სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11811

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
წმიდა სინოდი
იოანე ოთარის ძე ქარუმიძე 1762-1803წწ  მთავარეპისკოპოსი იოანე ოთარის ძე ქარუმიძე 1762-1803წწ  მთავარეპისკოპოსი

1762-1803 წწ. გარდ. 41 წლის

ბმულის კოპირება

წმიდა სინოდი

გვარი ქარუმიძე სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

53       ბეჭდვა

იოანე ოთარის ძე ქარუმიძე 1762-1803წწ მთავარეპისკოპოსი

საპატრიარქოს უწყებანი N10 14-20 მარტი 2010წ. გვ. 25.

მთავარეპისკოპოსი იოანე (ქარუმიძე) 1762-1803

მთავარეპისკოპოსი იოანე ოთარის ძე ქარუმიძე 62 წელს ქართლში, აზნაურის ოჯახში დაიბადა. მამამისი ოთარ ქარუმიძე წლების მანძილზე ერთგულად ემსახურებოდა სამეფო კარს, რის შემდეგაც დავით გარეჯის მონასტერში განმარტოვდა საბერო მოღვაწეობისთვის. ბერობაში ერქვა ონოფრე დიდ სქემაში კი — ონისიფორე (გარდაიცვალა 1786 წლის 6 იანვარს, შერაცხულია წმინდანად ქართული ეკლესიის მიერ). პატარა იოანეც სიყრმიდანვე იზრდებოდა გარეჯის მონასტერში, სადაც ღირსი და ღმერთშემოსილი ბერებისაგან საფუძვლიანი საერო და სასულიერო განათლება მიიღო. XVIII საუკუნის 80-იან წლებში იგი ბერად აღკვეცეს და სახელად იოანე უწოდეს. მალევე აკურთხეს ჯერ დიაკვნად, შემდეგ კი მღვდლად. აი, რას წერს `ის შესახებ იოანე ბატონიშვილი: „ესე აღიზარდა გარეჯის მონასტერსა შინა სიყრმითგან და ისწავა მუნ ფილოსოფია და სხვანი სწავლანი. იყო მშვენიერი მოუბარი და მამათ ცხოვრებისა მცოდნე. ამან აღზარდა რაოდენიმე მოწაფენი და მათ შორის იოანე ოს-ყოფილი, რომელმან მიიღო ფილოსოფია და სთარგმნა ოსთა ენასა ზედა კონდაკი და ლოცვანი. და მრავალნიცა დაიმოწაფნა და პატივიცა მიიღო მათგან“. 1792 წლის მარტის თვეში წილკნელი ეპისკოპოსი ამბროსი (მიქაძე) მანგლისის კათედრაზე გადაიყვანეს. ამასთან დაკავშირებით, საჭირო გახდა ახალი მღვდელმთავრის გამორჩევა. 1793 წლის ქართლ-კახეთის მეფის, ერეკლე II-ის მოთხოვნით, კათოლიკოს-პატრიარქმა ანტონ II-მ მღვდელ-მონაზონ იოანეს ეპისკოპოსად დაასხა ხელი და წილკნის ეპარქია ჩააბარა. ახალგაზრდა და ენერგიულმა მღვდელმთავრმა წილკნის ეპარქიაში დანიშვნისთანავე დიდი მისიონერული მოღვაწეობა გააჩაღა და მრავალი მოაქცია სარწმუნოებაზე. ერთ-ერთ საბუთში მეუფე იოანე იხ სენიება სამთავროსა და წილკნის მთავარეპისკოპო სადაც. რუსი გენერლის, კრონინგის სიტყვით მან„თავი გამოიჩინა ერთგული სამსახურით საქართველოში ჯანყისა და სხვა შემთხვევების დროს,“რისთვისაც იგი რუსეთის წმინდა სინოდმა 1802 წლის 25 აგვისტოს წმინდა ანას II ხარისხის ორდენით დააჯილდოვა. ვინმე გრიგოლის მიერ 1799 წელს გადაწერილ ბასილი დიდის „სუფევაზე“ არის შემდეგი წარწერა: „წიგნი ესე არს მათის უგანათლებულესობის მეფის ასულის გაიანესი, რომელი მიართვა თვისმა ნათლიამ, ყოვლად სამღუდელომ წილკნელ არხიეპისკოპოსმა იოანემ“. მთავარეპისკოპოს იოანეს ეკუთვნის „ლოცვა, რომელი აღმოსთქვა ანანურს, რა ჟამს მიეგება ჯუარსა ნინოსას, წელს 1802 წლის 6 აპრილს.“ ეს ჯვარი რუსეთში გაიტანა რომანოზ მიტ- როპოლიტმა და რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე I-მა დააბრუნა საქართველოში: „ჰოი, ოქროისა ცისა მზეო, ნინა ქადაგო ევმანუილისაო. სხივნი გუასხივენ ბევრ ნათლოვანნი. წმიდისა ჯუარისა შენისანი. ერთა შენ მიერ განათლებულთა, მანათლად ხჰშირ-ბინდულთა ამათ. რომლითაცა განათლებულთა აღვიხილოთ. ზესთ-საჭვროისადმი სამ-ნათლისა უცნოისა ერთისა. მის, ვისგან განკიდულნი არ ჰშთებიან არსულად ნაბადნი. რომლისადმი მიმხედთა აღვიცისკროთ მზითა მეცნიერებისათა, და აღვიმენაკოთ ზესთ-კეთილობისადმი სიბრძნისა. და მიმღე მისა აღვიქმნეთ ნაწილ-კეთილობად. და აქაითთა ბგერათა განკიდულთა, აღვიტრფოთ ზესთ სანეტაროისადმი სოფლისა. რომლითა ვიქმნეთ განწმედილ სათნოვებითა. და ვეხოთ საცნოთა ამათ. და ვლოთ სათნოდ ღმრთისა სრბა ჩვენი. მეოხებითა შენითა. ამას ზედა ცრემლით გევედ-..

