სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11811

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კულტ. მემკვიდრეობა ,ომების ისტორიები, სხვადასხვა
შექმნა საკუთარი ისტორია მოქალაქეების ნუსხა
კოსტანტინე პავლეს ძე ნადარეიშვილი 1879-1957წწ დედა ეკლესიის ქომაგი დაბ. სოფ. გეზათი (აბაშა) კოსტანტინე პავლეს ძე ნადარეიშვილი 1879-1957წწ დედა ეკლესიის ქომაგი დაბ. სოფ. გეზათი (აბაშა)

1879-1957 წწ. გარდ. 78 წლის

ბმულის კოპირება

შექმნა საკუთარი ისტორია მოქალაქეების ნუსხა

გვარი ნადარეიშვილი სია

აბაშა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

444       ბეჭდვა

კოსტანტინე პავლეს ძე ნადარეიშვილი 1879-1957წწ დედა ეკლესიის ქომაგი დაბ. სოფ. გეზათი (აბაშა)

დედა ეკლესიის ქომაგი კოსტანტინე პავლეს ძე ნადარეიშვილი 1879-1957წწ


სტატიის ავტორი თემო ჭახნაკია. შთამომავალი


     ეროვნულ არქივში დაცულია აბაშის სოფ. გეზათის წმ. თეოდორე ტირონის ტაძრის 1844-1850 და 1871-1916 წლების საეკლესიო ჩანაწერები. დოკუმენტური წყაროების მიხედვით 1916 წელს გეზათის ტაძრის ბოლო მღვდელი გახლდათ ლუარსაბ თევდორაძე, ხოლო მედავითნე - ეპიფანე ჯიბლაძე.       

         აღნიშნულ დროს გეზათში, ზემოხსენებული ტაძრიდან 500 მეტრში ცხოვრობდა ბებიაჩემის მამა, ხითხურო კოსტანტინე პავლეს ძე ნადარეიშვილი(1879-1957). მას 1914 წელს ცოლად შეურთავს მარნელი ქალბატონი მართა არველაძე. შესძენიათ შვილები: სონია(მავრა), ევგრაფი, თამარა, ლარვენტი, ვალერიანი და ვენერა(ბებიაჩემი მამის მხრიდან). მამაჩემის რეზო ჭახნაკიას ბაბუა - კოსტანტინე ნადარეიშვილი მამა-პაპით მეზობელ სოფელ ონტოფოდან გახლდათ და საეკლესიო გვარს ატარებდა. 1921 წლიდან, როდესაც საქართველოს გასაბჭოება მოხდა და ათეისტური წყობილება დამყარდა, კოსტანტინე კომუნისტებს დაპირისპირებია, რის გამოც მისთვის სახნავ-სათესი მიწები ჩამოურთმევიათ. 

        1924 წელს, როდესაც ტაძრების ნგრევის ბრძანება გაიცა, მას აღშფოთება გამოუხატავს და ადგილობრივ შუბლაძეებს დაპირისპირებია, რომლებსაც ხის ტაძარი უნდა დაეშალათ. ტაძარი მაინც დაუნგრევიათ და მისი ფიცრებით აგებული სახლი ახლაც დგას გეზათში. 


       ტაძრის დანგრევამდე საეკლესიო ნივთები: ჯვრისწერის გვირგვინები, შანდლები, საცეცხლური, ვერცხლის ჯვარი, სირმებიანი ოლარი, ხატები და სავარაუდოდ მე-19 საუკუნის ლიტურგიკულ-ჰიმნოგრაფიული წიგნი “მარხვანი” სხვა წიგნებთან ერთად ჩუმად წამოუღია და ოდა-სახლის სხვენზე დაუმალავს. ალბათ ხვდებით ამ ქცევით რამხელა რისკის ქვეშ დააყენა საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე ტოტალიტალური რეჟიმის პირობებში, როდესაც ხალხს დაუნდობლად ხოცავდნენ. კომუნისტებს მის სახლში რომ აღმოეჩინათ ზემოთ დასახელებული ნივთები, გადასახლება ან დახვრეტა არ ასცდებოდა, ალბათ ყველაფრისთვის მზად იყო უფლის რწმენით აღვსილი გლეხი. ცხონებული ბებიაჩემი ვენერა ნადარეიშვილი(1933-2014) მიყვებოდა, რომ მამამისი ყველას კატეგორიულად უკრძალავდა სხვენზე ასვლას, თუმცა ჩუმ-ჩუმად ძვრებოდნენ ბავშვები და ბევრჯერ უთამაშიათ აღნიშნული ნივთებით სახლის თავანზე.

