ნასაკირალის ბრძოლა — ბრძოლა, რომელიც გაიმართა რუსეთის რევოლუციის დროს, 1905 წლის 2 ნოემბერს. ბრძოლაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ გურიის გლეხებისა და რევოლუციური კომიტეტის მიერ ორგანიზებული ე. წ. წითელი რაზმი და ოზურგეთის მაზრის ადმინისტრაციის კაზაკები და მილიცია. ბრძოლა გაიმართა ნასაკირალის უღელტეხილზე და აქედან მიიღო სახელწოდება. ბრძოლა წარმოადგენდა გურიაში რევოლუციის კულმინაციურ მომენტს და მასში გამარჯვების შემდეგ გამოცხადდა გურიის რესპუბლიკა.
სრულიად რუსეთის ოქტომბრის პოლიტიკურმა გაფიცვამ საქართველოს გლეხობის რევოლუციური მოძრაობის შემდგომი აღმავლობა გამოიწვია. 16 ოქტომბერს გლეხთა რაზმები თავს დაესხნენ ჩოხატაურის პოლიციის საგუშაგოსა და საფოსტო განყოფილებას, ხელთ იგდეს დიდძალი საბრძოლო იარაღი, დააპატიმრეს ბოქაული. ოზურგეთის მაზრის უფროსმა ლაზარენკომ 130-მდე კაზაკით დააწიოკა გლეხები და 20 ოქტომბერს უკან გაბრუნდა. გლეხებმა შეიმუშავეს კაზაკებთან ბრძოლის გეგმა. თავდასხმის ადგილად შეარჩიეს ნასაკირალის ფერდობი, რომელიც ჩოხატაურიდან ოზურგეთისკენ მიმავალ გზაზე მდებარეობს. გლეხები დაიყვნენ სამ 50-კაციან რაზმად, გათხარეს სანგრები, ააგეს ბარიკადები, მოაწყვეს დაზვერვა. 20 ოქტომბერს ნასაკირალთან გაჩაღებული ბრძოლა მთელი ღამე გაგრძელდა. დილით ლაზარენკომ უკან დაიხია, გადაკვეთა მდინარე ბახვისწყალი და ცხავათას მთას შეაფარა თავი. ოფიციალური ცნობით, გლეხებმა მოკლეს 10, დაჭრეს 14 კაზაკი და სტრაჟნიკი. მწყობრიდან გამოყვანილთა რაოდენობა გაცილებით მეტი იყო. როცა ოზურგეთის გარნიზონმა გაიგო ნასაკირალზე შეტაკების ამბავი, მთელი სამხედრო ძალებით ნასაკირალისკენ გაეშურა, შეუერთდა ლაზარენკოს რაზმს და შეერთებული ძალით ოზურგეთისაკენ დაბრუნდნენ. დაბრუნებულებმა გადაწვეს სოფელი დვაბზუ.
ბენიამინ ჩხიკვიშვილი
ბრძოლას ხელმძღვანელობდნენ ბენიამინ ჩხიკვიშვილი და ნესტორ ერქომაიშვილი. რაზმებს ხელმძღვანელობდნენ დათიკო შევარდნაძე, შერმადინ ცინცაძე და გრიგოლ რამიშვილი. ბრძოლაში ასევე მონაწილეობდნენ ნოე ზომლეთელი, მელქისედეკ გუნთაიშვილი, კიკია მამულაიშვილი, სეფე ცინცაძე, ილია მგელაძე, კირილე უჯმაჯურიძე, ფარნა ცქვიტინიძე, ერმილე ანდღულაძე, სევასტი სარიშვილი, ლეონტი მეგრელაძე, ალექსანდრე ერქომაიშვილი და სხვ. ბრძოლებში ასევე მონაწილეობდა გემ „პოტიომკინის“ ყოფილი მეზღვაური ფიოდოროვი.