10-1  საპატრიარქოს უწყებანი N10 14-20 მარტი 2010წ.26.

მთავარეპისკოპოსი იოანე (ქარუმიძე) 1762-1803 (გაგრძელება)

... რებით. ისმინე ნავედრი ესე. ცად აღსრულო მზეთა მზეო, წმიდაო მოციქულო ქრისტესო, უკეთილმსახურესსა და უთვითმპყრობელსა დიდსა ხელმწიფესა ჩვენსა. იმპერატორსა ალექსანდრეს. მოანიჭე ძლევა ხილულთა და უხილავთა მტერთა ზედა. და მიეც მშვიდობა და სიმართლე. და აღამაღლე მარჯუენა მისი, ზედა მტერთა მისთა. და დამუსრენ ყოველნი მბრძოლნი. ქვეშე ფერხთა მისთა. და მარადის განაძლიერენ ყოველნი მხედრობანი მისნი ძლიერითა შეწევნითა შენითა. და ჩვენ ყოველთა მოგვმადლე კურნება და დღე-კეთილობა, ყოველთა შენდამი შევედრებულთა, ერთა ივერიელთა. რამეთუ ღვთისა ჰშუენის ყოველი დიდება, პატივი და თაყუანისცემა. უკუნითი უკუნისამდე, ამინ“. მთავარეპისკოპოსი იოანე 1803 წლის 25 იანვარს მოულოდნელად გარდაიცვალა. იგი დიდი პატივით დაასაფლავეს 27 იანვარს თბილისის კვირაცხოვლის (ეს ტაძარი მიწერილი იყო ანჩისხატის ეკლესიაზე) სახელობის ეკლესიაში. წირვა ჩაატარეს და წესი აუგეს კათოლიკოს-პატრიარქმა ანტონ II-მ და თბილელმა მიტროპოლიტმა არსენმა (ნადიბაიძე-ბაგრატიონი). მთავარეპისკოპოსმა იოანემ დაგვიტოვა თავისივე ხელით დაწერილი მოხსენება, რომელშიც აღწერილია მისი მოღვაწეობა და წილკნის ეპარქიის იმჟამინდელი მდგომარეობა. ეს წერილი მან 1800 წლის 1 მარტს მიართვა კათოლიკოს-პატრიარქ ანტონ II-ს. „ოდეს ინება გამოყუანება ჩემი მონასტრით უკე-თილმსახურესმან მეფემან ირაკლი ყოვლისა ზემოისა საქართველოისამან, ძემან ყოვლად კეთილის ცხებულის მეფისა თეიმურაზისამან, თნებითა და ჯერჩინებითა თქვენისა უწმინდესობისათა და წმინდათა მღვდელმთავართა, ცხებულ ვიქმენ მე საცხებელითა მღვდელთმთავრობისათა (რომელ არს აწ მერვე წელი), მეორესა წელიწადსა მიბრძანა მე ყოვ- ლად მოწყალემან ხელმწიფემან ჩემმან და წარმავლინა ზემოხსენებულთა ხეობათა შინა ოსთა და ფშავთანა მისვლად და სწავებად სჯულსა, ქრისტიანობისასა და მიბოძა ნიჭიცა სახმარად, უწმინდესო მეუფეო. მივედ პირველად გუდამაყარს სამწყსოსა ჩემსა და მიერ მოუწოდე ბრძანებითა მეფისათა და მოვიდნენ ათხუთმეტნი კაცნი კაწალხეველნი და ვეზრახე მათ სიტყვითა სამოციქულოისაითა და არ რაი ვიხილე მათ შორის წინა აღმდეგი ჩემისა მოძღვრებისა და შემდგომად ითხოვეს დიდისა სურვილითა ჩემგან მღვდელნი და მივეც და თანა წარვატანე ორნი მღვდელნი მთიულნი, რომელნიცა დღესაც იქ არიან და მოძღვრიან, და სულ მთლად მოაქციეს კაწალხევი რომ იქნება კომლად ასი, და მიერ წარვედ ზემო კერძო გუდამაყრისა ბაკურხევს და მივედ ფშაველთა თანა და ვასწავე მათ სიტყვითა სამოციქულოთა, და არა რაი თქვეს წინა აღმდეგი, დავყავ სამი დღე და მოიქცნენ და შემდგომად მოვიდა სხუა სოფლიდამ ერთი კაცი, თქუეს: ეს არის ჩვენი მღვდელიო. მოუპოებიათ რამდენიმე ლექსნი ფსალმუნისა უწიგნოდ ზეპირად და სწავლიან. იმას იტყვის, ორს-სამს მინუტსა ღვინოს დასდგამს და ამას წირვას ეძახიან, ნახშირსა სცხებს, იმავე ფსალმუნს იტყვის და ამას ნათვლას ეძახიან. შემდგომად სამისა დღისა და მოძღვრებისა ჩემისა ნათელს იღო და ახლა იმწყსებიან ჩვენთა მღვდელთა მიერ. ეგრეთვე ღუდას და თრუსოსა მოიქცნენ მრავალნი, იმარხვენ ოსნი წმინდად დიდ მარხვ და მრავალნი წმინდათ სახელები დახსომებიათ და სწამთ და მოძღ-ვრებასა შინა ჭეშმარიტებისასა არა რასა წინა აღმდგომსა იტყვიან. არა მაქვს შეძლება შემოსავალთაგან ეკლესიისათა რათა თითოსა ხეობასა შინა განვაწესო სამღვდელონი და ხარჯითა ჩემითა გამოვზარდნენ და შვილნი მათნი აღვზარდო სამღვდელოითა სწავლითა და მივსცე წიგნი საეკლესიონი და მუნ აღშენებულნი ეკლესიანი ვაკურთხო და სამღვდელოთა სამკაულითა განვაშენო და რაოდენ ჩემგან შეიძლება, როდესაც მივალ ვმოძღვრი მადლითა ყოვლადწმინდისა სულისათა, უწმინდესო მეუფეო. ეკლესიასა ჩემსა აქუს მამული საკომლო ხუთასი და მრავალჯერ აგარიანთაგან აოხრებითა და აღწყვ დითა ბევრისაგან მცირედი არის დაშთომილი ორმოცდაათი კომლი მემკვიდრე და ხიზანი, რომელნი მსახურებენ ეკლესიასა. მღვდელნი მყვანან: ერთი დეკანოზი, ორი მღვდელი, ორი დიაკონი, ერთი დიაკონ-მონაზონი, ოთხნი იპოდიაკონნი მგალობელნი, ოთხნი მსახურნი ერის კაცნი, ოთხნი, რომელთა ვასწავებ მეცნიერებასა და აწ ლოღიკასა იკითხვენ და ესე ყველანი ხარჯითა ჩემითა იზრდებიან. შემომივა ყმიდამ ღალა პურისა ორასი კოდი, ხან მეტი მოვა, ხან ნაკლები, ხოდაბუნს მომივა ორასი კოდი, ხან მეტი მოვა ხან ნაკლები; ქერი და ფეტვი მომივა ღალა ორასი კოდი, ხან მეტი მოვა, ხან ნაკლები; ეკლესიის ვენახს გამოუვა ღვინო ოთხმოცი კოკა, ხან მეტი მოვა, ხან ნაკლები; კულუხი მომივა ორმოცი კოკა ხან მეტი მოვა, ხან ნაკლები; სამწყსოდამ მესამე წელი- წადს სახუცო მოიკრიფა თორმეტი თუმანი მთისა და ბარისა და ამას გარდა მეფისაგან მებოძებოდა ოცი თუმანი წარსაგებელად სამწყსოთა კავკასიანთა. სანატრელსა მეფისა ჩემისა ირაკლისაგან მებოძა მონასტერს ყოფასა ჩემსა ერთი ჭაბუკი ოსისა წლისა ათორმეტისა და მიბრძანა ოქმითა, რათა ვასწავო წიგ...

