არქიმანდრიტი ლეონტი, ერისკაცობაში ლეონ ზაქარიას ძე ბაქრაძე, 1829 წელს თბილისის მაზრის სოფ. უჯარმაში, ღარიბი მღვდლის ოჯახში დაიბადა. იგი გახლდათ ცნობილი ქართველი ისტორიკოსის, არქეოლოგისა და ეთნოგრაფის, სანკტპეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტის, დიმიტრი ბაქრაძის (1826- 1890წწ.) უმცროსი ძმა. ბაქრაძეების ეს შტო წარმოშობით ხაშურის რაიონის სოფ. ოსიაურიდან იყო. თავად არქიმანდრიტი თავისი წინაპრების სოფ. ხაშმში გადმოსახლების ამბავს ასე გვიამბობს: „პაპაჩვენი ანდრია პატარაობისას ლეკებს მოუტაცნიათ ოსიაურიდან და ტყვედ წაუყვანიათ. საბრალო დედამისი, რომელსაც იმის მეტი შვილი არა ჰყოლია, გადასულა ლეკებში დედისერთა შვილის ტყვეობიდან გამოსახსნელად, რასაკვირველია, არა სასყიდლით, რადგანაც ღარიბი ყოფილა, არამედ ხვეწნითა და მუდარით. ლეკებს შეუბრალებიათ საწყალი დედაკაცი, ვინ იცის, საიდან მოსული და რამოდენა ჭირისა და ვაგლახის მნახველი იმსიშორე გზაზე, და როგორც იყო, შვილი დაუნებებიათ დედისათვის. ამბობენ, ვითომც მაშინდელს იმამს ჩაჰვარდნია შეწუხებული დედა ფეხქვეშ თხოვნითა და ვედრებით და იმას შეუწყალებია და შვილი უჩუქებია. როცა დედას შვილი წამოუყვანია, გამოუვლია კახეთი, გადმოსულა გომბორს და ჩამოსულა ხაშმში.
აქ ხაშმში მაშინ იოანე ნათლისმცემლის მონასტერში ბერები ყოფილან და მონასტრის წინამძღვრად ჰყოლიათ არქიმანდრიტი ხარიტონი, რომელმაც იქ ეკლესია ააშენა ბოლოს. ამ მონასტერში სკოლა ჰქონიათ ბერებს. მათ დედისთვის ურჩევიათ თავისი შვილი აქ სკოლაში მიებარებინა. მასაც მიუბარებია და ანდრიას მონასტრის სკოლაში უსწავლია წიგნი და საღმრთო წერილი. როცა წამოზრდილა, ხაშმშივე შეურთავს გლეხის ქალი, ზესიძედ შესულა, ბოლოს უკურთხებიათ კიდეც მღვდლად. იგი ხაშმში დაბინავებულა და მიუღია ცოლის გვარი თევდორაშვილი. თავად მამაჩემიც, მღვდელი ზაქარიაც ერთ-ორ
წელიწადს მღვდლად კურთხევის შემდეგ თურმე ამ გვარს აწერდა და მხოლოდ მას მერმედ დაბრუნებია მამაპაპისეულს გვარს ბაქრაძეს“. მღვდელი ზაქარია 1790 წელს დაიბადა. ქართულ ენაზე წერა-კითხვა, წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი გარეჯის წმ. იოანე ნათლისმცემლის სახ. მონასტერში ისწავლა. 1814 წლის 15 აგვისტოს რუსთველ-ნინოწმიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ (ჯორჯაძე) იგი დიაკვნად აკურთხა. 1815 წლის 8 სექტემბერს მღვდლად დაასხა ხელი და ხაშმის წმ. იოანე ნათლისმცემლის სახ. ტაძარში განამწესა. ჰქონდა ჯილდო ბრინჯაოს ჯვარი. 1818 წელს აღმოსავლეთ საქართველოში შტატების გადანაწილების შემდეგ ხაშმის ტაძარში მედავითნის შტატში დაადგინეს. 