონასტერს განაგებს არქიმანდრიტი კირილე, რომელიც გვარად გაბუნია იყო [38, ფ.5; 41, ფ. 21]. იგი ამ მონასტრის წინამძღვარია 1875 წლისა და 1882 წლის საბუთების მიხედვით [39, ფ.1; 43, ფ. 2].
1882 წლის ივნისიდან წინამძღვარი ხდება იღუმენი სიმონი [43, ფ. 2]. ის დაიბადა 1825 წელს სამეგრელოში, თავადის ოჯახში; წერა-კითხვა, საეკლესიო გალობა და ტიბიკონი ქართულ ენაზე შეუსწავლია საირმის მონასტერში, ძველი და ახალი აღთქმის ისტორია კი – მარტვილის საკათედრო ტაძარში. 1848 წელს 9 მარტს მორჩილადაა გამწესებული საირმის მონასტერში. ბერად აღიკვეცა 1851 წლის 20 ივლისს. იეროდიაკვანია 1856 წლიდან. მღვდელმონაზვნად ხელდასხმულია 1859 წელს. საირმის მონასტრის ეკონომოსად დაინიშნა 1863 წელს. 1870 წელს ცაიშის მონასტრის იღუმენია. 1882 წელს გადადის ჯრუჭის მონასტერში და 1883 წლიდან არქიმანდრიტია [44, ფ.5]. 1891 წლის საბუთების მიხედვით, მაღალ ღირსი მამა სვიმონი კვლავ ჯრუჭის მონასტრის წინამძღვარია [37, ფ.1; 42, ფ.1]. 1888 წლით დათარიღებული ლაპიდარული წარწერით ირკვევა, რომ ის გვარად აფაქიძე იყო და თავისი წვლილი შეიტანა ჯრუჭის მონასტრის წმინდა გიორგის ეკლესიის განახლება-დამშვენებაში [71, გვ.3].
ჯრუჭის მონასტრის ძმათა კრებულის ნასმახურებითი სიის თანახმად, შემდეგი წინამძღვარი არქიმანდრიტი ბენიამენია [46, ფ.1]. ის დაიბადა 1825 წელს აზნაურის ოჯახში. მონაზვნად აღიკვეცა 1854 წლის 9 ოქტომბერს მარტვილის ტაძარში. იეროდაკვნად ხელდასხმულია 1855 წლის 10 დეკემბერს, იერომონაზვნად -1856 წელს. 1857 წლიდან თეკლათის მონასტრის წინამძღვარია. 1866 წელს ხელდასხმულია იღუმენად. 1869 წლის 14 აგვისტოს მოღვაწეობა დაიწყო ხობის მონასტერში. 1877 წლის 10 აგვისტოს აკურთხეს არქიმანდრიტად. 1893წლის 29 დეკემბერს თავისი თხოვნის საფუძველზე გაამწესეს ჯრუჭის მონასტრის წინამძღვრად. არქიმანდრიტი ბენიამენი ამ თანამდებობაზე გვხვდება 1895 წლების საბუთებში [13; 14].
ბენიამენის შემდეგ ჯრუჭის მონასტერს განაგებს წინამძღვარი ნიკიფორე, რომელიც გვარად კანდელაკი იყო [47, ფ.1]. ნამსახურებითი სიის მიხედვით, ის დაიბადა 1831 წელს. ქართულ ენაზე საღმრთო წერილი, გალობა და ტიბიკონი შეისწავლა გელათის მონასტერში. 1852 წლის 1 ივნისიდან გურიის საკათედრო ტაძრის მედავითნეა, 1853 წლის 1 ოქტომბრიდან კი – ქუთაისის საკათედრო ტაძრისა. 1854 წლის 5 მარტს გახდა იპოდიაკონი. 1860 წ-ის 8 მარტს გელათის მონასტერში აღიკვეცა მონაზვნად. 1860 წლის 9 მარტს ხელდასხმულია იეროდიაკვნად, 1860 წლის 24 მარტს – მღვდელმონაზვნად. 1864 წლის 10 იანვრიდან ქუთაისის საკათედრო ტაძრის რუსულ და ქართულ ენებზე მგალობელთა ხაზინადარია. 