თითქმის საუკუნემ განვლო ამ ამბებიდან, მაგრამ უამრავი წმინდა სახელი და საგანგებოდ მიჩქმალული ისტორიის ეს მონაკვეთი ჯერაც უცნობი და გაუხსნელია.
ქართველ ახალმოწამეთა და ღირს მამათა საფლავები ღვაწლით განწმენდილ იმ დაფებს ემსგავსება, მარადისობამ სამუდამოდ რომ ამოტვიფრა ლოცვის სიტყვები... ამ სიტყვათა განმეორება კი, ვგონებ, ზედმეტად არასოდეს მოგვეჩვენება...
***
არ ვიცი, სად განისვენებს მამა ნიკოლოზ ქუხილავას სხეული, თუმცა როდესაც მის ცხოვრებას გადავხედე, ერთგვარად მენიშნა დაბადების თარიღი - 1878 წლის ნათლისღება... ამ უწმინდესი დღის ნათელი თითქოს მის ხანმოკლე ცხოვრებას გადასწვდა და სხვების სულებიც გადაარჩინა იმდროინდელ ავბედობას...
ძნელია, მშრალ თარიღებსა და მწირ ბიოგრაფიულ ცნობებს შორის ღვთისკაცის სიცოცხლე ამოიკითხო, მაგრამ სადღაც, რომელიღაც სტრიქონის ბოლოს თითქოს სუნთქვას იწყებს მიწის წიაღიდან ეს-ესაა ამობრწყინებული უცხო მარგალიტი...
სულ ეს არის, რაც მამა ნიკოლოზის ცხოვრების შესახებ მოვიპოვეთ:
ბიოგრაფია
მღვდელი ნიკოლოზ ქუხილავა, როგორც ვთქვით, 1878 წლის 19 იანვარს გლეხის ოჯახში დაბადებულა ზუგდიდის მაზრის სოფელ ტყაიაში.
მამამისს, კონსტანტინე ქუხილავასა და დედას, დუდუხან უბილავას მის გარდა კიდევ ოთხი შვილი ჰყოლიათ.
სწორედ ღვთისნიერმა მშობლებმა გაუღვივეს ნიკოლოზს ღვთისა და ეკლესიის სიყვარული.
როგორც მამა ნიკოლოზის პირად არქივში გადანახული ხელნაწერით ირკვევა, მას ჯერ შინ მიუღია განათლება, საეკლესიო წიგნთა კითხვა, ტიპიკონი და გალობა კი ხობის ღვთისმშობლის მიძინებისა და გელათის მონასტრებში უსწავლია.
ღვთისმსახურების სიყვარულით დიდად გამოირჩეოდა მისი უმცროსი ძმა სოფრომიც, რომელიც ნაადრევად გარდაიცვალა.
1914 წლისთვის ეპისკოპოს ლეონიდეს (ოქროპირიძე, აწ წმინდანად შერაცხული - ავტ.) კურთხევით ნიკოლოზი ჯერ ზუგდიდის მაზრის დედგესამიის მთავარანგელოზის ტაძრის მედავითნედ განაწესეს, შემდეგ, მალევე - ტყაიის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში გადაიყვანეს.
რამდენიმე წელიწადში დაოჯახდა - ცოლად წალენჯიხის რაიონის სოფელ ქვედა ლიის მკვიდრი, თავისი ოჯახივით ღვთისმოსავი ოჯახის შვილი აგრაფინა კუხალეიშვილი შეირთო.
იმავე წელს, 1919 წლის 29 ივნისს, მიტროპოლიტმა ამბროსიმ (ხელაია, შემდგომში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, აწ წმინდანად შერაცხული - ავტ.) მას დიაკვნად დაასხა ხელი და ახალშერთული მეუღლის სოფელ ქვედა ლიის წმინდა გიორგის ტაძრის დიაკვნად დაადგინა, შემდგომ კი მღვდლად აკურთხა.
სამწუხაროდ, კომუნისტების სისასტიკეს ვერც ეს ხის ლამაზი, პატარა ტაძარი გადაურჩა - 1924 წელს ბოლშევიკთაგან გაქეზებულმა ხალხმა დააქცია. მაგრამ ამ უბედურებით შეძრულ მამა ნიკოლოზს თითქოს მეტი ძალა მიეცა ღვთისგან.
