საპატრიარქოს უწყებანი N1 14-20 იანვარი 2010წ. გვ. 18
ბეთანიის მონასტერი
ისტორიული წყაროებით ბეთანიის მონასტერი პირველად XI საუკუნეში იხსენიება, როგორც დიდგვაროვან ფეოდალთა — ორბელების მიერ აშენებული საძვალე. ამ გვარის წამომადგენლები დიდძალ მამულებს ფლობდნენ ქვემო ქართლში და სახელმწიფოშიც გავლენიანი თანამდებობები ეჭირათ. ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი, სავარაუდოდ, XII ს-ის შუა წლებში აიგო იმ ადგილას, სადაც მანამდე უფრო ძველი და პატარა აგურის ტაძარი იდგა, რომელიც X ან XI საუკუნეს განეკუთვნებოდა. ღვთისმშობლის შობის ტაძრის სამხრეთ კედელზე შემორჩენილია საკმაოდ დიდი ზომის ფრესკა. მასზე გამოსახულია ქტიტორის პორტრეტი — ბერული სამოსითა და ტაძრის მოდელით ხელში.
მის ზემოთ მოთავსებულია წარწერა: „დიდი სუმბატ მანდატურთუხუცესი და ამირსპასალარი“. იქვე სხვა ფიგურაცაა — ლოცვად ზეაპყრობილი ხელებით. ესენი არიან XII ს-ის დიდგვაროვანი ფეოდალები: სუმბატ I ორბელი და მისი ძე — იოანე. როგორც ისტორიიდან არის ცნობილი, სამეფო კარზე მომხდარი გადატრიალების შემდეგ სუმბატი დემეტრეს ძის — დავითის ხელისუფლების დროს თანამდებობიდან გადააყენეს და სვიმონის სახელით ბერად აღკვეცეს ბეთანიის მონასტერში. სწორედ თავის საგვარეულო მონასტერში გაატარა მეფის ყოფილმა დიდმა ვეზირმა თავისი სიცოცხლის უკანასკნელი წლები — სინანულსა და ლოცვაშ.ი მონასტერის მთავარი ტაძრის გვერდით დგას წმინდა გიორგის სახელობის მცირე დარბაზული ეკლესია. მის გარეთა კედელზე შემორჩენილია ქვაში ამოკვეთილი წარწერა, საიდანაც ირკვევა, რომ ეს მცირე ეკლესია 1196 წელს ააგო ამირსპასალარისა და მანდატურთუხუცესის — იოანე ორბელის მეუღლემ, სომეხთა მეფის კვირიკეს ასულმა რუსუდანმა. ისტორიიდან ცნობილია, რომ იოანე ორბელმაც 1177 წელს გიორგი III-ის წინააღმდეგ მოაწყო შეთქმულება. მას განზრახული ჰქონდა მეფის ტახ..
1-1 საპატრიარქოს უწყებანი N1 14-20 იანვარი 2010წ. 19
ბეთანიის მონასტერი გაგრძელება
... ტიდან ჩამოგდება და მისი ძმისწულის — დემნა უფლისწულის გამეფება. შეთქმულება გამჟღავნდა და გიორგი III-მ დემნა და იოანე ორბელი დააპატიმრა, შემდეგ მათ თვალები დასთხარეს. ასევე სიკვდილით დასაჯეს იოანე ორბელის საგვარეულოს ყველა წევრი. გადარჩა მხოლოდ მისი ძმა — ლიპარიტი, რომელიც იმ პერიოდში ირანში იმყოფებოდა. ეს მცირე ეკლესიაც რუსუდანმა უკვე იოანე ორბელის სიკვდილის შემდეგ ააგო.
სავარაუდოდ, რუსუდანიც ამ მონასტერში უნდა იყოს დაკრძალული. XIII ს-ის დასაწყისიდან ბეთანიის მონასტერი უკვე მეფის პირადი კუთვნილება გახდა. მთავარი ტაძრის ჩრდილო კედელზე შემორჩენილია მეფეთა საკმაოდ დიდი ზომის ფრესკა, ესენი არიან: მეფეთ-მეფე გიორგი III, მას მოსდევს მისი ასული თამარ მეფე, შემდეგ კი ჭაბუკი უფლისწული, თამარის ძე ლაშა-გიორგი, რომელსაც თავს გვირგვინი უმკობს, წელზე კი ხმალი არტყია, ანუ იგი უკვე მეფედაა ნაკურთხი (მეფედ კურთხევა მოხდა 1207 წელს, ე.ი. სავარაუდოდ, ფრესკაც ამ წლებით თარიღდება). ამბობენ, რომ ზაფხულობით თამარ მეფე ბეთანიაში ხშირად ჩადიოდა დასასვენებლად, განმარტოებისა და ლოცვისათვის. როგორც ძველი არქიტექტურის მკვლევარნი ვარაუდობენ, წმინდა თამარ მეფის დროს ბეთანიის მთავარი ტაძარი ქვით მოპირკეთდა და ნაწილობრივ მოიხატა. არსებობს გადმოცემა, რომ თამარის დროს ბეთანიის მონასტრისათვის დაუწერიათ ღვთისმშობლის ხატი — შემდგომში ბეთანიის ღვთისმშობლის ხატად წოდებული. ეს ხატი, როგორც ჩანს, მონასტრის უმოქმედოდ დარჩენის გამო თავადმა ბარათაშვილებმა ქაშვეთის ეკლესიაში გადაასვენეს (დაახლოებით XVI ს-დან ბეთანიის მონასტერი ბარათაშვილების სათავადოში შედიოდა და მათ საძვალედ ითვლებოდა). XVII-XVIII საუკუნეებში ბეთანიის მონასტერი გაპარტახდა და დავიწყებას მიეცა. გარკვეული პერიოდი იგი სრულიად მიტოვებული იყო: ჩამოინგრა თითქმის ყველა თაღი, გუმბათი, გარემო სულ გაველურდა, ტაძრის სახურავზეც ხეები ამოიზარდა, კედლის მოხატულობაც მნიშვნელოვნად დაზიანდა. ამ დაკარგული სიწმიდის შესახებ მხოლოდ 1851 წელს გახდა ცნობილი, მას შემდეგ რაც ისტორიკოსმა პლატონ იოსელიანმა და მხატვარმა გ. გაგარინმა მოინახულეს ბეთანიის ტაძარი, გაასუფთავეს იგი ქვათა გროვისაგან და თამარ მეფის ფრესკაც გამოჩნდა. შემორჩენილია იმდროინდელი ტაძრის ფოტოც, სადაც ჩანს, რომ მანამდე ვიღაც, საკუთარი ძალებით ცდილობდა სავანე აღედგინა. XIX საუკუნის მიწურულს ბეთანიის მონასტერში კვლავ მივიდნენ ბერები და დანგრეულის აღდგენა დაიწყეს. აი, რას წერს არქიმანდრიტი იოანე (მაისურაძე) თავის მოგონებებში: „ისმინეთ, აწ თუ ვითარ იქნა ბეთანიის მონასტრის განახლება. იყობერი ვინმე და სახელი მისი სპირიდონ. თვით სპირიდონ ბერი იყო, ხონელი, გვარად კეთილაძე. მამასა ერქვა პეტრე, დედასა — მარინე. ამ ბერმა სპირიდონმა მოისურვა ბეთანიის მონასტრის შეკეთება. სპირიდონ ბერი ბეთანიის მონასტერში ათას რვაას ოთხმოცდათოთხმეტში, მარტის თვეში მოვიდა. გავიდა ხმა გარემოს, ბერი ვინმე მოსულა ბეთანიაში და ამბობსო: უნდა განვახოლოვო. თითონ რითი უნდა განაახლოსო, ტანთ არ აცვია და ფეხთა, საჭმელი იმას არა აქს და სასმელი, მოდიან სოფლები, უყურებენ შორიდან. გაუხდა ავად ცოლი ვანო აფციაურსა (ღვდეველს), რომელიც მოვიდა და სთხოვა ბერს, რომ ელოცა იმ ვანო აფციაურის ცოლისათვის, რო მორჩენილიყო. ულოცა და მორჩა. ამიერიდან მეტი მოწყალე იყო ვანო აფციაური ბეთანიის მონასტრისა. ბეთანიის მადლითა სხვანიც იკურნებოდნენ. ესრეთ ღვთის შემწეობითა, ბეთანიის საქმემ წინ დაიწყო წასვლა“. როგორც ამ ჩანაწერიდან ირკვევა, მონასტრის პირველი აღმდგენელი მღვდელ-მონაზონი სპირიდონი (კეთილაძე) იყო. მამა სპირიდონი — ერისკაცობაში სოლომონ კეთილაძე XIX ს-ის 80-იან წლების ბოლოს შიომღვიმის მონასტერში მივიდა მორჩილად. 1891 წლის დიდმარხვაში ბერად აღიკვეცა და სახელად სპირიდონი ეწოდა. ამავე წელს დიაკვნად აკურთხეს. 1892 წლის დასაწყისში მღვდლად ..
1-2 საპატრიარქოს უწყებანი N1 14-20 იანვარი 2010წ. 20
ბეთანიის მონასტერი (გაგრძელება)
.. დაასხეს ხელი და ზედაზენის მონასტერში გადაიყვანეს. 1894 წელს საქართველო-იმერეთის სინოდალურ კანტორას მან ბეთანიის მონასტერში გადაყვანა სთხოვა; თხოვნა დააკმაყოფილეს. თანდათან ბერობის მსურველებმაც იწყეს მონასტერში მისვლა და 1896 წელს, როდესაც 14 წლის ვასილ მაისურაძე მონასტერში მივიდა, იქ უკვე პატარა საძმო იყო ჩამოყალიბებული. მოვუსმინოთ ისევ მამა იოანეს ბეთანიის მონასტერში იყვნენ თითონ მამა სპირიდონი, დოსითე ბერი არევაძე, მიხეილ მღვდელმონაზონი მოლარიშვილი გურული, ზოსიმე ქოჩორაშვილი კუმელი სომეხი კალატოზი, დავითი ცალთვალა მეგრელი ღვაბერია, ალექსი სიდამონიძე გრდანელი, ვასო თბილისელი გვარი არ ვიცი, იოსებ ხიზანაშვილი და მოსე ხიზანაშვილი. ვითომ ბერობდნენ, მოვიდოდნენ, ისევ წამოვიდოდნენ, ვინ იმუშავა ბეთანიაში, მოვიდოდნენ, ზოგიერთნი ისევ წამოვიდნენ. გვყამდა ხელოსანი, რომელმაც იცოდა დურგლობა და კალატოზობა, ვაძლემდით თვეში ხუთი თუმანს, ეს ხელოსანი იყო ნიკოლოზ დაუშვილი, ჰყავდა მოწაფე ვანო რაჭველი, გვარი არ ვიცი“. (გაგრძელება შემდეგ ნომერში)
2 საპატრიარქოს უწყებანი N2 21-27იანვარი 2010წ 17
ბეთანიის მონასტერი (გაგრძელება)
დასაწყისი იხ. უწყებანი“ #2 2010 „საპატრიარქოს უწყებანი’’
გადიოდა დრო, ბეთანიის მონასტერი ნელ-ნელა მოქმედი მონასტრის სახეს იღებდა. აშენდა საცხოვრებელი სახლი — ბერთა სენაკები, გასუფთავდა ეკლესიის გარშემო ტერიტორია, აქვე აღმოჩნდა უკვე მივიწყებული ანკარა წყარო. მონასტრის ძმობამ აღადგინა მცირე დარბაზული ეკლესია, რომელიც 1898 წლის 17 მაისს წმინდა გიორგის სახელზე აკურთხეს. აი, რას წერს გაზეთი ივერია 1898 წლის ნომერში: (სტატია მოგყვავს შემოკლებით) — „17 მაისს იყო დანიშ- ჩული კურთხევა ბეთანიის მონასტრის ცირე ეკლესიისა, რომელიც აგებულია ბეთანიის მონასტრის გვერდით. ეს პატარა თლილის ქვის ეკლესია განაახლა ადგილობრივმა მემამულემ, თავადმა დავით ბარათაშვილმა და აი, სწორედ ამ პატარა, ძველის-ძველად აგებულისა და თავად ბარათაშვილის მეოხებით განახლებულის ეკლესიის საკურთხებლად გაემგზავრა შაბათს, 16 მაისს, თბილისიდგან სამღვდელოება. კურთხევა ბეთანიის მცირე ეკლესიისა მინდობილი ჰქონდა ეგზარქოსისაგან არქიმანდრიტ კირიონს (საძაგლიშვილი) და მღვდელ ანტონ თოთიბაძეს, მაგრამ მოუცლელობის გამო ვერც პირველი და ვერც მეორე ვერ წამოვიდნენ ბეთანიას და ამისათვის მამა კირიონმა თავისის მხრივ კურთხევა მიანდო ქვაბთახევის მონასტრის მღვდელ-მონაზონ ათანასეს (ზურაბიშლი), ფერისცვალების მონასტრის მღვდელ-მონაიონ გაბრიელს და ბეთანიის მონასტრის მღვდელ-მონაზონ სპირიდონს (კეთილაძე). შაბათს, 16 მაისს, ესე სამი საათი იქნებოდა, თბილისიდგან რომ გზას გავუდექით. მგზავრნი სულ ექვსნი ვიყავით: მამა გაბრიელი, მამა ათანასე, მთავარდიაკონი მირონ ომანიძე, მედავითნე-მგალობელი გიორგი ზალიკიანი, ნიკო ბერიშვილი და ალექ-სანდრე ყიფშიძე. როგორცა ჰხედავთ თბილისელი ინტელიგენცია ძალიან სუსტობდა რიცხვით. თითქმის ათი საათი იქნებოდა ღამისა, მონასტერს რომ მიუახლოვდით. გალავანში ცეცხლები დავინახეთ, მონასტრიდგანაც შეგვამჩნიეს და ფარნებით გამოგვეგებნენ. ერთმა ფარნიანმა მიიქცია მეტის მეტად ჩემი ყურადღება. მაღალის, ახოვანის ტანისა იყო, კილო ლაპარაკისა ამტკიცებდა, რომ რუსია, თუმცა ქართულად თავისუფლად ლაპარაკობდა. ბოლოს შევიტყე, რომ ეს ადამიანი სახელად ივან ივანიჩია, გვარად ბეზჩასტნი მანგლის-პრიუტიდან. ივან ივანიჩს სახე გაუბრწყინდა, გული აუჩქროლდა, მოძღვარნი რომ დაინახა და იქვე მთის ფერდობიდგან გადასძახა მონასტერში: „вдарьте въ колоколь“. ივან ივანიჩი ფრიად საინტერესო ტიპია. ამისთანა კაცს რუსობაში თუ შეხვდები, თორემ არ გვგონია, სხვა ერში ამისი მსგავსი მოიპოვებოდნენ. მეორე დღეს იმის ფაცი-ფუცს რომ ვუყურებდი, სწორედ ვკვირობდი. რა სიხარულით დახვდა თავად დავით ბარათაშვილს, რომელმაც უამინდობის გამო დაიგვიანა და კურთხევას ვეღარ მოუსწრო, გვეგონა ვეღარ მოვლენ ან ეტლი თუ გაუჩერდათ გზაში, და ვე- ღარ შესძლეს ფეხით ტლაპოში სიარულიო. ივან ივანიჩმა ხელზედ აკოცა პატივცემულს დავითს და მოახსენა, თქვენი დიდი მადლობელნი ვართ ყველანი, რომ „ეს ბედნიერი დღე“ გვეღირსა, ნამდვილი მამობა გაგვიწიეთ და იმედია, იმასაც მოვესწრებით, რომ უმთავრესი ტაძარი თქვე-ნის მეოხებით შეკეთებულ-განახლებული იქმნებაო. ივან ივანიჩმა რუსულად და მისმა მეგობარმა ივან ტიმოფეევიჩმა ქართულად სიტყვით მოგვმართეს, რომელშიაც მკაფიოდა სთქვეს, რომ, მართალია, ჩვენ ჩამომავლობით რუსები ვართო, მაგრამ ძველს სამშობლოსთან ყველანაირი კავშირი გავწყვიტეთ, იქ რომ დავბრუნდეთ, ვინ შეგვივრდომებსო. ჩვენი სამშობლო საქართველოა, აქ უნდა დავიხოცნეთ და აქვე უნდა ჩავიდეთ საფლავშიო. თუმცა ფეხით სიარულმა კარგა დაგვღალა და წვიმამაც ლაზათიანად დაგვასველა, მაინც გულმა აღარ მომითმინა და მისვლისთანავე შევედი უმთავრესს ტაძარში თამარ მეფის სურათის სანახავად. ტაძარი სავსე იყო მლოცველებით. გუმბათის პირდაპირ, შევამჩნიე მუხლ-მოდრეკილი მონაზონი ქალი, რომელიც მაღალის ხმით კითხულობდა საღმრთო წერილსა. სიბნელის გამო ხეირიანად ვერ გავსინჯე სურათები თამარისა, გიორგი მესამისა და ლაშა-გიორგისა. ეს კი კარგად გავარჩიე, რომ სურათი დიდებულის მეფისა ძალიან დაზიანებულა, გაჭუჭყიანებულა, საღებავი გახუნებულა და მრავალს ალაგას შეუგნებელის ადამიანის ხელს წაუბღალავს. სასიამოვნოდ უნდა აღვნიშნოთ, რომ თამარის სურათი გადარჩენილა იმ უბედურს ბედსა, რომელიც ეწვია საფარის მონასტრის კედლებზედ დახატულს ათაბაგთა სურათებს. ჯერ იყო და ახალციხის ბიჭ-ბუჭებმა თვალები დასთხარეს ათაბაგთა და ამ რამდენისამე წლის წინად კირით შეგლისეს, მხოლოდ ერთ-ერთის ათაბაგის თავიღაა დარჩენილა შეუმურავი. როდესაც, შარშან, ამ გარემოებას ყურადღება მივაქციეთ, საფარის წინამძღვარმა არქიმანდრიტმა პაისიმ გულუბრყვილოდ გვიპასუხა, რომ სულ ერთია, მაინც ხომ უნდა გაილესოს გაჯით კედლებიო.
2-1 საპატრიარქოს უწყებანი N2 21-27იანვარი 2010წ 18
ბეთანიის მონასტერი (გაგრძელება)
ქალაქიდგან ამოსულთ შაბათ ღამე არა გვძინებია. სამღვდელოება შეუდგა წესრიგის გამზადებას, ჩვენ კი საერონი ბეთანიის მონასტრის წარსულის შესახებ ვსაუბრობდით. აღმოჩნდა, რომ მოსაუბრეთა შორის გიორგი ზალიკიანს უნახავს ბეთანიის ტაძარი 1865 წელს. მონასტრის გალავანიო, სთქვა გიორგიმ, უშველებელი ხეებით იყოვო დაბურული, თვით უმთავრესს ტაძარში მთიულნი ღამ-ღამით საქონელს აბინავებდნენ და ათასი სისაძაგლით ავსებდნენ ეკლესიასო. თამარის სურათი კი მშვენივრად ყოფილა შენახული, არსად არ ყოფილა წაბღალული. მონასტერი დაუთვალიერებია აგრეთვე ქვაბთახევის მღვდელ-მონაზონ ათანასეს 1890 წელს. ამ დროსაც სურათი თამარისა ისე არა ყოფილა წაბღალული, როგორც ეხლა. არ მახსოვს, როდისა ნახეს ბეთანიის მონასტერი დ. ბაქრაძემ და პროფესორმა ალ. ცაგარელმა, ან რა მდგომარეობაში იყო მაშინ თამარის სურათი. იმას კი ყველა დანამდვილებით ამბობს, რომ გაგარინმა რომ ნახა მონასტერი ვორონცოვის მთავარმართებლობის დროს, თამარის სურათი მშვენივრად ყოფილა შენახული, მოსაუბრეთაგან ვიღაცამა სთქვა, რომ ბეთანიის სანახავად თავადი მ. ს. ვორონცოვიც მობრძანებულა. ცხრა საათზე სამღვდელოება შეუდგა ეკლესიის კურთხევის წესის შესრულებას. ამავე დროს, ივან ივანიჩმა და ივან ტიმოფეევიჩმა აღმართეს ეკლესიაზე თბილისიდგან მოტანილი ჯვარი. კურთხევის გათავების შემდეგ დაიწყო წირვა ახლადნაკურთხ ეკლესიაში, რომელიც ისე მცირეა, რომ ოცი კაცი ძლივს ეტევოდა, სამღვდელოების და მგალობელთა გარდა, ათი სული დიდის გაჭირვებით თავსდებოდა შიგა. წირვა იყო ქართულად, გალობდნენ ნ. ბერიშვილი, გ. ზალიკიანი, ქვათახევის მონასტრის მედავითნე გიორგი კანდელაკი (შემდგომში წილკნელი ეპისკოპოსი ტარასი) და კავთისხევიდან მამა ათანასეს მიერ მოწვეული მედავითნე ალექსანდრე კოტეტიშვილი (შემდგომში ქვემო კავთისხევის ეკლესიის მღვდელი). ჯერ წირვა არ გასულიყო, რომ მთის ფერდობზე შევამჩნიეთ თბილისიდგან წამოსული სტუმრები. სწორედ ყველასა სწყინდა, რომ ბეთანიის განახლების დღეს მცირე რიცხვი ქართველი ინტელიგენტებისა დაესწრო და ამისათვის დიდად გაგვეხარდა მათი მოსვლა. სულ ოთხი კაცი იყო: ექვთიმე თაყაიშვი-ლი, არისტო ქუთათელაძე, ი. მგალობლიშვილი და ზ. ჩხიკვაძე. უფრო ბევრნი წამოვიდოდნენო, გვითხრეს მოსულთა, რომ საძაგელი ამინდი არ ყოფილიყო. თბილისიდან მოსულ ინტელიგენციას და სამღვდელოებას გაუმასპინძლდა მამა სპირიდონი. სადილი თავდებოდა, სტუმარნიც აიშალნენ კიდეც და წასვლას აპირებდნენ, რომ ამ დროს გამოჩნდა პატივცემული თავადი დავით ბარათაშვილი, მერე ისიც მარტოთ კი არა, მთელი ოჯახობით. მისი მეუღლის კნეინა იულიას, შვილების — ზაალისა და ეკატერინეს გარდა იყვნენ: კნეინა ნ. თარხნიშვილისა, ქალბატონი ჩაჩიკაშვილისა და კიტა აბაშიძე. მოსულნი იმ წამსვე ახლადნაკურთხ ეკლესიისკენ გაეშურნენ, სადაც მამა სპირიდონმა მცირე პარაკლისი გადაიხადა. თავადი დავითი ოჯახობით, არ. ქუთათელაძე და ზ. ჩხიკვაძე კვირა ღამესაც დარჩნენ ბეთანიას ღამის სათევად, და დანარჩენნი კი საღამო ხანს თბილისკენ გაემგზავრნენ“. ჯერ კიდევ ერთი წლით ადრე თავადმა დავით ბარა თაშვილმა ბეთანიის მონასტერს შესწირა სახნავ-სათესი მიწები. საქართველოს ცენტრალურ არქივში დაცულია 1897 წლის 4 მარტით დათარიღებული წერილი, რომელსაც დავით ბარათაშვილი გასცემს მამა სპირიდონის სახელზე: „1897 წლის მარტის 4-სა დღესა, მიეცა ესე წერილი მღვდელმონაზონ სპირიდონსა, მასზედ რომელ ნებასა ვაძლევ ჩემს მამულს ბეთანიაში დაბინავებას, რათა ყურადღება იქონიოს, როგორც ეკლესიაზედ, ისე მამულზე. ამას გარდა, არავის ნება არა აქვს ჩემგან მიცემულ მამულში ხე-ტყე მოსჭრას, თვინიერ საზამთრო საძოვრის სარგებლობის გარდა, რომელიცა მაქვს მიცემული შაჰყულაშვილისთვის და ამისა გამო ნებას გაძლევთ, რომ ყველას აღუკრძალოთ ხეების მოჭრა. თქვენ თვითონ ნებას გაძლევთ ისარგებლოთ თქვენის საჭიროებისათვისა, რაც საჭირო იქმნება თქვენთვის საბოსტნე ადგილთა სახნავითა, სათიბითა და სხვა და აგრეთვე ისარგებლოთ შეშითა და ხე-ტყითა და აგრეთვე რაც ეკლესი ას დაჭირდება ხე-ტყე“. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მონასტრის განახლებაში დიდი წვლილი მიუძღვის ცნობილ საზოგადო მოღვაწეს არისტო ქუთათელაძეს და თავად კონსტანტინე იოანეს ძე მუხრანბატონს. განსაკუთრებულ მზრუნველობას ბეთანიის მონასტრისადმი იჩენდა ეპისკოპოსი კირიონი (საძაგლიშვილი). მამა სპირიდონიც ხშირად იღებდა მისგან რჩევა-დარიგებებს. 1902 წლის 4 მაისს, შაბათ დღეს, იგი ეწვია მონასტერს. კვირას, შემდგომად წირვისა, მეუფემ გადაიხადა პანაშვიდი, თანდასწრებით მონასტრის კრებულისა, განსვენებულის დავით ზაალის ძე ბარათაშვილის სულის მოსახსენებლად, რომელმაც მონასტერი უზრუნველჰყო მშვენიერის მამულის შეწირვით. შემდეგ ყოვლადსამღვდელომ დაათვალიერა განახლებული ეკლესია და აგრეთვე კრებულის მიერ გაშენებული ვენახი და ხილის ბაღი. მისმა მეუფებამ ყოველივე მოიწონა, მადლობა უბრძანა მღვდელ-მონაზონ სპირიდონს ასეთის ერთგული შრომისათვის და დაჰპირდა ...
2-2 საპატრიარქოს უწყებანი N2 21-27იანვარი 2010წ 19
ბეთანიის მონასტერი (გაგრძელება)
.... შემწეობასა და დახმარებას. ორშაბათს ეპისკოპოსი წაბრძანდა ფეხით ვერის ხეობისაკენ, მოინახულა ბარონ ნიკოლაის ბაღები და იქიდან ცხენით ჩაბრძანდა თბილისში. უნდა აღინიშნოს, რომ მონასტრის განახლების დროს სამწირველოში იპოვეს ვერცხლის ბარძიმი, რომელიც შეწირული ყოფილა მონასტრისთვის თავად გოსტაშაბ ბარათაშვილისაგან 1677 წელს. მონასტრის მთავარი ტაძრის განახლება კიდევ მრავალი წლის მანძილზე არ მოხერხდა. იგი 1910 წლის 13 ივნისს აკურთხეს. სამწუხაროდ, სავანის აღორძინების პერიოდმა დიდხანს არ გასტანა. 1921 წლის თებერვალში საქართველოში დამყარდა კომუნისტური ხელისუფლება. ეკლესიებსა და მონასტრებს ჩამოერთვა მიწა-წყალი, ქონება, სასულიერო პირებს აეკრძალათ ღვთისმსახურება და დაიწყო განუკითხავი ტერორი. მამა სპირიდონს ძლიერ გაუჭირდა არსებობა. 1923 წლის 12 მარტი იგი სწერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის (ხელაია) — „თქვენო უწმიდესობავ, მივემთხვიე რა მოხუცებულობასა დაუძლურებასა, ვერ შემწევს ძალა და ღონე ძველებურად მოუარო და უპატრონო ჩემს საყვარელ ბეთანიის მონასტერს. ტანჯვით, ოფლით და შრომით მონაგები მიფუჭდება. გული მტკივა, მაგრამ სიბერე და უძლურება აღარ მაძლევს ნებას დავიფარო იგი. აწ გთხოვ, უწმიდესო, ყურადიღოთ ჩემი უღირსობის თხოვნა. გადასცეთ მონასტერი ესე — ძველი ათონიდან დაბრუნებულს მღვდელმონაზონ ილიას (ფანცულაია), რომელიც მრწამს, თავს დასდებს და არ დაიშურებს ძალ-ღონეს მისი მოვლა-პატრონობისათვის, ხოლო ჩემს უღირსებაზე კი მოიღოთ ლოცვა-კურთხევა და ნება დამრთოთ, რათა დაუბრკოლებლად შემეძლოს ცხოვრება ბოლნისის სიონში, რომელიც აწ უპატრონოდ არის დაშთენილი, სადაც ამ სიბერის დროს არ გამიჭირდება ერთი ლუკმა-პურის შეძენა“. კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ბეთანიის მონასტერი მამა ილიამ ჩაიბარა, თუმცა არც მის დროს გამოსწორებულა სიტუაცია. მონასტერში არ იყო საკვები საშუალებაც კი, რის გამოც ბერებს ახლომახლო სოფლებში უხდებოდათ სიარული საეკლესიო წესების შესასრულებლად. ეს კი მეტად სახიფათო იყო იმ პერიოდში, რადგან ხელისუფლებისგან წაქეზებული აქტივისტები და გადაჯიშებული ახალგაზრდობის ნა- წილი პირდაპირ გზაში ხოცავდა სრულიად უდანაშაულო სამღვდელოებას. 1923 წლის 3 სექტემბერი უკვე მამა ილია მიმართავს თხოვნით კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრეს, ურბნელ ეპისკოპოს ქრისტეფორეს (ციცქიშვილი) — „თქვენო მეუფებავ, უმორჩილესად გთხოვთ, რადგან მონასტერს არავითარი სახსარი და საშვალება არ აქვს, მშივრები ვართ, ნება მოგვცეთ საკალმასოდ ცოტა პური ვითხოვოთ მორწმუნე ხალხში, ეგებ როგორმე თავი გადავირჩინოთ შიმშილისაგან“. 1924 წელს მამა ილიამაც დატოვა მონასტერი და იქვე ახლოს, სოფელ ახალსოფელში განაგრძო მოღვაწეობა. რამდენიმე წლის შემდეგ იგი დააპატიმრეს და ერთი პერიოდი ციხეშიც ამყოფეს. გათავისუფლების შემდეგ კათოლიკოს-პატრიარქის კალისტრატეს (ცინცაძე) ლოცვა-კურთხევით იგი მანგლისის ეპარქიაში მოღვაწეობდა, არქიმანდრიტის ხარისხით. 1937 წელს, სამეულის გადაწყვეტილებით, იგი დახვრიტეს. იგივე ბედი ეწია მამა სპირიდონსაც. XX ს-ის 20-იან წლების ბოლოს იგი დასავლეთ საქართველოში გადავიდა და მშობლიურ მხარეში განაგრძობდა ღვთისმსახურებას. 