1866 წლის 7 თებერვალს გაამწესეს გელათის წმინდა გიორგის ეკლესიის წინამძღვრად და ეკონომოსად. 1871 წლის 1 ნოემბრიდან გელათის მონასტრის წინამძღვრის მოვალეობის შემსრულებელია, 1872 წლის 14 ივნისიდან – კაცხის მონასტრის წინამძღვარი. 1872 წლის 17 ნოემბერს იღუმენის ხარისხზე ამაღლდა. 1888 წლის 15 მაისს აკურთხეს არქიმანდრიტად. 1892 წლის 7 მარტიდან ჭელიშის მონასტრის წინამძღვარია. 1897 წლის 29 მარტს ის გაამწესეს ჯრუჭის მონასტრის წინამძღვრად, სადაც იმავე წელს ,,მოიყვანა წყაროს წყალი ერთის ვერსის და ოთხასის საჟენიდამ. სოფელ კალაუთაში გარდააკეთა მონასტრის ოთხთვალიანი წისქვილი, გარდა ქვიტკირის კედლების, ყოვლის ახალის მასალით. აღაშენა წისქვილთან ქვიტკირის სახლი საბინაოდ მოგროვილთა პირთათვის». ყოველივე ამისათვის ის 1898 წლის 18 ივნისს დაჯილდოვდა წმინდა ანას მეორე ხარისხის ორდენით [15]. არქიმანდრიტი ნიკიფორე ჯრუჭის მონასტრის წინამძღვარია 1898, 1901, 1902, 1903, 1905 [40, ფ.1; 16; 47, ფ.3; 17; 49, ფ.1] წლებში. 1905 წლის 9 ივნისს მან თხოვნით მიმართა ეგზარქოს ალექსის, რათა გადაეყვანათ მოწამეთის მონასტერში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისა (მოწამეთის ქუთაისთან სიახლოვე აადვილებდა სამედიცინო მომსახურების გაწევას) და წერეთლებთან ურთიერთობაში არსებული პრობლემების გამო (განსხვავებით ჯრუჭის მონასტრისა, მოწამეთის მონასტერს აფინანსებდა ხაზინა და ეკონომიკურად არ იყო დამოკიდებული რომელიმე სათავადოზე) [3, ფ.1–2]. მ. კეზევაძის კვლევებით, არქიმანდრიტი ნიკოლოზი 1906 წლის ნოემბრიდან 1911 წლის 13 დეკემბრამდე (გარდაცვალებამდე) გელათის მონასტრის წინამძღვარი იყო [65, გვ.73].
მომდევნო წინამძღვარი არქიმანდრიტი გრიგოლია. ნამსახურებითი სიები მის შესახებ შემდეგ ცნობებს გვაწვდის: დაიბადა 1840 წელს გურიაში, მღვდლის-ბესარიონ ჩხაიძის ოჯახში. დამთავრებული აქვს გურიის სასულიერო სასწავლებლის სრული კურსი. მონაზვნად აღიკვეცა საირმის მონასტერში 1867 წლის 10 იანვარს. იეროდიაკვანია 1871 წლის 23 მარტიდან. მღვდელმონაზვნად აკურთხეს 1872 წლის 4 ნოემბერს. 1872 წლის 15 დეკემბერს გადაიყვანეს გელათის მონასტერში. 1881წლის 17 დეკემბრიდან იმერეთის საარქიერო სახლის ეკონომოსია. 1898 წლის 24 მაისს ხელდასხმულია იღუმენად. 1898 წლის 9 ივლისს უკვე კაცხის მონატრის წინამძღვარია. 1906 წლის 26 მაისს ხდება არქიმანდრიტი და იმავე წლის 14 ნეომბრიდან ჯრუჭის მონასტრის წინამძღვარია[19; 51, ფ.9; 48, ფ.31]. არქიმანდრიტი გრიგოლი ჯრუჭის მონასტერს განაგებს 1907, 1909, , 1910, 1911 წლების საბუთების მიხედვით [50, ფ.1; 52, ფ.1; 18; 19; 53, ფ.2].
