რომ არა კოროლიოვი და ალფაიძე, რუსეთს კოსმოსში გასასვლელი საკუთარი "კარიბჭე" არ ექნებოდა
...1991 წლის ბოლოს, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, ქვეყნის მთავარი კოსმოდრომი, საიდანაც მსოფლიოში პირველი კოსმონავტი იქნა გაშვებული, ყაზახეთის ტერიტორიაზე დარჩა. ისეთი წამყვანი "კოსმოსური" ქვეყანა კი, როგორიც საბჭოთა კავშირის მემკვიდრე რუსეთია, საერთოდ უკოსმოდრომოდ დარჩებოდა, რომ არა ქართველი გენერალი, რომელმაც გასული საუკუნის 60-იან წლებში მეორე კოსმოდრომი ააგო და თანაც, რუსეთის ტერიტორიაზე.
ეს გახლდათ საბჭოთა კავშირის გმირი, 11 ორდენისა და 22 მედლის
კავალერი, გენერალ-ლეიტენანტი
გალაქტიონ ელისეს ძე ალფაიძე. მისი გვარი და სახელი ქართული საზოგადოებისთვის თითქმის არ არის ცნობილი და არცაა გასაკვირი, რადგან საბჭოთა პერიოდში, გალაქტიონ ალფაიძის, როგორც სტრატეგიული მნიშვნელობის კოსმოდრომის ხელმძღვანელის ვინაობას არ ამხელდნენ.
გალაქტიონ ალფაიძემ, ფაქტობრივად, ხორცი შეასხა ცნობილი კონსტრუქტორის, სერგეი კოროლიოვის იდეებს.
რომ არა ალფაიძე და მის მიერ აგებული კოსმოდრომი, ვერ მოხერხდებოდა მრავალი სახეობის კოსმოსური რაკეტა-მატარებლისა და სტრატეგიული პოლიტიკური რაკეტის გამოცდა.
გენერალ ალფაიძის მოკლე ბიოგრაფიაში ძალიან ძნელია ჩვენება, თუ რა გამძლეობა და ნებისყოფა დასჭირდა მას, რომ მკაცრ ჩრდილოეთში, არხანგელსკის ოლქში, რუსეთის პირველი კოსმოდრომი "პლესეცკი" აეშენებინა.
როგორც მოგეხსენებათ, 60-იანი წლების დასაწყისში საბჭოთა კავშირს მხოლოდ ერთი კოსმოდრომი ჰქონდა და ისიც ყაზახეთის სტეპებში, სადაც კოსმოდრომის მომსახურე პერსონალს მუშაობა მძიმე კლიმატურ პირობებში უხდებოდა, თანაც ბაიკანური მოსკოვიდან დიდი მანძილით იყო დაშორებული.
ფოტო: გენერალ ალფაძის მიერ აშენებული პლესეცკის რუსული კოსმოდრომი
fb
იმ ხანებში, ამერიკული სამხედრო საჰაერო ბაზები მიუახლოვდნენ საბჭოთა კავშირის სამხრეთ საზღვრებს და მათ ბომბდამშენებს, საჭიროების შემთხვევაში, შეეძლოთ ბაიკანურის ჰაერიდან განადგურება. ამიტომ გადაწყდა არხანგელსკის ოლქში ახალი კოსმოდრომის აგება. ეს საპასუხისმგებლო საქმე მოსკოვმა დაავალა გენერალ ალფაიძეს, რომელიც მანამდე კაპუსტინ იარის პოლიგონის მეთაურის მოადგილე გახლდათ.
არხანგელსკის ოლქში მეორე კოსმოდრომის აშენებით მოსკოვი მარტო ბაიკანურზე აღარ იქნებოდა დამოკიდებული. გენერალმა ალფაიძემ საიდუმლო სტრატეგიული ობიექტის ბაზაზე, "ანგარაზე", 1963 წლიდან შექმნა სერიოზული ინფრასტრუქტურა, რამაც "პლესეცკის" კოსმოდრომი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მთავარ კოსმოსურ "კარიბჭედ" გადააქცია.
1966 წლიდან მოყოლებული, "პლესეცკის" კოსმოდრომიდან გაშვებული იქნა 1500-ზე მეტი კოსმოსური რაკეტა-მატარებელი და 456 ბალისტიკური რაკეტა. აქედან, საერთო ჯამში, ავარია მხოლოდ 100-მა რაკეტამ განიცადა, რაც კარგ მაჩვენებლად ითვლება.
თუმცა, ბევრი საბჭოთა სამხედრო მეთაურისგან განსხვავებით, გენერალი გალაქტიონ ალფაიძე მარტო საბრძოლო ტექნიკის გამართულობაზე როდი ფიქრობდა, დიდ ყურადღებას აქცევდა სამხედროებს, ცდილობდა მათი ოჯახების მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას და კოსმოდრომ "პლესეცკის" მომსახურე პერსონალის მიერ შექმნილ ქალაქს თავის პირმშოდ თვლიდა.
ალფაიძეს ძალიან სწყინდა, თუკი ამ ქალაქს განგებ უხიაგად მოიხსენიებდნენ.
ერთხელ, დახურულ ქალაქში მივლინებით ჩასული ორი რუსი სპეციალისტი მიადგა ქალაქის განაპირას მდგარ სახლს და გარეთ მოდარაჯე ჯარისკაცებს მასპინძლის დაძახება მოსთხოვა.