10-2  საპატრიარქოს უწყებანი N10 14-20 მარტი 2010წ. 27.

მთავარეპისკოპოსი იოანე (ქარუმიძე) 1762-1803 (გაგრძელება)

... ნი, წერა და მეცნიერება სრულად, რომელიცა აღვასრულე ბრძანება ხელმწიფისა ჩემისა და შემდგომად მღვდელთმთავრად კურთხევისა ჩემისა მევე მიბოძა, რომელიცა განვაწესე დუშეთს დაბა-ქალაქსა შინა და შეუკრიბენ სამწყსონი ჩემნი სულნი ოცდა ათნი, რათა ასწაოს მათ წიგნი სრულად და წერა, რამეთუ ვიხილე არა მცირედი ნაკლებობა სამღვდელოთა კავკასიისა მთასა შინა სამწყსოსა ჩემსა; იგი ჩემითა ხარჯითა იზრდება და მუნ შეკრებულნი დიაკონნი სახლეულთა თვისთაგან იზრდებიან. სამწყსონი ჩემნი ბარისა და კავკასიისა მთისანი ყოველნი ქრისტიანენი მართლმადიდებელნი იქმნებიან ვგონებ ვითარმედ სამი ათასი კომლი, მარა არა გვაქვს აღრაცხვაი სულად ანუ კომლად, უჩვეველო  ბისათვის ქუეყანისა ჩუენისა. მღვდელნი სამწყსოისა ჩემისანი არიან რიცხვით სამოცნი, ხოლო დიაკონნი ხუთნი და ესე ყოველნი თვისითა მამულითა და სამწყსოთი იზრდებიან. არს ეკლესია გუნბათიანი ხევს, თამარ მეფისაგან აღშენებული ყოვლადწმინდისა სამებისა, მთასა გერგეტისასა და თვით სოფელი იგი გერგეტი არს შეწირული მის ეკლესიისა, და აღმოსავლით კერძო მთასა ქუეშე მყინვარისასა სენაკები და ეკლესია კლდისა გამოკვეთილი, რომელი ჰყოფილა მონასტერი მამათი. აწ არღარა არს და დიდსა მას ეკლესიასა სჯდომია არხიმანდრიტი და აწ არღარა უზის; აქვს ხატნი და ჯვარნი ვერცხლისა და ოქროთი მოჭედილი. აბარია ერთსა მღვდელსა, რათა ყოველთა დღესასწაულთა სწირვიდეს. არს ეკლესია მთიულეთს წმინდისა მთავარმოწამისა გიორგისა, რომელი არს მთასა ლომისისასა, სამძღუარსა ზედა არაგვისა და ქსნისასა; აქვს ჯვართა და ხატთა სიმრავლე მოჭედილი ოქროთა და ვერცხლთა და აბარია ორთა მღვდელთა, სწირევენ დღესასწაულთა შინა.