სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
სამაჩაბლო
გელა რომელაშვილი მურაზის ძე 1983-08 გარდ. 25 წლის, სამაჩაბლოში დაბ. ცხინვალი გელა რომელაშვილი მურაზის ძე 1983-08 გარდ. 25 წლის, სამაჩაბლოში დაბ. ცხინვალი გელა რომელაშვილი მურაზის ძე 1983-08 გარდ. 25 წლის, სამაჩაბლოში დაბ. ცხინვალი

1983-2008 წწ. გარდ. 25 წლის

ბმულის კოპირება

სამაჩაბლო

გვარი რომელაშვილი სია

ცხინვალი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

414       ბეჭდვა

გელა რომელაშვილი მურაზის ძე 1983-08 გარდ. 25 წლის, სამაჩაბლოში დაბ. ცხინვალი

გელა რომელაშვილი მურაზის ძე


ძმები რომელაშვილები, ოჯახთან ერთად, ოსებმა ცხინვალიდან გამოყარეს. მაშინ გია თერთმეტი წლის იყო, გელა – შვიდის. ბავშვობა გორში, დევნილობაში გაატარეს. ვერ ივიწყებდნენ მშობლიური ქალაქიდან გამოყრის სიმწარეს. „ამბობდნენ, წინ ცხინვალელები უნდა წავიდეთ, ცხინვალი ხომ ჩვენიაო. სულ იმას იძახდა გია: ნეტა, ჩემი ტანკით ცხინვალის ცენტრში, თეატრის წინ გამატარაო“, – იხსენებს გმირების მამა. გია რომელაშვილი ბოლოს გორის ჯავშან-სატანკო ბატალიონში მსახურობდა ოცმეთაურად, გელა იმავე ოცეულის მემიზნე-ოპერატორი იყო.


გელა ოჯახში ბოლოს 6 აგვისტოს ნახეს, გია 7-ში ყოფილა შინ. მას შემდეგ ბიჭები აღარ უნახავთ. „უკვე ცხინვალში იყვნენ, იბრძოდნენ, მე კი არ მაგებინებდნენ, ტელეფონზე მეუბნებოდნენ, გორთან ვდგავართო. როგორც მათი ასმეთაურისგან და სხვა თვითმხილველებისგან ვიცი, გია წინ მიუძღოდა ტანკების კოლონას, მერე გელას ტანკი მიჰყვებოდა, მათ უკან ოთხი თუ ხუთი ტანკი მიდიოდა. უნივერსიტეტთან გელას ტანკს ესროლეს. ტანკს ცეცხლი გაუჩნდა, გელა ამოვიდა და მერე დაუდგენელია, სნაიპერმა ესროლა თუ დახვრიტეს. ეკიპაჟის ორი წევრი გადარჩა, მარტო გელა დაიღუპა. გიას ტანკს კი, როგორც მეუბნებიან, ოსეთის თავდაცვის მინისტრმა ბარანკევიჩმა მოარტყა. მამუკა არეშიძისგან ვიცი, ერთ-ერთი მოსკოველი ჟურნალისტი შეესწრო და ბარანკევიჩი ტრაბახობდა თურმე: #406 ტანკი თავის ეკიპაჟიანად გავანადგურეო…“ ძმები ერთად დაეცნენ ბრძოლის ველზე. შინ ამაოდ ელოდნენ მათ.