    

    საეკლესიო ინვენტარიდან კონსტანტინეს შვილიშვილს მარინა ნადარეიშვილს ძველი სახარების ყდის ჭედური ხატები, - ქრისტიანობაში ცნობილი 4 მთავარანგელოზის: მიქაელი, გაბრიელი, რაფაელი, ურიელი, 2004 წელს მიუცია სამტრედიის ნახალოვკის ფერისცვალების ტაძრის მღვდლისთვის(ყოფილი) - თემურ ჭიქაშუასთვის.




ჯვრისწერის თითბრის გვირგვინები და საცეცხლური


თითბრის გვირგვინები, შანდალი და სავარაუდოდ მე-19 საუკუნის “მარხვანის” წიგნის 67 ფურცელი, ნუსხური ანბანით შესრულებული, გაცრეცილი ყდებით, ინახება გეზათში, დიაკვნის ძირ ოჯახში, წიგნი საჭიროებს სასწრაფო რესტავრაციას. კოსტანტინეს შვილიშვილის შვილის გადმოცემით, მღვდლის ვერცხლის ჯვარი ქუთაისის ხარების ეკლესიაშია.


        კ. ნადარეიშვილი ხითხურო ყოფილა და გეზათის ტაძრის მთავარი ჯვარი მოუყოლებია სოფლის კოლმეურნეობის შენობის სახურავსა და კედელს შორის, რათა კომუნისტებს ვერ ენახათ. აღნიშნული ჯვარი მოგვიანებით, როცა საბჭოს შენობა დაანგრიეს, იპოვეს და შთამომავლების თქმით, ამჟამად გულუხეთის წმინდა გიორგის დარბაზული ეკლესიის ამბიონის კარიბჭეს ამშვენებს. აღსანიშნავია, რომ კოსტანტინეს სამტრედიის დაბა კულაშში აუგია არაერთი ქართველი-ებრაელის სახლი 1950-იან წლებში.

        საოჯახო ალბომში შემოგვრჩა დიაკვნის ერთადერთი ფოტო, რომელიც გადაღებულია სოფ. გეზათში, 1943 წლის 20 ოქტომბერს, რა დროსაც ის 64 წლის გახლდათ.


სოფელი გეზათი მდ. ცხენისწყლის მარჯვენა მხარეს მდებარეობს. გეზათი და მისი მეზობელი სოფლები - მეორე ონტოფო, სამიქაო, გულუხეთი და ქოლობანი გასული საუკუნის შუახანებამდე აწიოკებული იყო წყალმოვარდნებით. გეზათლების ნაწილი სოფელ ქოლობნის მახლობლად, ხოლო ნაწილი სოფელ ჩხენიშისკენ გადასახლებულა, რასაც ადასტურებს “ივერიაში” 1902 წელს ბესარიონ კინწურაშვილის გამოქვეყნებული სტატია:


“თითქმის მთელი გეზათი აჰყარა

წყალმა წასულ საუკუნეში და ისინიც მახლობელ სოფლებში დარიგდნენ დასასახლებლად. ერთი ჯგუფი დაესახლა აღმოსავლეთით მდ. ცხენისწყლის გაღმა სოფ. კულასში, მეორე ჯგუფი დასახლდა დასავლეთის მხრივ სამეგრელოს საზღვარზედ და დაარქვეს სოფელს გეზათი (ჩხენიშში), ხოლო მესამე ჯგუფი ჩაესახლა სოფ. ქოლობანში.” [ივერია, 1902, #204]


1927 წელს გაზეთ “კომუნისტში” გამოქვეყნდა სტატია და ფოტო, რომელიც მდ. ცხენისწყლის ხედზე, გეზათის მიმდებარედ არის გადაღებული. სტატიაში ვკითხულობთ:


თბილისში დაბრუნდა საქართველოს წყალთმეურნეობის მიერ ცხენის-წყლის ნაპირების გამოსაკვლევად გაგზავნილი პარტია, რომელმაც გამოიკვლია მდინარის მარჯვენა ნაპირი. ცხენის წყალი სათავეს ღებულობს ზემო-სვანეთში და შუა ადგილას, 30 ვერსის სიგრძეზე ის ხშირად გადმოვა ხოლმე ნაპირებიდან და ლეკავს მთელ ახლო მდებარე სოფლებს. განსაკუთრებით ზიანს აყენებს ამ მდინარის ადიდება უმთავრესად მის მარჯვენა ნაპირზე–სამტრედიამდე მცხოვრებ მოსახლეობას. დაიწყება თუ თოვლის დნობა სვანეთის მთებზე (მაისიდან აგვისტომდე) მთელი ზაფხულის განმავლობაში ცხენის წყალი გადმოდის ნაპირებიდან, იჩენს ახალ კალაპოტს მთელ სოფლებს ლეკს ხოლმე. მაგალითად 1922 და 1923 წ. ადიდებული ცხენის წყალმა წალეკა რამდენიმე სოფელი. ასე, რომ მოსახლეობა იძულებული გახდა აყრილიყო ამ ადგილებიდან. საქართველოს წყალთა მეურნეობას განზრახული აქ მდინარის ნაპირების საფუძვლიანად გამაგრება მისი ნორმალურ კალაპოტში ჩაყენება. ეს სამუშაო დიდ ხარჯებს მოთხოვს და ის შეტანილია საქართველოს წყალთა მეურნეობის ხუთწლიან გეგმაში. 

