გაბადაძე ლავრენტი – (1872-1949), დეკანოზი. დაიბადა მღვდლის ოჯახში. სწავლობდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში, რომელიც არ დაუმთავრებია. ქართულ ენაზე წმ. წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი გელათის მონასტერში ისწავლა. წლების მანძილზე მედავითნედ მსახურობდა.
1918 წ. მღვდლად დაასხეს ხელი. 1922 წ. ივნისში, კომუნისტების მიერ ეკლესიებში არსებული ქონების საყოველთაო აღწერის დროს, სოფელ ძიროვანის წმ. გიორგის ტაძრის წინამძღვრად იხსენიება. XX ს. 20-იან წლებში, სხვა მოძღვართა მსგავსად, მღვდელი ლავრენტიც კომუნისტური ხელისუფლების წნეხის ქვეშ მოექცა. გაფრთხილების მიუხედავად, მას არ მიუტოვებია ეკლესიაში მსახურება და არც ანაფორა გაუხდია. ამის გამო რამდენჯერმე დაარბიეს და დააპატიმრეს კიდეც. 1936 წ. 31 დეკემბრისთვის ჯერ კიდევ მსახურობდა. XX ს. 30-იანი წლების ბოლოს საქართველოში დაიხურა თითქმის ყველა ტაძარი, რის გამოც მღვდელი ლავრენტი იძულებული გახდა დროებით მიეტოვებინა მსახურება. 1944 წლიდან კათოლიკოს-პატრიარქმა წმ. კალისტრატემ (ცინცაძე) მღვდელი ლავრენტი სამღვდელო ხარისხში აღადგინა და ტყიბულის რაიონის სოფელ კურსებში საეკლესიო წესების შესრულება დაავალა. 1948 წ. 24 აპრილს დეკანოზის წოდება მიენიჭა. სიცოცხლის უკანასკნელი წელი თბილისში, შვილების ოჯახში გაატარა, სადაც აღესრულა კიდეც. დაკრძალულია კუკიის წმ. ნინოს ტაძრის სასაფლაოზე.
წყარო
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია