სერგო მელია თამაზის ძე უფროსი ლეიტენანტი ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსანი, 2008 წ.
ცხოვრობდა აბაშაში ბაბუასთან მერე თბილისში
გაგრა რომ დაატოვებინეს, 14 წლის იყო სერგუნა მელია – პუტკუნა, ფრიადოსანი ბიჭი, გარეთ თამაშს რომ წიგნების კითხვა ერჩია, საქართველოს ისტორიაზე რომ გიჟდებოდა მაშინაც და მერეც. წამოწოლილი კითხვის გამო რომ გულმკერდის დეფორმაცია მიიღო... მისი და და პატარა ძმა რომ გარეთ თამაშობდნენ, ის შინ იჯდა და დილით რომ ისტორიულ რომანს კითხულობდა, შუადღეს დეტექტივით ხალისობდა, საღამოს კი სხვა ჟანრს ირჩევდა...
ბავშვობა სოფელ ახალაძეში გაატარა. ომის დაწყების პირველი დღიდან მტრის კონტროლირებად ტერიტორიაზე აღმოჩნდნენ. მამამ ზღვით სცადა ცოლ-შვილის გაყვანა, მაგრამ მოაბრუნეს და ალბათ, ცოცხლები ვერც გადარჩებოდნენ, გაგრაში მცხოვრებ ბიძას რომ არ ემარჯვა – ბიძამ გაგრაში აფხაზები დაიჭირა და საკუთარ ძმისშვილებსა და რძალში გაცვალა. შემდეგ ძმაც გამოიხსნა, ამავე ხერხით.
იქ, ცხინვალის აბრასთან ჩამომჯდარს აუცილებლად გაახსენდებოდა, როგორ ჩაუწუილა გაცვლის დროს ტყვიამ 2 სანტიმეტრში, როცა თვალებახვეული მიწაზე იჯდა და სიმწრისგან ღიღინებდა... გაახსენდებოდა ის სიმწარეც და შემდეგ მთელი ცხოვრებაც დევნილობაში – ჯერ აბაშაში, ბებია-ბაბუასთან, შემდეგ თბილისში...
გაახსენდებოდა და, ალბათ, გულს გაჰკრავდა კიდეც ფიქრი – ამჯერად გადავრჩები?
მის ჯარისკაცებს ხომ დღესაც ახსოვთ მისი სიტყვები ბრძოლის წინ:
„ნუ გეშინიათ, მეომრებო, თუ დავიღუპებით, იცოდეთ, არასოდეს მოვკვდებით. ჩვენ მუდამ ცოცხლები ვიქნებით“.
იარაღის დარიგებისას ხომ ეტყვის კიდეც თავის ბიჭებს – დღეს ნახავთ, ბიჭებო, ლამაზ სიკვდილს ბრძოლის ველზე...
ლამაზ სიკვდილამდე გზაა. გულანთებული ბიჭის გზა...
თვალცრემლიანი და – ნანა მელია მიამბობს: „სკოლა რომ დაამთავრა, კადეტთა კორპუსში უნდოდა ჩაბარება და მამამ არ გაუშვა, სერგო ნერვიულობდა, ცხოვრებას მინგრევო. „ასე სჯეროდა, ჯარში თუ იმსახურებდა, გაგრას დაიბრუნებდა...“ თავდაცვის აკადემიაში ჩააბარა. ისტორიაში 5 მიიღო, ქართულში – 4, მათემატიკაში – 3 და ფიზკულტურაში – 2... მაინც ჩარიცხეს...
ყველა წინააღმდეგობა გადალახა, ფიზიკურიც და მორალურიც. გახსოვთ, ალბათ, რა ხდებოდა ჯარში წინა ხელისუფლების დროს.
