ანტონ ფურცელაძე (1839-1913) დაიბადა გორის რაიონის სოფელ მერეთში, ღარიბი აზნაურის ოჯახში.
11 წლის ასაკში ქ. ორიოლის კადეტთა კორპუსში მიიღეს სახელმწიფო ხარჯზე. აქ ანტონი სამიოდე წელი დარჩა. 1854 წ. წელს ის ვარჯიშის დროს ორძელიდან ჩამოვარდა და სამუდამოდ დაკოჭლდა. ამის გამო, სამხედრო სამსახურისათვის გამოუსადეგარი, იძულებული გახდა სასწავლებელი დაეტოვებინა და სამშობლოში დაბრუნებულიყო. რუსეთიდან დაბრუნების შემდეგ ის ერთხანს თავის სოფელში რჩება და დავრდომილთა თავშესაფარში გადამწერლის თანამდებობაზე იწყებს სამსახურს. აქ იგი დიდხანს არ დარჩენილა. მალე თბილისში გადმოვიდა.
1861 წ. ა. ფურცელაძე თანამშრომლობას იწყებს ჟურნალ "ცისკარში". პირველ ხანებში, ის მეტწილად მთარგმნელობით მუშაობას ეწევა. "ცისკარში" თანამშრომლობის შეწყვეტის შემდეგ ა. ფურცელაძე "დროებაში" გადავიდა. 1866 წელს ა. ფურცელაძემ "დროებაში" გამოაქვეყნა მოთხრობა მართას რამდენიმე თავი. 1869-1870წწ. იქმნება რომანი "მაცი ხვიტია" და 1899წ. - ტრაგედია "დიდი მოურავი".
მისი თაოსნობით 1869წ. გამოსვლას იწყებს ყოველთვიური სამეცნიერო და სალიტერატურო ჟურნალი "მნათობი". 1873 წლიდან ა. ფურცელაძე რედაქტორობს პირველ აგრონომიულ ჟურნალს ქართულ ენაზე "გუთნის დედას".
1905 წ. ა. ფურცელაძე სათავადაზნაურო ბანკის თავმჯდომარედ იქნა არჩეული. 1911წ. ა. ფურცელაძემ ბანკში სამსახურს თავი დაანება და მუდმივ საცხოვრებლად სოფელ არბოში დასახლდა.
ბიბლიოგრაფია
- პუბლიცისტური წერილები (ავტორი). - თბილისი, 2000. - 640 გვ.. - ISBN: 99928-841-1-8
- მაცი ხვიტია : ისტორიული რომანი (ავტორი). - თბილისი, საბჭ. მწერალი, 1958. - 268 გვ.
- რჩეული ნაწერები (ავტორი). - თბილისი, სახელგამი, 1951. - 562 გვ.
- ასული ისრაელისა (ავტორი). - ტფილისი, ზ. ჭიჭინაძის გამოცემა, 1903. - 102გვ.
- სამი პოემა (ავტორი). - ტფილისი, წიგნის გამომცემელ ქართველთა ამხანაგობის სტ., 1899. - 188 გვ.
- http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00000791/