სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11192

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კულტ. მემკვიდრეობა ,ომების ისტორიები, სხვადასხვა
ახმეტის რაიონში გარდაცვლილი მებრძოლები 1990 წლიდან,  წიგნი ახმეტელი გმირები. ახმეტის რაიონში გარდაცვლილი მებრძოლები 1990 წლიდან,  წიგნი ახმეტელი გმირები.
ბმულის კოპირება



ახმეტა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

19       ბეჭდვა

ახმეტის რაიონში გარდაცვლილი მებრძოლები 1990 წლიდან, წიგნი ახმეტელი გმირები.

ახმეტიდან სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის გარდაცვლილი მებრძოლების სრული სია 1990 წლის შემდგომ.


ახმეტელი გმირები


იდეის ავტორი: ომარ მარუქაშვილი 1944-2021წწ დაბადებულია სოფელი შახვეტილა, ახმეტა, მწერალი, პოეტი, უამრავი გამომცემლობის ავტორი.

წიგნზე იმუშავეს:  გიორგი მამუჩარაშვილი, ბელა ბიტარიშვილი, დიანა ვაჩეიშვილი, ფატიმა თურქიაშვილი.


 გიორგი მამუჩარაშვილი


ბელა ბიტარიშვილი,


 დიანა ვაჩეიშვილი,

ფატიმა თურქიაშვილი.


აკაკი ბობოქაიძე 1976-93წწ დაკარგ. 17 წლის, აფხაზეთი, ეროვნული გვარდიის ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის პოლკი. დაბ. სოფ.მაღრაანი ახმეტა კახეთი


აკაკი ბობოხიძე 1969-93წწ. დაკარგ. 24 წლის, აფხაზეთი დაბ. ახმეტა, კახეთი


ბექა უშარაული 1971-93წწ გარდ. 22 წლის, ტამიში, აფხაზეთი დაბ. ახმეტა კახეთი

ბესიკ მამიაური 1988-2008წწ. გარდ. 20 წლის სამაჩაბლოში, ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენოსანი: დაბ. ახმეტა, კახეთი

გიორგი ანწუხელიძე 1984-08წწ. გარდ. 24 წლის, სამაჩბლოში დაბ. სოფ ქვემო ალვანი ახმეტა კახეთი

გიორგი ჯაფარიძე 1964-93წწ. გარდ. 29 წლის, სოფ. ტამიში, ოჩამჩირე. აფხაზეთი, 1992 წელს მუშაობა დაიწყო ახალციხის 22 მმ. ბრიგადის სამედიცინო ლაზარეთში ექიმად. 1993 წელს წავიდა აფხაზეთში ექიმად. დაბ. ახმეტა კახეთი

გივი გამიაშვილი 1955-92წწ გარდ. 37 წლის. გაგრა, აფხაზეთი. საქართველოს მხედრიონი 101-ე ბატალიონი. დაბ. ახმეტა, კახეთი, ცხოვრობდა თელავში

კახა აბულიძე 1973-93წწ გარდ. ბაბუშერა, აფხაზეთი, დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით. დაბ. სოფ. ქვემო ალვანი ახმეტა

ლევან ჩაგოშვილი 1965-93წწ გარდ. 28 წლის, კოდორი, აფხაზთი დაბ. სოფ ზემო ალვანი ახმეტა

ნოდარ არუთინოვი 1955-93წწ გარდ. 38 წლის, ტამიში, აფხაზეთი. მსახურობდა 2-ე ტექნიკური ჯგუფის ოცეულის მეთაურად. დაბ. სოფ.ქისტაური ახმეტა კახეთი ცხოვრ. თელავი

ომარი ქორთოშიძე 1966-93წწ აფხაზეთი მფრინავი სოფ. დიკლო ომალო თუშეთი

თამაზი ურბუხაშვილი, ურბეხაშვილი? გარ. 1992წ. აფხაზეთი, საქართველოს მხედრიონი დაჯილოვებულია ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი, დაბ. ახმეტა კახეთი

გელა უძილაური 1968-93წწ დაკარგ. 25 წლის, ოჩამჩირე, აფხაზეთი. დაბ. სოფ.შახვეტილა ახმეტა კახეთი

ზაზა მოზაიძე 1966-93წწ. გარდ. 27 წლის, სოფ. შრომა, სოხუმი, აფხაზეთი, საშტურმო-სადესანტო მოიერიშე ბატალიონი დაბ. თბილისი წარმ. სოფ. ალვანი, ახმეტა

ზურაბიშვილი მიხეილ 1973-94წწ გარდ. 21 წლის, სოფ. ახალდაბა (ოჩამჩირე) აფხაზეთში მიღებული ჭრილობებით, ეროვნული გვარდიის სპეცდანიშნულების ასეულის ოფიცერი. დაბ. სოფ.მატანი ახმეტა კახეთი

შესავალი


საქართველოს ისტორია სავსეა ომებითა და ქარტეხილებით. საუკუნეების მანძილზე ქართველი კაცი ხმალშემართული იბრძოდა სამშობლოსთვის, თავისი ქვეყნის თითოეული მტკაველის, მიწა-გოჯის დასაცავად, მაგრამ ძნელად ვინმე თუ წარმოიდგენდა დღევანდელ დღეს,  XXI  საუკუნეში თუ ვინმე შეგვეცილებოდა ჩვენს მიწა-წყალს. აფხაზეთის და ცხინვალის ომები მოურჩენელ იარად იქცა თითოეული ჩვენთაგანისათვის. ომებისა, რომლებმაც ბევრი ქართველის სიცოცხლე შეიწირა, მათ შორის ჩვენი მუნიციპალიტეტის მკვიდრნიც. მათ თავიანთი სიცოცხლე დედასაქართველოს სამსხვერპლოზე მიიტანეს და ზვარაკად შეეწირნენ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლას. ამით მათ უკვდავების ძეგლი დაიდგეს, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა წიგნად, ლექსად, სიმღერად.

ამ წიგნში მოთხრობილი ამბები, სინამდვილეს შეეფერება. ყველა მებრძოლი, ჩვენი თანაქალაქელი იყო. ომმა გამოსცადა თითოეული მათგანი და გმირებად აქცია ისინი.

ეს წიგნი მათ ეკუთვნის, მათ უკვდავყოფას. სურვილი გვაქვს ჩვენმა თანამემამულეებმა, მომავალმა თაობებმა ყველაფერი იცოდნენ იმ მებრძოლი სულის ჯარისკაცებზე, რომლებიც გმირულად დაეცნენ აფხაზეთისა და ცხინვალის ომებში.

შეჰყურებ მემორიალურ დაფას, რომელიც ახლა მუნიციპალიტეტის გამგეობის  ინიციატივით ჩვენი ქალაქის ცენტრში, (რომელსაც სიმბოლურად ,,თავისუფლების მოედანი’’ დაერქვა), დაიდგა და გული სიამაყის გრძნობით გევსება. 


უნებლიედ გახსენდება პოეტის სიტყვები: 

                                   ,,თქვენსა სახელთა მოთხრობით

                                    მოხუცს ცრემლ მოედინება,

                                   მხნეობით აღტაცებული

                                  ჭაბუკი ხმალსა მისწვდება’’


წინასიტყვაობა

,,შენ მარად იცოცხლებ, არასოდეს არ მოკვდები”

(გაბრიელ მარსელი)

კაცობრიობამ ოცდამეერთე საუკუნემდე 16 ათასი ომი გადაიტანა, აქედან 5 ათასი თურმე საქართველოზე მოდის...

  ამ ციფრების სიღრმისეულად გაცნობიერებამ, არა მგონია გულგრილი დატოვოს საღად მოაზროვნე ადამიანი.

