სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11192

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კულტ. მემკვიდრეობა ,ომების ისტორიები, სხვადასხვა
სიახლეები
საეკლესიო ახალი წელი 14(ძვ.სტ 1) სექტემბერია
ბმულის კოპირება

სიახლეები

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

1       ბეჭდვა

საეკლესიო ახალი წელი 14(ძვ.სტ 1) სექტემბერია

მართლმადიდებელი ეკლესია 14 სექტემბერს ინდიქტიონის, ანუ ეკლესიური ახალი წლის დაწყებას აღნიშნავს.  წმიდა ეკლესია “ყოვლისა  დაბადებულისა შემოქმედს” შესთხოვს, “აკურთხოს გვირგვინი წელიწადისა”.

ეკლესიაში ახალი სტილით 14 სექტემბრიდან წელიწადის ათვლა უძველესი დროიდან მოდის. არსებული ინფორმაციით, ამ თარიღის დაწესება პირველი მსოფლიო კრების გადაწყვეტილებას უკავშირდება და მისი აღნიშვნა რამდენიმე მოვლენამ განაპირობა.

ტერმინი “ახალი წელი” რომს უკავშირდება. საღვთისმსახურო წიგნი “ჟამნი” მოგვითხრობს, თუ რატომ განაწესა ინდიქტიონი ანუ ახალი წელი რომის კეისრისმა. გადმოცემის თანახმად, როდესაც რომმა მთელი ქვეყანა დაიპყრო, სექტემბრის თვის პირველი დღე ინდიქტიონის დასაწყისად დაადგინა და თხუთმეტი წლით განსაზღვრა, მერე კი ეს დრო სამ ნაწილად გაყო. თითოეული ხუთწლეულის პირველ სექტემბერს დაპყრობილ ქვეყნებსა და ხალხებს ხარკი უნდა ეძლიათ. სექტემბრის პირველ დღეს ხარკის გადახდით ხალხი მომდევნო ხუთი წლის თავისუფლებას ზეიმობდა. ამგვარად, ინდიქტიონი სადღესასწაულო დღედ იქცა.

ასეთი წელთაღრიცხვა იესო ქრისტეს დროსაც იყო ცნობილი. ქრისტიანულმა ეკლესიამ, რადგან რომაული კალენდარი შეითვისა, ახალ წლად, ანუ ინდიქტიონად პირველი სექტემბერი მიიღო. ამასთანავე, წმიდა სახარების მიხედვით, ამ დღეს ნაზარეთში მყოფი მაცხოვარი სინაგოგაში შევიდა და ესაია წინასწარმეტყველის სიტყვები წაიკითხა: “სული უფლისაჲ ჩემ ზედა, რომლისათჳს მცხო მე… ქადაგებად წელიწადი უფლისა შეწყნარებული”. ასევე, 312 წლის 14 სექტემბერს კი კონსტანტინე დიდის მიერ მაქსენციუსის დამარცხების შემდეგ ქრისტიანებს სარწმუნოების აღსარების სრული თავისუფლება მიენიჭათ. ამ მოვლენათა აღსანიშნავად უძველესი დროიდან ბერძნულ ეკლესიაში წელიწადის ათვლა 1 სექტემბრიდან იწყება.

საეკლესიო ახალი წელი დღესაც ძველი სტილით 1 სექტემბერს, ახალი სტილით კი 14 სექტემბერს აღინიშნება.

თეონა ნოზაძე

მართლმადიდებლური ტაძარი გარკვეულ სივრცეს მოიცავს; სივრცეს, სადაც სულიერი სამყარო მეფობს. აქ ყოველ შტრიხს, ყოველ დეტალს, გეომეტრიულ ფორმასაც კი სულიერი დატვირთვა და მისტიკური შინაარსი აქვს. ემსახურება რა ცოდვით დაცემულ ადამიანთა ხსნას, ტაძარი იმ წმიდა ჰარმონიულ მდგომარეობას განსაზღვრავს, რომელშიც ცა და ქვეყანა იმყოფებოდა ცოდვით დაცემამდე.

