მღვდელი დიომიდე შევარდენის ძე ჩხაიძე 1866 წელს ქუთაისის გუბერნიაში, ოზურგეთის მაზრის სოფ. აკეთში სასულიერო წოდების ოჯახში დაიბადა. ბაბუა მღვდელი ჰყავდა. სწავლობდა ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში. 1886 წელს თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩააბარა. 1892 წლის 22 მარტს სიონის საკათედრო ტაძარში საქართველოს ეგზარქოსმა პალადიმ (რაევი) სტიქარი უკურთხა. 1892 წელს წარმატებით დაამთავრა თბილისის სასულიერი სემინარია და მშობლიურ კუთხეს დაუბრუნდა.
1893 წლის 25 მარტს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა გრიგოლმა (დადიანი) დიაკვნად აკურთხა, იმავე წლის 27 მარტს მღვდლად დაასხა ხელი და ზემო აკეთის წმ. გიორგის სახ. ტაძრის წინამძღვრად დანიშნა. 1894 წელს აკეთის ოლქის სამღვდელოების მხრიდან წარიგზავნა დეპუტატად ქუთაისის სასულიერო სემინარიის საქმეებზე. 1894 წლის 20 ნოემბრიდან 1895 წლის 20 ივნისამდე იყო აკეთისა და ლანჩხუთის ოლქის სასულიერო გამომძიებელი. 1894 წლის 1 ოქტომბრიდან 1895 წლის 1 ოქტომბრამდე აკეთის ოლქის სამრევლო-საეკლესიო სკოლების ზედამხედველია. 1895 წლის 1 სექტემბრიდან 1898 წლის 1 სექტემბრამდე იყო თავისი დაარსებული ზემო აკეთის სამრევლო-საეკლესიო სკოლის საღვთო სჯულის პედაგოგი. მღვდელ დიომიდე ჩხაიძის აქტიური საეკლესიო და პედაგოგიური მოღვაწეობა შეუმჩნეველი არ დარჩენილა იმჟამინდელი ქართული პრესისათვის. 1895 წელს გაზეთი „ივერია“ წერდა: „აგერ უკვე ორი წელიწადია, რაც ზედა აკეთში გაამწესეს მღვდელი დ. ჩხაიძე, რომელმაც 1892 წ. დაასრულა ტფილისის სასულიერო სემინარია... მ. დ. ჩხაიძე მოსვლიდგანვე მხნედ შეუდგა მკვიდრთა შეგნების გაუმჯობესებას და წინ წაწევას; მეტად ღარიბი და უპატივცემულოდ მიგდებული აქაური ეკლესია დღეს ეკლესიას დაემსგავსა... საკუთარის მეცადინეობით დ. ჩხაიძემ შესძინა ამ ეკლესიას დაფარნები, ხატები და სხვა საეკლესიო ნივთები, კერძო შემოწირულობანი, ღირებული არანაკლებ 150 მანეთისა. დ. ჩხაიძე პირველი ინიციატორი იყო დ. ლანჩხუთს მიმავალის გზის გაყვანისა, რომელიც ფრიად საჭირო აღმოჩნდა არა მარტო ამ სოფლისათვის, არამედ რვა საზოგადოებისათვის... არანაკლები მნიშვნელობა ექნება ამ სოფლისათვის მის მიერ ახლად დაარსებულ სამრევლო სკოლას... აქ თვით მ. დ. ჩხაიძის ჩვენებით, 7 წლიდან 11 წლამდის 120 ყმაწვილი ყოფილა და მათში წერა-კითხვა მხოლოდ 25-ს სცოდნია. მ. დ. ჩხაიძემ თითქმის მუქთად სწავლება აღუთქვა ყმაწვილების მშობელთ 1896 წელს გაზეთი „კვალი“ მისი მოღვაწეობის შესახებ წერდა: „მღვდელ დიომიდე ჩხაიძეს საკუთარი შრომით და ხარჯით დაუარსებია სკოლა და უსასყიდლოდ ასწავლის ყმაწვილებს; უქმე დღეს ეკლესიაშიდამის მიერ დაარსებულ საკვირაო სკოლაში ის უსასყიდლოდ ასწავლის მოზარდებსაც“. 1895 წელს მამა დიომიდემ ქართველ საზოგადოებას დახმარება სთხოვა მის მიერ დაარსებული საკვირაო სკოლისა