  ისეთი პატარა ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა, კაცობრიობის მიერ გადატანილი ომებიდან მესამედი, უმძიმესი ტრაგედიაა... ამგვარ განსაცდელს კი ისტორიულად, დიდმა ქვეყნებმაც ვერ გაუძლეს და  მათი სახსენებელი სამარადისოდ წაიშალა მსოფლიო რუკიდან.

საქართველომ გაუძლო... გაუძლო გაუსაძლისს... ათასწლეულებად  აკინძულმა ბობოქარმა საუკუნეებმა უმძიმესი გამოცდა მოუწყო ჩვენს ერს, ჩვენს ქვეყანას და, რომ ეს მორალური, ზნეობრივი, სულიერი და ფიზიკური გამოცდა ფრიადზეა ჩაბარებული, ამისი უტყუარი დასტური დღევანდელი თავისუფალი და დამოუკიდებელი საქართველოს არსებობაა, დღევანდლამდე რომ მოიტანა უტეხი სული, რკინის ნებისყოფა, დედასამშობლოს უსაზღვრო სიყვარული, გამორჩეული, პირველქმნილი თვითმყოფადობა, ზნე-ჩვეულებები, ადათ-წესები, მდიდარი ტრადიციები, შეზავებული კაცთმოყვარეობასთან და მშვიდობისმოყვარეობასთან, სიკეთისა და მადლის თესვასთან, ამტანობასთან და გამტანობასთან, სამშობლობასთვის თავგანწირვის დღენიადაგ მზადყოფნასთან.

  და მოდიოდა ქართველი ერი იმ პირველი ევროპელების სახით, რომელთაც დასაბამი მისცეს დედამიწაზე ადამის მოდგმის გამრავლებას. მოდიოდნენ ცალ ხელში გუთნით, ცალ ხელში მახვილით, ასე მოიკაფავდნენ გზას დღევანდელობამდე და ყოველ ხანაში, ყოველ ეპოქაში ტოვებდნენ თავის სახელს, თავის ღირსეულ კვალს, როგორც წილდადებულნი ზოგადსაკაცობრიო ცივილიზაციის მშენებლობაში; ანუ იყვნენ პირველნი-პირველთაგანნი ყველა დარგში, ყველა სფეროში...

არა მარტო მემკვიდრეობით, გუნებითაც გადადიოდა ქართველ ადამიანში სამშობლოს სიყვარული, მოვალეობა, მშობლიური მიწა-წყლისადმი ერთგულებისა, მისთვის უყოყმანოდ თავგანწირვისა.

აი, ამ ტრადიციებზე იზრდებოდნენ ის ბიჭებიც, რომელნიც მამულის წინაშე ვალდებულებამ და  ბედისწერამ ჩვენი დროის გმირებად აქცია.

დღეს,  21-ე საუკუნეში, როცა თითქოსდა წარსულს ჩაბარდა ველურ ურდოთა შემოსევები, მომხვდურთა და მოძალადეთა თავისუფალი თარეში, სხვისი მიწა-წყლის მიტაცების წადილი და  მცდელობა, როცა ცივილიზებულმა კაცობრიობამ უარი უთხრა ყველანაირ ომებს და პლანეტა დედამიწაზე მშვიდობიანი თანაცხოვრების შეთანხმებას მოაწერა ხელი, ისევ და ისევ ქართველებს გვარგუნა ბედმა (თუ ბედის ირონიამ) კვლავ აბჯარი აგვესხა მამულის დასაცავად.

ასე იყო ოციოდე წლის წინათ... ასე იყო შარშანწინაც...

   ,,ვინ დათვალოს ზღვაში ქვიშა

    და ან ცაზე ვარსკვლავები?

   ვინ შეამკოს ღირსეულად

   ქართველ გმირთა მხარ-მკლავები?

   ვინ მოგვითხროს მათი სახე-

   საარაკო, საგმირონი?

   და ან მათზე გადმოსული

   მადლი ღვთისა და მირონი?“ 

  ბრძანა ამ ერთი საუკუნის წინათ დიდმა ქართველმა პოეტმა აკაკი წერეთელმა...

შეუძლებელიც კია უფრო სრულყოფილად და უფრო ხატოვნად გამოხატო ადამიანური მადლიერება ერისა და ქვეყნისათვის წამებულთა წინაშე.

ახმეტელი გმირები ომისა!.. გმირები ომში იბადებიან, თუმცა ომი, იმავდროულად ობლებსაც ბადებს, ბრძოლის ველზე დაცემული ვაჟკაცების შვილების სახით.

ომი, გმირებს და ობლებს რომ ბადებს, ორჯერ დაგვატყდა თავს ათასწლეულების შესაყარ-გასაყარზე...

ახმეტელი გმირები ეს ის ბიჭები არიან, რომელთა გვარ-სახელებიც ოქროს ასოებითაა ამოტვიფრული ჩვენი მშობლიური ქალაქის ცენტრში, შარშან აღმართულ მემორალურ დაფებზე, აი ისინიც:

  გიორგი ჯაფარიძე - ექიმი, რომელმა ბოლომდე უერთგულა ჰიპოკრატეს ფიცს  და სახელოვან წინაპართა გმირულ ტრადიციებს, ბრძოლის ველიდან დაჭრილი მებრძოლის   გამოყვანისას იმსხვერპლა მტრის ტყვიამ...

ბექა უშარაული – ოფიცერი, ოციოდე წლის ჭაბუკი, ბავშვობიდანვე რომ ოცნებობდა დედასამშობლოს სამსახურში ჩამდგარიყო, როგორც სამხედრო პირი... აკი, ამიტომდარჩა სამარადდჟამო ჯაროცკაცად თავისი ქვეყნისა.

ნოდარ არუთინოვი – ტანკისტი, იმ ძნელბედობის ჟამს მოხალისედ  ჩაირიცხა ეროვნულ გვარდიაში და საკუთარი სიცოცხლე უყოყმანოდ მიიტანა დედა-საშობლოს სამსხვერპლოზე.

გიორგი გამიაშვილი – მოხალისედ ჩადგა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში და პირნათალდ მოიხადა თავისი მხედრული ვალი.

მიხეილ ზურაბაშვილი – ოფიცერი, ლევან ჩაგოშვილი - მფრინავი, ომარ ქორთოშიძე - მფრინავი - დედასამშობლოს სიყვარულში ჩაფერფლილი წმინდა სანთლები. ეს ის  ვაჟკაცები არიან, რომელთაც აფხაზეთის ომში საქართველოს ტრეიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლას შესწირეს თავი.

ბესიკ მამიაური და გიორგი ანწუხელიძე– სამაჩაბლოს ომად მონათლულმა რუსეთ-საქართველოს ომმა იმსხვერპლა. ქვემო ალვნელი ვაჟკაცი გიორგი ანწუხელიძე გარკვეული პერიოდის განმავლობაში უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა. თვითმხილველთა მონათხრობის საფუძველზე ცნობილი გახდა თუში ვაჟკაცის გმირობისა და მამაცობის ფაქტები. ამის თაობაზე არაერთი სტატია დაიბეჭდა ქართულ პერიოდულ პრესაში – ,,არ დაიდარდო დედაო“!.. ,,ის ერთი ალვნელი, ალვასავით მაღალი თუში ბიჭი იყო, დღეს ის გმირია!“ და სხვა.

აი ასე იქცნენ ჩვენი დროის გმირებად ეს ჭაბუკები, რომელთა გვარ-სახელებიც უკვდავ ძეგლებად წამოიმართნენ ჩვენი ქალაქის ცენტრში.