მართლმადიდებლური ღვთისმსახურებისას, კაცთა ცხონებისათვის განკაცებული ღმერთის, ღვთის ძის მეშვეობით, მორწმუნეთა ცნობიერად ზეცად აღსვლა ხორციელდება. სატაძრო მსახურებაში ჩართული ქრისტიანი, ზეციური ცხოვრების თანაზიარი ხდება. ადამიანის სულის ღვთისმსახურებაში მონაწილეობა აქამდე შეუცნობელი, ახალი ცხოვრების საწინდარია და რამდენადაც ყურადღებით აღიქვამს ყოველივეს, რაც ღვთისმსახურებას უკავშირდება, მით უფრო ეზიარება მიღმიურ სამყაროს.

სადღეღამისო, კვირის შვიდეულის დღეთა და წლიური ციკლების დროის საზრისში „განფენილი“ ღვთისმსახურება, ერთგვარ გზას სახავს ადამიანის სულის ღმერთთან მიახლებისა. არღვევს რა ფიზიკური დროისა და სივრცის საზღვრებს, მართლმადიდებლური ღვთისმსახურება (ლიტურგიკულ, ევქარისტიულ დროსა და სივრცეში) ადამიანებს ზეცის, ცათა სასუფევლის მცხოვრებლებთან აერთიანებს, მაგრამ ამ გზას, ამ ერთიანობას გაცნობიერება სჭირდება, და რადგან საკითხი საეკლესიო ახალ წელს ეხება, საღვთისმსახურო ციკლებიდან მოკლედ მხოლოდ - წლიურ ციკლს შევეხებით.

წლიურ საღვთისმსახურო ციკლს რთული შინაგანი აგებულება აქვს და მასში მართლმადიდებლური ღვთისმსახურების მრავალსაუკუნოვანმა ისტორიამ ჰპოვა ასახვა. წმიდანთა ხსენება, მარხვები და დღესასწაულები, მაცხოვრისა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის უდიდესი ათთორმეტი დღესასწაული ურთიერთმონაცვლეობენ, რითაც საეკლესიო ცხოვრების საოცარი დინამიკა ცხადდება.

წლიურ ციკლში, ჩვენს სულიერ მზერას ღვთაებრივი სიყვარულისა და ადამიანთა ხსნის საღმრთო აღმშენებლობის გზის საიდუმლო წარმოუჩნდება. ამ გზის ძირითადი ეტაპები კი უპირველესად საუფლო და ღვთისმშობლის დღესასწაულთა მსახურებებშია ასახული.

ადამიანთათვის, რომელთაც მტკიცედ გადაწყვიტეს, შეუდგნენ იესო ქრისტეს მაცხოვნებელ გზას, ყოველი დღესასწაული აღიქმება, როგორც ღვთის მადლის განმაახლებელი მოქმედება, სულიერი ცხოვრების ახალი განცდა, მათი იდუმალი შეერთება ღმერთთან - განღმრთობა. და აი, ადამიანი იძენს უნარს, თავის თავში აღიქვას ის, რაც ობიექტურად განცხადდება ღვთისმსახურებისას.

წლიურ ციკლს, როგორც ერთგვარ საშუალებას ზეაღსვლისა დაბალი სულიერი საფეხურებიდან მაღლისაკენ, ღვთაებრივისაკენ, დღესასწაულთა წლიურ-ციკლური მონაცვლეობა ახასიათებს და რადგან წრე მარადიულობის სიმბოლოა, ღვთისმსახურებისას კი დროში მარადისობა განცხადდება, აქ, დედამიწაზე, მას „დასაწყისი“ აქვს - ძვ. სტილით პირველი სექტემბერი, საეკლესიო ახალი წელი!

ამდენად, საეკლესიო ახალი წელი ძვ. სტილით პირველ სექტემბერს იწყება, რაც პირობითად სამ პერიოდს მოიცავს: პირველი - ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობიდან (უფრო ზუსტად, საეკლესიო ახალი წლიდან - ძვ. სტილით პირველი სექტემბრიდან) მაცხოვრის შობამდე, რომელიც ძველი აღთქმის პერიოდს, ანუ დასაბამიდან ძე ღვთისას განკაცებამდე დროის მონაკვეთს შეესაბამება; მეორე - მაცხოვრის შობიდან ამაღლების დღესასწაულის (აღდგომიდან მე-40 დღე) წარგზავნამდე, რომელიც მაცხოვრის ამქვეყნიურ ცხოვრებას ეთანადება და მესამე პერიოდი - სულთმოფენობიდან (აღდგომიდან 50-ე დღე) ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულის წარგზავნამდე, ანუ მიწიერი, მებრძოლი ეკლესიის დაარსებოდან ვიდრე მეორედ მოსვლამდე.

