სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12038

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
ზაქარია სვიმონის ძე მჭედლიძე  1864-1949წწ დეკანოზი დაბ. სოფ. სვირი (ზესტაფონი) ზაქარია სვიმონის ძე მჭედლიძე  1864-1949წწ დეკანოზი დაბ. სოფ. სვირი (ზესტაფონი)

1864-1949 წწ. გარდ. 85 წლის

ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი მჭედლიძე სია

ზესტაფონი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

12       ბეჭდვა

ზაქარია სვიმონის ძე მჭედლიძე 1864-1949წწ დეკანოზი დაბ. სოფ. სვირი (ზესტაფონი)

"დეკანოზი ზაქარია მჭედლიძე 1864-1949
დეკანოზი ზაქარია სვიმონის ძე მჭედლიძე 1864 წლის 14 იანვარს ქუთაისის გუბერნიაში, სოფ. სვირში, მღვდლის ოჯახში დაიბადა. დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი. სწავლა სტავროპოლის სასულიერო სემინარიაში გააგრძელა. მეოთხე კურსიდან მიატოვა სწავლა და სამშობლოში დაბრუნდა. ჯვარი დაიწერა მინადორა ნიკიფორეს ასულ ხუსკივაძეზე (18.08.1868) და შეეძინა ექვსი შვილი: იოანე (1.05.1889, 1914 წელს დაამთავრა მოსკოვის სამედიცინო უნივერსიტეტის ფაკულტეტი, თავდაპირველად იყო სამხედრო ექიმი, პარაზიტოლოგი, მალარიოლოგი, ქ. ბათუმის სამალარიო სადგურის მთავარი ექიმი. მას დიდი ღვაწლი მიუძღვის აჭარაში მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის განხორციელებაში. მან ბათუმში ჩამოაყალიბა ენტომოლოგიური სამსახური და აქტიურად ნერგავდა პარაზიტოზების გამომწვევთა და გადამტანთა გასანადგურებელ მეთოდებს და საშუალებებს. 1930 წელს იგი გააგზავნეს საფრანგეთსა და იტალიაში ტროპიკული მედიცინის შესასწავლად. 1937 წელს რეპრესირებულ იქნა), ლუბა (2.02.1891, პედაგოგი), ნინო (19.07.1897), ელიზბარი (8.08.1902), რუსუდანი (28.09.1906), ვიქტორი (5.09.1908). 1888 წლის 22 მაისს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა გრიგოლმა (დადიანი) დიაკვნად აკურთხა და ბეჩოს ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიაში განამწესა. 1889 წლის 15 მარტს მღვდლად დაასხა ხელი და ფხუტრერის მთავარანგელოზთა ეკლესიაში დაადგინა. 1890-1900 წლებში ოლქის სამღვდელოების მხრიდან იყო საეპარქიო სხდომაზე დამსწრე დეპუტატი. 1891 წლის 28 აგვისტოდან 1895 წლის 20 მარტამდე სვანეთის ოლქის სასულიერო გამომძიებელია. 1893 წლის 26 ივნისს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1894 წლის 16 ივნისს ჟახუნდრის წმ. გიორგის ეკლესიაში გადაიყვანეს. 1895 წლის 20 მარტიდან 1902 წლის 7 მარტამდე ლაშხიეთის ოლქის მთავარხუცესია. 1896 წლის 27 ივნისს სკუფია უბოძეს. 1896 წლის 18 სექტემბრიდან 1897 წლის 5 ივლისამდე შეთავსებით იყო ოყურეშის ოლქის მთავარხუცესიც. 1897 წელს მონაწილეობა მიიღო რუსეთის იმპერიის მოსახლეობის საყოველთაო აღწერაში, რის გამოც ბრინჯაოს მედლით დაჯილდოვდა. 1898 წლის 1 სექტემბრიდან 1902 წლის 7 მარტამდე ლაშხეთის სამინისტრო სკოლის საღვთო სჯულის პედაგოგია. 1900 წელს სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელში გამწესებული სარევიზიო კომისიის წევრია. გამოიკვლია სასწავლებლის ეკონომიური მდგომარეობა. 1900 წლის 6 მაისს კამილავკა ეწყალობა.