სურათზე სოფელ გეზათთან გლეხების მიერ შესრულებულ - მუშაობა ცხენის წყალის ნაპირების გასამაგრებლად: ნაპირიდან დაცილებული, ბოძებზე დამაგრებული ეგრედწოდებული „დეზი“, რომელიც– ნაწილობრივ იცავს ამ ადგილს მდინარის ადიდებისაგან.

[“კომუნისტი” 1927, 25 აგვისტო, გვ.3]


       პაატა ცხადაია თავის წიგნში გეზათის შესახებ წერს: 1996 წელს გეზათის თემის საკრებულოში მკვიდრობდა 64 გვარის მატარებელი 264 კომლი. მათგან კომლმრავლობით გამოირჩევა: ჯიბლაძე – 44კ., გაბუნია – 43კ., გიგინეიშვილი – 25კ., ფირცხალავა – 23კ., შუბლაძე – 22კ., გოგა-ვა 16კ., იობიძე – 12კ. ცნობას ხელს აწერენ საკრებულოს გამგებელი ი. გაბუნია და აპარატის ხელმძღვანელი ს. გაბუნია. 

ოდიშ-ლეჩხუმის დავით დადიანისეული დაყოფის (მე-19 ს. 40-იანი წლები) ცნობარისა და 1886 წლის კამერალური აღწერის მასალებში ეს სოფელი არ ჩანს. საქ. სსრ პირველი ადმ.-ტერიტ. დაყოფით (გამოიცა 1930 წ.), გეზათი და გულუხეთი შედის გეზათ-გულუხეთის სას. საბჭოში, სადაც დაფიქსირდა 261 კომლი (1653 სული). სოფლების მიხედვით ასეთი სურათია: გეზათი – 197კ. (893 ს.), გულუხეთი 160კ. (780 ს.). 1949 წლისათვის კი ამ ორი სოფლის გამაერთიანებელ სას. საბჭოს გეზათი ეწოდება (ცენტრი ს. გეზათი).

გადმოცემით, გეზათის პირველმოსახლენი ყოფილან ბოკერიები და მიქელაძეები. [პაატა ცხადაია “სამეგრელოს გეოგრაფიული სახელწოდებანი”2013]


        თბილისის სახელმწიფო ისტორიული არქივის მასალების მიხედვით(ფ. 489. აღწ. 1, საქ. 65409.) 1838 წელს სამეგრელოს ეპარქიაში 117 ტაძარი არსებობდა. მათ შორის იყო სოფელ დიდი გეზათის წმ. თევდორე ტირონის სახელობის ეკლესია, სადაც სხვადასხვა დრო მოღვაწეობდნენ:

1871წ. / ჯიბლაძე თადეოზ ტიმოთეს ძე (მღვდელი).

1871წ. / ჯიბლაძე ანდრია იოსების ძე (მედავითნე).

1871წ. / ჯიბლაძე პორფირი ტიმოთეს ძე (მედავითნე).

1892წ. / აბულაძე ზაქარია სიმონის ძე (მედავითნე).

1893წ. / ჯიბლაძე ერასტი ანდრიას ძე (მედავითნე). 1896წ. / ჯიბლაძე ერასტი ანდრიას ძე (მღვდელი)

1896-1916წ. / ჯიბლაძე ეპიფანე (მედავითნე).

1909-1916წ. / თევდორაძე ლუარსაბი (მღვდელი).