6-1 საპატრიარქოს უწყებანი N6 16-22თებერვალი 2017წ გვ.18
მღვდელი დიომიდე ჩხაიძე 1866-1918 (გაგრძელება)
და სახალხო სამკითხველოს ფულით, წიგნებით და დროგამოშვებითი გამოცემებით მომარაგებაზე. გაზეთი „ცნობის ფურცელი“ წერდა: „სრული იმედი გვაქვს, რომ ქართველი საზოგადოება ჩვეულებრივის გულშემატკივრობით დახვდება ზემოდ ხსენებულ მოწოდებას მამა ჩხაიძისას და ვისაც რით შეეძლება, დაეხმარება ამ კეთილ საქმეს“. 1897 წლის 1 იანვრიდან 1899 წლის 19 იანვრამდე იყო აკეთის ოლქის სამღვდელოების მხრიდან დეპუტატი ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში, ხოლო 1900-1903 წლებში ერკეთის ოლქის სამღვდელოების მხრიდან. 1898 წლის 1 იანვარს ჩოხატაურის ოლქის მთავარხუცესის თანაშემწედ აირჩიეს. 1898 წლის 20 მარტს ერკეთის ოლქის მთავარხუცესის მოვალეობის შემსრულებლად დაადგინეს. 1899, 1900, 1903, 1906, 1909, 1910 და 1912 წლებში ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში არსებული დეპუტატების შეკრებებზე სხდომების თავჯდომარედ იყო. 1900 წლის 10 მაისს დაამტკიცეს მთავარხუცესად. 1901 წელს მღვდელი დიომიდე გაზ. „ცნობის ფურცელის“ მეშვეობით მადლობას უცხადებს ვინმე ეგნატე სიმონის ძე ჯინჭარაძეს, რომელმაც მოაგროვა შემოწირულება და აკეთში დაარსებულ უფასო სამკითხველოს შესწირა. იქვე გაზეთში მოცემულია სია ყველა იმ პიროვნების, ვინც აღნიშნული თანხა გაიღო. სულ იყო 14 მანეთი. საინტერესოა მღვდელ დიომიდე ჩხაიძის მოსაზრება სწავლა-განათლებასა და პედაგოგიურ მიდგომასთან დაკავშირებით. იგი წერდა: „გარდა სამღვდელოების დაუღალავი, უანგარო და ენერგიული მოღვაწეობისა ხალხის ზნეობის ამამაღლებელი, გამაფაქიზებელი, დიდსულოვნების, ჭირთათმენის საღსარი სოფლის სკოლები და მასწავლებლებია. პირველზე კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა აქვთ ამათ, ვინაიდგან ნორჩ, ჯერ კიდევ დაუმახინჯებელ თაობასთან
აქვთ საქმე. სიღარიბის გამოა თუ შეუგნებლობისა, სოფლელი თავის შვილს ვერ გააცილებს სოფლის სკოლას, მაშასადამე, ეს არის ერთადერთი
წყარო სინათლისა, ნაბერწკალის შემტანი ბურუსით მოცულ სოფლელთა ზნეობა-გონებაში... რასაც სწავლობს ბავშვი, ის უთუოდ მის შინაგან
არსებაზე, გრძნობებზე, სულსა და გულზე უნდა მოქმედებდეს. არც ერთ საგნის სწავლებას არ შეუძლია ყმაწვილის ზნეობაზე კვალი დაარჩინოს,
აღიბეჭდოს, უკეთუ ყმაწვილს არ აქვს შეგნებული, შეთვისებული და ნაგრძნობი მისი შინაარსი სავსებით... და ბოლოს, თვითონ მასწავლებელიც
უნდა იყვეს თვისი ცხოვრებით წარმომადგენელი ღვთის მორწმუნეობისა, სიყვარულისა, სამღვთო მცნებების, ეკლესიურ ჩვეულებათა ასრულებისა.
ბევრს ვერ ვხედავთ ისეთებს, რომელთაც კვირაუქმე დღეობით ეკლესიაში დაჰყავდეს ბავშვები, თვითონაც თან დაჰყვებოდეს და მაგალითს აძლევდეს ღვთის ვედრებისას, ბავშობიდანვე აჩვევდეს ღვთისმსახურებას... არიან ჩვენში მართლა ზოგი მხნე და შეგნებული პედაგოგები, მაგრამ
როგორ ეპყრობიან ამათ სხვები, რა მხარს აძლევენ, რა დამოკიდებულება აქვსთ მათთან, ამაზედ შემდეგ მოგახსენებთ“. მღვდელი დიომიდე აქტიურად თანამშრომლობდა ქართულ ჟურნალ- გაზეთებთან, ხშირად აქვეყნებდა იქ სასულიერო შინაარსიის, ისტორიული ჟანრის, პედაგოგიური და აღმზრდელობითი ხასიათის წერილებს. რუსულიდან
თარგმნიდა სტატიებს. 1903 წლის 8 იანვარს ზემო აკეთის ახალი ეკლესიის აშენებისთვის, რომელიც მისი ინიციატივით დაიწყო, მწყემსმთავრული მადლობა გამოეცხადა. 1903 წლის 10 თებერვალს ქვედა აკეთის წმ. გიორგის სახ. ტაძარში გადაიყვანეს. 1904 წლის 19 ნოემბერს აკეთის ოლქის მთავარხუცესად დანიშნეს. 1904 წლის 16 დეკემბერს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა დიმიტრიმ (აბაშიძე) ზედა აკეთის ტაძრის სასარგებლოდ
თანხის შეწირვისათვის მწყემსმთავრული მადლობა გამოუცხადა. 1906 წელს მამა დიომიდე საინტერესო სტატიას აქვეყნებს ჟურნალ „საქართველის საეგზარქოსოს სასულიერო მახარებელში“ სათაურით -– „რა გვეჭირვება?“ (შენიშვნები სოფლის მღვდლისა). წერილი მეტად აქტუალურია და ჩვენს ეკლესიაში დღევანდელ სატკივარს კარგად ეხმიანება: „რა მდგომარეობაში იმყოფება ამ უკანასკნელ დროს ჩვენი სამღვდელოება, ცოტად-თუ-ბევრად ყველასათვის ცხადია. ის ხალხი, რომელიც თექვსმეტი საუკუნის განმავლობაში სულის სამაგალითო სიძლიერით და თავდადებით იბრძოდა თვისი სარწმუნოების დასაცველად და რომელიც დიდის ხნის განმავლობაში თანაგრძნობით ეპყრობოდა სარწმუნოებრივ სიწმიდეთა და სამღვდელო წესებს, დღეს ყოველსავე ამაზე გულაცრუებულია. რამ მოუმზადა ნიადაგი ამ მოვლენას, რა წამალი დაედება მას ნორმალურ კალაპოტში ჩასაყენებლად? აი ის საკითხი, რომელიც ითხოვს მიუდგომელს, ღრმად ჩახედულს და გულწრფელ ანგარიშს. შევეხებით ამ საკითხის გამორკვევას, რამდენადაც ეს შეგვიძლია, -– მხოლოდ მოკლედ ვილაპარაკებთ. მართალია, პროპაგანდა პრინციპიალურაცდ შეეხო სარწმუნოებას, უარყო სამღვდელო წესები,
მაგრამ ხალხის უმრავლესობას რომ სარწმუნოებრივ ზნეობრივი წარმოდგენა განვითარებული ჰქონოდა, სცოდნოდა ქრისტიანობრივი სარწმუნოების შინაარსი, სული და გული, მაშინ სხვა იქნებოდა. მაშინ ხალხი ადვილად მიხვდებოდა ნამდვილ საჭიროებას ნამდვილ აზრს სარწმუნოებრივი მოძრაობისას, სტიქიურ ძალასაც არ მი-
6-2 საპატრიარქოს უწყებანი N6 16-22თებერვალი 2017წ გვ.19
მღვდელი დიომიდე ჩხაიძე 1866-1918 (გაგრძელება)
მართავდა, და სარწმუნოების წინააღმდეგი პროპაგანდაც ფეხს ვერ მოიკიდებდა. ზოგნი ამბობენ, „ხალხმა შეიგნო და ამიტომაც უარყოფს სარწმუნოებრივ-ზნეობრივს მოთხოვნილებას, საეკლესიო და სამღვდელო წესებსო“. მაგრამ ეს ასე არ არის. პირიქით, ხალხს ეს სარწმუნოებრივი უცოდინრობით მოდის. განათლების რომელ საფეხურზედაც უნდა იყვეს ხალხი, მისი უმრავლესობა სარწმუნოებას ვერ შეელევა: ამას გვიმტკიცებს
ისტორიული მეცნიერება... წინედ ხალხს აკმაყოფილებდა სარწმუნოების
მარტო გარეგანი მხარე, წირვა-ლოცვა, სამღვდელო წესების ასრულება. მაგრამ ის დროს წავიდა. ცხოვრება გართულდა, მრავალმხრივ გადიშალა, ხალხს წინ წამოუყენა მრავალგვარი სარწმუნოებრივ-ზნეობრივი საკითხი, გაუჩინა ახალი მოთხოვნილება. ამიტომაც აღარ ეყო მარტო წესების ასრულება. ხალხი კარგი ხანია საჭიროებს სარწმუნოების შინაარსის ქრისტეანობრივი მოძღვრების შეგნება-განვითარებას. სამღვდელოებაც წინადაც უნდა მიმხვდარიყო ხალხის ამ საჭიროებას და დაეკმაყოფილებია იგი, თორემ ახლა ყურის მოყრუება მაინც აღარ შეიძლება. საქმე ის არის, რა პირობებში მოახერხებს ამას? მაშინ, როდესაც თითონ არის განვითარებული, ესმის იდეალი თავისს დანიშნულებისა, გათვალისწინებული აქვს მიზანი თავის სამსახურისა, თვალყურს ადევნებს თანამედროვე ცხოვრებას, ესმის მისი სიავ-კარგე და შეუძლია პასუხი