როგორც ვხედავთ, საეკლესიო წელიწადი, რომელიც (ძვ. სტილით) პირველ სექტემბერს იწყება და 31 აგვისტოს მსახურებით მთავრდება, ქვეყნიერების შექმნიდან მეორედ მოსვლამდე დროის ინტერვალს ეთანადება. მეტი სიცხადისათვის დავსძენთ, რომ საჭიროა განვასხვაოთ ერთმანეთისაგან „საპასექო წელიწადი“ (დროის ინტერვალი აღდგომიდან მომდევნო აღდგომამდე) და მისი პერიოდები, „საეკლესიო წელიწადისაგან“. ამასთან, ისინი ავსებენ რა ერთმანეთს, ერთ მთლიანობაში წარმოაჩენენ საღმრთო ისტორიას და ადამიანთა ხსნის საღმრთო განგებულებას (ლიტურგიკულ, ევქარისტიულ დროსა და სივრცეში). აღნიშნული საკითხი ცაკლე განხილვის თემა გახლავთ, რის გამოც მას აქ აღარ შევეხებით.

ზოგიერთი ცნობით, პირველი სექტემბრით საეკლესიო ახალი წლის დაწყება I მსოფლიო კრების (ნიკეა, 325 წ.) წმიდა მამათა გადაწყვეტილებას მიეწერება (იხ. Наст. кн. Священнослужителя - т. I, გვ.485).

საეკლესიო ახალ წლად აღნიშნული თარიღის დადგინების მიზეზად იმასაც მოიაზრებენ, რომ ძვ. სტილით 1 სექტემბერს, შაბათ დღეს, ნაზარეთში მყოფი მაცხოვარი სინაგოგაში შევიდა და წაიკითხა ესაია წინასწარმეტყველის სიტყვები: „სული უფლისაი ჩემ ზედა, რომლისათვის მცხო მე... ქადაგებად წელიწადი უფლისა შეწყნარებული“ (ლკ. IV, 18-19). ამ საკითხს სავსებით ეხმიანება (ძვ. სტილით) პირველი სექტემბრის საეკლესიო მსახურების ინდიქტიონის მე-2 დასდებელი: - „...ოდესმე შენვე ნაზარეთს შინა, საწინასწარმეტყველო წიგნი ხორცშესხმულმან, ქრისტე ღმერთო, მიიღე რა აღმოკითხვად, განაღე და ასწავე ერსა, შენ ზედა აღსრულებად წერილი იგი“.

აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ 312 წლის 1 სექტემბერს კონსტანტინე დიდმა გამანადგურებელი დამარხება აგემა მაქსენტის, რის შემდეგაც ქრისტიანებს სარწმუნოების აღსარების სრული თავისუფლება მიეცათ. შესაძლოა, ამის გამოა, რომ ბერძნულ ეკლესიაში საეკლესიო წელიწადის ათვლა (ძვ. სტილით)  სექტემბერს იწყება და იკურთხება კიდეც  „გვირგვინი წელიწადისა“ (იხ. С.В.Булгаков. Наст. кн. Священно-церковно-служителя - т. I, გვ.337).

და მაინც, ამომწურავი პასუხი უნდა გაეცეს უმთავრეს კითხვას, თუ რატომაა დედაეკლესიაში დადგენილი, საეკლესიო ახალი წლის (ძვ. სტილით) პირველ სექტემერს დაწყება.

მეტი სიცხადისათვის მე-14 საუკუნეში მოღვაწე წმ. გრიგოლ პალამას სწავლებას მოვუხმობთ, რომლის მიხედვითაც - „შემოდგომა და მისი პირველი თვე - სექტემბერი, რომელიც არის კიდეც წლის დასაწყისი, იმავდროულად არის დასაწყისი ჩვენი ცხონებისა, საღმრთო აღმშენებლობის გზისა...“ (Беседы (Гомилии) сваятителя Григория Паламы - ч. III, გვ.14).

ამდენად, ცხადი ხდება, თუ რატომ დაადგინა დედაეკლესიამ, საეკლესიო ახალი წლის (ძვ. სტილით) პირველ სექტემბერს აღნიშვნა.

