კალანდარიშვილი ნესტორ ალექსანდრეს ძე(1874-1922) საბჭოთა გენერალი სოფ.კვირიაკეთი ოზურგეთი გურია
ნესტორ კალანდარიშვილი, პაპა ნესტორი, ციმბირელი პაპა (1874, კვირიკეთი; — 6 მარტი, 1922, იაკუტსკი) — ქართველი ანარქისტი და რევოლუციონერი, რუსეთის სამოქალაქო ომის მონაწილე. მოღვაწეობდა ციმბირში. ციმბირის ისტორიაში შევიდა სახელებით: ,,ციმბირელი პაპა” და ,,პაპა ნესტორი”. მისი სახელობის ქუჩები დღემდე არსებობს ციმბირის ქალაქებში: კიახტა, ირკუტსკი, იაკუტსკი, ულან-უდე, კანსკი და ლენსკი. ანარქისტი, რევოლუციური მოძრაობისა და რუსეთის სამოქალაქო ომის მონაწილე ნესტორ კალანდარიშვილი დაიბადა 1874 წელს, ქუთაისის გუბერნიის, ოზურგეთის მაზრის სოფელ კვირიკეთში, გაღარიბებული აზნაურის ოჯახში. მას ერთი ძმა და სამი და ჰყავდა. რვა წლის ასაკში შეიყვანეს ადგილობრივ სასოფლო სკოლაში, სადაც მასწავლებელმა შეამჩნია ბავშვის ნიჭიერება და მშობლებს მისი ქუთაისის გიმნაზიაში გადაყვანა ურჩია.
გიმნაზიის წარმატებით დასრულების შემდეგ, ნესტორმა ჩააბარა თბილისის სამასწავლებლო სემინარიაში. 1895 წელს სწავლის შეწყვეტა მოუხდა, რადგან სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაიწვიეს 2 წლით. დემობილიზაციის შემდეგ დაბრუნდა სემინარიაში. 1900 წელს სასწავლებელში მოქმედი ესერების წრეში მოხვდა და მათი გავლენის ქვეშ მოექცა. სწავლის პერიოდში მოღვაწეობდა მოსწავლეების არალეგალური წრეების მუშაობაში, ეწეოდა რევოლუციის პროპაგანდას გლეხებსა და ჯარისკაცებს შორის.
სავარაუდოდ, პროფესიონალი რევოლუციონერის გზა ნესტორ კალანდარიშვილმა 1903 წელს აირჩია, როდეს ის გარიცხეს სემინარიიდან რევოლუციური საქმიანობისთვის. ამავე წელს ნესტორმა გაიარა ესერთა პარტიის არალეგალური სამხედრო კურსები „კავალერისტის“ განხრით, დატოვა თბილისი და წავიდა ბათუმში, სადაც გარკვეული პერიოდი მასწავლებლად მუშაობდა, შემდეგ კი როტშილდის ერთ-ერთ ქარხანაში მოეწყო.
1904 წელს ესერთა პარტიის ტაქტიკით იმედგაცრუებული ნესტორი გადავიდა სოციალისტ-ფედრალისტებთან. როგორც საბრძოლო დანაყოფის წევრი, ის მონაწილეობდა 1905-1907 წლების რევოლუციორ მოძრაობაში. 1905 წლის ბათუმის აჯანყების დამარცხების შემდეგ კი დაპატიმრების საფრთხის გამო გადავიდა ქუთაისში. მუშაობდა მსახიობად ერთ-ერთ თეატრში. აქ კალანდარიშვილი დაუახლოვდა ანარქისტებს და დატოვა სოციალ-ფედერალისტთა პარტია. იგი ხელმძღვანელობდა პატარა ანარქისტული რაზმს, რომელიც თავს ესხმოდა ჟანდამებს, აწყობდა ექსპროპრიაციებს და ტერორისტულ აქტებს.
ნესტორ კალანდარიშვილი უშუალოდ ხელმძღვანელობდა რევოლუციისთვის საჭირო იარაღის შეძენას საზღვარგარეთ და გადმოტვირთვას ამიერკავკასიის შავიზღვისპირა ნავსადგურებში. ერთ-ერთი პარტიის გადმოტვირთვის დროს იგი შეიპყრეს და ჩასვეს ციხეში ბათუმში.
