სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11192

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კულტ. მემკვიდრეობა ,ომების ისტორიები, სხვადასხვა
სიახლეები
ბათუმის ხელშეკრულება 04 ივნისი 1918 წელი ბათუმის ხელშეკრულება 04 ივნისი 1918 წელი
ბმულის კოპირება

სიახლეები

ბათუმი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

7       ბეჭდვა

ბათუმის ხელშეკრულება 04 ივნისი 1918 წელი

ბათუმის ხელშეკრულება — დაიდო საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და თურქეთს შორის 4 ივნისს. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს აგრეთვე სომხეთისა და აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის დელეგაციის წევრებმა.

ბათუმის ხელშეკრულების პირობები შემუშავდა მაშინ, როდესაც ამიერკავკასია ნაწილობრივ ოსმალეთის ჯარების მიერ იყო ოკუპირებული. ბათუმის ხელშეკრულებით ოსმალეთს გადაეცა ბათუმისა და ყარსის ოლქები, ახალქალაქისა და ახალციხის მაზრები, სურამალინის მაზრა, ალექსანდროპოლისა და ეჩმიაძინის მაზრების სამი მეოთხედი, შარურ-დარალაღეზის მაზრის ერთი მეხუთედი და სხვა.

ბათუმის ხელშეკრულებით საქართველოს ჩამოსცილდა 11 381 კმ² ტერიტორია 250 ათ. მცხოვრებით, ხოლო სომხეთს 18 125 კმ² ტერიტორია 404 ათ. მცხოვრებით. ბათუმის ხელშეკრულების პირობები ამიერკავკასიის ხალხებისათვის უფრო მძიმე იყო, ვიდრე ბრესტის 1918 ზავი, რომლის შესაბამისად ოსმალეთს უნდა გადასცემოდა ამიერკავკასიის 14 135 კმ² ტერიტორია.

1918 წლის 4 ივნისს საქართველოსა და ოსმალეთს შორის დაიდო აგრეთვე დამატებითი ხელშეკრულება, რომლის თანახმად საქართველო ვალდებული იყო დაუყოვნებლივ მოეხდინა ჯარების დემობილიზაცია, განედევნა თავისი ტერიტორიიდან ყველა სამხედრო და სამოქალაქო პირი იმ ქვეყნებისა, რომლებიც ოსმალეთს და მის მოკავშირეებს ეომებოდნენ. გარდა ამისა, ოსმალეთმა მიიღო უფლება კონტროლი დაეწესებინა საქართველოს მთავარ სტრატეგიულ რკინიგზებზე, გამოეყენებინა ისინი თავისი და მოკავშირეების სამხედრო ინტერესებისათვის. ბათუმის ხელშეკრულება გაუქმდა პირველ მსოფლიო ომში ოსმალეთის დამარცხების შემდეგ.

https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%91%E1%83%90%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90

ბათუმის საზავო ხელშეკრულება - 1918 წლის 4 ივნისს, ბათუმში, საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და ოსმალეთს შორის ზავისა და მეგობრობის ხელშეკრულება გაფორმდა.

საქართველოს მხრიდან ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს: ნოე რამიშვილმა (საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე და შინაგან საქმეთა მინისტრი), გენერალმა გიორგი ოდიშელიძემ, გ. გვაზავამ, გ. რცხილაძემ; ხოლო ოსმალეთის იმპერიის მხრიდან: ჰალილ-ბეიმ (იუსტიციის მინისტრი, სახელმწიფო საბჭოს მეთაური), გენერალ-ლეიტენანტმა ვეჰიბ ფაშამ (კავკასიის ფრონტზე ოტომანთა არმიის მეთაური, დელეგაციის მრჩეველი სამხედრო საკითხებში).