„მამაჩემს ეუბნებოდა, ცხვარი გამზარდე და მგლების ხროვაში შემაგდეო... პირველ კურსზე რომ იყო, გამორბოდა, კარტში ფული წააგებინეს, არ იყო ძველი ბიჭი... ძლივს გავუშვით. ყველაფერს გაუძლო. კარანტინები ჰქონდათ, საშინელება იყო. მახსოვს, ტკიპებიანი რომ მოდიოდა. თან საშინლად ალერგიული იყო, მაგრამ მაინც გაუძლო ყველაფერს. აკადემიის დამთავრების შემდეგ, სენაკში მსახურობდა 2 წელი, იქაც გაუსაძლისი პირობები იყო, ხელფასი არც მიუციათ, საშინლად განიცდიდა, ბიჭები მშივრები არიან, ფეხსაცმელი არა აქვთ, ჩუსტებით როგორ ვარბენინო, რა ჯარი უნდა გამოვიდესო. რომ დაინახა, რომ ტერიტორიების დაბრუნებაზე არავინ ფიქრობდა, გული აიყარა, მოსკოვში ბიძაჩემთან წავიდა სამი წელი... ეს ხელისუფლება რომ მოვიდა და ჯარში სიტუაცია რომ შეიცვალა, ისევ დაბრუნდა და ჩადგა სამსახურში. ჯერ ფოთში მსახურობდა, შემდეგ ბათუმში. შემდეგ მუხროვანში გადმოჰყვა მეგობარს. ბოლოს ვაზიანში მსახურობდა, მეოთხე ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონის მეორე მსუბუქი ქვეითი ასეულის მეთაურად“.
თავდაუზოგავმა ბრძოლამ საკუთარ ტანთან შედეგი გამოიღო – ფორმაში ჩადგა, ის კი არა, თურმე, როცა ჯარისკაცებს სჯიდა ათ კილომეტრზე სირბილით, მათთან ერთად დარბოდა. დას ეტრაბახებოდა, ლომებივით ბიჭები მყავსო.
ნანა მელია: „ასეული რაც ჩააბარეს, სალაპარაკოდაც ვეღარ ვნახულობდი. ვეუბნებოდი, ოფიცერი ხარ, ხომ შეგიძლია, შენც ისე მიხვიდე ოჯახში, როგორც სხვები დადიან-მეთქი. ბიჭებს რომ რამე დაემართოთ, ხომ მოსაკლავი მექნება თავი, მათ დედებს თვალებში როგორ შევხედოო. ნაწილიდან რომ გამოვიდოდა, სულ ტელეფონზე ეკიდა, აბა, სად ხართ, რას აკეთებთო... მართლაც, შვილებივით უვლიდა ბიჭებს. ნაწილიდან არ გამოდიოდა ფიზიკურად და რომ ვეუბნებოდი, ცოლი მოიყვანე-მეთქი, მპასუხობდა, მე სახლში არა ვარ და შენ მოგიყვანოო? თუ ნაწილში წავიყვანოო? ხუმრობდა...“
გმირულად დაღუპვამდე 2 თვით ადრე 30 წელი შეუსრულდა. ცხოვრებაში პირველად გადაუხდია დაბადების დღე.
4 აგვისტოს ბაბუა გარდაეცვალა და სოფელში წაასვენა. 7 აგვისტოს, დილით, გამთენიისას დაურეკეს და გამოიძახეს. ჩამოვიდა თბილისში, ფორმა აიღო. ბიძაშვილს უკითხავს, რას იზამ, ჩამოხვალ ბაბუაშენის გასვენებაშიო? პასპორტი მიუგდია, თუ ცოცხალი ვიქენი, ჩამოვალო...
წასულა. დედის ზარებს არ პასუხობდა, არც დისას. შემდეგ თავად ურეკავდა, როცა სიჩუმის წამს დაიჭერდა გაგანია ბრძოლის დროს. რომ არ ენერვიულათ, ატყუებდა, ზარი მაქვს ჩაწეული და ახლა ვნახე დანარეკი და გირეკავთო. დედას 7-ში ღამით ეუბნებოდა: დამაძინე ახლა და შენც დაიძინე, გორში ვარ, ნუ ნერვიულობთო. დას, 8-ში დილით: ახლა გავიღვიძე, რა ხდება, რას ამბობენ ტელევიზორშიო და დაც იდგა და ბრძოლის ამბებს უყვებოდა ბრძოლის ველზე მყოფ, მთელი ღამის ნაომარ ძმას... ცხინვალში იბრძოდა... უკან დახევისას მისი ასეული სხვა ასეულის მეთაურს – ნატროშვილს ჩააბარეს, თავად შტაბს მიამაგრეს. ის და მისი მეგობარი მურად ტორჩინავა შტაბთან ერთად იბრძოდნენ. წინ მიდიოდნენ, მაგრამ მობრუნდნენ – მტერმა ბენზინგასამართ სადგურს დაარტყა. იქ მელიას ასეულის ბიჭები აფეთქდნენ. ნატროშვილი ადგილზე ჩაიფერფლა. სერგო მელია ბიჭების ამოსაყვანად ჩავიდა. ამოიყვანა ერთი, მეორის ამოსაყვანად რომ ჩასულა, ჯავშანი გაუხდია, ვეღარ ვერევი, ერთი ამისიც, კაცი ვერ ამომყავსო... გაუხდია ჯავშანი, მოუკიდებია მეორე დაჭრილიც და ამოუყვანია (ორივე დაჭრილი გადარჩა). მანქანაც მოიყვანეს მათ გადასაყვანად. სანამ დაჭრილებს მიხედავდნენ, დაღლილი ბიჭები მიწაზე ჩამოსხდნენ... სიგარეტის მოსაწევად. უკან მედდები ამზადებდნენ დაჭრილებს გადასაყვანად.