საქართველოში რევოლუციური საქმიანობის პერიოდში კალანდარიშვილმა ყველა დიდი ქალაქის ციხე „მოიარა“ – ბათუმის, ქუთაისის, თბილისის, სოხუმის, ოდესის, ქერჩისა და კიევის. 1907 წლის ბოლოს კი, როდესაც მეფის ჯარებმა სისხლში ჩაახრჩეს ქართული რევოლუციური მოძრაობა, მას მიუსაჯეს სამუდამო გადასახლება ციმბირში.
1908 წელს ნესტორ კალანდარიშვილი უკვე ირკუტსკის ციხეში იყო. ციხიდან გაიქცა და შეეცადა იაპონიაში გადასვლას, თუმცა ვერ მოახერხა. იგი ირკუტსკში დარჩა და ცოლად მოიყვანა ადგილობრივი ქალი - ქრისტიანა მკერავალი. მათ ჯვარი არ დაუწერიათ, ამიტომ ურთიერთობის აფიშირებას ერიდებოდნენ და ქრისტიანა თავს ნესტორის დად ასაღებდა. კალანდარიშვილმა ფოტოგრაფის ხელობა ისწავლა და ამავე დროს, ადგილობრივ თეატრში მოეწყო სამუშაოდ.
ნესტორ კალანდარიშვილი ირკუტსკშიც დაუახლოვდა ადგილობრივ ანარქისტებს და დაამყარა კავშირი გადასახლებულ ქართველ რევოლუციონერებთან. იგი ეწეოდა აქტიურ აგიტაციას ჩერემხოვოს მუშებში, სადაც ბევრი გადასახლებული ქართველი და ოსი მუშაობდა. მისი ერთ-ერთი თანამებრძოლი, ყოფილი ქუთაისელი გიმნაზიელი მ. ვ. წერეთელი, რომელიც იმ დროს ჩერემხოვოში გადასახლებაში იმყოფებოდა, იხსენებდა, რომ ნესტორ კალანდარიშვილი აქტიურად ეწეოდა აგიტაციას ჩერემხოვოს მუშებთან და მაღაროელებთან.
ნესტორს ირკუტსკში ყოფნის პერიოდშიც ხშირად აპატიმრებდნენ, მაგრამ მისი მუდმივი ადვოკატის ო. პატუშინსკის წყალობით, ყოველთვის უშვებდნენ სამხილების არ არსებობის გამო. 1911 წელს იგი გეგმავდა ტერაქტს ირკუტსკის გენერალ-გუბერნატორის სელივანოვის წინააღმდეგ, მაგრამ ტერაქტის განხორციელებამდე შეიპყრეს და 6 თვე გაატარა ალექსანდრეს ცენტრალში. გათავისუფლების შემდეგ კი კვლავ ჩაება არალეგალურ საქმიანობაში. უკანასკნელად კალანდარიშვილი და მისი თანამებრძოლები დაიჭირეს და გაასამართლეს 1914 წელს, მაგრამ ისევე როგორც ადრე ვერაფერი დაუმტკიცეს და იძულებულნი იყვნენ გაეშვათ.
1917 წლის რევოლუციის პირველივე დღეებში ირკუტსკში მცხოვრები ქართველები ჩაერთვნენ ბრძოლაში. შეიქმნა წითელარმიელთა საბრძოლო დანაყოფი, რომლის მეთაურად ნესტორ კალანდარიშვილი აირჩიეს. მისი უახლოესი თანაშემწეები გახდნენ: მიხეილ ასათიანი – ბათუმის როტშილდის საწარმოს ყოფილი მუშა, გურიის აჯანყების მონაწილე იოსებ კიღურაძე, მეგრელი მწყემსი ვანო ხარჩილავა, ქუთაისელი გიმნაზიელი მიხეილ წერეთელი, გურული გლეხი გერასიმე ზოიძე და სხვა ქართველი რევოლუციონერები.