ხელშეკრულების ძალით, სახელმწიფო საზღვარი საქართველოსა და ოსმალეთს შორის მდინარე ჩოლოქზე, აბასთუმნისა და აწყურის სამხრეთით გადიოდა. სამხრეთ-დასავლეთ საქართველო (ბათუმის, ყარსისა და არტაანის ოლქები), ასევე, სამხრეთ საქართველოს მნიშვნელოვანი ნაწილი ოსმალეთმა მიიტაცა. საქართველოსთვის თავსმოხვეული „ზავისა და მეგობრობის ხელშეკრულებით (მუხლი 13), გარდა ბათუმ-ყარს-არტაანის ოლქებისა, ოსმალეთის ხელში დამატებით გადადიოდა ახალქალაქისა და ახალციხის მაზრები (აბასთუმნის და აწყურის გამოკლებით (მუხლი 2). ამით საქართველოს ეროვნულ სხეულს სწყდებოდა მთელი სამაჰმადიანო საქართველო, მტკვრის ზემოწელისა და ჭოროხის აუზის ყველა ისტორიული ტერიტორია. იმავე დღეს გაფორმდა ზემოაღნიშნული ძირითადი ხელშეკრულების სამი დანართი (დამატება). პირველი, რომელიც 9 მუხლისგან შედგებოდა, ორ ქვეყანას შორის ვაჭრობისა და ნავიგაციის საკითხებს ეხებოდა. მეორე დამატება (მუხლი 3) ორივე მხარის მცხოვრებთათვის საზღვრისპირა 10 - კილომეტრიან ზოლში განსაკუთრებულ სამიმოსვლო შეღავათებს აწესებდა. მესამე დამატება (მუხლი 7) საქართველოში მაჰმადიანი სასულიერო პირების უფლებამოსილების გაზრდას ეხებოდა. ოსმალები ამით არ დაკმაყოფილდნენ და იმავე 4 ივნისს ბათუმში გაფორმდა, აგრეთვე, დამატებითი ხელშეკრულება, რომლითაც საქართველომ ივალდებულა, ოსმალეთისთვის ჯარების გადასაყვანად და საჭურვლის გადასაზიდად რკინიგზა დაეთმო, ასევე, უნდა უზრუნველეყო სარკინიგზო შემადგენლობების შეუფერხებელი მუშაობა. მთავარ სარკინიგზო სადგურებში მოეწყობოდა ოსმალეთის სამხედრო წარმომადგენლობები, რომლებიც ადგილზე შეიძენდნენ სურსათს ჯარის მომარაგებისთვის. დამატებით ხელშეკრულებას ჰქონდა განსაკუთრებული დანართი (მუხლი 14), რომელიც აწესრიგებდა საქართველოსა და ოსმალეთს შორის ტყვეთა გაცვლას. საამისო პუნქტად მონიშნული იყო ბათუმი, სადაც უნდა შეექმნათ შერეული კომისია. ტყვეთა გაცვლა, ძირითადად, ერთი თვის ვადაში უნდა დაემთავრებინათ.

4 ივნისს, ბათუმში, ოსმალეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ცალკე კონვენციას „ბაქო-ბათუმის ნავთსადენის შესახებ“. საქართველოს და აზერბაიჯანის მხარეები, შესაბამისი საზღაურის ფასად, ვალდებულებას იღებდნენ, თავიანთ ტერიტორიებზე ნავთსადენის მუდმივი მოქმედება უზრუნველეყოთ. ოსმალეთ-საქართველოს 1918 წლის 4 ივნისის ხელშეკრულებების რატიფიკაცია უნდა მოეხდინათ ერთი თვის ვადაში. ეს არ განხორციელდა, რადგან საქართველოს ხელისუფლებამ, ამ მძიმე პირობების შეცვლისთვის, ზომები მაშინვე მიიღო.

6 ივნისს ქართულმა დიპლომატიურმა მისიამ ბერლინში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტა გადასცა, რომელშიც ხაზგასმული იყო, რომ ბათუმის ზავზე ხელმოწერა მოხდა ოსმალური ხიშტების ძალდატანებით და მოითხოვა მისი გადასინჯვა „ოთხთა კავშირის“ და ამიერკავკასიის სახელმწიფოების საგანგებო საზავო კონფერენციაზე. გერმანიის მთავრობამ ახალი საზავო კონფერენციის მოწვევის შესახებ ქართველთა მოთხოვნა გაიზიარა და ოსმალეთის ხელისუფლებაც დაითანხმა. ამის მიუხედავად, ოსმალეთის მთავრობამ მაინც სცადა, ამ კონფერენციისთვის, რომელიც სტამბოლში უნდა გამართულიყო, მისთვის სასურველი ელფერი მიეცა. ამ მიზნით, იქ მიიწვია არა მარტო ამიერკავკასიის, არამედ ჩრდილოეთ კავკასიის, ვოლგისპირეთისა და შუა აზიის მაჰმადიანი ხალხების წარმომადგენლებიც. საბოლოოდ, კონფერენციის ჩატარება ვერ მოხერხდა, პირველ მსოფლიო ომში გერმანიის ბლოკის სახელმწიფოების დამარცხების გამო.