მშობლიური ქალაქის ამ მონაკვეთში ყოველ მათგანს, ვინ იცის რამდენჯერ გაუვლია, მაგრამ აბა, როგორ წარმოიდგენდნენ, რომ სულ მალე, ამ ადგილზე  მათი ხსოვნის უკვდავყოფის ძეგლები აღიმართებოდა(?!)

ამიერიდან ისინი, ამ ადგილის მუდმივი ბინადარნი გახდნენ. მარმარილოს ცივი ქვა და ბეტონის ფილაქანი გახდა მათი სპეტაკი სულების კვარცხლბეკი, ერთგვარი სამარადჟამო განსასვენებელი და თავსასვთუმალი.

მარადისობაში გარდასახულმა ვაჟკაცებმა წარუშლელი კვალი დატოვეს მშობლიურ მიწაზე, ქვეყნის ისტორიაში შესული თავისი გვარ-სახელებით...


გიორგი  ჯაფარიძე


გიორგი უჩას ძე ჯაფარიძე დაიბადა 1964 წლის 10 ოქტომბერს ქალაქ ახმეტაში. დაამთავრა ახმეტის II საშუალო სკილა - ოქროს მედალზე.  

სწავლა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში სამკურნალო ფაკულტეტზე. 

1988 წელს დაამთავრა სასწავლებელი და განაწილებულ იქნა ადიგენის რაიონში მკურნალ ექიმად, შემდეგ გადავიდა ახალციხის ბატალიონში როგორც-სამხედრო ექიმი

1993 წლის ივლისში გარდაიცვალა ტამიშის მისადგომებთან ბრძოლაში.

გარდაცვალების შემდეგ დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის მედლით

გიორგი ჯაფარიძეს ჰყავს მშობლები, ძმა, მეუღლე და ერთი შვილი.

 

გიორგიმ სიცოცხლის ბოლო წუთამდე უერთგულა ჰიპოკრატეს ფიცს

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულმა ომმა, ბევრი სიცოცხლე შეიწირა. ძალიან ბევრი ვაჟკაცი ჩაიხუტა მშობლიურმა მიწამ, მართლაც რომ რჩეულზე-რჩეულნი. ისინი ვაჟკაცთა თავგანწირვის, ქართული სულის სიმბოლოებად იქცნენ და დარჩნენ სამარადისოდ.

ომი რომ დაიწყო გიორგი ჯაფარიძე ახალციხის სამხედრო ექიმად მუშაობდა და აქტიურად იყო ჩართული ეროვნულ მოძრაობაში.

მოუხედავად დიდი წინააღმდეგობისა და სირთულეებისა, მან მაინც შეძლო ოჩამჩირეში ჰოსპიტალის სტრუქტურულ-ორგანიზაციულად ჩამოყალიბება, კადრებით და მატერიალურად უზრუნველყოფა.

როდესაც მისი ბატალიონი ომში წავიდა, თვითონაც დიდი შემართებითა და სულისკვეთებით ამოუდგა მათ გვერდში და ხშირად წინა ხაზზე იმყოფებოდა მებრძოლებთან ერთად. 

გიორგი ჯაფარიძის გადრაცვალებასთან დაკავშირებით ორი ვერსია არსებობს:

- ტამიშის მისადგომებთან დესანტის გადმოსხმის დროს, წითელი ჯვრის მანქანა ააფეთქეს - ამ მანქანაში სხვა მებრძოლებთან ერთად გიორგიც იმყოფებოდა. ეს ინფორმაცია მისმა დედამ, ქალბატონმა ლიანამ მოგვაწოდა.

- სხვა მასალებიდან კი ვიგებთ, რომ გიორგი ფრონტის ცხელი ხაზიდან დაჭრილი ჯარისკაცის გადმოყვანის დროს დაიღუპა.

დედა - ლიანა ფუნთუშაშვილი

ოთხი წლის იყო სკოლაში რომ შევიყვანე, ეს ჩემი კი არა მისი დაჟინებული სურვილი იყო. ბაღიდან გამორბოდა და სკოლისაკენ იწევდა. მასწავლებელმა მითხრა მოვიდეს, თუ კი პროგრამას დაძლევს იაროსო. გონებაგახსნილი ბავშვი იყო, ყველაფერს ადვილად ითვისებდა, ამავდროულად ცელქი და მოუსვენარიც.

ჩვეულებრივი ბავშვი იყო, არაფრით არ გამოირჩეოდა სხვებისაგან. უყვარდა ცხოველები და ფრინველები.

ერთხელ ღუმელის ქვეშ მისი თბილი ქუდი დავინახე, მინდოდა გამომეღო, აქ რატომ დადო მეთქი, ავწიე და მის ქვეშ პატარა, მოკუნტული, სიცივისგან გათოშილი ლეკვი დავინახე, თურმე ქუჩაში ეპოვნა და გასათბობად სახლში წამოეყვანა. გულჩვილი და მოსიყვარულე იყო. ექიმის პროფესიაც  ამიტომ აირჩია. ამაზე ჰუმანური პროფესია რომელიაო იტყოდა-ხოლმე. 

ჩემს შვილებს სამშობლოს სიყვარულსა და მისთვის თავგანწირვას ბავშვობიდან ვუნერგავდი. ერთხელ ,,ცოტნე დადიანს” ვუკითხავდი ვლადიმერს (ჩემს უფროს შვილს). გიორგომ სათამაშოები გვერდზე გადადო,  თამაშს თავი მიანება, ახლოს მოვიდა და ინტერესით მისმენდა, რომ დავამთავრე, მთხოვა ,,კიდე წამიკითხე ლა” - გამიკვირდა, ამ ასაკის ბავშვისთვის ცოტნე დადიანის გმირობის ამბავი ცოტა რთულად მოსასმენი მეჩვენა.

ახლა ხშირად ვიხსენებ ხოლმე ამ ამბავს და თითქოს პარალელს ვავლებ, გიორგიმაც ხომ თავი ამხანაგებისთვის დადო.

მან ბოლომდე უერთგულა ჰიპოკრატეს ფიცს.

მამა - უჩა ჯაფარიძე

1993 წელი იყო. მაისი. ტელეფონმა დარეკა. დავიძაბე... ომში წასული შვილის პატრონი მშვიდად ვერ იქნები.

გია იყო, სოხუმიდან რეკავდა, მისი ხმის გაგონება ჩემთვის დიდი შვება იყო. მითხრა - ,,მამა დღეს ტელევიზორით გამოაცხადებენ, რომ გია ჯაფარიძე დაიღუპა”-ო და იმიტომ გირეკავ, მე არ გეგონოთო.

19 მაისს, მეუღლის დაბადების დღეზე ჩამოვიდა. თავის შვილთან ერთად სურათი გადაიღო და მეორე დღეს წავიდა. მე გავაცილე, დაფიქრებული მიდიოდა, უკან აღარ მოუხედია, წავიდა და წავიდა. ეს იყო ჩვენი ბოლო შეხვედრა.

მისი შვილი ალექსანდრე დღეს თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის მე-III კურსის სტუდენტია, მამის პროფესიას აგრძელებს, ღმერთმა ქნას, მან მაინც იცხოვროს გამთლიანებულ და გაბრწყინებულ საქართველოში.



გიორგი ჯაფარიძის მეუღლე და შვილი

კლასის ხელმძღვანელი (თინა ჩეკურიშვილი)


მე გიორგის კლასის ხელმძღვანელი გახლდით. ის ყველასგან გამორჩეული მოსწავლე იყო. ძალიან ნიჭიერი, გონიერი, მიზანდასახული ახალგაზრდა ყველაფერთან ერთად ცელქიც იყო.  მაშინ მოსწავლეები ყურძნის მოსავალის აღებაში ეხმარებოდნენ მევენახეებს. გიორგის სწავლასთან ერთად, შრომაც უყვარდა.  როცა გიორგი ჩვენთან იყო, კლასებს შორის საუკეთესონი ვიყავით.

