ქართველი ავიაკონსტრუქტორი უდიდესი მიღწევებით БЕ მისი გვარის პირველი ასოებია
გიორგი ბერიაშვილი მიხეილის ძე(1903-1979) ავიაკონსტრუქტორი გენერალი სოფ.საბუე ყვარელი კახეთი
გიორგი ბერიაშვილი(ბერიევი) მიხეილის ძე(13 თებერვალი 1903-12 ივლისი1979) ავიაკონსტრუქტორი გიორგი ბერიევი დაიბადა 1903 წლის 13 თებერვალს, თბილისში. მამა – მიხეილ ბერიაშვილი წარმოშობით სოფელ საბუედან იყო. იგი ახალგაზრდობაში თბილისში გადმოსახლდა და მუშაობა დაიწყო ქალაქის წყალგაყვანილობის ქსელში ხელოსნად. დაქორწინებული იყო ეკატერინე პროხოროვაზე. ოჯახში ოთხი შვილი იზრდებოდა.
შვიდი წლის ასაკში გიორგი მშობლებმა დაწყებით სამწლიან სკოლაში მიაბარეს, რომლის დამთავრების შემდეგ მან სწავლა თბილისის პირველ უმაღლეს დაწყებით სასწავლებელში გააგრძელა. აქ მან შვიდწლიანი განათლება მიიღო და 1919 წლის შემოდგომაზე ჩაირიცხა თბილისის რკინიგზის ტექნიკურ სასწავლებელში, რომელიც იმ დროისთვის საქართველოში ერთადერთი ტექნიკური სასწავლო დაწესებულება იყო.
1923 წელს გიორგი ბერიევმა დაამთავრა სარკინიგზო სასწავლებელი და 1924 წლის დასაწყისში თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის საინჟინრო ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. მაგრამ იგი ბავშვობიდან ოცნებობდა თვითმფრინავმშენებლობის სპეციალობის ათვისებაზე და ამიტომ 1925 წელს გადავიდა ლენინგრადის პოლიტექნიკური ინსტიტუტის გემთმშენებლობის ფაკულტეტის საავიაციო განყოფილებაზე.
1930 წელს გიორგი ბერიევმა წარმატებით დაამთავრა ლენინგრადის პოლიტექნიკური ინსტიტუტი და დატოვებულ იქნა ასპირანტურაში, რაზეც უარი თქვა, რადგან პრაქტიკული საქმიანობა უფრო იზიდავდა და მუშაობა დაიწყო საზღვაო თვითმფრინავმშენებლობის საკავშირო საავიაციო გაერთიანების საცდელ–საკონსტრუქტორო ბიუროში.
პირველი წარმატებული პროფესიული ნაბიჯების შემდეგ იგი 1930 წლის ბოლოს დაინიშნა ვ. რ. მენჟინსკის სახელობის ქარხნის ცენტრალური საკონსტრუქტურო ბიუროს ბრიგადის უფროსის მოადგილედ. მისი ხელმძღვანელობით 1932 წელს შეიქმნა საზღვაო ახლო მოქმედების სადაზღვევო თვითმფრინავი МБР-2, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ჰიდროავიაციას.
1934 წელს ავიაკონსტრუქტორი გადაიყვანეს ქ. ტაგანროგის №31 საავიაციო ქარხანაში. ამ აზოვის ზღვისპირა ქალაქში გიორგი ბერიევმა ჩამოაყალიბა საზღვაო თვითმფრინავმშენებლობის ცენტრალური საკონსტრუქტორო ბიურო, რომლის ხელმძღვანელიცა და მთავარი კონსტრუქტორიც თავად იყო 1968 წლამდე.