1918 წლის ივლისში ოსმალეთის მთავრობამ, ვითომდა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს (ბათუმის, ყარსისა და არტაანის ოლქების) მოსახლეობის ნების გამოსავლენად, რეფერენდუმი ჩაატარა, რომელიც იმხანად მიღებული საერთაშორისო ნორმების დარღვევით, დაშინების, შანტაჟისა და გაძლიერებული ანტიქართული აგიტაციის პირობებში ჩატარდა და გამოაცხადა, რომ, რეფერენდუმის შედეგების მიხედვით, ბათუმის, ყარსისა და არტაანის ოლქები ოსმალეთის შემადგენლობასში რჩებოდა.

1918 წლის ივლისში ოსმალები ზაქათალის ოლქში (საინგილო) შეიჭრნენ. ამიერკავკასიაში ოსმალეთის ჰეგემონისტურ მისწრაფებებს ზღვარი დაუდო პირველ მსოფლიო ომში მისმა დამარცხებამ. 1918 წლის 30 ოქტომბერს ომში დამარცხებულ ოსმალეთსა და ინგლის-საფრანგეთს შორის მუდროსის დროებითი ზავი დაიდო. ზავის თანახმად, ოსმალებმა ამიერკავკასიაში ოკუპირებული ტერიტორიები დატოვეს.

http://www.nplg.gov.ge/wikidict/index.php/%E1%83%91%E1%83%90%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%96%E1%83%90%E1%83%95%E1%83%9D_%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90

(ერთობა N114, 5 ივნისი, 1918) ბათუმიდან ჩამოვიდა საზავო დელეგაციის წევრი გრ. რცხილაძე, რომელმაც მთავრობას შეატყობინა პირობები, რომლებიც დაედვა საფუძვლათ ოსმალეთსა და საქართველოს რესპუბლიკას შორის შეკრულ ზავს. ოსმალეთი იერთებს მთელ ახალქალაქის მაზრას და ახალციხეს ყველა სოფლებით, გარდა აწყურის და აბასთუმანისა, რომელნიც საქართველოს ტერიტორიაში შედის, ოსმალეთი გერმანიასთან და ჩვენ მთავრობასთან შეთანხმებით სარგებლობს რკინის გზებით ჯარების გადასაყვანათ. ოსმალეთის ჯარები ეხლავე სცლიან ოზურგეთს, სადაც საზღვარი მდ. ჩოლოქზე გადის, ხოლო ახალციხის ჩვენი ჯარი ეხლავე სტოვებს ციხეს და ქალაქს.

გერმანიის როლი

გერმანიის საელჩოში თფილისში არის საზავო ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოაწერეს 3 ივნისის ღამის 11 საათზე საქართველოს და ოსმალეთის წარმომადგენლებმა. გუშინ დილით თფილისის გაზეთების წარმომადგენლები [გერმანიის ელჩმა] გრაფმა შულენბერგმა მიიწვია და აუწყა მათ, რომ საზავო ხელშეკრულება ხელმოწერილია და…მისცა მათ გერმანულ ენაზე ხელშეკრულება, რომელიც რადიოთი იყო მიღებული. ამასთანავე დაუმატა, ჯერჯერობით საჭიროთ არ მიმაჩნია ის დასაბეჭდათ მისცეთო. ჟურნალისტებთან საუბრის დროს, გერმანიის საელჩოს წევრმა არა ერთხელ აღნიშნა, რომ საზავო ხელშეკრულებას ოსმალებმა ხელი მოაწერეს გერმანელების ძალდატანებითო.

