მჭადიჯვრის ბრძოლა 1754, ქართლ-კახეთის ლაშქრის ბრძოლა ხუნძახის ბატონის ნურსალ-ბეგის წინააღმდეგ. ნურსალ-ბეგმა გააერთიანა ავარიელთა დიდი ნაწილი და მრავალრიცხოვანი ლაშქრით კახეთს მიადგა. გაიარა იგი ძარცვა-რბევით, ააოხრა არაგვის საერისთავო, დაწვა ერისთავის სასახლე დუშეთში, მონასტერი და მჭადიჯვრის ციხე-გალავანს შემოერტყა. ციხის გარემოცვა და ბრძოლა 6 დღეს გაგრძელდა. თეიმურაზ II და ერეკლე II თავიანთი ჯარებით დუშეთში შეერთდნენ. 16 აგვისტოს ქართველთა ლაშქარმა ერეკლე II-ის ხელმძღვანელობით, მიუხედავად რიცხობრივი სიჭარბისა, დაამარცხა ლეკთა ლაშქარი, თუმცა ლეკთა თარეში შემდეგაც არ შეწყვეტილა.
მჭადიჯვარი — სოფელი დუშეთის რაიონში, მდინარე ნარეკვავის (არაგვის მარჯვენა შენაკადი) ნაპირას. ზღვის დონიდან 700 მ, დუშეთიდან 14 კმ. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 944 ადამიანი[1]. სოფლის ტერიტორიაზე ადამიანს ჯერ კიდევ ადრინდელი და გვიანდელი ბრინჯაოს ხანაში უცხოვრია (რამდენიმე გორანამოსახლარი). ვარაუდობენ, რომ მჭადიჯვარი უძველესი დროიდან გრემისხევის ცენტრი იყო.
სოფლის შუაში, მდინარე ნარეკვავის მარჯვენა მხარეს დგას ხუროთმოძღვრული ანსამბლი — ეკლესია და ციხე. სამხრეთი და დასავლეთი კარის წარწერების მიხედვით ეკლესია 1668 წელს აუგია დომენტი კათოლიკოსს. ეს ცენტრალურ გუმბათოვანი ნაგებობა ერთ-ერთი უდიდესია გვიანდელი შუა საუკუნეების ტაძართა შორის. ნაგებია ძირითადად აგურით. ეკლესიას აღმოსავლეთი და სამხრეთი მხრიდან ეკვრის ციხე, რომელიც სამხრეთი კარის თავის წარწერის მიხედვით, სოფლის მოშენების მიზნით სახლთუხუცეს კონსტანტინე მუხრანბატონს აუშენებია 1746 წელს. ციხის კუთხეებში აღმართულია მასიური კოშკები, რომელთაგან ერთ-ერთი ეკლესიის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეზეა მიდგმული. კოშკებსა და გალავანს დატანებული აქვს სათოფურები, სალოდეები და საზარბაზნეები. შემდგომში დაღესტნელი ფეოდალების გამუდმებული თავდასხმების შედეგად სოფელი გაპარტახდა. 1754 წელს მჭადიჯვრის ციხესთან ქართველთა და დაღესტნელთა ლაშქრებს შორის დიდი ბრძოლა გაიმართა.