1830 წელს ყარაბულახის, თავად თადია ჩოლოყაშვილის მამულში, წმ. ნიკოლოზის სახ. ტაძარში გადაიყვანეს. 1831 წელს დეკანოზი იოანე ნახუცრიშვილი საქართველო–იმერეთის სინოდალურ კანტორას წერდა, რომ ძალიან გაუჭირდა მეორე მღვდლის გარეშე, რადგან ის მთავარხუცესია, სხვა საქმეც ბევრი აქვს და მღვდელი ზაქარიას უკან, ხაშმის ტაძარში დაბრუნება ითხოვა, რაც შეუსრულეს. მამა ზაქარიას ჰყავდა მეუღლე ნინო რამაზის ასული ქოქრაშვილი (დაბ. 1801წ.) და შვიდი შვილი: დავითი, მღვდ. მიხეილი (დაბ. 1822წ.), დიმიტრი (დაბ. 1826წ.), დეკ. ლეონი (1830-1907წწ., შემდგომში –– არქიმანდრიტი), სიმონი და ორიც ასული, რომელთა სახელები ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია. 1857 წელს ლეონმა თბილისის სასულიერო სემინარია წარჩინებით დაასრულა. 1857 წლის 14 აგვისტოს გორის ეპისკოპოსმა იოანემ (ავალიანი) დიაკვნად აკურთხა, მეორე დღეს ეგზარქოსმა ისიდორემ (ნიკოლსკი) მლვდლად დაასხა ხელი და ძველი გავაზის წმ. იოანე ნათლისმცემლის ტაძარში დაინიშნა. 1861 წლის 24 მარტს საინგილოს ოლქის მთავარხუცესს, მღვდელ იროდიონ ელიოსიძის თხოვნით, სოფ. ძაგემის სამრევლოში გადაიყვანეს. 1862 წლის 11 იანვარს მასვე ჩააბარეს სოფ. თასმალოს სამრევლოც. 1862 წლის 18 ოქტომბერს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1865 წლის 2 ივნისს უჯარმის წმ. გიორგის სახ. ტაძარში დაინიშნა. 1868 წელს სკუფია უბოძეს. 1879 წლის 29 მაისს კამილავკა ეწყალობა. 1882 წლის 6 ივნისს თბილისის მაზრისIII ოლქის მთავარხუცესად
4-1 საპატრიარქოს უწყებანი N4 31იანვარი-6თებერვალი 2019წ გვ.19
არქიმანდრიტი ლეონტი (ბაქრაძე) 1829-1907 (გაგრძელება)
დაინიშნა. 1883 წლის 29 მარტს სამაგალითო სამსახურისთვის წმ. სინოდისგან სამადლობელი სიგელი მიიღო. 1885 წლის 28 ოქტომბერს, ავადმყოფობის გამო, თავისი თხოვნის საფუძველზე,მთავარხუცესის პოსტიდან გადადგა. 1886 წლის 22 მარტს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. 1889 წლის 6 მარტს ხაშმის წმ. გიორგის სახ ტაძარში დაადგინეს. 1891 წლის აგვისტოში ხაშმის ყოვლადწმინდა სამების სახ. ძველ მონასტერთან, არქიმანდრიტ მაკარის (მატათაშვილი) მიერ ახლადგახსნილი სამრევლო-საეკლესიო სკოლის საღვთო სჯულის პედაგოგად დაინიშნა. 1892 წლის 1 მაისს ისევ აირჩიეს მთავარხუცესად. 1896 წლის 28 ივლისს სიონის საკათედრო ტაძარში ეგზარქოსმა ვლადიმერმა (ბოგოიავლენსკი) მღვდელ ლეონს დეკანოზის წოდება მიანიჭა. 1898 წლის 1 ოქტომბერს გადადგა მთავარხუცესის თანამდებობიდან. 1899 წლის 23 იანვარს თბილისის მაცხოვრის