MEMATIANE.GE, 15000-ზე მეტი სასულიერო პირი, ავტ. დავით ფეიქრიშვილი


       პირველი და მეორე ონტოფო მდ. ნოღელისა და მდ. ცხენისწყლის შუა წელში მდებარე სოფლებია აბაშის მუნიციპალიტეტში. მათ სამხრეთით ესაზღვრება სოფელი გეზათი, ჩრდილოეთით - გულუხეთი. 2013 წელს გამოცემულ პაატა ცხადაიას წიგნში “სამეგრელოს გეოგრაფიული სახელწოდებანი”, ონტოფოს შესახებ ვკითხულობთ: საბჭოთა საქართველოს პირველი ადმ.-ტერიტ. დაყოფის ცნობარში (1930 წ. გამოცემა) სენაკის მაზრის აბაშის რ-ნში შექმნილია ონტოფოს სას. საბჭო, რომელშიც შევიდა ეწერი (100კ., 458 ს.), ონტოფო პირველი (171კ., 825 ს.) და ონტოფო მეორე (174კ., 810 ს.). მაშასადამე, ამ სამ სოფელში მკვიდრობს 445 კომლი (2085 ს.). სხვა სოფლები, რომლებიც 1886 წელს შედიოდა აბაშა-ონტოფოს სოფლის საზოგადოებაში, გადანაწილდა სამ სხვა სას. საბჭოში (სამიქაოს, აბაშისა და გეზათ-გულუხეთისა). 1996 წელს ონტოფოს თემის საკრებულოში მკვიდრობს 66 გვარის მატარებელი 416 კომლი. თემის მასშტაბით ყველაზე მრავალრიცხოვანი გვარია ნადარეიშვილი, 182კ. [აბაშის რაიონი, გვ.54]

ნადარეიშვილი საეკლესიო გვარია. 


       1873 წლის სტატისტიკური აღწერილობის მასალების მიხედვით სოფელ ონტოფოში 1924 წლამდე, ვიდრე კომუნისტები დაანგრევდნენ, არსებობდა 4 ხის სალოცავი:


1. წმ. ბარბარეს სახელობის ნაეკლესიარი

2. დოხორე კარის ღვთისმშობლის სახელობის ნაეკლესიარი

3. კუპრეიშვილების სალოცავი

4. ნადარეიშვილების უბნის ნაოხვამუ – ნაეკლესიარი. [ეკლესიები და თავდაცვითი ნაგებობები სამეგრელოში. დავით ჭითანავა. 2010. გვ. 35]


       სოფ. ონტოფოს ტაძრებში მღვდლებად, დიაკვნებად და მედავითნეებად ნადარეიშვილები მოღვაწეობდნენ. მათგან საეკლესიო ჩანაწერებში ფიქსირდებიან:


ნადარეიშვილი ათანასე(მღვდელი)

1871წ. ონტოფოს წმიდა ბარბარეს ეკლესია. ნადარეიშვილი კალისტრატე ათანასეს ძე (მედავითნე). 1891წ. ონტოფოს წმიდა ბარბარეს ეკლესია.

ნადარეიშვილი ბესარიონი (მღვდელი) 1877, 1915წ. ონტოფო წმიდა ბარბარეს ეკლესია.

ნადარეიშვილი იონა(მღვდელი) 1893წ. ონტოფო წმიდა ბარბარეს ეკლესია.

ნადარეიშვილი ოქროპირი (მედავითნე) 1871წ. ონტოფოს წმიდა ბარბარეს ეკლესია.

ნადარეიშვილი გრიგოლი (ვასილ) ბერი(მედავითნე) 1881- 17.12.1945წწ. 1915წ.  ონტოფოს წმიდა ბარბარეს ეკლესია.

ნადარეიშვილი ბართლომე(მედავითნე) 1905წ. ონტოფოს მთავარანგელოზის ეკლესია.

ნადარეიშვილი იოანე (მღვდელი). ონტოფოს ხატის წარწერა 1762წ. ქართველ სულთა მატიანე 2022წ. გვ. 49

[MEMATIANE.GE, 15000-ზე მეტი სასულიერო პირი, ავტ. დავით ფეიქრიშვილი]


       ცნობისთვის, ონტოფოს ახალი წმ. ბარბარეს სახელობის ტაძარის მშენებლობა შემოწირულობებით 2011 წელს დაიწყო და ეკურთხა 2015 წლის 22 ნოემბერს.

იმედია, რომ გეზათის მკვიდრნი ააგებენ ახალ ტაძარს, სადაც აღნიშნული ნივთები დაიდებს ბინას.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 22.09.2025
ბოლო რედაქტირება 22.09.2025
სულ რედაქტირებულია 8





ბათუმის ხელშეკრულება 04 ივნისი 1918 წელი

2 0

ფონდი ქართუს მიერ რესტავრირებული ისტორიული ძეგლები

2 0

15000 მეტი სასულიერო პირი, მოიძიე გვარით, ითანამშრომლეთ ავტ. დავით ფეიქრიშვილი

1 0

დალაგებულია ანბანის მიხედვით, 

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები ითანამშრომლა ია კუხალაშვილი

2 0

ახმეტის რაიონში გარდაცვლილი მებრძოლები 1990 წლიდან, წიგნი ახმეტელი გმირები.

2 0

ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 0