1912 და 1917 წლებში ჯრუჭის მონასტერს განაგებდა არქიმანდრიტი გაბრიელი. ნამსახურებითი სიის მიხედვით, მამა გაბრიელმა (ერობაში თავადი გიორგი სამსონის ძე აბაშიძე) დაამთავრა ყაზანის სასულიერო აკადემიის მისიონერთა კურსები. მონაზნური ცხოვრების პირველი ნაბიჯები გადადგა ძველი ათონის მთაზე. 1899 წლის 15 დეკემბერს ბერად აღიკვეცა დავით გარეჯის მონასტერში. იეროდიაკვნად ხელდასხმულია 1899 წლის 17 დეკემბერს. 1901 წლის 2 აგვისტოს დანიშნეს მონასტრის ხაზინადარად. 1901 წლის 12 აგვისტოს აკურთხეს იერომონაზვნად. 1902 წლის 23 იანვარს დაინიშნა დავით გარეჯის მონასტრის გამგებლად. 1903 წლის 17 იანვარს გადაიყვანეს თბილისის მაცხოვრის ფერისცვალების მონასტერში. 1904 წლის 11 ივლისს დააჯილდოვეს საგვერდულით. 1909 წლის 13 ივლისს ჩაირიცხა ქვაბთახევის ღვთისმშობლის მონასტრის ძმათა კრებულის წევრად. 1909 წლის 20 სექტემბრიდან მოღვაწეობს თბილისის სასულიერო სემინარიის ეკლესიაში. კავკასიაში მართლმადიდებელი ქრისტიანობის აღდგენისათვის მზრუნველი საზოგადოების საბჭოს გადაწყვეტილებით, 1909წლის 1 დეკემბერს დაინიშნა ბათუმის ოლქის მისიონერად და ხულოს მართლმადიდებელი მრევლის წინამძღვრად. 1910 წლის 22 თებერვალს, როგორც ბათუმის ოლქის დეპუტატი, მონაწილეობას ღებულობდა გურია-სამეგრელოს ეპარქიის ყრილობაზე. 1912 წლის 13 თებერვალს გადაიყვანეს თბილისის მაცხოვრის ფერიცვალების მონასტერში. 1912 წლის 5 ივლისს სინოდის გადაწყვეტილებით გამწესდა ჯრუჭის წმინდა გიორგის მონასტრის წინამძღვრად. იმავე წლის 15 ივლისს ხელდასხმულია არქიმნდრიტად [55, ფ.17–18; 60, ფ.6]. 1913 წელს ძმათა კრებულის წევრებმა და გლეხების ერთმა ნაწილმა გაბრიელს უჩივლეს. ისინი წერდნენ, რომ წინამძღვარი ბერებს ავიწროებდა, მონსტერი და მისი მეურნეობა გააპარტახა, წაბლისა და მუხის გულისაგან დამზადებული ვენახის ღობე 800 მეტრზე მოარღვია და დაწვა. კრებულის ავადმყოფ წევრებს უყურადღებოდ ტოვებდა. ვითომცდა სამკურნალოდ მოჰყავდა ცუდი ყოფაქცევის ქალები. მისი ძაღლი დათარეშობდა წმინდა მამებისა და თავადების საფლავებზე. ერთ დღეს კი ტაძარიც გამოკეტა [56, ფ.7–18]. საქმის გასარკვევად მოსულ პირებს გლეხებმა სრულიად საპირისპირო მოახსენეს და მონასტრის სკოლის პედაგოგთან ერთად მამა გაბრიელი დაახასიათეს, როგორც საუკეთესო წინამძღვარი [56, ფ.18]. ოთხი წლის შემდეგ საჩივარი ისევ დაიწერა [60, ფ.8]. ამჯერად ბერებისა და გლეხების აზრი არ გაყოფილა. სრულიად საქართველოს საეკლესიო მმართველობის ქუთაისის განყოფილების მიერ საქმის შესასწავლად ჯრუჭში გაიგზავნა ჭელიშის მონასტრის წინამძღვარი პავლე და ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის მასწავლებელი იაკობ თომას ძე ცინცაძე. მათ დაასკვნეს: ,,ამ დიდებულ მონასტერს სჭირია მეტი ყურადღება და მეტი სიყვარული, ვიდრე ეს ჩანს დღევანდელ მის მზრუნველთაგან» [60, ფ. 3].
