იოანე — საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი XII საუკუნის პირველ მეოთხედში. იყო დავით აღმაშენებლის სახელმწიფო ღონისძიებების ენერგიული გამტარებელი, 1103 თავმჯდომარეობდა რუის-ურბნისის საეკლესიო კრებას, რომელმაც ეპისკოპოსობიდან გადააყენა ცენტრალური ხელისუფლების მოწინააღმდეგე დიდგვაროვანი ფეოდალები და მათ ადგილზე დაადგინა მეფის ერთგულნი; მოაწესრიგა საეკლესიო წყობილების დარღვეული ნორმები, შეიმუშავა და დადგენილების სახით გამოუშვა ახალი საეკლესიო კანონები. დავით აღმაშენებლის ინიციატივით 1123 იოანემ შიომღვიმის სამეფო მონასტერს მიანიჭა მის საყმო მამულში სასამართლო და საგადასახადო შეუვალობა. ზრუნავს საზღვარგარეთის ქართული კულტურის ცენტრებში ლიტერატურული მუშაობის გაცხოველებისათვის.