ნასაკირალის ბრძოლის ამბავი ფართოდ გავრცელდა ამიერკავკასიისა და რუსეთში. საპროტესტო მიტინგები გაიმართა ბაქოში, თბილისში, ერევანსა და სხვა ქალაქებში. მუშათა მასები მიესალმებოდნენ გურიის გლეხთა რევოლუციურ ბრძოლას და მტკიცედ მოითხოვდნენ ოზურგეთის მაზრიდან დამსჯელი რაზმებისა და კაზაკების გაყვანას. ნასაკირალის ბრძოლამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელო დეკემბრის შეიარაღებული აჯანყების მომზადებას.
ნასაკირალის შეტაკების ადგილას 1960 წლის 12 ნოემბერს გაიხსნა ობელისკი, ხოლო 1965 წლის 2 ნოემბერს ცხავათის მთაზე გაიხსნა მემორიალური მუზეუმი.
ნესტორ ერქომაიშვილი
გურიის რესპუბლიკა, გურიის მხვნელ-მთესველთა რესპუბლიკა — სოციალ-დემოკრატიული თვითმმართველობა, რომელიც არსებობდა საქართველოში, გურიის ტერიტორიაზე. გამოცხადდა 1905 წლის ზაფხულის ბოლოს, ხოლო არსებობა შეწყვიტა 1906 წლის 10 იანვარს.
ოზურგეთის მაზრა იყო ერთ-ერთი ყველაზე სუსტად განვითარებული და ღარიბი ნაწილი ქუთაისის გუბერნიისა. მაზრაში საკმაოდ ძლიერი იყო ოპოზიციური განწყობები რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ, ასევე მაღალი იყო სოციალ-დემოკრატიული იდეების მხარდაჭერა[1].
სოციალური პრობლემები ხელს უწყობდა გლეხობაში სოციალ-დემოკრატიული იდეების გავრცელებას. XX საუკუნის დასაწყისში ოზურგეთის მაზრაში დაიწყო სოციალ-დემოკრატიული მოძრაობა. 1892 წელს აღინიშნა 1 მაისი. 1902 წლიდან ჩნდება სოციალ-დემოკრატიული წრეები, ეწყობოდა გლეხთა ფარული კრებები (მიქელგაბრიელში, ჯუმათში, ძიმითში). ფართოდ ვრცელდებოდა მარქსისტული ლიტერატურა, რის გამოც მეფის მთავრობამ 1902 წელს ყველა სამკითხველო დახურა. 1902 წლის ბათუმის დემონსტრაციის შემდეგ ოზურგეთის მაზრაში არსებული მოძრაობა კიდევ უფრო გააქტიურდა. 1903 წლის მაისში ბათუმში გაიმართა გურიაში მომუშავე სოციალ-დემოკრატთა კონფერენცია,რომელსაც ხელმძღვანელობდა ალექსანდრე წულუკიძე. უმიწო გლეხებმა 1903 წელს შეწყვიტეს გადასახადების გადახდა და უარი თქვეს მემამულეებთან მუშაობაზე. გურიის გლეხთა კომიტეტმა რსდმპ-ს ბათუმისა და კავკასიის კომიტეტებთან ერთად დაიწყო სახელმწიფო სამსახურების ბოიკოტი. ზაფხულისთვის მხარის სახელმწიფო ადმინისტრაციის მუშაობა, ფაქტობრივად, ჩავარდნილი იყო. სანაცვლოდ გურიის გლეხთა კომიტეტის მიერ ორგანიზებული იყო გლეხთა რევოლუციური კომიტეტები. 1904 წლის 1 მაისს რამდენიმე სოფელში მოეწყო შეიარაღებული დემონსტრაცია. 1904 წლის 23 მაისს გაიმართა გურულ სოციალ-დემოკრატთა მეორე კონფერენცია. სოციალ-დემოკრატიული ლიტერატურის გავრცელების მიზნით ასკანა-მთისპირში მოეწყო არალეგალური სტამბა, რომელმაც 1907 წლის 17 ივნისამდე იმუშავა. სტამბას სევასტი თალაკვაძე ხელმძღვანელობდა. რევოლუციურ მოძრაობას ხელს უწყობდა ქუთაისის გუბერნატორ სტარკოსელსკის შემწყნარებლური დამოკიდებულება რევოლუციონერების მიმართ.