არს ეკლესია მთასა ალევისასა, შუენიერი უგუნბათო ყოვლადწმინდისა სამებისა, რომელი ყოფილა პირველ მონასტერი მამათა და სჯდომია არხიმანდრიტი, რომელი მოაოხრა შააბაზ ყეენმა და წარიხვნა მრავალნი ხატნი და ჯვარნი ოქროსა და ვერცხლისანი, მრავლითა ნაწილთა აღსავსენი და სასწაულისა რაისამე მხილველმან, უქმნა კარნი ოქროისანი ეკლესიასა მას და წარმოგზავნა ყოველნი, რაიცა წარიხვნა, დიდითა პატივითა. ყავს ყმათ ალევის ხეობა ქრისტიანენი და ოსნი; აქუს ვენახი და მამული; აბარია დეკანოზსა მისსა შემოსავალი მისი ეკლესიისათვის და სწირვენ დღესასწაულთა შინა. არს მონასტერი ნათლისმცემლისა მთათა შინა, ხოლო აწ უშენ არს, რომელსა ეწოდება ხოფა, უზის არხიმანდრიტი და აქუს სოფელი ერთი თეზი, ვენახი და ხოდაბუნი. არს ეკლესია გუნბათიანი მთავარანგელოზთა მჭადიჯვარს საიღუმნო, ხოლო აწუზის დეკანოზი; აქუს მამული და ყმა სულ მცირედ. არს ეკლესია ანანურს გუნბათიანი საარხიმანდრიტო, ხოლო აწ უზის დეკანოზი, რომელსა შინა მოიხსენიება მათი უწმინდესობა. არს ეკლესია ყოვლადწმინდისა ღვთისმშობელისა, რომელსა ეწოდება ბოდორნა, რომელ ყოფილა პირველ დედათ მონასტერი, ხოლო აწ არღარა არს, ჰყავს ყმა ათი კომლი, ვენახი ერთი და მღვდელი ერთი არს განწესებულ. არიან მრავალნი სოფელნი აოხრებულნი სამწყსოსა ჩუენისანი აგარიანთაგან. არიან მრავალნი ეკლესიანი კავკასიისა მთათა შინა, მწვერვალთა ზედა ბორცუთასა აღშენებულნი, და სხენან ხატნი და ჯვარნი ვერცხლითა და ოქროითი მოჭედილნი, აქუსთ ჩვეულება ერთა ერთგზის აღსვ-ლად წელიწადსა შინა და დღესასწაულობად, და მე ვგონებ, ვითარმედ ადგილთა მათ შინა იყვნეს საკერპონი და მათ წილ აღაშენნეს ეკლესიანი, და მცირენი ეკლესიანი სოფლებთა შინა არიან მრავალნი, რომელთა შინა არის მარადის წირვა და ლოცვა მოუკლებელად პატიოსანთა მღვდელთაგან. არის ხეობასა ალევისასა ოსნი დამკვიდრებულნი მრავალნი, რომელსა ეწოდების საფაშეთი, საშუალ ჭართლისა და ალევისა, რომელთა სწავლითა და მოძღვრებითა ჩვენითა მრავალთა მიიღეს ნათლისღება და არს მუნ ეკლესიანი სამნი მცირენი, ნაკუეთითა შუენიერნი. და მარჯუენით კერძო ხევისა არიან ქისტნი ნათესავნი მრავალნი და ყოველნი წარმართნი და თუ ვინმე ამათგანი გარდამოსახლდება ხევსა, იქნებიან ქრის...

10-3  საპატრიარქოს უწყებანი N10 14-20 მარტი 2010წ. 28.