1937 წელს მასაც დახვრეტა მიუსაჯეს. რაც შეეხება ბეთანიის მონასტერს, ისევ მამა იოანეს მოგონებებს ჩავხედოთ: „დავრჩი მე, ივანე ბერი. მომემატა გიორგი ბერი, მხეიძე, მეთოდის ძე, კახეთის ხირსის ბერი, წმიდა სტეფანეს მონასტრისა. მამა გიორგი მოვიდა ათას ცხრაას ოცდაოთხში, მე კი მეორეთ რო მოვედი ათას ცხრაას ოცდაორში მოვედი და ამ რიცხვის მერე ბეთანიის მონასტერში ვართ. მრავალი გაჭირვება გავიარეთ, რამდენჯერ გაგვძარცვეს, რამდენჯერ აგვაწიოკეს, თუ ფუტკარი, თუ სახლში, თუ ძროხები, თუ მწყემსები. ძრიელ სულ მოკლებაში შევარდი. თუ მამა გიორგი არ მყოლიყო განმამხნევებელათ, აღარ შემეძლო ბეთანიაში დარჩენა, მაგრამ ჩემთვის სუყველ- გან ძნელი გახდა. ღმერთო, ამიერითგან მაინც მშვიდობა მომადლე, იყავნ, იყავნ!“ 1928 წელს მანგლისის ეპარქიის აღწერის დროს ბეთანიის მონასტერიც მოიხსენიება, რომელზეც ასევე მიწერილია სოფელ წვერის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია და სამრევლო 75 კომლით. 1929 წლის აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ეკლესიაში ერთგული და ნაყოფიერი მოღვაწეობის გამო, კათოლიკოს-პატრიარქმა ქრისტეფორემ მღვდელ-მონაზონ იოანეს (მაისურაძე) იღუმენის წოდება მიანიჭა, ხოლო მღვდელ-მონაზონი გიორგი (მხეიძე) — სამკერდე ოქროს ჯვრით დააჯილდოვა. XX ს-ის 30-იან წლებში კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ (ცინცაძე) მამა იოანეს არქიმანდრიტის წოდება, ხოლო მამა გიორგის — იღუმენის წოდება მიანიჭა.
2-3 საპატრიარქოს უწყებანი N2 21-27იანვარი 2010წ 20
ბეთანიის მონასტერი (დასასრული)
1954 წელს ბეთანიის მონასტერში მივიდა ვასილ ფირცხალავა, რომელიც ერთი წლის შემდეგ ბასილის სახელით ბერად აღკვეცეს და კათოლიკოს-პატრიარქის მელქისედეკის (ფხალაძე) მიერ მღვდლად დაასხეს ხელი. მამა ბასილი 1960 წელს, ადრეულ ასაკში აღესრულა. 1957 წელს გარდაიცვალა არქიმანდრიტი იოანე, ხოლო 1962 წელს კი მონასტრის უკანასკნელი წევრი არქიმანდრიტი გიორგი, რომელიც გარდაცვალებამდე რამდენიმე წლით ადრე დიდ სქემაში აღიკვეცა იოანეს სახელით. მათი წმინდა სხეულები ბეთანიის მონასტრის ეზოში განისვენებს. 2003 წლის 18 აგვისტოს წმინდა სინოდის განჩინებით ისინი წმიდათა დასში შეირაცხნენ, აღმსარებელი მამების სახელით. ხსენების დღე დ დაწესდა 21 სექტემბერი. 1962 წლიდან ბეთანიის მონასტერი დროებით დაიხურა. მას მხოლოდ ერთი დარაჯი, იქვე მცხოვრები, აწ გარდაცვლილი ვანო წიკლაური უვლიდა. 1978 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მართლაც რომ სასწაულებრივად შეძლო იქ ორი ბერის გაგზავნა. იგი პირველი მამათა მონასტერი იყო, რომელიც ხანგრძლივი სულიერი ზამთრის შემდეგ გაიხსნა. მონასტერში მალე ჩამოყალიბდა პატარა საძმო, რომელმაც ნელ-ნელა შეძლო იქაურობის აღდგენა-გალამაზება და წირვა-ლოცვის განახლება. 1982 წლის აღწერით მონასტრის საძმო შემდეგ წევრებს ითვლიდა: იღუმენი იოანე (შეყლაშვილი), მღვდელ-მონაზონი გიორგი (ბედოშვილი), ბერ-დიაკონი ევსევი (სოხაძე), მორჩილი ანატოლი წულაია (ამჟამად მღვდელ-მონაზონი გაბრიელი, მოღგაწეობს სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიაში). მამა იოანე 1987 წლამდე წინამძღვრობდა ბეთანიის მონასტერს, მის შემდეგ მონასტერს წინამძღვრობდნენ: არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე, მღვდელ-მონაზონი ანგია (ჩოხელი), არქიმანდრიტი საბა (კუჭავა). 2007 წლის 4 დეკემბრიდან მონასტრის წინამძღვარია არქიმანდრიტი იაკობი (ბანძელაძე). მონასტრის საძმოს წევრები არიან იღუმენი ნაომი (ვაჭრიძე), მღვდელ-მონაზონი ლაზარე (ლიპარტელიანი), ბერი ლაზარე (გოგუაძე), ბერი ნიკოლოზი (მალაზონია), მორჩილი გიორგი მეტრეველი.