გურული სოციალ-დემოკრატები განსაკუთრებით გააქტიურდნენ რუსეთის 1905 წლის რევოლუციის დროს. 1905 წლის დასაწყისში ყველა სოფელში შეიქმნა გლეხთა ასეულები. გავრცელდა 70 ათასი პროკლამაცია „გურიის გლეხობას“. მაზრაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა გაზეთი „ვპერიოდი", რომლის რედაქტორი იყო ლენინი. 1905 წლის 23 მარტის ნომერში ეწერა, რომ ოზურგეთის მაზრა მზადაა რევოლუციისთვის და მას შეუძლია 15 000 შეიარაღებული პირის გამოყვანა. გურიაში აირჩიეს საკუთარი მოსამართლეები და ჩამოაყალიბეს სასოფლო თემები. 1905 წლის თებერვლისთვის გურია მთლიანად რევოლუციონერთა კონტროლქვეშ იყო. სამ თებერვალს ოზურგეთში უნდა შესდგომოდა საქმეების განხილვას ქუთაისის ოლქის სასამართლოს სესია. მაგრამ მაზრის ადმინისტრაციამ აცნობა სასამართლოს, რომ ქალაქში შესვლა საშიში იყო. მაზრის პოლიციამ სამსახურს თავი დაანება რევოლუციონერების შიშით. სამსახურიდან წავიდა სუფსის ბოქაული ქავთარაძე. 3 თებერვალს თავს დაესხნენ სხვა ბოქაულის სახლს და 35 ტყვია ესროლეს. ქალაქ ოზურგეთში ორი დარაჯი მოკლეს დ ბერდანას თოფები წაიღეს. მთავრობამ გადაწყვიტა გლეხებთან მოლაპარაკებაზე წასულიყო.[2]
გურიაში 11 თებერვალს გაიგზავნა სადამსჯელო ჯარი 10 000 ჯარისკაცის შემადგენლობით გენერალ ალიხანოვ-ავარსკის მეთაურობით. 16 თებერვალს თბილისში მთავარმართებლის მოვალეობის შემსრულებელ გენ. მალამას ქართული საზოგადოების დეპუტაციამ (თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის მარშალი დავით მელიქიშვილი, ქუთაისის გუბერნიის მარშლის მოვალეობის შემსრულებელი დავით ნიჟარაძე, ბათუმის ქალაქის მოურავი ივანე ანდრონიკაშვილი, ქუთაისის ქალაქის მოურავის მოადგილე გრიგოლ გველესიანი, ჟურნალისტები ალექსანდრე ჯაბადარი და კ. ჯაფარიძე და სხვ.) გურიაში ჯარის შეჩერება მოსთხოვა.[3] შეხვედრის შემდეგ ჯარი სადგურ ნატანებში შეჩერდა, გლეხობასთან მოსალაპარაკებლად კი 1905 წლის 18 თებერვალში გურიაში ჩავიდა მთავარმმართებლობის საბჭოს წევრი, სულთან კრიმ-გირეი. კრიმ-გირეი შეხვდა იმ დროს არსებული 25 სასოფლო საზოგადოებიდან 12-ს. კრიმ-გირეის გლეხობამ საკუთარი მოთხოვნები გადასცა. ასეთი იყო შემოქმედის გლეხთა დადგენილება და „ბახვის მანიფესტი“. გლეხობა მათთვის სოციალური და პოლიტიკური უფლებების მინიჭებას ითხოვდა.
