თამაზ I-ის ლაშქრობები საქართველოში XVI საუკუნეში — ირანი და ოსმალეთი ერთმანეთს ებრძოდნენ ამიერკავკასიაში გაბატონებისათვის. ამ მიზნით თამაზ I-მა ილაშქრა საქართველოში. 1541 წელს იგი „საღვთო ომის“ საბაბით ყარაბაღიდან საქართველოში შემოიჭრა 12 ათასი მეომრით. ყიზილბაშებმა თბილისი აიღეს,გაძარცვეს და ცეცხლს მიესცეს. მოტყუებით აიღეს ბირთვისის ციხე და ლუარსაბ I-ის ხელში ჩაგდებაც სცადეს, მაგრამ ვერ შეძლეს. მტერმა თბილისში თავისი რაზმი ჩაიყენა და უკან გაბრუნდა. 1547 წლის იანვარში თამაზ I შირვანიდან დაიძრა და ანისის გზით ახალქალაქში მივიდა. მტრის ლაშქარმა მოარბია ჯავახეთი, ქართლი და დიდი ნადავლით განჯაში დაბრუნდა. ქართლის მეფე ლუარსაბ I ვერ ურიგდებოდა სამცხის ათაბაგის ირანისადმი მორჩილებას და ოსმალეთის გააქტიურებას ამ მხარეში. ქვეყნის უშიშროების უზრუნველსაყოფად მან სამცხის დიდი ნაწილი დაიკავა. ათაბაგმა ქაიხოსრომ ირანს მიმართა დახმარებისათვის. 1551 წელს შაჰმა შაქიდან გამოილაშქრა დიდი ჯარით. მოსახლეობა სიმაგრეებში გაიხიზნა. ყიზილბაშებმა ააოხრეს ჯავახეთი, დაიპყრეს ციხესიმაგრეები — თმოგვი, ვანის ქვაბი, აწყური. აიღეს და გაძარცვეს ვარძია, საიდანაც დიდძალი სიმდიდრე წაიღეს. შაჰმა ქაიხოსროს დაუბრუნა ლუარსაბისაგან წართმეული ქვეყანა და ყარაბაღში დაბრუნდა. 1554 წელს თამაზ I მეოთხედ შემოესია საქართველოს. მან ჯერ საბარათიანო დაიკავა, მერე — შიდა ქართლი, აიღო გორი, ზოგიერთი სხვა სიმაგრეც და შემოადგა ატენის ციხეს, სადაც მეფისა და ქართველ დიდებულთა ოჯახები იყვნენ გახიზნული. მტერმა ღალატით აიღო ციხე და დიდ ნაალაფევთან ერთად 30 ათ. ტყვე წაიყვანა (მ. შ. მეფის დედა ნესტან-დარეჯანი). ლუარსაბ I მტერს დაედევნა, რამდენიმეჯერ შეებრძოლა, მაგრამ ტყვეები ვერ დაიხსნა.
თამაზ I-ის ლაშქრობებმა დიდი ზიანი მიაყენა საქართველოს. მტერმა დაარბია და გაძარცვა ბევრი ქალაქი და სოფელი, მრავალი ადამიანი ბრძოლაში დაიღუპა ან ტყვედ წაიყვანეს.
თამაზ I, შაჰ-თამაზი (სპარს. طهماسب [tæhˈmɔːsb] დ. 3 მარტი, 1514, სოფ. შაჰაბადი, ისპაანის ახლოს ― გ. 14 მაისი, 1576, ყაზვინი (?)) ― ირანის შაჰი სეფიანთა დინასტიიდან (1524-1576), ისმაილ I-ის ვაჟი. მასზე დიდხანს სეფიანთა იმპერია არავის უმართავს.
ტახტზე ავიდა 10 წლისა. მამამისის გარდაცვალების შემდეგ იმპერია ქაოსმა მოიცვა. სახელმწიფოს ფაქტობრივად განაგებდნენ ყიზილბაშურ ტომთა ბელადები. მის კარზე დაწინაურდნენ თურქმენული ტომები: რუმლუ, შამლუ, უსთაჯლუ, თექეულუ, ავშარი და ყაჯარი. 1532 წელს თამაზ I შეებრძოლა მათ და განამტკიცა ცენტრალური ხელისუფლება. სეფიანთა სახელმწიფოს შეუერთა შირვანი (1538) და შაქი (1551). 1555 წელს მიეხმარა დიდ მოგოლ ჰუმაიუნს ტახტის დაბრუნებაში, რისთვისაც მიიღო ყანდაარი.
თამაზ I-ს ხანგრძლივი ომი ჰქონდა ოსმალეთთან (1532-1555). ამის გამო მან 4-ჯერ (1541,1547,1551 და 1554 წ.წ) ილაშქრა ქართლის სამეფოში. ბოლო ლაშქრობის დროს, 1554 წელს 30 000 ტყვე წაიყვანა სეფიანთა ირანში. 1555 წელს ოსმალეთთან დადო ამასიის ზავი, რომლის მიხედვითაც სეფიანებმა და ოსმალებმა გაინაწილეს კავკასია, ხოლო ერაყი თურქების ხელში გადავიდა. ტერიტორიის შემცირების გამო თამაზმა დედა-ქალაქი იმპერიის დასავლეთ ნაწილში მდებარე თავრიზიდან ყაზვინში გადაიტანა. ამავე დროს თითქმის განუწყვეტლად ებრძოდა ხორასანში უზბეკ ხანებს. 1565 წელს მან გააუქმა გადასახადი თამღა. საინტერესოა თამაზ I-ისა და ოსმალეთის ელჩების საუბრის ჩანაწერი (შაჰ-თამაზ I-ის თეზქერე).
შაჰ-თამაზი 1576 წელს გარდაიცვალა ყაზვინში, რის შემდეგაც სეფიანთა ირანში დაიწყო დინასტიური ომი მის ვაჟებს შორის. შიდა დაპირისპირება 4 თვით გაიწელა და აგვისტოში დასრულდა. სეფიანთა მე-3 შაჰი გახდა თამაზის მესამე ვაჟი, ისმაილ II, რომელმაც ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ დახოცა 9 ძმა და ბიძაშვილები.
მთავარი ფოტო ბირთვისის ციხე