სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11134

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
წმიდანები
მღვდელმოწამე კირიონ II  კათოლიკოს-პატრიარქი (+1918)  ხსენება 27 (10 ივლისი ) ივნისი სოფ. ნიქოზი გორი
ბმულის კოპირება

წმიდანები

გვარი საძაგლიშვილი სია

გორი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

314       ბეჭდვა

მღვდელმოწამე კირიონ II კათოლიკოს-პატრიარქი (+1918) ხსენება 27 (10 ივლისი ) ივნისი სოფ. ნიქოზი გორი

მღვდელმოწამე კირიონ II (ერისკაცობაში გიორგი საძაგლიშვილი), დაიბადა 1855 წელს გორის მაზრის სოფელ ნიქოზში, სასულიერო პირის ოჯახში.

საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, წმიდანმა სწავლა გააგრძელა გორის სასულიერო სასწავლებელსა და თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1880 წელს ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხით დაასრულა კიევის სასულიერო აკადემია და დაინიშნა ოდესის სასულიერო სემინარიის ინსპექტორის თანაშემწედ.

1883-1897 წლებში წმიდა კირიონი პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა გორში, თელავში, ქუთაისში, თბილისში; 1886 წელს დაინიშნა საქართველოს მონასტრების ბლაგოჩინად და კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების სკოლების ინსპექტორად; აარსებდა სამრევლო სკოლებს, წიგნსაცავებს და ბიბლიოთეკებს, ამავე დროს ქართულ და რუსულ ჟურნალ-გაზეთებში ივერიელის, საძაგელოვის, ლიახველის ფსევდონიმებით აქვეყნებდა წერილებს საქართველოს ეკლესიის ისტორიაზე, ხალხურ ზეპირსიტყვიერებაზე, ქართულ ლიტერატურაზე.   



1897 წელს უფლის რჩეული მონაზვნად აღიკვეცა კირიონის სახელით და ქვაბთახევის მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა. ამ პერიოდში ღვთისმსახურების პარალელურად კირიონი მეცნიერულ მოღვაწერობასაც აგრძელებს: კრებს ხალხური სიტყვიერების ნიმუშებს, სწავლობს ხალხის ზნე-ჩვეულებებს, მუშაობს ეკლესია-მონასტრების სიძველეებზე. თბილისის საეკლესიო მუზეუმსა და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სიძველეთა საცავს იგი უხვად სწირავს ეკლესია-მონასტრების ნესტიან სენაკებში მიკვლეულ და საოჯახო კოლექციებიდან მოპოვებულ იშვიათ ხელნაწერებს.


1898 წლის აგვისტოში არქიმანდრიტი კირიონი აკურთხეს ალავერდის ეპისკოპოსად, რასაც ქართული საზოგადოება დიდი სიხარულით შეხვდა. წმიდა კირიონმა საკუთარი საფასით დაიწყო განადგურების პირას მისული ალავერდის ტაძრის შეკეთება, ხელი მიჰყო კახეთის ეკლესია-მონასტრებში დაცული სიძველეების შესწავლას. მან საქართველოს საეკლესიო მუზეუმს სხვა ხელნაწერებთან ერთად გადასცა ბაგრატ IV-ის დროინდელი, 1089 წელს გადაწერილი სახარება, რომლის შესახებაც ქართულმა მეცნიერებამ მანამდე არაფერი იცოდა. ამავე დროს კირიონმა ხმა აღიმაღლა სომხების მიერ ქართული ტაძრების მიტაცების გამო. მან ვრცელი დასაბუთებული ბარათით მიმართა საქართველოს ეგზარქოსს და მოითხოვა ამ ტაძრების დაბრუნება საქართველოს ეკლესიისთვის.


1901 წლიდან კირიონი გორის ეპისკოპოსია. ამ დროისათვის საქართველოს საეგზარქოსომ შენიშნა, რომ წმიდა მღვდელმთავრის ირგვლივ თავს იყრიდა განათლებული სამღვდელოება, რომელიც აშკარად გამოხატავდა უკმაყოფილებას საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების გამო. მთავრობა ეპისკოპოსს ხშირად უცვლიდა ეპარქიებს: 1903 წელს იგი გაამწესეს, 1904 წელს - ორიოლში, 1906 წელს - სოხუმში. სოხუმში წმიდა კირიონმა ბევრი იღვაწა საქართველოს ეკლესია-მონასტრების აღდგენისათვის. მალე იგი კონვოს ეპარქიაში გადაიყვანეს.


1907 წლის სექტემბერში წმიდანს უფლება არ მისცეს, საქართველოში ჩამოსულიყო და უკანასკნელი პატივი მიეგო წმიდა ილია მართლის ცხედრისთვის. მან მხოლოდ დეპეშის გამოგზავნა მოახერხა. 1908 წელს კირიონს მთავრობის დადგენილებით ჩამოერთვა ეპისკოპოსის წოდება და დაპატიმრებულ იქნა. მთავრობის ამგვარი სიმკაცრის მიზეზი შეიძლებოდა გამხდარიყო კირიონის დაუცხრომელი ბრძოლა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიისათვის.