მეფის ხელისუფლებამ მარტში ოზურგეთის მაზრა (გურია) ქუთაისის გუბერნიისგან გამოყო, კინტრიშის ოლქი (ქობულეთის მუნიციპალიტეტი) კი ჩამოაცილა ბათუმის ოლქს და ამ ტერიტორიებზე გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა. ალიხანოვის დამსჯელი კორპუსი, რომლის შემადგენლობაში თურქეთის ერთ-ერთი სასაზღვო ქალაქის გარნიზონი, ქვეითთა ერთი პოლკი, ქვეით კაზაკთა ერთი ბატალიონი, ცხენოსანი კაზაკების ერთი პოლკი და არტილერიის ორი ბატარეა შედიოდა. მას „რიონის კორპუსი“ შეარქვეს. კორპუსი 12-13 მარტს შევიდა ოზურგეთში. მარტიდან აგვისტომდე კორპუსი პოლიციურ ფუნქციებს ასრულებდა, გახშირდა დაპატიმრებები, თუმცა გურიაში მაინც სიმშვიდე იყო. აგვისტოში კორპუსი უკან გაიწვიეს.
1905 წლის ივლისში ფარცხმელმა ესე ცინცაძემ გურიაში საჯავახოდან ერმილე დოლიძის ეტლით იოსებ სტალინი ჩამოიყვანა, რომელიც მონაწილეობას იღებდა კრებებსა და დისკუსიებში. მიტინგებზე მიმდინარეობდა პაექრობა და კამათი მენშევიკებსა და ბოლშევიკებს შორის. ასეთი მიტინგები გაიმართა შუაფრაცხმაში, სადაც 3000 ადამიანი შეიკრიბა, იანეულში, სადაც 1000 ადამიანი შეიკრიბა, ამ კრებას ნიკო მარი ესწრებოდა, რომელიც რევოლუციონერთა ორგანიზებულობით მოხიბლული იყო, ხიდისთავში, სადაც ასეთი გამოსვლის აღსანიშნავად მოგვიანებით აღმართეს ობელისკი. 1905 წლის 5 აგვისტოს შედგა დიდი კრება ვაკიჯვარში, რომელსაც 6 ათასი კაცი დაესწრო. აგრეთვე დიდი მიტინგი გაიმართა ჩოხატაურში, რომელზეც 7-8 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. 15 აგვისტოს გაიმართა მიტინგები დვაბზუსა და ბახვში. გურიის გლეხობის მოძრაობას მაღალი შეფასება მისცა ლენინმა მას შემდეგ რაც რსდმპ-ს მესამე ყრილობაზე მიხა ცხაკაიამ წარადგინა გურიის ამბები. 1905 წლის 29 აგვისტოს არქივის შენობიდან მოიპარეს „ბერდენის“ სისტემის რვა თოფი.[4]
მეფის მთავრობის ჯარი იძულებული გახდა, დაეტოვებინა გურიის ტერიტორია ივლისში. რსდმპ-ს გურიის კომიტეტმა ჩამოაყალიბა სამხედრო-რევოლუციური კომიტეტი აჯანყების ხელმძღვანელობის მიზნით. 1905 წლის ოქტომბერში რევოლუციონერები თავს დაესხნენ ბათუმიდან მიმავალ მატარებელს სუფსისა და ჯუმათის სადგურებს შორის და გაიტაცეს 30 რევოლვერი. 12 ოქტომბერს მათ სადგურ ნატანებსა და სუფსას შორის აყარეს ლიანდაგი და მოაწყვეს შეიარაღებული თავდასხმა, რომლის შედეგად მოიპოვეს 8 შაშხანა. გლეხობას იარაღით უზრუნველყოფის საკითხში ეხმარებოდა ნესტორ კალანდარიშვილი. იმავე წლის 21 ოქტომბერს რიონის რკინიგზიდან გადავარდა სამხედრო მატარებელი, რომლითაც გურიაში დამსჯელი რაზმი იგზავნებოდა. ლიანდაგი წინასწარ იყო გაფუჭებული, რათა ხელი შეეშალათ მატარებლის მოძარაობისთვის.[5]
აჯანყებულებმა 1905 წლის ოქტომბერში მოიგეს ნასაკირალის ბრძოლა. ბრძოლას ბენიამინ ჩხიკვიშვილი და ნესტორ ერქომაიშვილი ხელმძღვანელობდნენ. ნოემბერში აჯანყებულებმა დაიკავეს ფოსტა, ტელეფონი, ტელეგრაფი, რკინიგზა, აიღეს მაზრის ცენტრი ოზურგეთი და გამოაცხადეს გურიის რესპუბლიკის შექმნა. პრეზიდენტად ბენია ჩხიკვიშვილი გამოცხადდა.