1902 წლის 7 მარტს იმერეთის ეპარქიაში, სოფ. ამაღლების მაცხოვრის ამაღლების ეკლესიაში გადაიყვანეს. 1902 წლის 26 აგვისტოდან 1912 წლის 1 სექტემბრამდე ამაღლების ორკლასიანი სკოლის გამგე და საღვთო სჯულის პედაგოგია. 1904 წლის 25 აგვისტოდან 1914 წლის 9 მარტამდე ვანის ოლქის სამღვდელოების სულიერი მოძღვარია. 1906 წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. 1909 წლის 1 სექტემბრიდან 1914 წლის 9 მარტამდე ამაღლების სამრევლო-საეკლესიო სკოლის გამგეა. 1912 წლის 6 მაისს წმ. ანასIII ხარისხის ორდენი უბოძეს. 1912 წელს გაზეთი „შინაური საქმეები“ წერდა: „სოფ. ამაღლებაში საბოლოოდ დაიხურა მეორე კლასიანი სამრევლო სასწავლებელი, რომელიც აგერ 14 წელიწადია არსებობდა ამ სოფელში. რატომ? რა მიზეზია? ამ კითხვებზე კაცი პასუხს არ იძლევა და მიცემაც გასაჭირია, მართალი რომ ვსთქვათ, თავის დროზე ხალხმა 2000 მან., ექვსი ქცევა და ნახევარი საუკეთესო ადგილიც შესწირა, მიენდო სასულიერო მთავრობას, ეხლა კი სასულიერო მთავრობამ ეს ნდობა ვერ გაამართლა და ხალხი პირღია დატოვა. ვინ არის ამაში დამნაშავე. უმაღლესი მთავრობა, ე. ი. უწ. სინოდთან არსებული სამოსწავლო საბჭო? სრულებით არა. არამედ ისევ ახლო-მახლო ბატონ-პატრონები -– მამა პაშკევიჩი და მისი პროტეჟე, იმერეთის საეკლესიო სკოლების მეთვალყურე ავერკიევი, რომელსაც საეკლესიო სკოლების და მისი მნიშვნელობის იმდენივე გაეგება, რამდენიც მე და შენ, მკითხველო, ჩინეთის იმპერატორების სასახლის საიდუმლოების. ბ. ავერიკიევმა პირველი თავის გამოსვლა სახალხო განათლების სარბიელზე პირველხარისხოვანი საეკლესიო სკოლების გაუქმებით აღნიშნა და რა იქნება შემდეგ, ამას დიდი წინასწარმეტყველება არ უნდა... ხალხი მეტად დააღონა ამ ამბავმა, მაგრამ თავი მაინც არ დაუკარგავს. იგი უკვე შეუდგა ექვსკლასიან სამოქალაქო სკოლის გახსნის თადარიგს... მანამ კი მის ჭეშმარიტ მოძღვარს, მამა ზაქარია მჭედლიძეს, სკოლის ყოფილ გამგეს, არ სძინავს, რომ სკოლაზე შეჩვეულ ხალხს გული არ გაუგრილდეს და სწავლა-განათლებას სულ თავი არ მიანებოს, მან გახსნა კერძო მესამე ხარისხის სამინისტრო სკოლა, სადაც თვითონ პირადათაც იმუშავებს, როგორც დიდი ხნის გამოცდილი პედაგოგი და სოფლის კეთილდღეობაში დაინტერესებულ პირებსაც დაიხმარს საყვარელ სამწყსოს საკეთილდღეოდ. ეჭვი არ არის, რომ მ. მჭედლიძეს ხელმძღვანელობით და მეთაურობით ამაღლებლები მალე დაიარსებენ სამოქალაქო სასწავლებელსაც“. 1912 წლის 15 ოქტომბრიდან 1914 წლის 9 მარტამდე მამა ზაქარია ზეინდარის სახალხო სამინისტრო სკოლის საღვთო სჯულის პედაგოგია. 1913 წლის 9 დეკემბერს ხონის მთავარანგელოზთა ტაძარში დაინიშნა. 1914 წლის 17 იანვარს ეკლესიასთან არსებულ ერთკლასიან სამრევლო-საეკლესიო სკოლის გამგედ დაადგინეს. 1914 წლის 1 თებერვალს ხონის ერთკლასიანი ქალთა სკოლის საღვთო სჯულის
34-1  საპატრიარქოს უწყებანი N34 22-28ოქტომბერი 2015წ გვ.19
"დეკანოზი ზაქარია მჭედლიძე 1864-1949 (გაგრძელება)
მასწავლებლად დაინიშნა. 1914 წლის 4 ოქტომბერს ხონის ვაჟთა პროგიმნაზიის ქართული ენის მასწავლებლად განამწესეს. 1916 წელს მლვდელი ზაქარია პირველ მსოფლიო ომში სამხედრო კაპელანად წავიდა და სამხრეთის ფრონტზე ქ. ყარსში მსახურობდა. 1917 წელს გაზეთი „საქართველო“ მოძღვრის შესახებ წერდა: „ჩვენ ჩაგვივარდა ხელში მეტად საინტერესო დოკუმენტი, რომელიც აშკარად ახასიათებს იმ დამოკიდებულებას რომელიც არსებობს რუსის სამღვდელოებასა და საქართველოს ეკლესიას შორის. ეს დოკუმენტი წარმოადგენს კოპიოს იმ დადგენილებისას, რომელიც გამოიტანა კავკასიის სამხედრო უწყების სამღვდელოების საბჭომ 17 მაისს, 1917 წელს. ამ საბჭოს დადგენილებით, ყარსის დროებით ჰოსპიტალის მღვდელი მ. ზაქარია მჭედლიძე დათხოვნილ იქმნა სრულებით და უადგილოთ სამსახურიდან, რადგანაც მ. ზაქარია მჭედლიძემ 19 მარტს 1917 წელს მღვდელმსახურების დროს არ მოიხსენია საქართველოს ეგზარხოსი და მის ნაცვლად მოიხსენია საქართველოს პატრიარქ-კათოლიკოსის მოსაყდრე, როგორც უზენაესი მმართველი საქართველოს ეკლესიისა, თანახმად 12 მარტის აქტისა. 19 მარტიდან მრავალი თვე გავიდა. გამოვიდა დროებითი მთავრობის აქტი, რომლითაც საქართველოს ეკლესია თავისუფალია. საქართველოს უკვე ჰყავს თავისი კათოლიკოს-პატრიარქი და ყველა ქართველ მღვდელს არამც თუ ნება აქვს, არამედ პირდაპირ მოვალეა და პასუხისმგებელი მღვდელმსახურების დროს მოიხსენიოს არა ეგზარქოსი, არამედ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. მამა ზაქარია მჭედლიძე კი ისევ დასჯილია და სამხედრო სამღვდელოების საბჭოს დადგენილება ისევ ძალაშია. როგორც ჩვენ გავიგეთ, მამა ზაქარია მჭედლიძეს თვითონაც აღარ სურს თავის ძველს ადგილზე სამსახური და ამ დღეებში თხოვნით მიმართავს ქართველ სამხედრო უწყებას დაეთმოს მოძღვრის ადგილი ერთ-ერთ ქართულ პოლკში“. 1920 წელს უკვე დეკანოზის წოდება აქვს და ცხუმაფხაზეთის ეპარქიაში, გაგრის წმ. იპატის სახელობის ტაძრის წინამძღვრად იხსენიება. პროფესორი ჯემალ გამახარია თავის წიგნში „აფხაზეთი და მართლმადიდებლობა“ დეკანოზ ზაქარიას აფხაზეთში მოღვაწეობის შესახებ წერს: „აქ მსახურობდა დეკანოზი ზაქარია მჭედლიძე, რომელიც კლიმატოლოგიური სადგურის ხელმძღვანელობისა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისადმი მტრულად განწყობილი სხვა ძალების (სახლების მეპატრონე შენგელია და სხვ.) გავლენის ქვეშ იმყოფებოდა და მათი წაქეზებით ქალაქის თვითმართველობის გაუქმებას მოითხოვდა“. 