თოლორაიების საგვარეულოს წარმომადგენელი სასულიერო პირები მოღვაწეობდნენ როგორც კორცხელის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის მიძინების
ტაძარში, ასევე სხვა ეკლესიებში.
1846 წლის ცნობით, ამ დროს კორცხელის ტაძარში მსახურობს მღვდელი სვიმონ თოლორაია (15, გვ. 62). კორცხელის
ტაძრის კანკელის 1858 წლის მხედრულ წარწერაში მოხსენიებულია მთავარხუცესი მღვდელი დიმიტრი თოლორაია
(39, გვ. 201-202). იოსებ ქობალიას ცნობით, მამა დიმიტრი უნდა ყოფილიყო კორცხელში 1874 წელს გახსნილი სკოლის გამგე, მისი შვილი სამსონ თოლორაია
კი მასწავლებლად მუშაობდა ამ სკოლაში, 90-იანი წლების დასაწყისისათვის
სამრევლო-საეკლესიო სკოლის გამგეა მთავარხუცესი დეკანოზი ნიკოლოზ თოლორაია (44, გვ. 41, 42).
1895 წლის მონაცემებით, კორცხელის ტაძარში მსახურობდა მოძღვართმოძღვარი, მღვდელი ეგნატე თოლორაია (41,
გვ. 11). სოხუმის ეპისკოპოსმა სერაფიმემ (ჩიჩაგოვი) ნესტორ სვიმონის ძე თოლორაია (სამღვდელო
ოჯახიდან) 1905 წლის სექტემბერში ჯერ დიაკვნად აკურთხა, შემდეგ კი მღვდლად დაასხა ხელი და სამურზაყანოში,
სოფელ ჩხორთოლის წმ. გიორგის ეკლესიაში, განაწესა. მამა ნესტორი წლების განმავლობაში ნაყოფიერად მოღვაწეობდა,
იყო ამავე სოფლის სამრევლო-საეკლესიო სკოლის გამგე და საღმრთო სჯულის მასწავლებელი (43). 1900-იანი წლების დასაწყისში
სააფაქიო ენწერის სკოლის მმართველი და მასწავლებელი იყო მღვდელი კონდრატე თოლორაია (42).
გვ261
გრიგოლ თოლორაიამ, დეკანოზ ნიკოლოზ თოლორაიას შვილმა, განათლება სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელში მიიღო.
იგი გურია-სამეგრელოს ეპარქიის ეპისკოპოსმა გრიგოლმა (დადიანი) 1896 წელს ზუგდიდის ვლაქერნის
ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის ტაძარში მედავითნედ განაწესა. შემდგომ გადაიყვანეს პატარა კოკის ღმრთისმშობლის ეკლესიის მედავითნედ.
1896-1897 წლებში მასწავლებლად მსახურობდა ადგილობრივ სკოლაში. საეკლესიო ტიპიკონი, საღმრთო წერილის კითხვა და სხვა საღვთისმეტყველო
საგნები შეისწავლა ქუთაისში, მღვდელ ალექსი გიორგაძესთან.
1900 წელს სამღვდელო გამოცდები ქუთაისის გამომცდელ კომისიას ჩააბარა. 1903 წელს ეპისკოპოსმა ალექსანდრემ
(ოქროპირიძე) იგი დიაკვნად აკურთხა, ხოლო იმავე წელს მღვდლად დაასხა ხელი ხიბულის მთავარანგელოზის ეკლესიის
სახელზე. მამა გრიგოლი იმავდროულად დადგენილ იქნა ოლქის მთავარხუცესის თანაშემწედ. 1905 წელს ეპისკოპოსმა
დიმიტრიმ (აბაშიძე) პატარა კოკის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ეკლესიაში მღვდლად გადაიყვანა. ეპისკოპოსმა
გიორგიმ (ალადაშვილი) 1906 წელს გადმოიყვანა კორცხელის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად.
მამა გრიგოლს კეთილსინდისიერი სამსახურისათვის მიღებული ჰქონდა მაღალი ხარისხის ჯილდოები.
როგორც ადგილობრივი მცხოვრებლები ჰყვებიან, მამა გრიგოლს სოფელში ავტორიტეტი ჰქონდა. კომუნისტები
მას ვერაფერს უბედავდნენ. საბჭოთა ხელისუფლების მიერ ეკლესიის დაკეტვის შემდგომ იგი სამღვდელო სამოსელს მუდამ ატარებდა და
სახლში აღავლენდა მღვდელმსახურებას, სოფელში მოუნათლავს არავის ტოვებდა (50).
მამა გრიგოლ თოლორაია გარდაიცვალა 1953 წლის 17 აპრილს, დაკრძალულია კორცხელის ტაძრის მიმდებარე სასაფლაოზე.
ზაურ ჯალაღონია