XX საუკუნის ათიან წლებში საქართველოში საშინელი პოლიტიკურ-ეკონომიკური კლიმატია. გაბრიელ არქიმანდრიტთან დაკავშირებულ ისტორიაშიც ეს ფონი უთუოდ თავის როლს ითამაშებდა… ერთი საბუთის თანახმად, მოხვის, ცხომარეთისა და ზემოუბნის გლეხებმა მონასტრის მიწები გაიყვეს და ამუშავებდნენ ყოველგვარი პირობის გარეშე. წინამძღვარი მოითხოვდა ხელშეკრულების გაფორმებას; ისინი კი აშინებდნენ, სხვა სოფლების მაცხოვრებლებსაც ავიყოლიებთო; უგზავნიდნენ ანონიმიურ წერილებს; დააბეზღეს გაზეთ ,,თანამედროვე აზრში». საყურადღებოა ის ფაქტი, რომ მბრალდებლებს თურმე წინამძღვარი ,,ახალთაობის ხალხს», ,,ბუნტის თავებს» უწოდებდა [57, ფ.1]. სხვათა შორის, ეს გლეხები არც გაბრიელ არქიმანდრიტის ჭელიშში გადასვლის შემდეგ დაწყნარებულან. ისინი მომდევნო წინამძღვარს მოკვლითაც ემუქრებოდნენ [61, ფ1].
1917 წლის მაისში ჯრუჭისა და ჭელიშის წინამძღვრებმა ადგილები გაცვალეს [60, ფ.6]. არქიმანდრიტი პავლე, ჩვენ მიერ მიკვლეული ნამსახურებითი სიის მიხედვით, დაიბადა 1880 წელს. სწავლობდა ჭიათურის საქალაქო სასწავლებელში, რომელიც თავისი სურვილით დატოვა მე-5 კლასიდან. 1909 წლის 20 მარტიდან შიომღვიმის მონასტერშია მორჩილად. 1910 წლის 10 თებერვალს აღიკვეცა მონაზვნად. 1910 წლის 19 თებერვალს ხელდასხმულია იეროდიაკვანად, 21 თებერვალს – მღვდელმონაზვნად; იმავე წლის 13 მარტიდან შიომღვიმის მონასტრის ხაზინადარია. 1912 წლის 5 მაისს გადაიყვანეს მოწამეთის მონასტერში, როგორც კრებულის შტატგარეშე წევრი. 1913 წლის 15 მაისიდან მონასტრის ხაზინადარია. 1913 წლის 26 ნოემბერს დაჯილდოვდა საგვერდულით. 1915 წლის 13 აგვისტოს ჩარიცხეს შტატში. 1916 წლის 31 აგვისტოდან ჭელიშის მონასტრის წინამძღვარია. იმავე წლის 2 ოქტომბრიდან – იღუმენი [58, ფ.29–30]. 1917 წლის მაისში ჯრუჭის მონასტერში გადაიყვანეს წინამძღვრად [60, ფ.6]. 1918 წლის 20 ივნისით დათარიღებული საბუთის მიხედვით, ის უკვე არქიმანდრიტია[59, ფ.2]. მაღალ ღირსი მამა პავლე ჯრუჭის მონასტრის წინამძღვრად ჩანს მომდევნო 1919 და 1920 წლებშიც [59, ფ.1; 62, ფ.1]. 1920 წლის 20 ოქტომბერს არქიმანდრიტი პავლე სვეტიცხოვლის თორმეტი მოციქულის სახელობის საპატრიარქო ტაძრის წინამძღვრის მოადგილედ დაინიშნა, 1923 წლის 12 იანვარიდან კი – წინამძღვრად. კათალიკოს–პატრიარქ ლეონიდეს კურთხევით, პავლე ჯაფარიძე ისმენდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე. 1924 წლიდან ის წილკნის ეპარქიის მწყემსმთავარია. 1928 წლის 24 მარტს მეუფე პავლე ცხუმ–აფხაზეთის ეპისკოპოსად გადაიყვანეს, საიდანაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო კვლავ წილკნის ეპარქიაში დაბრუნდა. პავლე ჯაფარიძემ საბჭოთა პერიოდში პატიმრობა, წამება და მრავალი განსაცდელი გადაიტანა. მძიმედ დაავადებული მეუფე 1929 წელს აღესრულა. დაკრძალულია სვეტიცხოვლის საპტრიარქო ტაძრის ეზოში. პავლე ჯაფარიძის მოღვაწეობა შესწავლილი და გამოქვეყნბული აქვს გ. მაჩურიშვილს [67, გვ24–28].