1921 წლის 1-5 სექტემბერს, როგორც ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის დელეგატი, ესწრებოდა გელათში გამართულ საქართველოს სამოციქულო ავტოკე- ფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მესამე საეკლესიო კრებას. XX ს-ის 20-იან წლებს შუა დეკანოზი ზაქარია ქუთაისში სახლდება და საფიჩხიის სასაფლაოს მაცხოვრის ამაღლების ტაძრის წინამძღვრად ინიშნება. = ს 1936წლის 1 მარტს გამწარებული მოძღვარი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს (ცინცაძე) წერდა: „უმორჩილესად პატივი მაქვს მოვახსენო თქვენს უწმიდესობას, რომ 25-ს ამა თვეს ღამით ავაზაკებმა გასტეხეს რწმუნებული ჩემდამო ეკლესია და წაიღეს შემდეგი ნივთები: წმ. ანტიმინსი (წმ. ნაწილები ავტ.), ტრაპეზის ქვა და შესამოსელი ტილო, ზევითა ფარჩის, მისივე ტილოს სახურავი, ორი სელის სკამი, პირსახოცი, გარდამოხსნის საბურავი ფარჩისა, ლახვარი, სხვა წვრილმანი. ვინ იცის, კიდევ რამდენ ნივთებსაც არ გაიტაცებდნენ, რომ დროზე არ გაეგოთ სასაფლაოს დარაჯებს. ეს გარემოება ეცნობა ქუთაისის სისხლის სამართლის მილიციას 26 თებერვალს, საქმე #15, რაზედაც უფროსის თანაშემწის ცინიკური პასუხი მივიღე: „ვერ გააშეშა ღმერთმა ავაზაკებიო“. ეს მე-13 შემთხვევაა ჩემი ეკლესიის გაძარცვისა, რაზედაც თავ-თავის დროზე ეცნობა მილიციას, მაგრამ არც ერთხელ მათ თავი არ შეუწუხებიათ“. ამავე წლის 2 მარტს უწმინდესმა კალისტრატემ ამ მოხსენებას შემდეგი მინაწერი გაუკეთა: „სამწუხაროა ფაქტიც და ხელისუფლების წარმომადგენლის შეუფერებელი პასუხიც! თუ ითხოვენ, წმ. ოდიკი დაეთმოს უსასყიდლოდ“. 1943 წლიდან დეკანოზი ზაქარია თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად და კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს ლოცვა-კურთხევით თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძრის მეორე მღვდლად დაინიშნა. 1944 წლის 4 ივლისს შეროზიას ქ. 5-ში მცხოვრები მოხუცებული მოძღვარი საქართველოს სახალხო კომისართა საბჭოსთან არსებულ საეკლესიო კომიტეტის თავმჯდომარეს წერდა: „ორი წელიწადია, რაც განვიცდი დიდ და აუტანელ გაჭირვებას ბინის უქონლობის გამო. ამ დროის განმავლობაში ვცდილობდი ბინის შოვნას, მაგრამ ამაოდ. მიხდებოდა ბინადრობა ისედაც ვიწრო ბინების პატრონებთან, ისიც არა ხანგრძლივად, არამედ დროულად. ვგრძნობ, ვაწუხებ ყველას, მაგრამ ამას მაიძულებს გარემოება. გთხოვთ, შეიწყნაროთ და მიიღოთ მხედველობაში ჩემი ეგრეთი გაჭირვებული მდგომარეობა და მომაქციოთ ყურადღება, როგორც მოხუცებულს (80წ.) და მასთანვე დაავადებულს. აღძრათ შუამდგომლობა თბილისის ბერიას რაიონულ საბჭოსთან მომეცეს 14-16 კვ. მ.
