სერჟანტი
ერთი თვის ჰყავდა გიორგი, კონტრაქტი რომ გააფორმა სამშობლოსთან.
ბიჭი უკვე ერთი წლის იყო, სამშობლომ რომ დაუძახა…
პატარა მაშინ იდგამდა ენას. მამას ძალიან უნდოდა, ბიჭს „მამა“ დაეძახა.
არ დასცალდა.
ზუსტად არავინ იცის, რა ვითარებაში დაიღუპა სნაიპერი ზურა ტურაშვილი…
ამბობენ, რომ კაზაკ სნაიპერ ქალს მაშინ უსვრია მისთვის და მხარში დაუჭრია, როცა სკოლის ეზოში გამოსულან ბიჭები… მაშინ უთქვამს, ცოლ-შვილს მიმიხედეთო…
4 წლის განმავლობაში ცხედრის ადგილსამყოფელიც, გარდაცვალების ისტორიის მსგავსად, ბურუსით იყო მოცული. უზგო-უკვლოდ დაკარგულადაც კი შერაცხეს.
2012 წელს იპოვეს. შვილის, გიორგის დნმ-ის დახმარებით. იმ უცნობ ჯარისკაცებს შორის ერთ-ერთი იყო, რომლებიც საქართველოს პატრიარქის დახმარებით ბრძოლის ველიდან გამოიყვანეს და მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს.
ზურა ტურაშვილი 1983 წელს დაიბადა ყვარლის რაიონში, სოფელ ალმატში. მისი მეუღლე ლალი ბაწილაშვილი გაიხსენებს, რომ ზურა ცელქი ბავშვი იყო.
ფოტოზე, ზურა და შმაგი ნოზაძე გუგულის ძე 1984-08 დაკარგ. სამაჩაბლოში დაბ. სოფ.ნინიგორი ლაგოდეხი კახეთი
ლალი: „ერთად დავდიოდით ბაღშიც, მერე სკოლაშიც, ერთ მერხზე ვისხედით… მეხუთე კლასში ვიყავით, სიყვარული რომ ამიხსნა. მას მერე შეყვარებულები ვიყავით. ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში ვხვდებოდით ერთმანეთს, მაშინ რა გვესმოდა სიყვარულის, მაგრამ მაინც ვხვდებოდით…
9 კლასი რომ დავამთავრეთ, ჩემი ოჯახი მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად. 9 წელი ვიცხოვრე მოსკოვში. ამასობაში ზაზამ ჯარი მოიარა, თელავში მსახურობდა 2 წელი… მე მოსკოვში ვიყავი, ზაზა – საქართველოში, მაგრამ არც ერთი წუთით არ განელებულა ჩვენი სიყვარული. ისევ ისე გვიყვარდა ერთმანეთი, როგორც თავიდან. ამ ხნის განმავლობაში იყო ბევრი სატელეფონო საუბარი… ძალიან ყურადღებიანი და თბილი გახლდათ. 13 წელი გვიყვარდა ერთმანეთი და როგორც კი მოსკოვიდან ჩამოვედი, მითხრა, ხვალვე უნდა მოვიდე თქვენთან და დაგნიშნოო. მოსკოვიდან მარტო მე და ჩემი ძმა ვიყავით ჩამოსულები, მშობლები ისევ მოსკოვში იყვნენ. ჩემს ძმასთან ძმაკაცობდა. უთხრა: ბაჩო, არ გეგონოს, რომ მარტო შენთან ძმაკაცობის გამო მოვდივარ შენთან, ლალი მიყვარს და მშობლების ტელეფონი მომეცი, უნდა დაველაპარაკოო. ჩემს მშობლებს დაურეკა და ყველაფერი უთხრა. ოჯახებმა ჩვენს შესახებ ყველაფერი იცოდნენ და არც ერთი წინააღმდეგი არ ყოფილა… პატარა ნიშნობა გადავიხადეთ და წამიყვანა. ჩემი მშობლები ერთი წლის შემდეგ ჩამოვიდნენ საქართველოში. ქორწილი ვერ გადავიხადეთ, ეს სულ გულს აკლდა და ბიჭი რომ შეგვეძინა, დიდი ნათლობა გადავიხადეთ. ძალიან ბედნიერი იყო, ბიჭი რომ გვყავდა. ამბობდა: რომ გაიზრდება, აუცილებლად ფეხბურთელი უნდა გამოვიდესო… ჯარში რომ შევიდა, მე და ბავშვი სოფელში დავრჩით. სულ ვენატრებოდით. ხანდახან სამი თვე ისე გავიდოდა, ვერ გვნახულობდა. „ესემესით“ ერთმანეთს ფოტოებს ვუგზავნიდით და ასე იკლავდა ჩვენს მონატრებას… ყოველთვის ამბობდა, ჩემს შვილს არაფერს მოვაკლებო. სახლის გადაკეთება უნდოდა და მერე გავარემონტოთო. ბევრი გეგმა ჰქონდა. თბილისში სახლის შეძენაც უნდოდა და მანქანის ყიდვაც…