განსაკუთრებით უყვარდა შინაური ცხოველები. რომ იტყვიან ავშიც იყო და კარგშიც. ერთი უცნაურობა კი სჭირდა, რატომღაც სურათის გადაღება არ უყვარდა.

 

გიორგი-კლასელებთან ერთად, რთველში

ფიზიკის მასწავლებელი - მალხაზ მაისურაძე


სიკეთე, ნიჭიერება, შრომის მოყვარეობა, ეს იმ დადებითი თვისებების ნაზავია, გიორგის რომ გააჩნდა. ცელქიც იყო, ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა. არ მახსოვს, მას ან მასწავლებლისათვის ეწყენინებინა ან მოსწავლისათვის,

ერთი ასეთი ეპიზოდი მახსენდება:

სკოლაში ასტრონომიული წრე მქონდა ჩამოყალიბებული, გიორგიც ამ წრეში დადიოდა.

ერთხელ აბასთუმანის ობსერვატორიაში წავედით, იქ შემთხვევით ჩემი კურსელი ვნახე, რომელიც იქ მუშაობდა. გიორგი ცნობის მოყვარე იყო და ათასი შეკითხვა დაუსვა, ჩემს მეგობარს, კაცი გადაირია, რა გონება გახსნილი ბავშვია, ასეთი საინტერესო შეკითხვები როგორ დამისვაო. 

... მერე გავიგე ომში წავიდაო. თურმე შეეძლო პირველ ხაზზე არ გასულიყო, მაგრამ მაინც გასულა. ის ნამდვილი პატრიოტი იყო.

გაზეთი - საქართველო

N26(1361) 6-12 აგვისტო 1993წ


გიორგი (გია) ჯაფარიძის უახლოესი წინაპრები რაჭიდან ბოლნისში ჩასახლდნენ, თვითონ ახმეტაში დაიბადა და გაიზარდა, თბილისში დავაჟკაცდა და კაცად საბოლოოდ მესხეთში, კერძოდ ადიგენში ჩამოყალიბდა. ის მართლაც მთელი საქართველოს შვილი იყო და ასეთივე შევიდა მარადისობაში.

ეროვნული სულის გამოღვიძებამ გიას ადიგენში მოუსწრო. სამუდამოდ დარჩება ადიგენის მცხოვრებთა ხსოვნას ის ცეცხლი, რაც ამ დანარჩენი საქართველოსაგან, თითქმის მივიწყებულ კუთხეში გიამ დაანთო.

ჭარბი, ხანდახან გაუმართლებლად ჭარბი სისხლის ფასად, საკუთარი ჯანმთელობის, ჭრილობების, მეგობართა სიკვდილის ფასად, გია და ათასობით გიასნაირი ქვეყნის, სამშობლოს პატრონებად ყალიბდებოდნენ. ხანმოკლე მშვიდობიანობის პერიოდში სახლებში მობრუნებულნიც სამშობლოს ინტერესებით, თავისი ქვეყნის ჭეშმარიტ ჭირისუფალთა თვალით ზომავდნენ ყოველივეს და თავისი ღირსების შესაბამისად იქცეოდნენ.  მშვიდობა გიასათვის სხვა ახალ საქმეთა წამოწყების შესაძლებლობას ნიშნავდა. მესხეთში მისი და მისი მეგობრების უკანასკნელად წამოწყებულ საქმეს, მიუხედავად გიას გამოკლებისა, თუ ღირსეული გაგრძელება მიეცა, საქართველო აუცილებლად იგრძნობს ამ წამოწყების  მადლს.

მუდამ რაღაცა საქმით დაკავებულს ოჯახში ყოფნისას ენანებოდა ხშირად დრო. 28 წლის ბიჭმა, იმდენი რამ მოასწრო, ბევრ ხანგრძლივ ცხოვრება გავლილსაც რომ შეშურდებოდა.ჰკითხეთ გაღვიძებულ მესხეთს, მის სამფარველო სამაჩაბლოს სოფლებს, ჰკითხეთ მის დამტირებელ ოჩამჩირეს - ბევრი ექნებათ სათქმელი საქმეში ჩახედულთ.

16 მარტს, სოხუმზე მძლავრი იერიშისას, ტელევიზორს მაცქერალმა გიამ, როცა 18-19 წლის სოხუმის დამცველები დაინახა, ქვეყნისთვის საჭირო საქმეში  ჩართულ მეგობრებს უთხრა - სირცხვილია ისინი იქ იყვნენ და ჩვენნაირი გამოცდილი ხალხი კი აქო. პირველად და უკანასკნელად წავიდა ბრძოლაში როგორც ექიმი. თუმცა გია რის გია იყო რომ დაესვენა. ხშირად ადიოდა თავის, ახალციხის  ბატალიონის მებრძოლებთან წინა ხაზზე და მათთან ერთად ,,მუშაობდა” ძველებურად. ბუნებით გონება და ხელმადლიანმა, ერთ თვეში, ოჩამჩირეში მიუხედავად ბევრი გაუგებრობისა და წინააღმდეგობისა, მაინც შესძლო ჰოსპიტალის სტრუქტურულ-ორგანიზაციულად ჩამოყალიბება, კადრებით და მატერიალურად უზრუნველყოფა.

ღირსებით სავსეს, ერთიც ჰქონდა - ალბათ მთავარი - თავმდაბლობა. ახლოს არ იკარებდა ფოტო და ტელე ჟურნალისტებს - მე რა გადასაღები ვარ, ხალხის მეტი რა არისო. ამიტომაცაა სანთლით საძებნელი, მასზე შემორჩენილი, წამიერი, შემთხვევითი კინომასალა.

ოჯახი 4 ივლისს, დედის დაბადების დღეზე ელოდა გიას, მის გარეშე მოუხდათ აღნიშვნა და თანაც ისე, რომ არც კი იცოდნენ 2 ივლისს გამთენიისას, დესანტის გადმოსხმისას რა ტრაგედია დატრიალდა. არავინ იცის იცოდა თუ არა გიამ იმ დილით, რომ დესანტს სოხუმი-ოჩამჩირის მაგისტრალის მნიშვნელოვანი ნაწილი დაკავებული ჰქონდა.

არა, რომ არ წასულიყო გია გია არ იქნებოდა. ტყუილად კი არ თქვეს, ალყიდან თავ დაღწეულმა მისმა მეგობრებმა სიამაყით - გია სხვანაირად ვერ მოიქცეოდაო და აშკარად ემჩნეოდათ, თვითონაც რომ ანალოგიურად გიას გასაჭირი გაეგოთ, უყოყმანოდ წავიდოდნენ მისი გულისათვის სიკვდილზე, მის გამოსახსნელად. სულ სხვაა საფრონტო ძმობა - ამას იქ არ მყოფი ვერასოდეს გაიგებს.

... გიას სიკვდილი ყოველგვარი თამაშის გარეშე, ბევრმა მისმა მეგობარმა მართლა არ დაიჯერა, სანამ არ ნახეს და რომ ნახეს... მე ამდენი მამაკაცის, თან ასეთი გლოვა და ლექსი არ მინახავს. 

მისმა ძმანდაფიცმა თქვა - გია საქართველოს მოუკვდაო. ჭეშმარიტად - სამშობლომ გაზარდა კაცად და სამშობლოსვე შეეწირა კაცობისა და ქართველობის შეუბღალავად.           