34-2  საპატრიარქოს უწყებანი N34 22-28ოქტომბერი 2015წ გვ.20
დეკანოზი ზაქარია მჭედლიძე 1864-1949 (დასასრული)
საცხოვრებელი ბინა და მით მომცეთ საშუალება უკანასკნელად მოსვენებული ცხოვრებისა. სრული იმედნეული ვარ თქვენ მიერი თხოვნით შეიწყნარებთ, როგორც შვილადმი კეთილ მზრუნველი მამა“. დეკანოზ ზაქარია მჭედლიძე მოგონებები შემოგვინახა მისმა შთამომავალმა, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქიატრიისა და სამედიცინო ფსიქოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა გიორგი ნანეიშვილმა: „მამაჩემის ბაბუა (დედის მამა),) ზაქარია მჭედლიძე (1862-1949) სასულიერო პირთა ცნობილი საგვარეულოს შთამომავალი გახლდათ. ის იყო ქართველი საეკლესიო მოღვაწის, წმინდანად შერაცხული სიმონ მჭედლიძის ახლო ნათესავი. ჩვენს ოჯახში, ტრადიციულად, უამრავი სასულიერო ლიტე- რატურა ინახებოდა. სხვათა შორის, ამ წიგნების უმრავლესობა მამაჩემს შესანახად მიაბარა მისმა უწმინდესობამ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ (ცინცაძემ). XX ს-ის 40- იან წლებში, მოგეხსენებათ, ეკლესიას დევნიდნენ და ამ წიგნებს განადგურება ელოდა. II მსოფლიო ომი რომ დაიწყო, მამაჩემი ფრონტზე გაიწვიეს. 1941 წლის 27 ივნისს, უკანასკნელი გამოცდის ჩაბარების შემდეგ, სამი მეგობარი: გიგა მაქარაშვილი, გივი კობახიძე და ბიძინა ნანეიშვილი კომისარიატში გამოცხადდნენ. სამხედრო ეშელონი ფრონტზე 6 ივლისს გადიოდა. გამგზავრების წინ მეგობრები მამაჩემის ბაბუას, დეკანოზ ზაქარია მჭედლიძეს ესტუმრნენ. მოხუცი დეკანოზი შვილიშვილსა და მის მეგობრებს დაჰპირდა, კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს შეგახვედრებთო. გიგა მაქარაშვილმა, ახალგაზრდული მაქსიმალიზმითა და ათეისტური იდეებით გამსჭვალულმა, საპატრიარქოში მისვლაზე უარი განაცხადა, მამაჩემი და მეორე მეგობარი კი მისმა უწმინდესობამ მიიღო. ახალგაზრდებს გადაწყვეტილი ჰქონდათ (ალბათ, ათეისტური აღზრდის გავლენით), ხელზე არ მთხვეოდნენ პატრიარქს, მაგრამ... „როდესაც ოთახში შემოვიდა ულამაზესი თეთრწვერა მოხუცი, რომელიც სიწმინდესა და დიდ სულიერ ძალას ასხივებდა, მე ჩემდაუნებურად დავიხარე და ხელზე ვემთხვიეო, იგონებდა მამაჩემი. კათოლიკოს-პატრიარქმა დალოცა ახალგაზრდები და გზა დაულოცა ბრძოლის ველზე. 1949 წლამდე დეკანოზი ზაქარია თბილისის ყოვლადწმინდა სამების ტაძარში მსახურობდა. გარდაიცვალა 1949 წლის 16 სექტემბერს. დაასაფლავეს 20 სექტემბერს კუკიის წმ. ნინოს სახელობის ეკლესიის სასაფლაოზე.

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 28.12.2025
ბოლო რედაქტირება 28.12.2025
სულ რედაქტირებულია 5





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0