კახეთში სიარული უჭირდა და ბოლო პერიოდში რუსთავში გადმოვედით ქირით საცხოვრებლად, ყოველდღე მოდიოდა შინ 6 საათის შემდეგ და დილით ნაწილში ბრუნდებოდა. ბოლოს ძალიან გაღიზიანებული იყო, სულ სახლში უნდოდა ყოფნა… პატარა ხმაურსაც ვეღარ იტანდა, ხან ბავშვის ტირილიც აღიზიანებდა, მაგრამ არაფერს ამბობდა, შვილზე აბოდებდა. ერთი წლის იყო გიორგი, მამა რომ დაეღუპა… იმ პერიოდში იდგამდა ენას და ძალიან უნდოდა, მამა დაეძახა. ეტყოდა ხოლმე, მამი, აბა, თქვი, მამაო და გიორგი დედას ამბობდა. ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, რომ მამა ვერ დაუძახა შვილმა… გიორგი ახლა ყველა სამხედროფორმიანს მამას ეძახის…“
ზურა სახლიდან ბოლოს 5 აგვისტოს გასულა. როგორც ყოველთვის, ცოლისთვის უთქვამს, რომ საღამოს დაბრუნდებოდა. საღამოს შეატყობინა, რომ დილით მივიდოდა…
ლალი: „6 აგვისტოს უნდა მოსულიყო სახლში, მაგრამ შუაღამისას მომწერა, კარგად ვარ, არ ინერვიულო და მოვალო… თურმე იმ ღამით გაუყვანიათ ნაწილიდან და მე არაფერს მეუბნებოდა. იმ დღესაც რომ არ მოვიდა, მწერდა, სამთვიან კარანტინში ვართ და არ ინერვიულო, ტელეფონიც არ გვექნება და არ გაგიჟდეო. მატყუებდა… ტელევიზორს რომ ვუყურებდი, უკვე მივხვდი, რაშიც იყო საქმე და მივწერე. ახლა კარანტინში არავინ წაგიყვანს, რა ხდება, სად ხარ-მეთქი. მითხრა, ცხინვალში ვარო. 9 აგვისტომდე მირეკავდა, ბოლოს 4-ის 15 წუთზე დამირეკა და გამოგვემშვიდობა. ყველანი მიყვარხართ და გიო დიდი კაცი გამიზარდეო. თან ვითომ მამშვიდებდა, ტელეფონი მიჯდება და ყველაფერი კარგად იქნებაო… 9 აგვისტოს შემდეგ ვერაფრით ვეღარ ვუკავშირდებოდით. ძალიან ბევრი ვეძებეთ, მაგრამ დღემდე არავინ იცის, ცოცხალია თუ მკვდარი. უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. მასთან ერთად ვინც იბრძოდა, იმან გვითხრა, ცხინვალში სკოლის ეზოში რომ გამოვედით, მაშინ მოხვდა ტყვია, მხარში დაიჭრაო. მაშინ უთქვამს, ცოლ-შვილს მიმიხედეთო. როგორც გვითხრეს, სნაიპერმა, კაზაკმა ქალმა ესროლა…
ნაწილიდან რომ გაჰყავდათ, თურმე საფულე ამოუღია და ჩვენს სურათებს უყურებდა… უთქვამთ, დატოვე, რად გინდა საფულეო და, იქნება ვკვდები და ამათთან ერთად მაინც მოვკვდებიო…
ბავშვს არ ახსოვს მამა, მაგრამ ახლა ფოტოებითა და ვიდეოჩანაწერებით ცნობს. იცის, რომ მამა ჯარისკაცი ჰყავს და უნდა მოვიდეს.
ერთი პერიოდი ძალიან ხშირად კითხულობდა მამას. მეუბნებოდა, სხვას რომ მოსდის მამა, ჩემი მამიკო სად არისო… რომ ვეკითხებით, ვინ უნდა გამოხვიდეო, „ჯალიო“, იძახის… ხანდახან აღარ მჯერა, რომ დაბრუნდება, მაგრამ მაინც ყოველთვის ველოდები…“