ფერისცვალების სახ. მამათა მონასტერში გორის ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) დეკანოზი ლეონი ბერად აღკვეცა და სახელად ლეონტი უწოდა. ამასთან დაკავშირებით გაზეთი „ივერია“ წერდა: „შაბათს საღამოს, 23 იანვარს, ტფილისის ფერისცვალების ანუ დარიის მონასტრის ეკლესიაში, მწუხრის შემდეგ, ცისკარზედ, „დიდება მაღალისას“ გათავებისას, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, გორის ეპისკოპოსმა ლეონიდმა ბერად აღკვეცა დეკანოზი მამა ლევან ბაქრაძე, რომელიც უმაღლესის მთავრობის განკარგულებით და თვისის სურვილისამებრ დანიშნულია ხირსის წმ. სტეფანეს მონასტრის წინამძღვრად. სახელად ეწოდა ლეონტი. კურთხევას აუარებელი ხალხი დაესწრო და, მათ შორის, სამღვდელოებაც. მწუხრ-ცისკარზედ ჰგალობდნენ ადგილობრივი მონასტრის მგალობელნი. ხოლო კურთხევის წინ საგალობელი წიაღნი მამულნი განმიხვენ წყალობით“ თვით მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ ლეონიდმა იგალობა. მწუხრ-ცისკარი 5 საათზედ დაწყებილი საღამოს 8 საათზედ გათავდა. მეორე დღეს, კვირას, წირვაზედ, თვისს ეკლესიაში მისმ მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ საქართველოს ექსარხოსმა ფლაბიანემ აკურთხა მამა ლეონტი არხიმანდრიტად.. წლების მანძილზე ეკლესიაში მსახურების განმავლობაში მამა ლეონტიმ დიდი პატივი და სიყვარული დაიმსახურა იმ მრევლისა, სადაც იგი ჰმსახურებდა“. 1899 წლოს 24 იანვარს ეგზარქოსმა ფლაბიანემ (გოროდეცკი) არქიმანდრიტის წოდება მიანიჭა და ხირსის წმ. სტეფანეს სახ. მამათა მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა. იმავე წლის 1 თებერვალს აღმოსავლეთ საქართველოს მონასტრების მთავარხუცესად დაადგინეს და ამ პოსტზე მან 1903 წლამდე დაჰყო. არქიმანდრიტი ლეონტი 1907 წელს გარდაიცვალა. ერისკაცობაში ჰყავდა მეუღლე ანა ყირმელაშვილი, რომელიც ადრეულ ასაკში გარდაიცვალა. მამა ლეონტის მისგან
4-2 საპატრიარქოს უწყებანი N4 31იანვარი-6თებერვალი 2019წ გვ.20
არქიმანდრიტი ლეონტი (ბაქრაძე) 1829-1907 (დასასრული)
დარჩა ერთი ასული მარიამი (1865-10.03.1951წწ., რომელიც იყო მღვდ. იოსებ ანტონის ძე კოშორიძის მეუღლე). მღვდელი გახლდათ ასევე მამა ზაქარიას უფროსი ვაჟის, დავითის ძე ლუკა, რომელიც სოფ. პატარძეულში ღვთისმშობლის ხარების სახ. ტაძრის წინამძღვრად მსახურობდა და ადრეულ ასაკში, 1879 წლის 14 მარტს გარდაიცვალა. მას ჰყავდა შვიდი შვილი: სამი ვაჟი და ოთხი ასული, რომელთაგან სამი ცოლად სასულიერო პირს გაჰყვა: მარიამი (დაბ. 1859წ., იყო მღვდ. ნიკიფორე მოსეს ძე კანდელაკის მეუღლე), ნატალია (დაბ. 1869წ., პროტოპრესვიტერ ანტონ მაქსიმეს ძე თოთიბაძის მეუღლე), ანასტასია (დაბ. 1877წ., დეკანოზ სვიმონ ზაქარიას ძე ექვთიმიშვილის მეუღლე).