სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11192

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კულტ. მემკვიდრეობა ,ომების ისტორიები, სხვადასხვა
სიახლეები
რუსეთში აფერისტად შერაცხულ ქართველ მილიონერს ამერიკაში მემკვიდრე არ დარჩენია რუსეთში აფერისტად შერაცხულ ქართველ მილიონერს ამერიკაში მემკვიდრე არ დარჩენია რუსეთში აფერისტად შერაცხულ ქართველ მილიონერს ამერიკაში მემკვიდრე არ დარჩენია
ბმულის კოპირება

სიახლეები

ოზურგეთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

3       ბეჭდვა

რუსეთში აფერისტად შერაცხულ ქართველ მილიონერს ამერიკაში მემკვიდრე არ დარჩენია

ვასილ დუმბაძე დავითის ძე(1881-1943) ეკონომისტი სოფ. შემოქმედი ოზურგეთი გურია

    ამერიკაში ვასილ დუმბაძის მდიდრულად მორთული სახლის ფოიეში ორი დიდი სურათი ეკიდა – ჩიხტიკოპში გამოწყობილი დედის და მღვდლის სამოსიანი მამის...


ვასილ დავითის ძე დუმბაძე (დ. 1881, სოფ. შემოქმედი, — გ. 1943, ნიუ-იორკი) — ქართველი აზნაური, ფინანსისტი, ცნობილი თავისი ავანტურიზმით, სკანდალური კარიერით რუსეთის იმპერიის სამხედრო სამინისტროში და საიდუმლო დიპლომატიური საქმიანობით.

საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი ამერიკაში, მორგანთა ბანკის ბაკის ფინანსისტი და ქართული სათვისტომოს ერთ–ერთი ხელმძღვანელი ვასილ დუმბაძე 1882 წ. დაიბადა ოზურგეთის მაზრის სოფელ შემოქმედში. მამა – სოფლის მღვდელი და ცნობილი მგალობელი დავით დუმბაძე. ოჯახში ორი ვაჟის გარდა ცხრა ქალიშვილი იზრდებოდა. ვასო დუმბაძის ბიძა, იმპერატორის ამალის წევრი, გენერალ–მაიორი ივანე დუმბაძე, იალტის ქალაქის თავი იყო. ის უსაზღვრო ძალაუფლებით სარგებლობდა ყირიმში, რომელსაც "დუმბაზიასაც" უწოდებდნენ.

1897 წელს ვასო დუმბაძემ დაამთავრა ოზურგეთის სასულიერო გიმნაზია, 1901 წ. თბილისის გიმნაზია და სწავლა ლაიფციგის უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტზე განაგრძო. სტუდენტობისას ლაიფციგის ეთნოგრაფიულ მუზეუმში საინტერესო რეფერატი წაიკითხა სამოას ეთნოგრაფიაზე. მუშაობდა ორ დისერტაციაზე: "ქართველები – ეთნოგრაფიული მიმოხილვა" და "ნავთის ინდუსტრია კავკასიაში და მისი ამერიკის ნავთთან შედარება". დიპლომი, 1906 წელს, ბაქოს ნავთობსარეწებზე დაიცვა, თუმცა სამეცნიერო საქმიანობა აღარ გაუგრძელებია. მალე სამშობლოში დაბრუნდა და კავკასიის მეფისნაცვლის ილარიონ ვორონცოვ–დაშკოვის მამულების მმართველი გახდა. მას ეკუთვნის მნიშვნელოვანი საინჟინრო პროექტები, იყო წარმატებული კომერსანტი და ფინანსისტი, ასევე, მორგანთა რუსეთ–ამერიკის ბანკის ერთ–ერთი დამფუძნებელი ვორონცოვ–დაშკოვთან და ამერიკაში რუსეთის ელჩ ბახმეტევთან ერთად. ყურადღება მიიქცია პატრიოტული საქმეებითაც. I მსოფლიო ომის დროს იყო ნიკო დადიანის მიერ შექმნილი ქართველ დაჭრილ ჯარისკაცთა საზოგადოების გამგეობის წევრი. საზოგადოება 20 ათსამდე დაჭრილს დაეხმარა სურსათით, ტანსაცმლით, ქართული წიგნებით, გაჭირვებულთა ოჯახებს – ფულით. მნიშვნელოვანი როლი შეასრულა პეტროგრადში ქართული ეკლესიის დაფუძნებაშიც. ომის წინ აქტიურად თანამშრომლობდა გიორგი მაჩაბელთან, გიორგი შარვაშიძესა და სხვებთან ილია ჭავჭავაძის დაწყებული საქმის დასაგვირგვინებლად – რუსეთის იმპერიის ფარგლებში საქართველოს ავტონომიის მისაღწევად.