იყო იმედები და ამ იმედების მწარედ გაცრუება. 25 დეკემბერს დეენემის ანალიზის პასუხით გაიგეს, რომ ბოლოს, 16 ნოემბერს, გადმოსვენებული 10 ცხედრიდან ერთ-ერთი გელა რომელაშვილი იყო. გია კვლავ უგზო- უკვლოდ დაკარგულად ითვლება, რადგან მის ცხედარს დღემდე ვერ მიაგნეს. გელა წარდგენილია ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენზე. გიას მხოლოდ მას შემდეგ წარადგენენ, როცა ცხედარს მიაკვლევენ, ანდა 2 წლის შემდეგ. მამა: „ქუჩებზეცაა საუბარი, რომ მათი სახელობის ქუჩა იყოს თბილისსა და გორში, არ მინდა მათი დაცალკევება, მინდა, რომ გია და გელა რომელაშვილების ქუჩა ერთად იყოს… “ ბიჭები დევნილობაში იზრდებოდნენ გორში. გორში არ დაბადებულან, მაგრამ იქ ორივეს დიდი სამეგობრო ჰყოლია. ორივე სპორტსმენი იყო. გია – შავი ქამრის მფლობელი კარატეში. „გელა უფრო გვიან გამოვიდა ბავშვობიდან, 25 წლის დაიღუპა და მაინც ბავშვური ჰქონდა რაღაც“, – მათ ამბავს ძირითადად მამა მიყვება, დედა ცრემლებით საუბრობს თავის ტრაგედიაზე. გიამ გორის უნივერსიტეტის ფიზკულტურის ფაკულტეტი დაამთავრა, გელამ სამი წელი ისწავლა და შემდეგ ჯარში წასვლა არჩია. ბიჭები ჯარში 2004 წელს ჩაირიცხნენ. გიამ სამხედრო აკადემიაც დაამთავრა. გელაც აპირებდა შემოდგომაზე ჩაბარებას, მაგრამ… მურაზ რომელაშვილი, ბიჭების მამა: „ძალიან მშრომელი ბიჭები იყვნენ. გიამ ყველანაირი ხელობა იცოდა, სახლს დაიწყებდა საძირკვლიდან და დაამთავრებდა. ავეჯის აწყობაც ეხერხებოდა, მზარეულობაც. თვითონ ისწავლა ყველაფერი. მონდომებული, „ჟილკიანი“ იყო, რასაც იტყოდა, აკეთებდა კიდეც“. მაია დგებუაძე, გელა რომელაშვილის მეუღლე: „ჩემი მეუღლე თვითნასწავლი ელექტრიკოსი იყო, ყველაფერი ეხერხებოდა, მაცივრების, ტელევიზორების, კომპიუტერების, ტელეფონების შეკეთება. ყველას, ვისაც მობილური გაუფუჭდებოდა, მასთან მოჰქონდა, ისიც აკეთებდა და აკეთებდა, მეგობრები ეხუმრებოდნენ, ერთი „ბუტკა“ ჩადგი, ფულს გააკეთებო“. გია რომელაშვილს ხუთ წელიწადზე მეტხანს ჰყვარებია ნათია გოგიშვილი. ნათიაც გიასავით ცხინვალიდან დევნილია და მაშინ გორში, სასტუმრო „ქართლს“ იყო შეფარებული. მამა: „ვიცოდით, რომ უყვარდა, ერთხელაც მოვიდა და მითხრა: მამა, ცოლი უნდა მოვიყვანოო. არ დამიშლია. ვითომ მოიტაცა, წაიყვანა სოფელში ნათესავებთან. სანამ ეგენი ჩამოვიდნენ, გავშალე სუფრა ას კაცზე, მაგრამ რად გინდა, ქორწილზე, ორივენი, ცოლიცა და ქმარიც მთვრალები ჩამოვიდნენ, ფეხზე ძლივს იდგნენ, არადა მთელი ნათესაობა მოსულია, ამდენი ხალხია და ესენი აზრზე არ არიან, სად არიან, ვის ქორწილში არიან. გაბრაზებულმა სიმამრმა უთხრა, ვინ გიშლიდათ, რას გაიპარეთო და გიამ მოუბოდიშა, მეტს აღარ ვიზამთო. საკუთარ ქორწილში მალევე მიიძინეს… გიას გოგონა ნანა 6 წლის ხდება ახლა, წელს მიდის სკოლაში“… გელამ და მაია დგებუაძემ ერთმანეთი 2006 წელს, ზაფხულში, ბორჯომში გაიცნეს – გვერდიგვერდ სახლებში ისვენებდნენ. იმ დღიდან დაიწყო მათი ურთიერთობა, რომელიც შეუღლებით დასრულდა 2008 წლის თებერვალში. „არ გავპარულვართ, აქეთ-იქით სიარულს რა აზრი აქვს- მეთქი, ვუთხარი და ვაჟკაცურად პირდაპირ სახლში დავადექი 2 თებერვალს. 9 თებერვალს ჯვარი დავიწერეთ, ხელის მოწერა 8 აგვისტოს გვინდოდა სიმბოლურად, 2 თებერვალს დავქორწინდით, ანუ 02.02. 8 აგვისტოს ვაპირებდით ხელის 37 მოწერას 08.08… ადვილად დასამახსოვრებელი ციფრები რომ ყოფილიყო, მაგრამ 8 აგვისტოს ჩემი მეუღლე დაიღუპა. ძალიან თბილი ადამიანი იყო, ძალიან მოსიყვარულე, ძალიან მხიარული, სერიოზულიც იყო, ბავშვურიც… 14 თებერვალს ძალიან დიდი, ფუმფულა სათამაშო ძაღლი მომიტანა. იცოდა, 8 მარტს ვერ ჩამოვიდოდა და… 8 მარტს მირეკავს, ძაღლის კუდი გაარღვიე, შიგნით საჩუქარიაო. არ ვარღვევდი, იმიტომ, რომ ხშირად ხუმრობდა ხოლმე, ბოლოს გავარღვიე და ოქროს საყურეები დამხვდა, თავისი ხელით გაურღვევია, ჩაუდია და გაუკერია… არ იცის, რომ გოგონა გვყავს, სქესს შეგნებულად არ ვადგენდით, გვინდოდა, სიურპრიზად დაგვეტოვებინა, მარიამი ომის მერე დაიბადა, 6 თვისაა“. მამა: „საერთოდ, უყვარდა სიურპრიზების კეთება. მობილური ტელეფონი უყიდია ჩემთვის. ჩემი მეუღლისთვის უთქვამს, ეს მამას მოვუტანე, ხელი არავინ ახლოსო. მოიტანა და კი არ მომცა, დადო ეს ტელეფონი. თვითონ დარეკა მერე ამ ტელეფონზე. რეკავს და რეკავს, ავყვირდი, ვისია, აიღეთ, გასკდა ტელეფონი-მეთქი. და შენიაო, შენ მოგიტანაო“. ძმებს უყვარდათ ცურვა, თევზაობა, ნადირობა. თავისუფალ დროს იპოვიდნენ თუ არა, სათევზაოდ ან სანადიროდ მიდიოდნენო, – მიამბობს მამამისი, ეგ იყო მაგათი ჰობიო. თვალცრემლიან მაიას კი ეცინება იმის გახსენებაზე, თუ როგორ წაიყვანა გელამ სათევზაოდ და როგორ დასვა ჩუმად 4 საათი მდინარის პირას, თევზები არ დამიფრთხოო… ორი ბიჭი ჰყავდათ მურაზ და ნანული რომელაშვილებს და ორივე ომმა წაართვათ. მათ ცრემლიან თვალებში ობოლ სხივს მხოლოდ ობოლი შვილიშვილების ტიტინი აჩენს…