არა, არ მაღიზიანებს, მე მიხარია ქუჩებში მხიარული გოგო-ბიჭების შეხვედრა. მე მეამაყება რომ მათი ნაწილი ვარ, იმ ერის შვილი ვარ, გიასნაირი კაცების გაზრდა რომ შეუძლია. არ ვყოფილვართ არც ბეჩავნი, არც ჯაბანნი, არც ყველაზე საზიზღარი ერი - როგორც გაჰკივის ზოგი. ჭუჭყი ყველგანაა, ჭუჭყით არ იზომება ერი. გიაც ასე დადიოდა ქუჩებში მხიარული, ასევე უდარდელი იყო, ასევე უყვარდა სიცოცხლე და ვინ იფიქრებდა მაშინ, თუ რისი შემძლე და გამკეთებელი იყო თავისი ქვეყნისთვის. ჩემი ერის სული ხელშესახებად ძლიერდება და თუ ისეთ საქართველოს ავაშენებთ როგორზედაც გია ოცნებობდა, რომლისთვისაც თავი დასდო (და მე მწამს რომ ავაშენებთ), მაშინ არც გიას სახელს ემუქრება დავიწყება და არც მის ბიჭს გაჭირვება. ,,და ის ბიჭებიც, დღეს უდარდელად მოსეირნენი” გიას მსგავსად ,,უშიშნი ვითარცა უხორცონი”, მტკიცე ფარად დაუდგებიან საქართველოს. 

ეს მოგონებაც მათთვის უფრო დაიწერა და მუხრანის თემის არ იყოს - ,,იარონ’’...     

შალვა ივერიელი


                                                      

გიორგი შვილთან ერთად



ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში არსებობს გიორგი ჯაფარიძის სახელობის საკონცერტო დარბაზი.

ქუჩას, სადაც გიორგი ცხოვრობდა მისი სახელი ჰქვია. 


ნოდარ არუთინოვი


ნოდარ დავითის ძე არუთინოვი დაიბადა 1955 წლის 5 ნოემბერს ახმეტის რაიონში, სოფელ ქისტაურში.

1972 წელს დაამთავრა ქისტაურის საშუალო სკოლა.

აფხაზეთის ომის დაწყებამდე ნოდარი თელავის ლეგიონში მძიმე ტექნიკის სარემონტო ჯგუფის ხელმძღვანელად მუშაობდა. ომის დაწყებიდან რამოდენიმე დღეში იგი ბრძოლის წინა ხაზზე წავიდა. სამწუხაროდ ის ომის დაწყებიდან მესამე დღეს დაიღუპა. ცნობილია, რომ იგი ტანკში დაიწვა.

1993 წლის 9 ივლისს ნოდარი არუთინოვის ცხედარი მშობლიურ სოფელში გადმოასვენეს.

ჰყავს მშობლები,  მეუღლე და ორი შვილი.

მეუღლე (ქეთევან ბუტულაშვილი - არუთინოვისა)


ჩემი მეუღლე ძალიან ნიჭიერი იყო. ელექტროშემდუღებელი, მონტიორი, ავტოშემკეთებელი. ძალიან გამიჭირდება ჩამოვთვალო რამდენ ხელობას ფლობდა ნოდარი.

თუ კი ვინმეს გაჭირვებულს ნახავდა ყველას გვერდით დაუდგებოდა. კეთილი და გულისხმიერი იყო არა მარტო ნათესავ-მეგობრებისთვის, არამედ სრულიად უცნობი ადამიანების მიმართაც. ომშიც იმიტომ წავიდა, მეგობრების გვერდით რომ არ ყოფილიყო არ შეეძლო. თან სამშობლოს ვერ უღალატებდა. - მე რომ აქ დავრჩე, იქ ვინღა უნდა წავიდესო?!

წასვლისას ბიჭებს თითო ჭიქის დალევა შესთავაზა და მათ შორის ვინც პირველი დაიღუპებოდა იმისი შესანდობარი დაალევინა, თითქოს გული უგრძნობდა, რომ ეს თვითონ უნდა ყოფილიყო. იქ ფრონტზე მებრძოლებს თურმე საჭმელი შემოელიათ, მას უთქვამს სოფელში წავალ და მოვიტან რამესო, მაგრამ დაბრუნება ვერ შეძლო. ტანკი, რომელშიც ის იჯდა აფეთქდა და ვინც შიგ იჯდა ყველა დაიწვა. მეგობრები შორიდან ხედავდნენ ყველაფერს, მაგრამ საუბედუროდ მათ ვერაფერი უშველეს. 

ჩემთვის ცნობილია ის ფაქტიც, რომ თანამებრძოლებიდან პირველი იყო დაღუპულთაგანი. ბრძოლის მესამე დღეს კი ბრძოლის ველზე ექვსი მისი თანამებრძოლი დაიღუპა ერთდროულად.


შენი სიკვდილი არ გავდა სიკვდილს

და არც სიცოცხლე იყო ხანგრძლივი,

როგორ გაუძლოს გულმა ამ ტკივილს

ტირილი მინდა მაგრამ ვერ ვტირი.


დრო მიდის, მაგრამ ჩემში არ კვდება

შენი სახელი, შენი ხატება,

შენ სამუდამოდ ჩემს გულში დარჩი

ვით განთიადზე ცისკრის ნათება.

        


შვილი (ნინო არუთინოვი) 


ნოდარ  არუთინობის შვილები             

 მამა ძალიან მიყვარდა და ძალიან მენატრება. ბევრჯერ მინახია სიზმარში, ნურაფრის გეშინია, ყოველთვის შენს გვერდით ვარო, 

მახსოვს ხშირად დავყავდით მე და ჩემი ძმა სალოცავში, მდინარეზე, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და ჩვენი ქვეყნის. თითოეული კუთხე-კუნჭულის სიყვარულს გვინერგავდა. მხიარული და ხალისიანიც მახსოვს მამაჩემი. მე და ჩემი ძმა ვერაფრით ვერ ვეგუებით მის სიკვდილს, ის იმდენად ძლიერი და ყოვლისშემძლე გვეგონა...

...  არ შეგვიძლია იმის დაჯერება, რომ მამამ ვერ შესძლო ტანკიდან ამოსვლა და თავის გადარჩენა.

ჩვენ ის ყოველთვის ცოცხლად წარმოგვიდგენია. 

აკი იქცა კიდეც გმირად?!

მეგობარი - მალხაზ ზანქაიძე

მე და ნოდარი ერთად გავიზარდეთ. ჩვენმა ბავშვობამ ერთმანეთის თვალწინ გაირბინა. ის განსაკუთრებული ადამიანი იყო. ნოდარი ჩემთვის ყოველთვის ვაჟკაცობის, მეგობრობის, ერთგულების, პატრიოტიზმის ეტალონი იყო.

ომი რომ დაიწყო თელავის ლეგიონის ავიაციის ბატალიონის უფროსი ვიყავი. ნაწილშიც ჩემი და რა თქმა უნდა თავისი სურვილით წამოვიდა. ომში წასვლისას სამახსოვრო სურათებიც გადავიღეთ. წასვლა ვერაფრით ვერ გადავაფიქრებინე. მაშინ, როცა ჩვენ ყველანი, შეიძლება ითქვას ენთუზიაზმით ვიყავით წასულები, ის ჭეშმარიტი პატრიოტი, მებრძოლი სულით იყო გამსჭვალული. ომში რომ მიდიოდნენ ბიჭებმა ყველანი დავლოცეთ და უფალს შევავედრეთ: ,,ისე ჩამოდით, როგორებიც მიდიხართ”-ო, მაგრამ სამწუხაროდ მას აღარ ეღირსა ცოცხალს დაბრუნება. სახსოვრად მისი სურათები და მოგონებები დამრჩა. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული.