 
 

კირიონის დევნა-შევიწროება სულ უფრო და უფრო ძლიერდებოდა. 1908 წლის 28 მაისს თბილისში მოკლეს ეგზარქოსი ნიკონი და მისი მკვლელობის ორგანიზება დევნილ მღვდელმთავარს დააბრალეს. ამგვარმა ცილისწამებამ აღაშფოთა როგორც საქართველო, ისე რუსეთის საზოგადოების მოწინავე ნაწილი, ევროპაში კირიონის დაცვის საზოგადოებაც კი შექმნეს და დაიწყეს ხელმოწერების შეგროვება მისი გათავისუფლების მოთხოვნით. წმიდა მღვდელმთავარი მასზე დაშვებულ ამ განსაცდელს ამგვარი განწყობით ხვდებოდა: „ვარდი უეკლოდ ვის მოუკრეფია, სიყვარულით უნდა ავიტანოთ ტანჯვა, ვინაიდან ტანჯვა სიყვარულის ნაყოფია, ძალა ტანჯვაშია“.

მთავრობამ 1915 წელს შეწყვიტა კირიონის დევნა. იგი დანიშნეს პოლოცკისა და ვიტებსკის ეპისკოპოსად, მაგრამ სამშობლოში ჩამოსვლის ნება არ მისცეს.

წმიდანი უდიდესი ქველმოქმედი იყო. მისი მატერიალური დახმარებით რუსეთისა და საზღვარგარეთის უმაღლეს სასწავლებლებში სამასამდე ქართველმა ახალგაზრდამ მიიღო განათლება.

ჯერ კიდევ XIX ს-ის 90-იან წლებში, როცა ქართული ენა ოფიციალური ხელისუფლებისაგან დევნილი იყო, კირიონმა გრიგოლ ყიფშიძესთან ერთად ქართული სიტყვიერების ისტორია შეადგინა.


1917 წელს აღდგა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალია და საქართველოს ქართველი საზოგადოების დაჟინებული მოთხოვნით 1917 წლის ზაფხულში ეპისკოპოსი კირიონი სამშობლოსკენ გამოემგზავრა. არაგვის ხეობაში მას შეეგება ასოცამდე ცხენოსანი, რომელთაც დიდი პატივით მიაცილეს დედაქალაქამდე. თბილისშიც ბრწყინვალე შეხვედრა მოუწყვეს წმიდანს.1917 წლის სექტემბერში სრულიად საქართველოს საეკლესიო კრებაზე, რომელიც თბილისში ჩატარდა, კათოლიკოს-პატრიარქად არჩეულ იქნა ეპისკოპოსი კირიონი, რომელიც საზეიმოდ ეკურთხა იმავე წლის 1 ოქტომბერს.

სვეტიცხოველში აღსაყდრების დღეს წარმოთქმულ სიტყვაში უწმიდესმა და უნეტარესმა პატრიარქმა ბრძანა: „სამშობლო საყვარელო, ღვთისმშობლის წილხვედრო, ბრძმედსა შინა ტანჯვა-ვაებასა განწმედილო! შენთვის დაწული, შენგან განშორებული, შენთვის მტირალი, მუდამ შენკენ ლტოლვილი, დღეს განვისვენებ ტკბილსა შინა წიაღსა შენსა  არა ვითარცა შვილი უძღები, არამედ ვითარცა მესაიდუმლე და სინდისი ეკლესიისა შენისა... ვიცი, შენი გულისყური ამჟამად ჩემკენაა მოქცეული და მეკითხები: რა მომიტანე, რა მალამოსა მცხებ იარებსა ჩემსა, რით მანუგეშებ სევდა მოსილსა? ყური მომაპყარ: „არა მოველ, რათა გიმსახურო, არამედ მსახურებად შენდა და მიცემად სული სახსრად შენდა“ (მთ. 20,28). მოვედი არა ვითარცა მნე სასყიდით დადგინებული, არამედ ვითარცა მნე ერთგული და მარად მორჩილი“.


კირიონ II-მ წერილები დაუგზავნა მსოფლიოს მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურებს, რომელშიც მოკლედ და დასაბუთებულად გადმოსცა საქართველოს ეკლესიის ისტორია და მოითხოვა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება.

საქართველოში სარწმუნოებრივი და ეროვნული პრინციპების დამკვიდრებისა და აღორძინებისათვის დაუცხრომლად მებრძოლი წმიდა პატრიარქის მოღვაწეობა ზღუდავდა ეკლესიის და ქვეყნის წინააღმდეგ შეკრებილი ბოროტი ძალების მოქმედებას, რომელთა გამოსვლები თანდათან უფრო და უფრო საშიშ და ცინიკურ სახეს იღებდა. ამ დროს მრავალი საეკლესიო და საერო მოღვაწე იქნა მოკლული. ბოროტების უპირველესი სამიზნე იყო ის წმიდა ადამიანები, რომელთა ავტორიტეტი ძალიან დიდი იყო ხალხში. საქართველოს წმიდა ეკლესიის სამოციქულო ტახტზე მჯდომი საჭეთმპყრობელის წმიდა კირიონის სარწმუნოებრივ-ეროვნული მოღვაწეობა მოსვენებას არ აძლევდა ეკლესიისა და ქვეყნის მტრებს, დაიწყო დაუსრულებელი ცილისწამებები, პროვოკაციები, შანტაჟები, მუქარები და... 1918 წლის 26 ივნისს წმიდა კირიონ კათალიკოსი მოკლული იპოვეს მარტყოფის მონასტრის საპატრიარქო რეზიდენციაში.

წმიდა სინოდის 2002 წლის 17 ოქტომბრის სხდომაზე მოწამეობრივად აღსრულებული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ II წმიდანთა დასში შეირაცხა.„ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 29.01.2020
ბოლო რედაქტირება 09.10.2023
სულ რედაქტირებულია 2

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 17.09.2021
სულ რედაქტირებულია 1



მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0