არადეთის ბრძოლა 1483 — შინაპოლიტიკური ბრძოლის ერთ-ერთი ეპიზოდი ფეოდალურ საქართველოში. აგვისტოში სამცხის ათაბაგი ყვარყვარე II ჯაყელი, რომელიც აღარ ემორჩილებოდა სამეფო ხელისუფლებას, არეშის (ახლა აზერბაიჯანშია) დარბევის შემდეგ ქართლის გზით ბრუნდებოდა სამცხეში.
სოფ. არადეთთან მას გზა გადაუღობა ქართლის ფეოდალთა ლაშქარმა და ქართლის მეფის კონსტანტინე II-ის მორჩილება მოსთხოვა. ბრძოლა კონსტანტინე II-ის მომხრეთა დამარცხებით დამთავრდა. ამ მარცხმა კიდევ უფრო დაასუსტა სამეფო ხელისუფლება, რითაც ისარგებლეს დასავლეთ საქართველოს ფეოდალურმა წრეებმა, გაამეფეს იქ ალექსანდრე II და იმერეთი დამოუკიდებელ სამეფოდ გამოაცხადეს. ამგვარად არადეთის ბრძოლამ ხელი შეუწყო საქართველოს პოლიტიკური დაშლის პროცესს.
ყვარყვარე II ჯაყელი (დ. 1416 – გ. 1498) — სამცხის ათაბაგი (1451-1498), ივანე II-ის ძე. იბრძოდა ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ. სცადა ჩამოეშორებინა მესხეთის ეკლესია საქართველოს საკათოლიკოსოსაგან, მაგრამ ვერ შეძლო. ყვარყვარე II დამოუკიდებლად ამყარებდა ურთიერთობას უცხო ქვეყნებთან.
XV საუკუნის 50-იან წლების ბოლოს სხვა ქართველ მეფე-მთავრებთან ერთად აქტიურად იღვწოდა თურქმანთა წინააღმდეგ კოალიციური ლაშქრობის მოსაწყობად. ამ ცდის ჩაშლის შემდეგ საქართველოში შინაფეოდალური ომები გაჩაღდა. 1465 წელს ყვარყვარე II თავს დაესხა მთავრის დასამორჩილებლად თავფარავანზე დაბანაკებულ საქართველოს მეფე გიორგი VIII-ს და დაატყვევა. ამ ბრძოლას მოჰყვა ბაგრატ VI-ის გამეფება ქართლ-იმერეთში და გიორგი VIII-ისა კახეთში. 1479 წელს ყვარყვარე II წარმატებით შეებრძოლა შემოჭრილ თურქმანებს, 1491 წელს კი საპასუხო შეტევაზე გადავიდა, ქ. არზრუმი აიღო და მოხარკედ გაიხადა. მეუღლესთან ერთად დაკრძალულია ვარძიის ანანაურის ეკლესიის ჩრდილოეთის კედლის ნიშაში მოწყობილ საძვალეში.
ალექსანდრე II (გ. 1510), იმერეთის მეფე (1484-1510). ბაგრატ VI-ის ძე. მამის გარდაცვალების (1478) შემდეგ მან ვერ შეძლო იმერეთში გამეფება ოპოზიციურად განწყობილი მთავრების (შარვაშიძე, დადიანი, გურიელი, გელოვანი) წინააღმდეგობის გამო. ამით ისარგებლა ქართლის მეფემ კონსტანტინე II-მ (1479-1505) და ხელთ იგდო იმერეთის ტახტი. 1484 წელს ალექსანდრე II-მ შეძლო მცირე ხნით დაუფლებოდა მამისეულ ტახტს, მაგრამ ქართლის მეფე ლიხთ-იმერეთს არ თმობდა. მხოლოდ 1488 წელს სძლია ალექსანდრე II-მ საბოლოოდ კონსტანტინეს და დადიან-გურიელიც შემოირიგა, შემდეგ კი თვითონ დაიწყო ბრძოლა ქართლის შემოსაერთებლად. 1509 წელს აიღო გორი და ჩრდილოეთ-დასავლეთ ქართლში გაბატონდა. მაგრამ ქართლ-იმერეთის გაერთიანების გეგმა განუხორციელებელი დარჩა. ოსმალთა შემოსევამ აიძულა იგი ქართლისათვის თავი მიენებებინა. თურქებთან დაპირისპირებიდან მალევე მეფე დასნეულდა და გარდაიცვალა. მის შემდეგ იმერეთის ტახტზე მისი 15 წლის ვაჟი, ბაგრატ III ავიდა.