გურიის დასასჯელად ხერსონიდან გამოიძახეს პოლკოვნიკი კრილოვი. 1906 წლის 10 იანვარს პოლკოვნიკ კრილოვის ექსპედიცია ჩავიდა სადგურ ნატანებში, საიდანაც ქალაქ ოზურგეთისკენ გაემართა. გურიის კომიტეტმა კრილოვთან დეპუტაცია გაგზავნა, რომელმაც ითხოვა ეპატიება გურულებისთვის. კრილოვი მათ პატიებას დაპირდა და დეპუტაციას აღუთქვა, რომ მშვიდობიანი გზებით იმოქმედებდა. 11 იანვარს კრილოვი ოზურგეთში შევიდა და დაპირების მიუხედავად ქალაქი გადაწვა: ცეცხლი წაუკიდა მაღაზიებსა და აჯანყებაში შემჩნეულების საცხოვრებელ სახლებს. ექსპედიციამ აჯანყება უმოწყალოდ ჩაახშო. აჯანყების ჩახშობის შემდეგ კრილოვი ხვდებოდა თემების უხუცეს წარმომადგენლებს და მათ თხოვდა იარაღის ჩაბარებას, რევოლუციონერთა გაცემას, ახალწვეულთა მიერ ვალდებულების შესრულებასა და გადასახადების აკრეფას. კრილოვის სისასტიკემ უნაყოფოდ ჩაიარა. მან ვერ დაიმორჩილა გურია. იგი იძულებული გახდა, მიეტოვებინა თავისი პოლკი, გურია და გაბრუნებულიყო კიევში.
გურიის რესპუბლიკის გამო აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, რომლის გამოძიება მინდობილი ჰქონდა განსაკუთრებულ და მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელ ს. სიონკევიჩს. რესპუბლიკის მოთავეებს ბრალი ედებოდათ 102-ე სტატიით: სპეციალური ორგანიზაციის შექმნა თვითმპყრობელობის დასამხობად შეიარაღებული საშუალებით. ბრალდებულები წინასწარი პატიმრობის სახით სამ წელიწადს ისხდნენ ციხეში. სასამართლომ დაადგინა, შეწყვეტილიყო საქმისწარმოება და გადადებულიყო ახალ განკარგულებამდე. სასამართლო პალატის წევრებს ეშინოდათ, რომ პროცესის შემდეგ რევოლუციონერები მათ ტერორით უპასუხებდნენ. ამის გამო პალატამ შუამდგომლობა აღძრა იუსტიციის სამინისტროს წინაშე, რომ საქმე რუსეთის რომელიმე ქალაქში გადაეტანათ. მთავრობამ დააკმაყოფილა მათი შუამდგომლობა და პროცესი ოდესაში გადაიტანა, სადაც ქალაქის ხელმძღვანელად იმყოფებოდა გურული ფირალების და ტერორისტების რისხვა გენერალი ტოლმაჩოვი. ოდესაში გაასამართლეს აჯანყების ხელმძღვანელები: ბენია ჩხიკვიშვილი, ნესტორ ერქომაიშვილი, გიორგი მამულაიშვილი, ანტონმ ლომჯარია, მოსე ტუღუში, სიმონ ტოტოჩავა, სერგო სურგულაძე, პარმენ თოთიბაძე, სიმონ ღლონტი, კარლო ლომაძე და სხვები. ბენია ჩხიკვიშვილს ოთხი წელი კატორღა მიესაჯა.
გურიის რესპუბლიკამ დიდი ზეგავლენა იქონია რევოლუციურ მოძრაობაზე არა მარტო საქართველოში, ზოგადად მთელს იმპერიაში. სიტყვები ,,გურია” და ,,გურული მუშები და გლეხები” მთელი რევოლუციური რუსეთისთვის დიდი ხნის განმავლობაში ბრწყინვალე სახალხო ბრძოლის სიმბოლოდ რჩებოდა.