გარდაიცვალნენ ერთად, ოლეგ ჭონიშვილი სერგოს ძე 1977-08 გარდ. სამაჩაბლოში სოფ. ბეთლემი(ახალხიზა) გორი ქართლი

„ ჭ ი დ ი ლ ი  მ ხ ე ც ე ბ თ ა ნ - 2 “ ავტორი ნუგზარ ქებურია

სამაჩაბლო. ცხინვალი. 2008 წ. 8 აგვისტო. „ დაჭრილი ტანკისტის ნაამბობი: “

ალექსანდრე გოგიაშვილი

                 ...რვა აგვისტოს, დაახლოებით დილის შვიდ საათზე გორის ჯავშანსატანკო ბატალიონის შვიდი  ტანკი ვახორციელებდით გადაადგილებას სოფ. ზემო ნიქოზიდან სოფ. თამარაშენის მიმართულებით.  ცხინვალი თითქმის დაცლილი იყო  მოსახლეობისგან და ჩვენი შესვლის პერიოდში არ შეგვხვედრია არცერთი სამოქალაქო პირი.

          ჩვენს მიერ წამოწყებული სატანკო რეიდი რუსეთის ე. წ. სამშვიდობო ძალების განლაგების ადგილას შეფერხდა, რადგან რუსი მეომრებისგან მოხდა ცეცხლის გახსნა ჩვენი სატანკო კოლონის მიმართ. არც ჩვენ დავიხიეთ უკან, საპასუხო ცეცხლი გავხსენით და მათი  პირველი იერიში სწრაფად მოვიგერიეთ, რამაც გამოიწვია ჩვენი საბრძოლო მარაგის ამოწურვა... დაგვჭირდა ხელმეორედ დაბრუნება სოფ. ნიქოზში და საბრძოლო მარაგის შევსება...