მთავარეპისკოპოსი იოანე (ქარუმიძე) 1762-1803 (დასასრული) 

.... ტიანედ და მრავალნი მათგანი სახლობენ გუელეთს, სოფელსა ხევისასა, მახლობელად ჩიმისა, უმოწყალესო ხელმწიფეო ჩემო. მოხევენი, მთიულნი, გუდამაყრელნი, ხანდოელნი, ჭართალელნი, ესენი არიან ხეობანი მთისა კავკასიისანი, რომელთა შინა არს ფრიადი სიმრავლე ერისა და გარდა ამისა სხვანი სოფელნი; დაბაქალაქი ანანური, ზემო ქაზისხევი, ქვემო ქაზისხევი, ციხისძირი, აფხავი, არღუნი, მთიულიანთკარი, ტონჩა, გრემისხევი, ებნისი, ჭილურტი, ბაზალეთი, გრიგოლიანთკარი, ჩრდილელიანთკარი, აში, ყვავილი, იორი, ლაბაურთკარი, ერთვალისი, არანისი, არაგვისპირი, ქვემო არაგვისპირი, ბოდორნა, ხიდა, საშაბურო, ბაგა, წინდუშეთი, კობიანთკარი, თვარელიანთკარი, ჭიაბრიანთკარი, კარიაულთკარი, დაბა ქალაქი დუშეთი, ზენალევი, ქვენალევი, კორინთა, იკოთი, ზემო იკოთი, დაბა ქალაქი ახალგორი, ძეგლევი, ოძისი, ქერენა, ქსოვრისი, დამპალა, მჭადიჯვარი, მუხრანი, წილკანი, რომელსა შინა არს სობორო საეპისკოპოსო. ესე ყოველნი სოფელნი შენნი არიან და ერთა მიერ აღსავსე. ყოველნი სამართალნი სასულიერონი განისჯებიან ჩემ-მიერ, თანა დასწრებითა პატიოსანთა მღვდელთა სამწყსოსა ჩემისათა. წერილ არს ძველთა მატიანეთა შინა, ვითარმედ ბაქარ მეფისა შემდგომთა მეფეთა, რომელთა აღაშენნეს ეკლესიანი, დასვეს ეპისკოპოსნი და მისცეს პირველობა უწინარეს მჯდომისა ეპისკოპოსისა და ამის გამო ვარ მე ახ- ლა მეოთხე ეპისკოპოსი ქართლსა შინა, უწინარეს ჩემსა ყოფილი ეპისკოპოსი ქრისტეფორე მოიხსენებოდა მიტროპოლიტად, რომელიცა უბოძეს მას წერილი სანატრელმან მეფემან ცხებულმან თეიმურაზ და სანატრელმან ხელმწიფემან ჩემმან მეფემან ირაკლი მიტროპოლიტობისა, რომელიცა გამოეცხადა უწმინდესსა სინოდსა, პეტერბუხს ყოფასა მისსა. აქუს ეკლესიასა ჩემსა სამღებრო იჯარა ორმოეცისა თუმნისა, რომელიცა მიმძლავრებულ არს ვიეთთაგანმე. აქუს კვალად მინდვრისა შემოსავალი საბალახე ასი სული ცხვარი და მთისა საბალახე ათორმეტი ღორი, ხან მეტი ხან ნაკლები, აქუს ვარდისუბანს ორი საკომლო და ძალისს ოთხი საკომლო და მუხრანს ერთი საკომლო. ჰყავს ყმა ერთი კომლი გრემს სოფელსა კახეთისასა, რომელსა აძევს წელიწადში ორი თუმანი ეკლესიისა. ესე არს სრული მოხსენება, რომელიცა ცხადმიყოფიეს პუნკტსა შინა 24, ეკლესიისა ჩემისა, ყმისა და მამულისა და სამ- წყსოისა, რომელიცა გუჯართა შინა ჩვენთა წერილ არს. თუესა მარტს 1, წელსა 1800. ყოვლადსამღვდელო წილკნელ არხიეპისკოპოსი, ძე სქემოსნის ონისიფორესი, სქესით ქარუმოვი კეთილშობილი, წლისა ოცდაათვრამეტისა იოანე“.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 27.09.2025
ბოლო რედაქტირება 27.09.2025
სულ რედაქტირებულია 3





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0