გაავებულმა ბოლშევიკებმა ხან მუქარით სცადეს მისი დაყოლიება, ხანაც ხერხით - წირვა-ლოცვას თუ შეწყვეტ და ღმერთს უარყოფ, სოფლის თავკაცად დაგადგენთო. მაგრამ ვერას გახდნენ: სულს ხორცზე არასოდეს გავცვლიო, - პასუხობდა...
მიუხედავად იმისა, რომ მამა ნიკოლოზის ოჯახს არაფერი ებადა, მაინც გააკულაკეს და ფანტასტიკური ბეგარა დაადეს: მართალია, ამ მხარეში თამბაქოს არ აშენებენ, მაგრამ როგორც გინდა, ისე მოიყვანე ერთ ჰექტარზე, სოიაც დათესე და თუ მოსავალს არ ჩაგვაბარებ, ციმბირს უკან დაგატოვებინებთო...
რაც შეეხება დაქცეული ტაძრის ნაწილებს, სოფლის ცენტრში დააგროვეს და შემდეგ კულტურის სახლი ააგეს...
იმ დღეს, როდესაც ტაძარს აქცევდნენ, ბოლშევიკთა შიშით, ვერც ერთმა მამაკაცმა ვერ გაბედა ახლოს მისვლა, მხოლოდ ქალები მოთქვამდნენ და გულში იკრავდნენ ღვთის სახლიდან გამოყრილ სიწმინდეებს და საკუთარ სახლებში აბინავებდნენ... არც მოძღვარი ემეტებოდათ და სთხოვეს - იქნებ თქვენს ბინაში მაინც გააგრძელოთ მსახურებაო...
ამ განსაცდელში მყოფი მოძღვარი 1925 წელს, ყოვლადსამღვდელო სვიმეონის (ჭელიძე) ლოცვა-კურთხევით, ისევ ტყაიის წმინდა გიორგის ტაძარში გადმოიყვანეს...
რა აღარ გადახდა თავს მამა ნიკოლოზს: ზოგი ფარულად ემტერებოდა, ზოგიც - აშკარად, ხან შეურაცხყოფდნენ, ხან ემდურებოდნენ, მაგრამ ვერ გატეხეს... ხშირად მიჰყავდათ ზუგდიდის ჩეკაში, ხან რამდენიმე დღეს ჩაამწყვდევდნენ, მაგრამ მღვდლობაზე უარი მაინც ვერ ათქმევინეს...
დღე არ გავიდოდა, საღამოს ხელისუფლებისგან სულმოწამლული ადამიანები მათ სახლთან არ მისულიყვნენ და ყვირილით არ შეეწუხებინათ - გამოვიდეს ნიკო, რას გვემალება, უნდა გავპარსოთ და დავაპატიმროთო... ამგვარი რამ მისი გარდაცვალების შემდგომაც არ შეწყვეტილა.
გავიდოდა მამა ნიკოლოზი, ადამიანის სახედაკარგულ თანასოფლელებს როგორღაც დააშოშმინებდა, მაგრამ მომდევნო დღეს მაინც იგივე მეორდებოდა...
ასე დევნილი და საარსებო წყაროს მოკლებული მოძღვარი ერთ დღესაც უფროს ვაჟთან ერთად ზუგდიდს წასულა ურმით ღვინის გასაყიდად და იმ თანხით საზრდოს შესაძენად, მაგრამ გზაში შეუძლოდ გამხდარა. სასწრაფო ქირურგიული ჩარევა გამხდარა საჭირო, მაგრამ საავადმყოფოში ექიმებს რომ გაუგიათ, ავადმყოფი მღვდელიაო, ოპერაციაზე უარი უთქვამთ...
მართალია, ახლობელთა ჩარევით ოპერაცია მაინც გაუკეთეს, მაგრამ ნაგვიანევი აღმოჩნდა - მამა ნიკოლოზი სულ მალე, 1932 წლის 26 აგვისტოს, საავადმყოფოში მიიცვალა.
მას სამი მცირეწლოვანი შვილი, ძველი ხელნაწერები და მდიდარი ბიბლიოთეკა დარჩა, რომელიც დღემდე სათანადოდ არ შესწავლილა...
მორწმუნე მრევლი, საშიშროების მიუხედავად, მაინც გაჰყვა მამა ნიკოლოზს უკანასკნელ გზაზე და გულიდან ამოტანილი წრფელი სიყვარული ცრემლად დაადინა მის პატიოსან ცხედარს.
მასალის მოწოდებისთვის მადლობას მოვახსენებთ ბატონ დემურ ჯიქიას
სტატიის ავტორი: მანანა ტუაევა