ქარაღაქის ბრძოლა — გურიისა და იმერეთის ლაშქრის ბრძოლა ოსმალთა წინააღმდეგ (სამცხე-საათაბაგოში), გაიმართა 1543 წელს. ოსმალეთის სულთნის ბრძანებით არზრუმის მმართველი მუსა-ფაშა 22-ათასიანი ლაშქრით შეეცადა დაეპყრო სამცხე-საათაბაგო, რომელიც 1535 წლიდან იმერეთის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა. მტრის ლაშქარი, რომელიც ევროპული ზარბაზნებით იყო შეიარაღებული, ოლთისის ციხეს მიადგა. იმერეთის მეფე ბაგრატ III-მ ლაშქარი შეკრიბა, ციხეები გაამაგრა და ოდიშისა და გურიის მთავრებს დახმარება სთხოვა. ლევან I დადიანი ბაგრატს არ მიეშველა. ბაგრატმა გაითვალისწინა მრავალრიცხოვან მტრის ლაშქართან ბრძოლის სიძნელე და ხერხს მიმართა - მტერს დამორჩილება აღუთქვა. მოტყუებულმა მუსა-ფაშამ ციხე დატოვა და არზრუმისაკენ გაემართა. ქართველთა ლაშქარი მოულოდნელად დაესხა თავს ციხეში დატოვებულ ოსმალებს და მთლიანად ამოჟლიტა. შემდეგ ქართველები მუსა-ფაშას ძირითად ლაშქარს დაედევნენ და ქარაღაქთან ისიც სასტიკად დაამარცხეს. ამ მარცხმა ოსმალები ვერ შეაჩერა. მალე მათ ახალი ლაშქრობა მოაწყვეს.
ბაგრატ III (დ. 1495 — გ. 1565) — იმერეთის მეფე 1510-1565, ალექსანდრე II-ის ძე.
ენერგიულად ებრძოდა ოსმალებს, ცდილობდა იმერეთის მთლიანობის შენარჩუნებას. „ტყვეთა სყიდვის“ წინააღმდეგ მოიწვია საეკლესიო კრება, რომელმაც ტყვის გამსყიდველთათვის სიკვდილით დასჯა დაადგინა. ბაგრატ III-ის თანხმობით 1533 წელს მამია I გურიელმა და მამია III დადიანმა ილაშქრეს ჯიქეთს, მაგრამ დამარცხდნენ. 1535 წელს მურჯახეთის ბრძოლაში ბაგრატ III-მ დაამარცხა ყვარყვარე III ჯაყელი, დაიკავა სამცხე და ათი წელი ფლობდა მას. 1543 წელს ყვარყვარეს შვილმა ქაიხოსრო II ჯაყელმა მოიშველია ოსმალთა ჯარი მუსტაფა ლალა-ფაშას მეთაურობით და ქარაღაქთან შეებრძოლა ბაგრატ III-ს, მაგრამ დამარცხდა. ამის შემდეგ სულთანმა უფრო მრავალრიცხოვანი ჯარი გამოგზავნა. სოხოისტის ბრძოლაში ბაგრატ III დამარცხდა. სამცხეში ოსმალებმა მოიკიდეს ფეხი. ამის შემდეგ ბაგრატ III-მ მთავრებს (დადიანი და გურიელი) შეუტია, მაგრამ ვერ შეძლო მათი დამორჩილება. 1548 წელს ბაგრატმა ლევან I დადიანი და როსტომ გურიელი სადარბაზოდ მიიწვია. გურიელი მას არ ეახლა, ხოლო დადიანი ბაგრატმა დააპატიმრა და გამოამწყვდია გელათის სამრეკლოში, საიდანაც იგი სამცხის ათაბაგის ქაიხოსრო III-ის ხელშეწყობით სამცხეში გაიპარა. ოდიშია და გურიის მთავრები სულთნის ვასალები გახდნენ. 1555 წელს ბაგრატ III-ც იძულებული გახდა სულთნისათვის ხარკის მიცემა ეკისრა.
მთავარი ფოტო ოლთისის ციხე