გასცეს მათ. ამიტომაც ჩვენ წინდაწინ უნდა გვეღონა რამე,
რომ ამგვარი მღვდლები გვყოლოდა, არა მარტო ქალაქის სამრევლოებში, არამედ სოფლებშიაც. დღევანდელს პირობებში კი, როდესაც ასე გამწვავებულია მდგომარეობა, როდესაც თითონ ცხოვრება ითხოვს სამღვდელო ასპარეზზე განვითარებულს, მტკიცე რწმენისა და ზნეობის, იდეალური მიმარაგ თულების კაცებს, კიდევ უსწავლელს პირთა კურ8 თხევა მღვდლებად, სრული წინდაუხედაობა იქნება, და დიდი დანაშაულიც საქართველოს ერისა და ეკლესიის წინაშე. განა, როდესაც ასეთ ცოდნას და უფლებას მოკლებული პირები მეცადინეობენ მღვდლობა იშოვონ, სამსახურის მაღალ იდეალებით არიან გამსძჭვალული? „ღარიბი კაცი ვარ, წვრილი ცოლ-შვილის პატრონი, თავის რჩენის სხვა წყარო არა მაქვსო“, და სხვა ამგვარი საფუძვლებით ასაბუთებენ თავიანთ თხოვნას ეს პირნი. ხალხიც დღეს სამღვდელოებას ჰკიცხავს იმისთვის, რომ ის მეტად გატაცებულია ნივთიერი მხრით და დავიწყებია მაცხოვრის სიტყვები: „არა პურითა ხოლო ცხოვნდების კაცი“..ეჭვს გარეშეა იგიც, რომ დღევანდელს ჩვენს სასულიერო სკოლებს დიდი ნაკლი აქვსთმათში სწავლა მიღებულთაც აკლიათ იდეალური მიმართულება, მათაც ვერ უსახელებიათ თავი, მაგრამ, სანამ ჩვენი ეკლესია დამოუკიდებლობას მოიპოვებდეს, სანამ ეროვნულ სკოლებს დაიარსებდეს და თანამედროვე ცხოვრების მოთხოვნილებათა თანახმად მოაწყობდეს სწავლებას, მანამდე მთლად უსწავლელს ის უნდა დაუყენოთ წინ, ვისაც არსებულ სკოლებში მიუღია სწავლა. სწორედ
ასე იქცეოდა განყენებული ყოვლადსამღვდელო იმერეთის ეპისკოპოსი გაბრიელი. მაგრამ რა ხდებოდა მის მახლობლად ამ ათიოდე წლის წინად, ჩვენ ამ ამბავს აღარ გამოუდგებით ახლა, ვინაიდგან სავსებით მისი დასურათება რომ შევიძლოთ, ბეჭდვითი სიტყვის ვითომდა თავისუფლება დღესაც არ მოგვცემს ნებას. სულ ათიოდე წლის განმავლობაში იმდენი მღვდლის ადგილი დაიცალა, რომ ცხოვრების ნორმალური მსვლელობის დროს ერთს საუკუნეშიაც არ მოხერხდებოდა. ყველა ამ ადგილებზე ეკურთხნენ უღირსი კანდიდატები, საშუალო სასწავლებელში სწავლა-მიღებულებს კი უარს ეუბნებოდნენ. საქმე იმაშია, რა ზედგავლენა უნდა მოიპოვონ მრევლზე მღვდლობის ხარისხის მიღებით ისეთმა
საპატრიარქოს უწყებანი N5 9-15 თებერვალი 217წ გვ.20
მღვდელი დიომიდე ჩხაიძე 1866-1918 (დასასრული)
„პროპაგანდა პრინციპიალურად შეეხო სარწმუნოებას...“
პირებმა, რომელთაც ერის კაცობაშიაც არ ჰქონიათ ნდობა
დამსახურებული, ერის კაცობაშიაც არ ეკითხებოდენ ჭკუას და ზნეობრივის მხრითაც ათვალწუნებულნი იყვენ; თვით სოფლის უსწავლელი
გლეხიც კი ამჩნევს, რომ უსწავლელი და მოუმზადებელი
მღვდლობას მხოლოდ მოხერხებით და შუაკაცების დახმარებით აღწევს და ან თითონ ასეთმა მღვდელმა როგორ უნდა შეხედოს სამღვდელო ასპარეზს, თუ არა როგორც თავის რჩენისა და დანახარჯის ასანაზღაურებელს წყაროს! ამ გარემოებამ დასცა სამღვდელოების ავტორიტეტი, ნდობა,
ზედგავლენა. მან შეუწყო ხელი სამღვდელოებასა და სამწყსოს შორის განხეთქილების ზრდას, და დააჩქარა იგი. რა ვქნათ მაშინ, თუ ადგილი დაიცალა, ხოლო შეგნებული მთხოვნელი არ არის, ან არ ნდომობს
მღვდლობას? პირველად სამღვდელოებამ უნდა ყოველი ღონე იხმაროს და მოსპოს ის დაბრკოლება, რის გამოც აღარ ნდომობენ მღვდლობას.