        ამის შემდეგ, ოთხი ტანკით შევბრუნდით ცხინვალში და გადავადგილდებოდით სოფ. თამარაშენის მიმართულებით...

საბრძოლო ტაქტიკის მიხედვით, ლეიტენენტ გია რომელაშვილის ტანკი წავიდა წინ, რათა მოეხდინა იქ არსრბული საბრძოლო მდგომარეობის დაზვერვა.

 მე ვმართავდი სამეთაურო ტანკს N 401, რომლის მემიზნე - ოპერატორიც ვიყავი, მეთაური - გია სამადალაშვილი, ხოლო მძღოლ - მექანიკოსი ჯონი აკოფაშვილი (მეტსახელად "სტარიკი"). დაცვის მიზნით წინ მიმიძღოდა კაპრალ ჯონი ლომიძის ტანკი N 408, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ: მძღოლი - მექანიკოსი ჯონი ლომიძე, მეთაური სპარტაკ ნიორაძე, მემიზნე- ოპერატორი ოლეგ ჭონიშვილი.

           უკან მომყვებოდა კაპრალ გელა რომელაშვილის ტანკი - N 404,  რომლის ეკიპაჟს  მეთაურობდა რამაზ ნიორაძე ( მეტსახელად " ფირუზა"), მძღოლი - მექანიკოსი ალიკა კურტანიძე.

          ჩემთან კავშირზე გამოვიდა ლეიტენანტი გია რომელაშვილი, რომელიც იმყოფებოდა სადაზვერვო ტანკით - N 406, რომლის მეთაურიც თვითონ იყო. მემიზნე - ოპერატორი ოთარ სუხიტაშვილი, მძღოლი - მექანიკოსი ზაზა ბირთველიშვილი ( მეტსახელად „მიმინო “ ასე დაარქვა თავის ტანკსაც.  ასე მომმართავდნენ მეც).                                                                  

          - „მიმინო!“ უკან და მარჯვნივ!“ - გია რომელაშვილისგან მივიღე შეტყობინება, რაც ნიშნავდა, რომ ალყაში ვიყავით მოქცეული. ამის შემდეგ გაწყდა კავშირი მის ეკიპაჟთან...

          ამ დროს დავინახე ჩემს წინ მავალი ტანკის აფეთქება, შემდეგ უკან მავალი ტანკის და ბოლოს ჩემს ტანკზეც მოიტანეს იერიში, ოთხი გასროლა და  ოთხივეჯერ კოშკურაზე  მომახვედრეს ჭურვები. ტანკს გაუჩნდა ცეცხლი, მივიღე მძიმე დაზიანებები ყბა-სახის და გულმკერდის არეში, ასევე კანტუზია, მაგრამ მაინც ვცდილობდი თანამებრძოლის, გია სამადალაშვილის ამოყვანას ცეცხლმოკიდებული ტანკიდან, რადგან მე მქონდა გამოცდილება აფხაზეთის ომის დროს ბრძოლებში მიღებული, სადაც დამაჯილდოვეს კიდეც მედლით  „მხედრული მამაცობისთვის“.

        რუსული საინფორმაციო საშუალებებით შემდგომში ცნობილი გახდა, რომ პირადად გენერალი ბარანკევიჩი ახორციელწბდა ჩვენი სატანკო ოთხეულის დაბომბვას, ეს მან პირადად განაცხადა...

      როდესაც ტანკიდან ამოვიწიე, დავინახე კაპრალი გელა რომელაშვილი და ოლეგ ჭონიშვილი გარბოდნენ გია  რომელაშვილის ტანკისკენ, რომელიც აფეთქების შედეგად სრულად განადგურდა. ამ დროს შეიპყრეს ორივე ჩასაფრებულმა მტრის ბოევიკებმა და ადგილზე დახვრიტეს...

    მოპირდაპირე ქუჩაზე შევამჩნიე ჯავშანმანქანა „ კობრა,“ რომელმაც ცეცხლი გაუხსნა რუსებს, როგორც მოგვიანებით გაირკვა, იმ მანქანით მოხდა მძიმედ დაჭრილი ჯონი ლომიძის გაყვანა ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე. დაველოდე მტრის წასვლას და ჩემი აფეთქებული ტანკით, რომელიც დაქოქილი დავტოვე შევძელი უკან გამოსვლა...


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 11.08.2020
ბოლო რედაქტირება 26.08.2022
სულ რედაქტირებულია 6





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0