მასწავლებელი (ფიზიკის) - ზინა ზანქაიძე

სწავლით განსაკუთრებით არ გამოირჩეოდა, მაგრამ თავისი ბუნებით გამორჩეული ბავშვი იყო. თუ კი რაიმეს დაავალებდი, ძალიან უყვარდა თავის გამოჩენა. იქაც, ჯარშიც თურმე ასე იქცეოდა. თავი ყველასათვის შეუყვარებია. ჭეშმარიტი პატრიოტული სულისკვეთების ადამიანი იყო. ომის დროს ყველას გაუფრთხილებია წინა ხაზზე არ წასულიყო, მაგრამ არავის დაუჯერა. მისთვის მართლაც ზედ გამოჭრილია სიტყვები: ,,სამშობლოს სიყვარულში ჯილდო არ არსებობს”-ო, თუმცა მან ეს ჯილდო მიიღო. ის გმირი გახრა, ჩვენი ქვეყნის გმირი.



ბექა უშარაული                      


ბექა უშარაული დაიბადა 1971 წლის 21 მაისს ქალაქ ახმეტაში. დაამთავრა ახმეტის I  საშუალო სკოლა. 

1989 წელს გაიწვიეს სამხედრო სავალდებულო სამსახურში. ამავდროულად ჩაირიცხა ქალაქ როსტოვის (უკრაინა) უმაღლეს სამხედრო საზღვაო სასწავლებელში.

1991 წელს სამშობლოში დაბრუნდა და  სწავლა გააგრძელა თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში (დაუსწრებლად). პარალელურად მსახურობდა ქართულ ჯარში, ე.წ. თელავის ლეგიონში.  სორედ ამ პერიოდს დაემთხვა აფხაზეთის ომი და ბექაც ერთერთი პირველთაგანი ჩადგა საქართველოს ტერიტორიული ერთიანობისათვის ბრძოლაში.

მან ღირსეულად მოიხადა ვალი მამულის წინაშე.

1993 წლის 9 ივლისს ტამიშის მისადგომებთან გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე. 

ჰყავს ძმები.

ძმა - ჯარჯი უშარაული


როდეაც ჩემი ძმა, ბექა, აფხაზეთში წასვლას აპირებდა, დედა წინააღმდეგი იყო და ცდილობდა გადაეფიქრებინა ომში წასვლა. ბექა ეუბნებოდა: ,,დღეს საქართველოს ძალიან უჭირს, აფხაზეთში ახალგაზრდა ბიჭები იხოცებიან, ზოგიერთები ისეთები არიან, ავტომატი პირველად რომ უჭირავთ ხელში, მე კი აქ ვიყო მშვიდად, შორიდან ვისმენდე მათ ამბებს და არხეინად ვიარო? მე არ წავიდე, ის არ წავიდეს, მაშ ვიღამ დაიცვას ჩვენი ქვეყანა?! დღეს თუ აფხაზეთი არ დავიცავით, ხვალ სხვა ტერიტორიას წაგვართმევენ და მერე რა ვქნათ“?!

დედა გულდასმით უსმენდა, შვილის ნათქვამში ჭეშმარიტება ისმოდა, თუმცა თვითონაც იცოდა, რომ ეს ასე იყო და არც უკვირდა შვილის საქციელი, სამშობლოს სიყვარული და მისთვის თავდადება ხომ თვითონ ჩაუნერგა თავის პირმშოს, მაგრამ დედის გული, ძალზე სათუთი და მგრძნობიარე ვერ ეგუებოდა შვილის ომში წასვლას, ბექას ხომ სიკვდილისთვის უნდა ჩაეხედა თვალებში. 

ჩემი ძმა ვაჟკაცური, სამართლიანი და მებრძოლი სულის ადამიანი იყო .ბავშვობიდან კარგად ხატავდა, მისი ნახატები სულ ბრძოლის მომენტებს ასახავდა. ცხენზე ლამაზად, ვაჟკაცურად ამხედრებულ შეიარაღებულ მხედრებს, ომის ქარცეცხლს. ამ ნახატების მნახველ ადამიანს არ არსებობდა ბრძოლის სურვილი და ჟინი არ გასჩენოდა. 

ბევრი ძმაკაცი და მეგობარი ჰყავდა, ისინი დღესაც დიდი სიყვარულით იხსენებენ ბექას მამაცობას, თვითონ არ უყვარდა საკუთარ თავზე ლაპარაკი.

ერთხელ, როცა ზვიად გამსახურდიას ებრძოდნენ და თბილისში მთავრობის სასახლით აღება უნდოდათ კიტოვანისა და იოსელიანის შეიარაღებულ დაჯგუფებებს, ბექას ამხანაგებთან ერთად რუსთაველის ქუჩის  მახლობლად გაუვლია (მაშინ იქ ბრძოლა მიდიოდა). უცებ, რამდენიმე მეტრის მოშორებით ახალგაზრდა ბიჭს ,,ბრმა“ ტყვია მოხვედრია და იქვე ასფალტზე დაცემულა. ახლოს მისვლას ვერავინ ბედავდა, ის საბრალო კი შველას ითხოვდა, მაშინ ბექა გაქცეულა, აუყვანია და სამშვიდობოს გამოუყვანია.

ეს ყველაფერი ბექას ამხანაგმა მომიყვა. 

**    **    ** 

1993 წლის ივლისში, როდესაც ჩემი ძმა ჩამოასვენეს მისი მეგობრები ბექას გმირობის კიდევ ერთ ამბავს ყვებოდნენ... 

რამდენიმე დღით ადრე, სანამ ჩემი ძმა დაიღუპებოდა, ერთერთი შეტაკების დროს ჩვენი ტანკი აუფეტქებიათ, იმ ტანკში თურმე სხვა მებრძოლებთან ერთად ქისტაურელი ტანკისტი ყოფილა (როგორც შემდეგ გავიგეთ ნოდარ არუთინოვი). ცეცხლმოკიდებულ ტანკში ბიჭები იწოდნენ.  ბექა აკოფიდან ამოსულა და შუა ბრძოლის დროს ტანკიდან ნახევრად დამწვარი ვაჟკაცები ამოუყვანია, სამწუხაროდ ვერ გადაარჩინა, მაგრამ ის რომ არა, მათ ნეშტსაც ვერ ჩამოასვენებდნენ სოფელში.

თუმცა მიჭირს, მაგრამ მაინც, დაურულებლად შემიძლია ჩემს ძმაზე საუბარი, თამამად შემიძლია ვთქვა, ვინც მას იცნობდა ყველას მხოლოდ კარგი მოგონებები დარჩა მეხსიერებაში. 


ბექას თანამებრძოლი - თენგიზ ექვთიმიშვილი

ბექას ბავშვობიდან ვიცნობდი, ჩემს მეზობლად ცხოვრობდა და თითქმიე ერთად ვიზრდებოდით, შემდეგ ალვანში გადავიდნენ საცხოვრებლად. შევხვდით მაშინ, როდესაც უკვე დავაჟკაცებულები ვიყავით. 

1994 წელი იყო. საქართველოში დიდი არეულობა დაიწყო. მაშინდელი მთავრობის მოწოდებით კახეთის რწმუნებულმა გელა გოდერძიშვილმა რეგიონში შექმნა მოხალისეთა ჯგუფები, რომლებიც გადაგზავნილ იქნენ აფხაზეთში, ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად.