პარმაღზე გალიფე შარვლითა და პერანგის ამარა გამოსულ ულვაშებიან ვაჟკაცს მოსულებმა უდიერად მიმართეს: - ქართველო, შენთან გამოგვგზავნეს, არაყი გქონია გასაყიდიო.
ფოტო: გალაქტიონ ალფაიძე
fb
მასპინძელი - გენერალი ალფაიძე გახლდათ, რომელმაც წარბშეკვრით გადმოხედა დაუპატიჟებელ სტუმრებს. გენერალი ქვეშევრდომებს ძალიან უყვარდათ და აფასებდნენ, მაგრამ ხანდახან შეეხუმრებოდნენ ხოლმე. ახალჩამოსულებს უგზავნიდნენ - აქ ერთი ქართველი ცხოვრობს და მაგას დასალევი ყოველთვის აქვსო! ამ უბოროტო ხუმრობის მიზეზი ის იყო, რომ გენერალმა ალფაიძემ ამ დახურულ ქალაქში სპირტიანი სასმელების გაყიდვა აკრძალა, რადგან ჩრდილოეთის ყინვებში სამხედროები არაყსა და რაკეტებიდან მოპარულ ჩამოსასხმელ სპირტს ეძალებოდნენ, ლოთობდნენ, ოჯახებსაც ანგრევდნენ და რაკეტების მომსახურებასაც საფრთხეს უქმნიდნენ.
გენერალ ალფაიძეს არ სწყინდა თანაქალაქელების ეს ერთგვარი ოინბაზობა. ხშირად მართლაც შეუპატიჟებია შინ "არყის საყიდლად" მოტყუებით მიგზავნილები.
მაგრამ იმ დღეს ორმა, უკვე ნაყლაპმა უცხომ, არყის მოთხოვნის გარდა, უდიერად მოიხსენია ეს ქალაქი, სადაც არყის შოვნა ჭირდა, რაც გენერალმა პირად შეურაცხყოფად მიიღო. ორიოდ საათში ორივე, უკვე გამოფხიზლებული, დარცხვენილი სპეციალისტი, საკუთარ ქალაქში დააბრუნა.
გენერალი ალფაიძე განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა პირადი შემადგენლობის ჯანმრთელობას და მათ სპორტულ მომზადებას. თავად იოგას მისდევდა, ზამთარში ყინულიან წყალში ბანაობდა.
ფოტო: 'პლესეცკის' კოსმოდრომის მეთაურს, გენერალ-ლეიტენანტ გალაქტიონ ალფაიძეს (შუაში) სპეციალური თვითმფრინავი ემსახურებოდა. მარცხნიდან მეორე კი სტრატეგიული რაკეტების ცნობილი კონსტრუქტორი, ასევე ჩვენი თანამემამულე ალექსანდრე ნადირაძეა
fb
გალაქტიონ ალფაიძეს, როგორც კოსმოდრომის მეთაურს, სპეციალური თვითმფრინავი ემსახურებოდა, რომლითაც საბჭოთა კავშირის სხვადასხვა კუთხეში დაფრინავდა მივლინებით. მას ძალიან კარგად იცნობდნენ საბჭოთა გენერალიტეტი, კონსტრუქტორები, კოროლიოვის მარჯვენა ხელი, რაკეტების ცნობილი კონსტრუქტორი, ასევე ჩვენი თანამემამულე ალექსანდრე ნადირაძე (რომლის ბალისტიკური რაკეტით, "ტოპოლებით", რუსეთი დღესაც აშინებს ამერიკას) თავისი ნახელავის გამოცდას სწორედ გალაქტიონ ალფაიძეს ანდობდა...
ჩვენი დოსიე:
გენერალ-ლეიტენანტი გალაქტიონ ალფაიძე 1916 წლის 7 ნოემბერს დაიბადა სოფელ კურსებში. ერთხანს ელექტროტექნიკოსად მუშაობდა, შემდეგ ჩაირიცხა თბილისის საარტილერიო სასწავლებელში. 1941 წლის ოქტომბრიდან II მსოფლიო ომში იბრძოდა. უკრაინის ფრონტზე საარტილერიო პოლკს მეთაურობდა. მაიორმა ალფაიძემ ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლა გადაიხადა უნგრეთში, ბალატონის ტბასთან, სადაც მისმა პოლკმა გერმანელების 10 ტანკი, 23 საცეცხლე წერტილი და 6 საარტილერიო ბატარეა გაანადგურა. ამ ბრძოლაში იგი სამჯერ დაიჭრა, მაგრამ პოლკის მეთაურობა არ მიუტოვებია, რისთვისაც 1945 წლის 28 აპრილს საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა.
ომის დამთავრების შემდეგ ალფაიძემ გააგრძელა არმიაში სამსახური. დაამთავრა სამხედრო აკადემია და გენშტაბის სამხედრო აკადემია. 1975 წელს მიენიჭა გენერალ-ლეიტენანტის წოდება.იმავე წელს თადარიგში გავიდა, თუმცა "მოსკოვის თბოტექნიკის ინსიტუტის" დირექტორმა და მთავარმა კონსტრუქტორმა ალექსანდრე ნადირაძემ თავის მოადილედ მიიწვია, რის შემდეგ ნადირაძის "პიონერებსა" და "ტოპოლებს" სწორედ ალფაიძე ცდიდა.
გენერალ-ლეიტენანტი გალაქტიონ ალფაიძე 2006 წლის 2 მაისს გარდაიცვალა. საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე, რუსეთის ხელისუფლება მიხვდა, თუ რა "აჩუქა" რუსეთს ქართველმა კაცმა.