გრაფი შულენბერგიFriedrich-Werner Erdmann Matthias Johann Bernhard Erich Graf von der Schulenburg (20 November 1875 – 10 November 1944) 

გაზეთი ასევე იუწყება ადგილობრივ გერმანულ წყაროებიდან მიღებულ ცნობებით, თბილისში ამ დღეებში ჩამოვა გერმანელთა მნიშვნელოვანი სამხედრო ნაწილი, რომელიც ამჟამად ფოთშია. ამავე წყაროებით მიღებული ცნობების მიხედვით გერმანიაში შეუიარაღებიათ ქართველი სამხედრო ტყვეები, გაუწვრთნიათ და საქართველოში გამოუგზავნიათ.

ზავის წინაპირობები

როგორც ადრევე გაცნობეთ, ოსმალეთმა საქართველოს რესპუბლიკას 27 მაისს გადმოსცა ულტიმატუმი, რითაც ახალციხისა და ახალქალაქის, ასევე რკინიგზის დათმობას ითხოვდნენ. “ერთობის” ცნობით, 2 ივნისს დილიდანვე ოსმალთა რეგულარულმა ჯარმა სოფ. კარწახთან, ახალქალაქიდან სამხრეთ დასავლეთით, გადმოლახა 1877 წლის საზღვრები და ბრძოლით წინ მოიწევს. სომხების ჯარმა ბრძოლის შემდეგ სოფ. სულდისკენ დაიხია, სადაც არტაანის შარა გზაზე გაცხარებული ბრძოლის შესახებ მოდიოდა ცნობები. სომხების ჯარს მიეშველა ჯავახეთის ქართული რაზმი. ოსმალთა ჯარები მოდიან არტილერიით.

ახალციხე დიდი ხანია ბრძოლის ველათ არის გადაქცეული, თითქმის ორი თვე იქნება, რაც ჩვენი რაზმი თავგანწირულათ იბრძვის ახალციხის მიდამოებში ამომწყვდეული.  არ იქნა დროზე ვერ მივაშველეთ ჯარი, რომ დაგვეხსნა ახალციხის რაზმი და მასთან ერთად გადაგვერჩინა მთელი მაზრა.

ახალციხის და ახალქალაქის მაზრებს აქვთ დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა. ახალციხე საკმაოდ ძლერი სიმაგრეა, ის გასაღებია ბორჯომის ხეობის. ვისაც ახალციხე და ახალციხის მაზრა უჭირავს, მას შეძლება აქვს, რამდენიმე საათში ჩავიდეს ბორჯომში და იქიდან ხაშურის შემწეობით რკინის გზას დაეპატრონოს, ხაშურიდან კი რამდენიმე საათის სავალია სურამის მთის გვირაბამდე. ახალციხის მაზრაშია აგრეთვე მშვენიერი სააგარაკო ადგილი აბასთუმანი, საიდანაც მტერს შეუძლია ზეკარის უღელტეხილს დაეპატრონოს და შემდეგ ბაღადით ქუთაისს მიადგეს. ერთის სიტყვით, ახალციხის მაზრის ხელში ჩაგდებით ოსმალეთი მთელი საქართველოს ბედის ბატონი იქნება.

ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის ახალქალაქსაც, აქედან მშვენიერი გზა მოდის მანგლისით თფილისზე. საკმაოა მტერს ახალქალაქი ეპყრას ხელს, რომ ის რამდენიმე დღის განმავლობაში თფილისს მოადგეს. არავითარი დამაბრკოლებელი ბუნებრივი ზღუდე ახალქალაქ თფილისს შუა არ არსებობს.

ბათუმის დაკარგვა და დაბრუნება საინტერესო სტატია






კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 10.08.2022
ბოლო რედაქტირება 10.08.2022
სულ რედაქტირებულია 2





ფონდი ქართუს მიერ რესტავრირებული ისტორიული ძეგლები

2 0

12000 მეტი სასულიერო პირი, მოიძიე გვარით, ითანამშრომლეთ ავტ. დავით ფეიქრიშვილი

1 0

დალაგებულია ანბანის მიხედვით, 

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები ითანამშრომლა ია კუხალაშვილი

2 0

ახმეტის რაიონში გარდაცვლილი მებრძოლები 1990 წლიდან, წიგნი ახმეტელი გმირები.

2 0

ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 0


საოჯახო წიგნის შექმნის რეკომენდაცია, ელექტრონული ნიმუში

1 0