გაბადაძე კონსტანტინე – (1867-1932), მღვდელი. დაიბადა მღვდლის ოჯახში.
დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის სამი კლასი. ქართულ ენაზე წმ. წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი გელათის მონასტერში ისწავლა, სლავურ ენაზე კი ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის კარის ეკლესიაში. 1890 6. 19 ოქტომბერს ქუთაისის სასაფლაოს მთავარანგელოზთა ტაძრის მეორე მედავითნედ დაინიშნა. 1891 წ. 25 სექტემბერს ქუთაისის მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს ტაძარში გადაიყვანეს. 1895 წ. 13 მარტს სამრევლო საბჭომ პეტრე-პავლეს ტაძრის მშენებლობის დასამთავრებლად დაავალა შეეგროვებინა კეთილმნებელობითი შეწირულება, რასაც მან გაართვა თავი. 1895 წ. 2 ნოემბერს ქუთაისის სასაფლაოს მთავარანგელოზთა ტაძრის პირველ მედავითნედ დაინიშნა. 1901 წ. 6 თებერვალს ქუთაისის საფიჩხიის ამაღლების ტაძრის პირველ მედავითნედ დაადგინეს. 1910 წ. 31 ოქტომბერს იმერეთის ეპისკოპოსმა გიორგიმ (ალადაშვილი) დიაკვნად აკურთხა. 1918 წ. ქუთათელმა მიტროპოლიტმა ანტონმა (გიორგაძე, 1866-1918) მღვდლად დაასხა ხელი. 1921 წ. სოფელ ჩხარის მაცხოვრის ამაღლებისა და წმ. გიორგის ტაძრის მრევლის თხოვნით მათ სამრევლოში გადავიდა, რის გამოც ურთიერთობა დაიძაბა ტაძრის ძველ წინამძღვარი, დეკანოზ იასონ აბესაძესთან. საქმე იქამდე მივიდა, რომ მათი საკითხი 1921 წ. სექტემბერში მესამე საეკლესიო კრებაზე განიხილეს. საეკლესიო კანონების თანახმად, მღვდელი კონსტანტინე დამნაშავე გახლდათ, რადგან იგი მღვდელმთავრის ლოცვა-კურთხევის გარეშე გადავიდა სხვა სამრევლოში. ამასთან დაკავშირებით, ჩხარის ეკლესიის მრევლმა თხოვნით მიმართა საეკლესიო კრებას: „ამ მოქმედებაში მღვდელი გაბადაძე სრულიად არ არის დამნაშავე და მხოლოდ ჩვენი ბრალია. მზად ვართ მივიღოთ ღირსეული სასჯელი, მხოლოდ იგი გაბადაძე - იქმნეს განთავისუფლებული ამ საქმის ბრალდებულებისაგან. ვსთხოვთ პატივცემულ დელეგატთა კრებას, რათა მიიღოთ ამ საქმეში მხურვალე მონაწილეობა და სთხოვოთ პრეზიდიუმს, რათა გაბადაძე იქმნეს გათავისუფლებული, ვინაიდან მას არა აქვს არავითარი დანაშაულობა და დარჩეს იგი ჩვენში მღვდლად, რადგან ჩვენ და მღვდელ გაბადაძემ ძალიან კარგად გავიცანით ერთმანეთი და მამაშვილურის სიყვარულით ვართ ამსილი“. საეკლესიო კრების გადაწყვეტილებით, მღვდელი კონსტანტინე დატოვეს ჩხარის ეკლესიაში. ეკლესიის დევნის პერიოდში მოძღვარი უშიშრად აგრძელებდა მსახურებას, მას რამდენჯერმე მისცეს გაფრთხილება, რომ გაეხადა კაბა და გაეკრიჭა წვერი, წინააღმდეგ შემთხვევაში დაპატიმრებით ემუქრებოდნენ. შთამომავლების გადმოცემით, მოძღვარი ხშირად სახლის სარდაფში იმალებოდა. მან ბოლომდე ღირსეულად ატარა მღვდლის წოდება. 1932 წ. გარდაიცვალა მისი უფროსი ვაჟი აბო, რამაც დიდად იმოქმედა მოძღვარზე და ექვს თვეში ისიც გარდაიცვალა. მღვდელი კონსტანტინე უკანასკნელად 1932 წ. 1 ოქტომბერს იხსენიება მოქმედი სამღვდელოების რიგებში. დაკრძალულია ჩხარის საერო სასაფლაოზე.
ძმა ვარლამ პავლეს ძე გაბადაძე 1883-1954წწ მერთლ. მღვდელი დაბ. სოფ. კურსები, ტყიბული