1914 წ. რუსეთის სამხედრო მინისტრის სუხომლინოვის ბიოგრაფიის "Генерал-адъютант Владимир Александрович Сухомлинов" გამოცემის, მასთან და მის ცოლთან დაახლოების შემდეგ სამხედრო შეკვეთებმა ვასო დუმბაძისკენ იწყო დენა. I მსოფლიო ომის დასაწყისში ის რუსეთის სამხედრო სამინისტროს მომარაგების სამსახურს ედგა სათავეში და კავკასიის ფრონტს ტყვია-წამლით ამარაგებდა (ატარებდა გენერლის წოდებას და სუხომლინოვის ნდობით აღჭურვილი პირი იყო). მან მოაგვარა სუხომლინოვისათვის მორგანთა ბანკის საშუალებით ამერიკაში 150 ავტომანქანის შეძენა და მიიღო ამერიკაში 15 მილიონი ოქროს მანეთის ყუმბარების დამზადების შეკვეთა (საქმიდან 2 მილიონი ერგო). ამ პერიოდში დაუკავშირდა ვასო დუმბაძეს "საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის" წევრი გიორგი მაჩაბელი და ფარულ გეგმაში ჩაითრია, რომელიც გერმანიის დაზვერვასთან მჭიდრო თანამშრომლობით ომში რუსეთის არმიის დამარცხების ხელშეწყობას და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას ითვალისწინებდა. გიორგი მაჩაბელმა და ვასო დუმბაძემ შეიმუშავეს გეგმა: ამერიკის ნაცვლად ჭურვები გერმანიაში დაამზადებინეს და სხვა კალიბრის – გათვალისწინებულზე ერთი მილიმეტრით დიდი, რომლებიც რუსულ ქვემეხებს არ მოერგო. ამან კარპატებამდე მისული რუსეთის არმიის კატასრტოფული უკანდახევა და აღმოსავლეთის ფრონტზე გერმანიის წარმატება გამოიწვია. იმავდროულად იმპერატორმა ნიკოლოზ II-ემ ვასო დუმბაძეს, როგორც გერმანიის მმართველ წრეებთან დაახლოებულ პირს, დაავალა ნიდაგის მოსინჯვა სეპარატისტულ ზავზე მოსალაპარაკებლად. გერმანიიდან რუსეთში დუმბაძის დაბრუნება ჭურვების სკანდალს დაემთხვა. ის საიდუმლო დოკუმენტების გერმანელებისათვის გადაცემის ბრალდებით დააპატიმრეს. სკანდალს შეეწირა სამხედრო მინისტრის კარიერაც. ვასო დუმბაძეს სიკვდილი მიუსაჯეს, რომელიც ნიკოლიოზ II-ემ კატორღით შეუცვალა. ამ საქმის გამო გახდა იგი მიხეილ ჯავახიშვილის ცნობილი კვაჭი კვაჭანტირაძის პროტოტიპი. თებერვლის რევოლუციის შემდეგ, ის თავდებით გამოიხსნა გიორგი მაჩაბლის ძმამ, ილომ და თავის თეატრ "ბი–ბა–ბოსთან" ერთად კიევში წაიყვანა, კიევიდან დუმბაძე ჯერ ოდესაში, შემდეგ სტამბოლში, იქიდან ევროპაში გაემგზავრა.

1918-21 წლებში ვასილ დუმბაძე აქტიურად თანამშრომლობდა საქართველოს ეროვნული გვარდიის სტრუქტურაში არსებულ სამხედრო დაზვერვასთან და კონტრდაზვერვასთან. საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, სხვა მრავალ ქართველთან ერთად, ემიგრაციაში აღმოჩნდა. 1924 წ. ამერიკაში ჩავიდა. 1925 წ. ნიუ–იორკში გამოსცა წიგნი "კავკასიის რესპუბლიკები: პატარა დემოკრატიები, რომლებიც მსოფლიომ დაივიწყა", სადაც აღწერა კავკასიის რესპუბლიკების ისტორია და მათი მდგომარეობა. პარიზში მყოფმა საქართველოს ემიგრირებულმა მთავრობამ ის ამერიკაში თავის წარმომადგენლად დანიშნა. ვასო დუმბაძე ენერგიულად შეუდგა საქართველოს ოკუპაციის საკითხის გახმაურებას, რადგან ამერიკა საქართველოს რუსეთთან ნებაყოფლობით შეერთებულ ქვეყნად თვლიდა. დუმბაძის თაოსნობით და სენატორ ჰენრი ვილსონის თავმჯდომარეობით დაარსდა "ამერიკული საზოგადოება კავკასიისათვის". იურისტთა კომისიამ დაადგინა საქართველოს დამოუკიდებლობის უფლება და ევროპაში გახიზნული მთავრობის კანონიერება.