იმავე წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ციმბირში იმარჯვეს მენშევიკებმა და ესერებმა და 1917 წლის 8 დეკემბერს მოაწყვეს შეიარაღებული ამბოხება ბოლშევიკების წინააღმდეგ. ნესტორ კალანდარიშვილი სერგეი ლაზოსთან და მიხეილ წერეთელთან ერთად ბოლშევიკების მხარეს იბრძოდა.
1918 წლის თებერვალში კალანდარიშვილმა საბჭოთა ხელისუფლების დავალებით ჩამოაყალიბა პირველი კავალერიის დივიზია, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ბაიკალისპირეთში საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვებებში. 1918 წლის ივლისში კონტრრევოლუციონერებმა დაიკავეს ქალაქი ირკუტსკი. კალანდარიშვილმა უკან დაიხია ქალაქ ვერხნე-უდინსკში და დაინიშნა მესამე საბჭოთა დივიზიის მეთაურად.
კალანდარიშვილის რაზმმა, რომელმაც შემდგომში პარტიზანული ჯარის მასშტაბამდე გაიზარდა, განსაკუთრებული როლი ითამაშა აღმოსავლეთ ციმბირის გათავისუფლებაში თეთგვარდიელების და ადგილობრივი ფეოდალების ბატონობისგან. სემიონოვის, კაპელის და უნგერნის თეთრგვარდიული დანაყოფების განადგურება დიდ წილად სწორედ კალანდარიშვილის პარტიზანების დამსახურებაა და არა წითელი არმიის, როგორც ამას ბოლშევიკები აცხადებდნენ.
1919 წელს კალანდარიშვილი მეთაურობდა საბჭოთა პარტიზანთა რაზმებს გენერალი კოლჩაკის წინააღმდეგ. 1919 წლის ოქტომბერში მისმა რაზმებმა დაიკავეს სოფელი ოლონკი, ხოლო 1920 წლის იანვრის პირველ რიცხვებში აიღეს ირკუტსკი.
1920 წლის 12 მაისს ნესტორ კალანდარიშვილი მძიმედ დაიჭრა სადგურ გონგოტთან იაპონელების წინააღმდეგ ბრძოლაში. ის იძულებული გახდა მიეტოვებინა რაზმი და მკურნალობა დაიწყო ვერხნე-უდინსკის სამხედრო ჰოსპიტალში. გონგოტთან ბრძოლამ განსაკუთრებული სახელი მოუტანა კალანდარიშვილს: მის დივიზიას ეწოდა „გონგოტის კალანდარიშვილის სახელობის კავალერიის დივიზია“ და გადაეცა წითელი დროშა; 1921 წლის 24 სექტემბერს ის დაჯილდოვდა საბრძოლო წითელი დროშის ორდენით; 1921 წელს დაინიშნა კორეის რევოლუციური ჯარების და შორეული აღმოსავლეთის პარტიზანული რაზმების მეთაურად, ხოლო, ამავე წლის ოქტომბერში იაკუტიის გუბერნიის შეიარაღებული ძალების სარდლად.
ნესტორ კალანდარიშვილი დაიღუპა თეთგვარდიელებთან ბრძოლაში 1922 წლის 6 მარტს, იაკუტსკის მახლობლად. დროებით დაკრძალეს იაკუტსკში, ხოლო იმავე წლის სექტემბერში გადაასვენეს ირკუსტსკში. შემდგომში, კალანდარიშვილის ხსოვნის უკვდასაყოფად, მისი სიკვდილის ადგილას დადგეს ძეგლი.
ციმბირის ისტორიაში ნესტორ კალანდარიშვილი შევიდა სახელებით: ,,ციმბირელი პაპა” და ,,პაპა ნესტორი”. მისი სახელობის ქუჩები დღემდე არსებობს ციმბირის ქალაქებში: კიახტა, ირკუტსკი, იაკუტსკი, ულან-უდე, კანსკი და ლენსკი.
1973 წელს რეჟისორმა გიორგი კალატოზიშვილმა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ გადაიღო მხატვრული ფილმი „ციმბირელი პაპა“. მთავარ როლს ასრულებს მსახიობი დოდო აბაშიძე.
http://www.nplg.gov.ge/emigrants/ka/00000679/