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობა გახლავთ წინკარი, კარიბჭე, იესო ქრისტეს ხორციელი მოსვლისა. იგი მოასწავებდა ცოდვისა და სიკვდილისაგან დახსნის ჟამის მოახლოებას, რის შესახებაც სწავლება უაღრესად ნათლადაა წარმოჩენილი საეკლესიო ჰიმნოგრაფიაში. ასე მაგალითად, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულის ამსახველ მსახურებაში ვკითხულობთ:

- „შობამან შენმან, ღვთისმშობელო ქალწულო, სიხარული აუწყა ყოველსა სოფელსა, რამეთუ შენგან აღმოგვიბრწყინდა მზე სიმართლისა ქრისტე ღმერთი ჩვენი, დაჰხსნა წყევა და მოგუმადლა კურთხევა, და განაქარუა სიკუდილი და მოგუანიჭა ჩვენ ცხოვრება საუკუნო“ (ტროპარი, ხმა 4);

- „დღეს ანნასაგან ... ღვისმშობელი აღმოცენდა, ცხოვრებად კაცთა, რომლისა მიერ ყოველთა ცხოვრების მომცემელი, იშვების ზესთა გონებისა...“ (მც. მწუხრი. უფ. ღაღადჰყავსა ზედა მე-2 დასდებელი);

- „... ესერა სასძლო მეუფისა, და წიგნი სიტყვისა ცხოვრებისა, მუცლისაგან უნაყოფოსა გამობრწყინდა, და ბჭე აღმოსავალით იშუების დღეს, მომლოდებელი შემავალსა მღუდელსა რომელსა შევიდა განუღებელად...“ (დიდი მწუხრი, უფ. ღაღადჰყავსა ზედა მე-2 დასდებელი);

- „დღეს ბერწისა ბჭენი განიხმიან და ქალწულებისა საღმრთო ბჭე იშუების, დღეს იწყო დიდებულად აღყვავებად მადლმან, და ღვთისმშობელსა სოფელსა აღმოუბრწყინვებს, რომლისაგან ქვეყანისანი ზეცისათა შეაერთნეს საკვირველად...“ (დიდი მწუხრი, უფ. ღაღადჰყავსა ზედა მე-4 დასდებელი);

- „დღეს უნაყოფო ანნა ჰშობს მშობელსა ღვთისასა, ... რომლისა მიერ ხორცნი შეისხა მაცხოვარმან, აღსრულებად საღმრთოსა განგებისასა...“ (დიდი მწუხრი, უფ. ღაღადჰყავსა ზედა ბოლო დასდებელი);

- „დასაბამი ცხოვრებისა ჩვენისა დღეს იქმნა კრებულნო მორწმუნეთანო...“ (დიდი მწუხრი, ლიტანიასა ზედა პირველი დასდებელი);

- „გვაუწყე ჩუენ დავით, რასათვის გეფუცა შენ ღმერთი, ხოლო იგი ღაღადებს, რასა-თვის იგი მეფუცა აღმისრულა, რამეთუ აჰა ესერა მუცლისა ჩემისაგან მომცა ქალწული, რომლისაგან ახალი ადამ ქრისტე დამბადებელი იშვების ხორციელად...“ (დიდი ცისკარი, წარდგომა შემდგომად პირველი ფსალმუნებისა);

- „დღეს ხიდი ცხოვრებისა იშუების, რომლისა მიერ კაცთა ჰპოვეს აღმოწოდებაი ჯოჯოხეთით...“ (საცისკრო კანონთა პირველი გალობის, პირველი კანონის ბოლო ტროპარი);

და მრავალი სხვა...

რაც შეეხება საკითხს, ჩვენში ამ თარიღის შემოღებისა, დიდი ქართველი მეცნიერის, კორნელი კეკელიძის მოკვლევით: - „ქრისტიანობის შემოღების შემდეგ ჩვენში დარჩა ძველებური აგვისტოს წელიწადი, რომელმაც გამოყენება ჰპოვა ლიტერატურულ, კერძოდ, ჰაგიოგრაფიულ ძეგლებში. მაგრამ, ამასთან ერთად, ქრისტიანობამ ჩვენში გზა გაუკაფა მეორე სისტემის წელიწადს - სექტემბრისას ანუ ინდიქტურს, რომელიც წელიწადს პირველი სექტემბრიდან ითვლიდა. ამ წელიწადის არსებობა რომისა და საბერძნეთის სამყაროში მეოთხე საუკუნეში დამოწმებულია ამბროსი მედიოლანელისა და ათანასე ალექსანდრიელის თხზულებებით, აგრეთვე მეხუთე საუკუნის ერთი კოპტური ქადაგებით. ამის შემდეგ ზოგი ანგარიშობდა ჩვენში ძველებურად, აგვისტოს წელიწადის გამოყენებით, ზოგი კიდევ ახლებურად, სექტემბრის ანუ ინდიქტური წლის მიხედვით“ (იხ. თსუ-ს 1941 წლის „შრომები“, სტატია - „ძველი ქართული წელიწადი“).