ამის გარდა, ყოველს ათს სამრევლოში მოიპოვება სამი ან ოთხი შტატს გარეთ მყოფი მღვდელი, რომელთაც თავისუფლად შეუძლიათ მღვდლის
თანამდებობის ასრულება. მაშასადამე, შესაძლებელია კარგახანს გავაჩეროთ დაცლილი ადგილი ღირსეულ კანდიდატის მონახვამდის. დასასრულ, შეიძლება ზოგი შტატის ეკლესიები სრულიადაც
გავაუქმოთ, მაგრამ ამაზედ შემდეგ მოვილაპარაკებთ სხვა საკითხებთან ერთად“. 1906-1907 წლებში იყო ოზურგეთის სასულიერო სასწავლებლის მმართველი საბჭოს წევრი. 1907 წლის 16 აგვისტოდან ოზურგეთის მაზრისა და ბათუმის ოლქის სამრევლო-საეკლესიო სკოლების
მეთვალყურეა. 1908 წლის 1 იანვარს ისევ აირჩიეს დეპუტატად ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში. 1908 წლის 1 1 იანვრიდან აკეთის ორკლასიანი სახალხო-სამინისტრო სკოლის საღვთო სჯულის პედაგოგია. 1913 წლის 1 იანვრიდან ოზურგეთის სასულიერო სასწავლებლის ახალი შენობის ამშენებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.
1910-1913 წლებში იყო აკეთის მაცხოვრის, ძიმითის წმ. კვირიკესა და ივლიტას, ზემო აკეთისა და ქვემო აკეთის წმ. გიორგის
ეკლესიების ახალი კანკელის ამშენებელი კომიტეტის თავმჯდომარედ.
წლების მანძილზე დედაეკლესიაში ერთგული და დამსახურებული მოღვაწეობისთვის დაჯილდოებული იყო: 1896 წლის
10 აპრილს საგვერდულით; 1900 წლის 4 მარტს სკუფიით; 1904 წლის 14 მაისს -– კამილავკით; 1909 წლის 14 მაისს
სამკერდე ოქროს ჯვრით; 1914 წლის 3 თებერვალს წმ. ანას II ხარისხის ორდენით. მღვდელი დიომიდემ სიცოცხლის უკანასკნელი წლები ქ. ბათუმის ქალთა გიმნაზიის სალვთო სჯულის მასწავლებლად და ამავე
გიმნაზიის კარის ეკლესიის წინამძღვრად გაატარა,
სადაც დაასრულა თავისი ამქვეყნიური მოღვაწეობა, გარდაიცვალა 1918 წლის 12 ივლისს, ჯერ კიდევ ახალგაზრდა, 52 წლის ასაკში. დაკრძალულია აკეთში, საგვარეულო სასაფლაოზე. დარჩა მეუღლე ელისაბედ ნიკოლოზის ასული (დაბ. 1877წ.) და შვილები: პისტი (24.01.1894-1958წწ., მეუღლე დომენტი ჯაყელი), ელეონორა (დაბ. 19.11.1896წ.), ლეონიდე (დაბ. 2.12.1900წ.), ალექსანდრე (დაბ. 4.1 1.1904წ.), ვახტანგი (10.10.1907-1967წწ., მეუღლეს ერქვა ლამარა).