სიგარეტს არ ჰქონდათ მოკიდებული, რომ დაბომბვა დაიწყო – ტანკებს დაარტყეს. „ტანკებს დაარტყეს“, – ერთმანეთისთვის არ ჰქონდათ ბიჭებს ნათქვამი, რომ ახლა მათ უკან აფეთქდა ბომბი...
მურად ტორჩინავა 7 მეტრზე გაისროლა, ადგილზე რომ მივიდა, ნახა, სერგო მელიაც იქვე ეგდო – მიწა ეყარა. გადაფერთხა მიწა. სისხლი ვერსად ნახა, მაგრამ თვალები ჰქონდა ოდნავ ღია და პირი. უგონოდ იყო. სუნთქვის ჩატარება სცადა, მაგრამ რეაქცია არ იყო...
ეს მოხდა „დუბოვი როშაში“... 8 აგვისტოს, ნაშუადღევს.
თვითონ ფეხში დაჭრილმა ტორჩინავამ ტყიდან ტრასამდე ატარა ძმაკაცი. ტრასაზე დაქოქილი სატვირთო მანქანა ნახეს, გადაწყვიტეს, დანარჩენი დაჭრილები და გარდაცვლილები იმ მანქანით გამოეყვანათ. მაგრამ მანქანას ნამსხვრევი მოხვედროდა და მწყობრიდან გამოსული ვეღარ დაქოქეს.
ოჯახმა სერგო „ენტევეს“ კადრებში ამოიცნო...
ჟურნალისტმა 8-ში გადაიღო ის სატვირთო მანქანა, სადაც სერგო მელია ესვენა, გამოაცხადა კიდეც: „აი, დაღუპული ქართველი ოფიცერი, რომლის გაყვანა ვერ შეძლესო...“
ნანა მელია: „შემდეგ ჟურნალისტსაც ვესაუბრეთ, გვითხრა, „ფეესბეს“ ვყავდი შეყვანილი და მანქანაზე ასვლის საშუალება არ მომცეს, მაგრამ ერთს გეტყვით, ის კაცი იქ არ დაუტოვებიათო. იმედი გაგვიჩნდა, ვიფიქრეთ, იქნებ ცოცხალია, იქნებ ტყვედაა, იქნებ „ფეესბემ“ აიყვანა... მაგრამ 29 დეკემბერს მოვიდა დეენემის პასუხი, რომ ჩემი ძმა განისვენებს მუხათგვერდის სასაფლაოზე. იმ 43 კაცში იყო, რომელიც 26 აგვისტოს გადმოასვენეს...
როგორც შემდეგ გაირკვა, ის მანქანა იმავე ღამეს გამოიყვანეს, იმ ადგილიდან 200-300 მეტრში ჩამოაგდეს...
ის დაეცა ბრძოლის ველზე. დაეცა გმირულად და ეს დაცემა არ იყო შემთხვევითი, მან იცოდა, სად მიდიოდა... თანამებრძოლები იხსენებენ, რომ მუდამ წინ იწევდა, რომ რამდენჯერმე ძლივს მოატრიალეს... გრძნობდა სიკვდილის მოახლოებას, ალბათ, იმასაც, რომ აუხდენელი რჩებოდა ნატვრა – გაგრის აღება...
https://www.kvirispalitra.ge/public/4588-qbrdzolis-tsin-uthqvams-me-lamaz-sikvdils-gachvenebtho-daq.html?add=1
მარინა ნაჭყებია დ.1956წ. აფხაზეთის მებრძოლთა მკვლევარი დ. სოხუმი აფხაზეთი