საეკლესიო ახალი წლის მნიშვნელობიდან გამომდინარე, გვინდა აღვნიშნოთ ის გარემოება, რომ დღეის მდგომარეობით, არათუ საერთოდ საქართველოში მცხოვრებთათვის, არამედ ეკლესიის მრევლის უმრავლესობისათვისაც კი, სამწუხაროდ, ეს დღე არაფრის მთქმელია. ამას ის გარემოებაც უწყობს ხელს, რომ ხშირად მორწმუნენი და უპირატესად ახალბედები, ნაკლებ ყურადღებას უთმობენ დღესასწაულთა მნიშვნელობას, მათ არსში წვდომას.

ბოლშევიკური დიქტატის პერიოში იდევნებოდა რა ყოველივე ეკლესიური, ფართო პროპაგანდა ეწეოდა სამოქალაქო ახალი წლის, პირველი იანვრის განსაკუთრებული ზეიმით აღნიშვნას. ასე განვსაჯოთ, საბჭოურ პერიოდში სამოქალაქო ახალ წელზე უფრო საზეიმოდ არც ერთი „დღესასწაული“ არ აღინიშნებოდა, რისი გავლენაც დღესაც ძალუმად იგრძნობა.

მათთვის, ვინც შეგნებულად არად მიიჩნევს არათუ საეკლესიო ახალი წლის მნიშვნელობას, არამედ საეკლესიო ცხოვრებასაც კი, მაცხოვრის სიტყვებს გავიხსენებთ: „...სადაცა არს საუნჯე თქვენი, მუნცა იყოს გული თქვენი“ (მთ. VI,21), ხოლო მათ განსამტკიცებლად, ვისაც ჯერ კიდევ ორჭოფობა სძლევს საერო და საეკლესიო ახალ წლებს შორის სწორი არჩევნის გაკეთებისას, წმინდა პავლე მოციქულის სიტყვებს მოვუხმობთ: „ძმანო, განძლიერდით უფლისა მიერ და სიმტკიცითა ძლიერებისა მისისათა. შეიმოსეთ ყოვლად საჭურველი იგი ღვთისა, რათა შეუძლოთ თქუენ წინა-დადგომად მანქანებათა მათ ეშმაკისათა..., მტკიცედ უკუე ჰსდეგით, მოირტყენით წელნი თქუენნი ჭეშმარიტებითა, და შეიმოსეთ ჯაჭვი იგი სიმართლისა..., ყოველსა შინა აღიღეთ ფარი იგი სარწმუნოებისა, რომლითა შეუძლოთ ყოველთა მათ ისართა  ბოროტისათა განხურვებულთა დაშრეტად. და ჩაფხუტი იგი ცხოვრებისა დაიდგით და მახვილი იგი სულისა, რომელ არს სიტყუა ღვთისა“ (ეფ. VI, 10-17).

დაბოლოს, ყველა ქრისტიანს მდაბლად ვულოცავთ საეკლესიო ახალ წელს და სამეუფო გზით სვლას ვუსურვებთ, ცათა სასუფევლისაკენ სავალ ციცაბო და ვიწრო გზაზე. ამინ!

სოლოლაკში მდებარი ამაღლების ტაძრის წინამძღვარი,
თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ლიტურგიკის პედაგოგი,
მღვდელი ბიძინა გუნია
„საპატრიარქოს უწყებანი“, №30, 2005 წ.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 08.09.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





ბათუმის ხელშეკრულება 04 ივნისი 1918 წელი

2 0

ფონდი ქართუს მიერ რესტავრირებული ისტორიული ძეგლები

2 0

12000 მეტი სასულიერო პირი, მოიძიე გვარით, ითანამშრომლეთ ავტ. დავით ფეიქრიშვილი

1 0

დალაგებულია ანბანის მიხედვით, 

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები ითანამშრომლა ია კუხალაშვილი

2 0

ახმეტის რაიონში გარდაცვლილი მებრძოლები 1990 წლიდან, წიგნი ახმეტელი გმირები.

2 0

ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 0