ქუთათელი მიტროპოლიტის ნაზარის განკარგულებით, 1920 წლის ოქტომბერში ჯრუჭის მონასტრის წინამძღვარი გახდა იღუმენი ზენონი [12]. გელათის მონასტრის ძმათა კრებულის ნამსახურებით სიების მიხედვით, ზენონ მენაბდე დაიბადა 1874 წელს. დაამთავრა ხონის ორკლასიანი სამონასტრო სკოლა. წმინდა წერილი, გალობა და ტიბიკონი შეისწავლა გელათის მონასტერში. 1902 წლის 8 იანვარს მორჩილად გაამწესეს ჯრუჭის მონასტერში. მონაზვნად აღიკვეცა გელათში 1903 წლის 10 იანვარს. იმავე წლის 12 იანვარს ხელდასხმულია იეროდიაკვნად, მღვდელმონაზვნად კი – 1905 წლის 20 მარტს. 1908 წ. 9 ივლისს დაჯილდოვდა საგვერდულით. 1911 წლის 15 ივლისიდან გელათის მონასტრის ეკონომოსია [10; 54,ფ.7–8]. 1912 წლის 12 ივლისიდან ხელმღვანელობს გელათის სამრევლო სკოლას [11; 54, ფ.8]. 1920 წლის 24 ოქტომბრით დათარიღებული საბუთის მიხედვით იღუმენია და ჯრუჭის მონასტრის წინამძღვრად გადასვლის გამო ტოვებს გელათის მონასტერს [12]. სამწუხაროდ, ზენონ მენაბდის ჯრუჭში მოღვაწეობის ამსახველ მასალებს ვერ მივაკვლიეთ. წინა საუკუნის 20-იან წლებში კომუნისტურმა მთავრობამ საქართველოს უმრავლეს ეკლესია-მონასტერში ღვთისმსახურება აკრძალა. ჯრუჭის მონასტერიც 1923 წლიდან ოფიციალურად უკვე აღარ იყო მოქმედი, მაგრამ, საქართველოს საპატრიარქოს არქივში დაცული საბუთის მიხედვით, არქიმანდრიტ ზენონ მენაბდეს (არქიმანდრიტად ხელდასხმა მოხდებოდა უთუოდ ჯრუჭში, ალბათ, 1920–1923 წლებში. ზუსტი თარიღი უცნობია.) სიცოცხლის ბოლომდე არ დაუტოვებია ჯრუჭი: ,,1926 წლის 13 მაისს მისი მეუფება ვარლამი (მახარაძე) ადგილობრივი მთავარხუცის, მღვდლის მ. ბიკტორ ტყემალაძისა და საკრებულო ტაძრის მღვდლის მ. სერგი მაჭარაშვილის თანხლებით წავიდა ყოფილ ჯრუჭის მამათა მონასტერში, სადაც წესი აუგო და მიწას მიაბარა ახალგარდაცვალებული ყოფილი მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ზენონი“ [5, ფ.16].
ჯრუჭის მონასტერს 1763 წლიდან 1923 წლამდე თექვსმეტი წინამძღვარი და სამი ამ მოვალეობის შემსრულებელი განაგებდა. მათ შორის მიტროპოლიტები იყვნენ სვიმონ აბაშიძე და დავით წერეთელი, იერომონაზონი – იუსტინე (მოვალეობის შემსრულებელი), მღვდელმონაზონი – ნეოფიტე (ჯერ მოვალეობის შემსრულებელი, შემდეგ წინამძღვარი), იღუმენი – იოსაფატი (მოვალეობის შემსრულებელი), ყველა დანარჩენი კი – არქიმანდრიტი; არქიმანდრიტები ბესარიონ დადიანი და პავლე ჯაფარიძე მოგვიანებით ეპისკოპოსები გახდნენ.
ჯრუჭის მონასტრის წინამძვართა ქრონოლოგიური სია შემდეგი სახით წარმოგვიდგება:
სვიმონ აბაშიძე [1763][3]-1778წ.წ.
სვიმონ ქავთარაძე [1778]-1805წ.წ.
დავით წერეთელი 1804-1829წ.წ.
სვიმონ ბაქრაძე 1829-1835წ.წ.
დავით წერეთელი 1835-1843წ.წ
იუსტინე ქამუშაძე (მოვალეობის შემსრულებელი) – [1843]–1845წ.წ.
ნეოფიტე (მოვალეობის შემსრულებელი) [1845]–1853წ.წ.
ნეოფიტე 1853-1856წ.წ.
ნიკოლოზ ნიჟარაძე 1856-1859წ.წ.
იოსაფატი (მოვალეობის შემსრულებელი) 1859წ.წ.
ბესარიონ დადიანი 1860-1865წ.წ.
სერაპიონ ახვლედიანი 1866-1874წ.წ.
კირილე გაბუნია 1874-1882წ.წ.