ამ დროისათვის ჩვენს რაიონში ზაქრო ქინქლაძის ხელმძღვანელობით, შეიქმნა მოხალისეთა ჯგუფი, სადაც ერთად მოვხვდით მე და ბექა უშარაული. 

მისი ნახვა გამიხარდა და გამიკვირდა კიდეც, იმ თვალსაზრისით, რომ ვიცოდი საქართველოში არ იმყოფებოდა და უკრაინაში იყო წასული, სამხედრო-საძღვაო სასწავლებელში იყო წასული. ჩემს მეგობარს როგორც კი გაეგო დედასამშობლოს გასაჭირი, მაშინვე წამოსულიყო და მოხალისეთა კლუბში ჩაეწერა.

ორი თვე ვიბრძოდით ტამიშის მისადგომებთან, შემდეგ ჩამოვედით, მაგრამ რამდენიმე დღეში გავიგე, რომ ბექა ოჯახის წევრებისგან მალულად გაპარულიყო, თელავის მე-7 ბატალიონში, რომელიც იმ დროისათვის კომპლექტდებოდა და ასმეთაურად დაენიშნათ.

1992 წელს, ტამიშის მისადგომებთან დესანტი გადმოსხეს, იმ დროს ბექას ბატალიონი სწორედ აქ იბრძოდა და ამ ბრძოლას შეეწირა ჩემი და ყველა ჩვენთაგანის საამაყო ვაჟკაცი  ბექა უშარაული.

მასწავლებელი - ეთერ კაციაშვილი


ბექა უშარაული - არასოდეს დამავიწყდება ეს ონავარი ბავშვი. მას დაწყებით კლასში ვასწავლიდი. მართალია ის ზრდილობიანი, გონიერი და ბეჯითი იყო, მაგრამ გამოირჩეოდა დიდი იუმორით: დედა, ქალბატონი ნორა დიდ ყურადღებას იჩენდა ბავშვის სწორად აღზრდასა და კარგი აკადემიური მოსწრების მიმართ.

მინდა გავიხსენო ერთი შემთხვევა, თუმც ეს მოხდა მე-IX  კლასში. მე მათ რა თქმა უნდა აღარ ვასწავლიდი, მაგრამ როგორც ყოველთვის ჩემს ყოფილ მოსწავლეებთან მაქვს კონტაქტი, მით უფრო, რომ მის კლასში სწავლობდა ჩემი ქალიშვილიც.

ერთ დღეს ბექამ და მისმა კლასელებმა დაინახეს სკოლის დირექტორი ბატონი ალექსანდრე ბაკურიძე როგორ გაბრძანდა სკოლის ეზოდან. მათ ეგონათ დააგვიანდებოდა მოსვლა, მოილაპარაკეს და კედლიდან ჩამოხსნეს პროფესორ  ვეკუას სურათი, მაგიდას ააძრეს ზედაპირი, ბექას სურვილით (რადგან ტანით იგი უფრო მორჩილი იყო) ზედ დაასვენეს და მოაწყვეს ,,სამგლოვიარო პროცესი”. წინ ვეკუას სურათი, ერთ-ორ გოგონას ყვავილები დააჭერინეს და შემდეგ ,,ვითომ მიცვალებული”.

პატივცემული დირექტორი მალე დაბრუნდა სკოლაში. სკოლის ეზოში რომ შემობრძანდა შემთხვევით დაინახა ეს ,,საშინელი პროცესი” (ხშირად იგონებდა: ,,მუხლები სულ მომეკვეთა, კინაღამ გული გამისკდა, ეს რა ხდებაო გავიფიქრე, ისე ავირბინე კიბე არც ამომისუნთქიაო) ისინი ერთმანეთს სამასწავლებლოს წინ-ფოიეში შეხვდნენ.

ბავშვები არ მოელოდნენ დირექტორს და რა თქმა უნდა უცებ გაიქცნენ, ხოლო იმ ოთხმა ბიჭმა ხელი გაუშვეს მაგიდის ზედაპირს და იქიდან რომ ბექა გაიქცა დირექტორის დანახვაზე რა დაემართებოდა თვითონაც კარგად მიხვდებით.

ადრე სიცილით ვიგონებდით ამ ამბავს, ახლა კი... ბექას წასვლის შემდეგ გულის ტკივილით ვიხსენებთ.

რას ვიფიქრებდით, რომ ეს ონავარი ბავშვი ასე გმირულად შესწირავდა თავს თავის თანაკლასელების, თანასოფლელების და სრულიად საქართველოს მომავალს, მის ერთიანობას.

ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული.


 

ბექა უშარაული თანაკლასელებთან ერთად

კლასელი - შორენა ყიფშიძე


კლასში ყველას უყვარდა, გამორჩეულად არავისთან მეგობრობდა.  ცდილობდა გაკვეთილებზე აქტიური ყოფილიყო. უყვარდა მასწავლებლებთან კამათი (გაკვეთილის შესახებ).

ერთ მომენტს გავიხსენებ: დასვენებაზე კლასში ვცელქობდით, ბექამ ერთ-ერთ კლასელს წიგნებით სავსე ჩანთა ესროლა, ჩანთა მინას მოხვდა და გატყდა, ხმაურზე დირექტორი შემოვიდა, დაგვტუქსა და გვითხრა, - სანამ მინას არ მოიტანთ არც ერთი აქ არ დაგინახოთო, ჩვენც მეტი რა გვინდოდა, წამოვედით და კარგად ვიხალისეთ.

აფხაზეთის ომშიც იმიტომ წავიდა, უნდოდა გამოჩენილი ყოფილიყო, თავისი თავისგან ყოველთვის გმირს ხატავდა.

კლასელებს მისი სიკვდილით ძალიან გვეტკინა გული. სამაგიეროდ ჩვენი პატარა კლასელი (ტანით პატარა იყო) გმირად იქცა. 

ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული.

     

მეგობარი - გელა მექვევრიშვილი


ჩვენი მეგობრობა სკოლის მერხიდან დაიწყო.

პირველი კლასიდანვე ერთ მერხზე ვიჯექით. მეგობრული იყო, ნიჭიერი და კარგადაც სწავლობდა. მასწავლებლის მიერ ახსნილი გაკვეთილის მაშინვე მოყოლა შეეძლო. გოგონებს განსაკუთრებული თავაზიანობით ეპყრობოდა.

ერთგული და მოსიყვარულე - ეს ის მთავარი დამახასიათებელი თვისებებია, ბექას რომ გააჩნდა. უღალატო იყო, მას ყველაფერში ვენდობოდით, არა მარტო ჩვენ - კლასელები, არამედ მთელი მისი სამეგობრო.

ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი, გაუცნობიერებელი ბავშვური გონებით, თავისი თავი მუდამ გმირად ესახებოდა. წამოიზარდა და მაინც გმირობაზე ოცნებობდა. ალბათ იმისთვის იყო დაბადებული, რომ თავი მართლაც მთელი საქართველოსათვის დაემახსოვრებინა. ოცნება აუხდა. ის გმირი გახდა.

ბექა უშარაული თანაკლასელებთან ერთად


მიშიკო ზურაბაშვილი

     

მიშიკო გერმანეს (აბრაამის) ძე ზურაბაშვილი (მიკირტუმაშვილი) დაიბადა 1973 წლის 18 მარტს ახმეტის რაიონში, სოფელ მატანში.

1990 წელს დაამთავრა მატნის II საშუალო სკოლა. 

სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა მატნის პროფ-ტექნიკურ სასწავლებელში.

1991 წელს სწავლა გააგრძელა თბილისის მსუბუქი მრეწველობის ტექნიკუმში. სასწავლებელში სწავლის დროს გაიწვიეს სამხედრო სავალდებულო სამსახურში. 