მეორე მსოფლიო ომის დროს მოხდა ბიუროს ევაკუირება ციმბირში. ომის დასრულების შემდეგ კი ბიურო ისევ ტაგანროგში დააბრუნეს. მალევე საბჭოთა კავშირის შეიარაღებაში შევიდა მაღალი მახასიათებლების მქონე ბერიევის ჰიდროთვითმფრინავი БЕ –6. მისი ხელმძღვანელობით ასევე შეიქმნა წყალქვეშა ნავების საწინააღმდეგო თვითმფრინავი ამფიბია БЕ-12, რომლის სხვადასხვა მოდიფიკაციები დღესაც არის მსოფლიოს მრავალი არმიის შეიარაღებაში. ეს თვითმფრინავები საცდელ ფრენებს საქართველოში პალიასტომის ტბაზე გადიოდნენ.
1947 წლის მაისში გიორგი ბერიაშვილმა მუშაობა დაიწყო ტურბორეაქტიულძრავიან ექსპერიმენტულ მფრინავ ნავზე. პროექტის ინიციატორი თავად კონსტრუქტორი გახლდათ. 1948 წლის 12 ივნისს საბჭოთა მთავრობამ მიიღო შესაბამისი დადგენილება რეაქტიული თვითმფრინავების პროექტირების შესახებ. პროექტის მიხედვით, მფრინავი ნავი უნდა გამოეყენებინათ, როგორც მზვერავი და ბომბდამშენი. 1952 წლის 30 მაისს Р-1-მა პირველი გაფრენა განახორციელა. Р-1 იყო პირველი რეაქტიული ჰიდროთვითმფრინავი სსრ კავშირში.
გიორგი ბერიევის ხელმძღვანელობით შეიქმნა თვითმფრინავები: სტალ–6, სტალ–7; ჰიდროთვითმფრინავები: МБР-2Б, МП-1, МП-1Т, სახომალდო კატაპულტირებით КОР-1 და КОР-2, БЕ-6, რეაქტიული ნავი БЕ-10, მფრინავი ამფიბიები БЕ-12 და БЕ-12ПС, МДР-5, МВР-7, ЛЛ- 143, БЕ-8 Р-1 Б-14; სამგზავრო ВЕ-30(БЕ-32); საცდელი თვითმფრინავი – იარალი П-10.
გიორგი ბერიაშვილის მიერ შექმნილი ჰიდროთვითმფრინავების ნიმუშები 1961 წელს დემონსტრირებული იყო პარიზის საავიაციო სალონზე, ხოლო 1966 წელს ტურინის საავიაციო სალონზე.
БЕ ინდექსი ბერიევის გვარის პირველი ასოებია. ბერიევის სახელობის საკონსტრუქტორო ბიურო დღემდე უშვებს საზღვაო ავიაციის ახალ მოდელებს ამ ინდექსით.
გიორგი ბერიაშვილის მაღალ პროფესიულ ავტორიტეტზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ იგი წლების მანძილზე იყო სსრკ–ის მინისტრთა საბჭოსთან არსებული საავიაციო ტექნიკის სახელმწიფო კომიტეტის, გემთმშენებლობის სახელმწიფო კომიტეტისა და სამხედრო–საზღვაო ფლოტის ავიაციის სამეცნიერო–ტექნიკური საბჭოს წევრი. მას მინიჭებული ჰქონდა ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორისა (1961) და საინჟინრო ტექნიკური სამსახურის გენერალ-მაიორის (1951) წოდება. იგი ორჯერ გახდა სსრკ სახელმწიფო პრემიების ლაურეატი (1947 წელს БЕ-6–სთვის, 1968 წელს БЕ-12 –სთვის). დაჯილდოებული იყო: ორჯერ ლენინის ორდენით, ასევე, წითელი დროშის ორი ორდენითა და მრავალი მედლით.
1968 წელს გიორგი ბერიევი პენსიაზე გავიდა. სიცოცხლის ბოლო წლებში იგი სამეცნიერო მოღვაწეობას ეწეოდა ქ. მოსკოვში. იქვე გარდაიცვალა 1979 წლის 12 ივლისს. დაკრძალულია კუნცევოს სასაფლაოზე. გიორგი ბერიევის სახელს ატარებს ქ. ტაგანროგის საავიაციო სამეცნიერო ტექნიკური კომპლექსი, სადაც 2003 წელს დიდი პატივით აღნიშნეს მისი დაბადებიდან 100 წლისთავი.