1926 წლის მარტ–აპრილში ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლობით პალატასა და სენატში განიხილეს საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლის დანიშვნის საკითხი. კონგრესმა ამ სხდომათა ოქმებით, 22 დამატებით და 17 ფოტოთი სახელმწიფო ხარჯით საქართველოზე 361 გვერდიანი წიგნი გამოსცა. საქართველოს საკითხი მეორედ 1929 წლის აპრილში დაისვა. დუმბაძე საქართველოს წარმომადგენლად დამტკიცდა. იმავე წელს დიპლომატ ლეონ ვილსონის თავმჯდომარეობით შეიქმნა "საქართველოს უფლებების დაცვის კომიტეტი", რასაც შედეგად ამერიკის კონგრესში საქართველოს საკითხის რამდენჯერმე განხილვა მოჰყვა.

1933 წელს საქართველოს მთავრობის ლეგაციის გაუქმების შემდეგაც ვასო დუმბაძე ცდილობდა საქართველოს საკითხით ამერიკის ხელისუფლების დაინტერესებას, მაგრამ ევროპაში მწიფდებოდა დიდი ომი და შტატების ადმინისტრაციას საქართველოსთვის აღარ ეცალა. ვასო დუმბაძე კი დიდხანს ასრულებდა საქართველოს არაოფიციალური და არააკრედიტირებული ელჩის როლს ამერიკაში. 1931 წელს დაარსდა ნიუ–იორკის სათვისტომო, რომლის დაფუძნების ერთ–ერთი ინიციატორი ვასო დუმბაძე იყო. ის აქტიურად მონაწილეობდა სათვისტომის საქმიანობაში, ფინანსურადაც ხშირად ეხმარებოდა, ოთხგზის იყო მისი თავმჯდომარე. ქართველთა შესაკავშირებლად ხშირად აწყობდა თავყრილობებსა და ნადიმებს. 1938 წელს მისი ინიციატივით აისლიპში შეიძინეს სათვისტომოს სახლი. ვასომ ეს სახლი თავისი ხარჯით გაარემონტა, გააწყო ავეჯით, გააშენა ბაღ–ბოსტანი.

ვასო დუმბაძეს ამერიკაში საკუთარი საქმე არ წამოუწყია, მაგრამ როგორც მორგანების ბანკის წამყვანი ფინანსისტი – მდიდარი იყო და ცოლადაც უმდიდრესი ქალი შეირთო. მისი მეუღლე დღეში 8-მილიონიანი ტირაჟით გამომავალი გაზეთის "Chicago Tribune"-ის მეწილე იყო. საკუთარი მდგომარეობის, ცოლისა და გაზეთის წყალობით ის ყველა უწყებაში ადვილად ახერხებდა შეღწევასა და ქართველების დახმარებას.

საბჭოთა საქართველოს მთავრობამ ვასო დუმბაძის მამა საკუთარ სახლში დახვრიტა და დუმბაძეს დაუნდობლად თათხავდა. 1926 წ. აპრილში გაზეთმა "მუშამ" მას მიუძღვნა წერილი სათაურით "აფერისტი ვასილ დუმბაძე".

გადმოცემის თანახმად, 1943 წელს, როცა ვასილ დუმბაძე გარდაიცვალა, საქართველოში მისი დის სახელზე ანდერძი მოვიდა, რომელშიც დუმბაძის მემკვიდრეობაზე – 27 მილიონ დოლარზე იყო საუბარი. არსებობდა თუ არა ეს თანხა ან სად გაქრა ის დანამდვილებით არავინ იცის.

ამერიკაში ვასილ დუმბაძის მდიდრულად მორთული სახლის ფოიეში ორი დიდი სურათი ეკიდა – ჩიხტიკოპში გამოწყობილი დედის და მღვდლის სამოსიანი მამის...

ვასო დუმბაძეს მემკვიდრე არ დარჩენია. დასაფლავებულია ნიუ–იორკში.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





ბათუმის ხელშეკრულება 04 ივნისი 1918 წელი

2 0

ფონდი ქართუს მიერ რესტავრირებული ისტორიული ძეგლები

2 0

12000 მეტი სასულიერო პირი, მოიძიე გვარით, ითანამშრომლეთ ავტ. დავით ფეიქრიშვილი

1 0

დალაგებულია ანბანის მიხედვით, 

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები ითანამშრომლა ია კუხალაშვილი

2 0

ახმეტის რაიონში გარდაცვლილი მებრძოლები 1990 წლიდან, წიგნი ახმეტელი გმირები.

2 0

ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 0