სიმონ აფაქიძე 1882-[1893]წ.წ.
ბენიამენი 1893-[1897]წ.წ.
ნიკიფორე კანდელაკი 1897-1906წ.წ.
გრიგოლ ჩხაიძე 1906-1912წ.წ.
გაბრიელ აბაშიძე 1912-1917წ.წ.
პავლე 1917-1920წ.წ.
ზენონ მენაბდე 1920-1923წ.წ.
გამოყენებული წყაროები და ლიტერატურა
წყაროები:
საქართველოს ეროვნული არქივი
საქართველო–იმერეთის სინოდალური კანტორა, №489 ფონდი, ანაწერი 1:
საქმეები:
2190
4624
48961
საქართველოს კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
წერეთლების ფონდი №36, გრიგოლ ზურაბის ძე წერეთლის ფონდი, საბუთი
№228
საქართველოს საპატრიარქოს არქივი
საქმე 1800, ბოდბეს, მარგვეთისა და ალავერდის ეპარქიების ანგარიში: 1926–1933 წლები, ანაწერი პირველი
ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილება
ა) ისტორიულ საბუთთა კოლექცია:
ქიმ 38
ქიმ 135
ქიმ 165
ქიმ 270
ბ) საარქივო მასალები
გელათის მონასტრის არქივი, №6466
საბუთები:
2806
2967
3384
ჯრუჭის მონასტრის არქივი №6475
საბუთები:
1217
1224
1236
1258
1297
1328
1329
ქუთაისის ცენტრალური არქივი, იმერეთის ეპარქიალური კანცელარიის ფონდი №21
საქმეები:
448
1241
1759
3065
4339
5264
5567
5752
7116
5792
6180
7397
7888
8609
9289
10784
11595
11969
12781
12908
13365
13424
14379
15868
17195
18529
19585
21543
21933
22405
22988
23233
24588
25022
25114
25144
25691
25950
26184
26197
26598
26617
28441
II. ლიტერატურა:
ს. ვარდოსანიძე, ქართველი მღვდელმთავრები (XX–XXI საუკუნეები), თბილისი, 2010 წელი
გ. ვაჭრიძე, იმერეთის დროებითი მმართველობა(1810–1840 წლები) ,ქუთაისი, 1999წ.
მ. კეზევაძე, ,,გელათის მონასტერი ეგზარქოსობის დროს“, ქუთაისი, 2006წ.
ნ. კვეზერელი–კოპაძე, საქართველოს გზების მშენებლობა, თბილისი, 1961წ.
გ. მაჩურიშვილი, ,,ეპისკოპოსი პავლე (ჯაფარიძე) 1888–1929“, გაზეთი საპატრიარქოს უწყებანი, №34, 21–27 ოქტომბერი, 2010წ.
გ. მჭედლიძე, წერილები გამოჩენილ ადამიანებზე, რეცენზიები, ქუთაისი, 2012
ო. სოსელია, ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ისტორიიდან (სათავადოები), II, თბ., 1981წ.
ქ. ქათამაძე, ,,დავით მიტროპოლიტი“, ჟურნალი,,განთიადი“, № 1–2, 1998წ.
თ. ქიქავა, ,,ჯრუჭის მონასტერი”, გაზეთი ,,ახალგაზრდა ივერიელი”, 19 ივნისი,1990
დ. ღამბაშიძე, ,,მიტროპლიტი დავითი“ ჟურნალი ,,მწყემსი“,№4, 1896წ
П. Гнилосаров, Очерки из жизни Митрополита Давида. Кавказский календарь на 1854 г., Тиф., 1853г.
ეს ქვის ფილა ეპიტაფიით თავის დროზე ეკლესიის სამხრეთის კედელში, კარის მარჯვნივ იყო ჩასმული, დღეს კი ნატაძრალის ტერიტორიაზე მიწაზე დევს. ეპიტაფია გამოქვეყნებული აქვს ჯრუჭის მონასტრის ისტორიით დაინტერესებულ თითქმის ყველა მკვლევარს
დავით მიტროპლიტის ჯრუჭში მოღვაწეობის ასპექტებს დაწვრილებით შევეხებით მომდევნო შესაბამის თავებში.
ოთხუთხა ფრჩხილებში ჩავსვით ის წლები, რომლებსაც ვერ ვადასტურებთ დოკუმენტებით და ვარაუდის საფუძველზე ვუთითებთ.