1993  წლის სექტემბერში საბრძოლველად წავიდა აფხაზეთის ომში. იმავე წელს დაიჭრა ტამიშტან.

გარდაიცვალა 1994 წლის მაისში. ჰყავს დედა და სამი და.

გარდაცვალების მერე დაჯილდოვდა „მხედრული მამაცობისათვის“  მედლით.


სამშობლოს სადარაჯოზე

მიშიკოს ტექნიკუმში სწავლის დროს მოუწია სამხედრო სავალდებულო სამსახურმა, ისიც უყოყმანოდ ჩადგა სამშობლოს სადარაჯოზე რიგით ჯარისკაცად, საიდანაც მალევე გადაიყვანეს სწრაფი რეაგირების ბატალიონის ოფიცრად.

მძიმე დღეები ედგა საქართველოს, აფხაზეთი ხელიდან გვეცლებოდა. მებრძოლი სულით გულანთებულ ვაჟკაცებს გული ბრძოლის ველისაკენ მიუწევდათ, მათ ხომ სამშობლოს ერთიანობა სურდათ. მიშიკო ერთი წუთითაც არ დაფიქრებულა ისე ამოუდგა  გვერდში ომში მიმავალ მეგობრებს. მას ხუთჯერ მოუწია ბრძოლის ველზე გასვლა. 

... ყელამდე წყალში დგომა, უძილობა, შიმშილი, ჭაობში ფიჩხებზე ძილი... ვერაფერმა გატეხა სამშობლოსათვის თავდადებულის ნებისყოფა.

სოხუმი იკარგებოდა. ქუდზე კაცს ეძახდა დედა სამშობლო. 

ომიდან მიშიკო შვიდი ჭრილობით დაბრუნდა, ორგან მკერდში იყო დაჭრილი.

ნატყვიარი ვაჟკაცი თბილისის  ქირურგიის კვლევით ინსტიტუტში დააწვინეს. 

შვიდი თვის განმავლობაში,  მზრუნველობას არ აკლებდა ქირურგიის ინსტიტუტის მედ-პერსონალი. თავისი ზრდილობითა და კულტურით ექიმებსაც ძლიერ შეაყვარა თავი.

ერთი თვით ჩამოვიდა მშობლიურ სოფელში, მოენატრა მამა-პაპური კერა. - ,,ცოტას დავისვენებ და კვლავ თბილისში გავაგრძელებ მკურნალებას”-ო...

... ის ყველას ქომაგი იყო, ვერ იტანდა უსამართლობას. როგორც ოფიცერს, ბევრი პრივილეგია ჰქონდა, მაგრამ არ იყენებდა, ქვეყნის გასაჭირის გამო, თავს ამის უფლებას არ აძლევდა.

თავისუფლება იყო და არის ყველა ქართველის სანუკვარი ოცნება და ეს სიტყვები მიშიკოს სულ თავში უტრიალებდა, მისი ბაგეებიდან ქუხდა გმირების სადიდებელი:

,,კურთხეულ იყოს, სამშობლოსათვის გადატეხილი მახვილი,

კურთხეულ იყოს სისხლი და ცრემლი სამშობლოსათვის დაღვრილი ”.

აი, რას წერდა გულჩინა ძულიაშვილი, გამოსათხოვარ სიტყვაში:


,,შენ გმირი ხარ საქართველოსი, შენი სოფელი იამაყებს შენით. შენ, ამ პატარა ბიჭმა აგვიწრიალე სულები. მე მრცხვენია, რომ იქ, აფხაზეთში შენს გვერდით არ ვიდექი. მუხლმოდრეკილი გთხოვ პატიებას ბიჭო, შენც და შენს დაგლეჯილ საქართველოსაც. იქნებ ყველა, დიდიც და პატარაც შენსავით რომ მოვქცეულიყავით, ასე გულგამოფატრული და ბოლომოგლეჯილი არ ყოფილიყო ჩვენი ბედკრული ქვეყანა. დიდება შენ და ყველა მათ, ვინც სისხლი დაღვარა.

სიკვდილი არ უნდოდა, სიცოცხლე სწყუროდა , მაგრად ამაოდ ერკინებოდა სიკვდილს სიცოცხლით გაუმაძღარი, მეოცნებე ჭაბუკის ტყვიებით დაცხრილული სხეული...


,,გზა აერია სიკვდილსა,

მიშიკო დახვდა წინაო,

ადექი, ჩემთან წაგიყვან,

აქ რას აკეთებ შინაო...


კიდევ მოვიდა სიკვდილი,

არ დაასვენა მძინარი,

წამოო, ეჭიდებოდა

ეკონებოდა მცინარი”.


28 მაისს შეწყდა სუნთქვა 21 წლის მიშიკო ზურაბაშვილისა. სიბნელე ჩაუდგა ვაჟკაცს თვალებში, იგი ვეღარასოდეს იხილავს გულის რჩეულს, დედას, დებს,  ვეღარც მეგობრებს, თანაკლასელებს, თანასოფლელებს და ვეღარც აფხაზეთის სისხლით მორწყულ მიწაზე დადგამს ფეხს, სამუდამოდ დადუმდა გმირის ბაგე.

მაგრამ სიკვდილს რა ხელი აქვს სამშობლოსათვის მებრძოლ ჯარისკაცთან. მიშიკო მხოლოდ გარდაიცვალა და უქრობ კელაპტრად აენთო ივერიის ცაზე. იქ შეუერთდა გმირ წინაპართა დასს.

21 წლის ოფიცერი გმირულად დაეცა, მხოლოდ დაეცა და ამაღლდა ზეცად.

ადამიანი მხოლოდ ერთხელ იბადება და სიკვდილიც ერთხელ ეწევა. რა სჯობს სახელოვან სიკვდილს, მამულისთვის სიკვდილს? რა მშვენიერი სიკვდილით მოკვდი, (თუ შეიძლება ასე ითქვას) შენ ხომ მკვდარი არ ხარ და მხოლოდ გძინავს, ,,ყვავ-ყორნებთან’’ ნაბრძოლს, ნაომარს.

უკვდავებისათვის ერთი წამია 21 წელი. უფალმა მაინც გაზიარა უკვდავებას. ალალი იყოს, შენზე დაღვრილი თითოეული ქართველის ცრემლი.

დედა - ლიდა მიკირტუმაშვილი

ჩემი შვილი ყველასგან გამორჩეული იყო. უფალმა დაანათლა ის თვისებები, რაც თანატოლებისგან განასხვავებდა. შეიძლება ითქვას, მეტისმეტად მგრძნობიარე იყო. 

კარგად მახსოვს მისი შემართება ბრძოლაში წასვლის წინ. ხუთჯერ მიბრუნდა ბრძოლის ველზე და არც ერთხელ არ დაუწუწუნია, სადაც ჩემს ქვეყანას უჭირს იქ უნდა ვიყოვო, დამაჯერებლად აცხადებდა და ვინ იყო მის ნათქვამს წინ აღსდგომოდა. უკანასკნელი ბრძოლის დროს კი მიშიკო სასიკვდილო ჭრილობებით დაგვიბრუნდა,ბევრს ვეცადეთ, მაგრამ ჩემს შვილს სიცოცხლე ვერ შევუნარჩუნეთ.

            ის მოკვდა ისე, როგორც ეკადრებოდა მისნაირ ვაჟკაცს.

მიშიკოს დედას, ქალბატონ ლიდას შეუძლია სიამაყით წარმოთქვას შემდეგი სიტყვები: ,,ეჰა, ამ დღისთვის გაგიზარდე მამულო  შვილი, სიცოცხლე მივეც, რომ შეიძლოს შენთვის სიკვდილი.