IV ლიპარიტის ძეს შორის მიმდინარე ხანგრძლივი შინაკლასობრივი ბრძოლის ერთი ეპიზოდი. 1040 წელს,
შეგვახსენა ბატონმა ლევან ვეშაპიძემ
თბილისის ამირასთან ბაგრატ IV-ის დაზავების შემდეგ კლდეკარის ერისთავი საბოლოოდ გაუორგულდა მეფეს. ლიპარიტმა დახმარებისათვის მიმართა ბიზანტიას. კეისარმა ერისთავს დამხმარე ლაშქარი, დიდძალი ფული და ტახტის მაძიებელი დემეტრე გიორგის ძე გამოუგზავნა. საქმე შეთანხმებით დამთავრდა. ბაგრატ IV ლიპარიტს ქართლის ერისთავობა უწყალობა. ბერძენთა ჯარი და დემეტრე ბიზანტიაში დაბრუნდნენ, მაგრამ ეს მორიგება დროებითი აღმოჩნდა; ლიპარიტი ბიზანტიის აგენტად დარჩა და განაგრძობდა ბრძოლას მეფის წინააღმდეგ. ლიპარიტს კახელები მიემხრნენ, მან ბიზანტიიდან კვლავ ჩამოიყვანა დემეტრე გიორგის ძე, ბოლოს მაწყვერელიც მის მხარეს გადავიდა.
მეფე და ერისთავი ქართლში, სასირეთის ჭალაში (ახლანდელი კასპის მუნიციპალიტეტი) შეებრძოლენ ერთმანეთს. ბაგრატ IV-მ ვერ გაუძლო ლიპარიტის მრავალრიცხოვანი ჯარის შემოტევას და დამარცხდა. ლიპარიტმა არტანუჯის ციხე დაიპყრო; ბაგრატ IV იძულებული გახდა დასავლეთ საქართველოში გადასულიყო და მხოლოდ თურქ-სელჩუკების მიერ 1048 წელს ლიპარიტის დატყვევების შემდეგ შეძლო ხელისუფლების განმტკიცება. სასირეთის ბრძოლა მეფესა და დიდებულებს შორის არსებული შინაკლასობრივი ბრძოლების მნიშვნელოვანი ეპიზოდია.
მეტად საგულისხმოა „მატიანე ქართლისა“-ის ცნობა ამ ბრძოლაში ვარიაგების (ვარანგთა) მონაწილეობის შესახებ. ბაგრატ IV-ის მხარეზე იბრძოდა 1000 შვედი ვიკინგი, 3000 კაციანი ექსპედიციის სუბდივიზია, რომელსაც სარდლობდა ინგვარი.
ისტორიანის ვერსია https://www.facebook.com/215457961860126/posts/950032398402675/
ვიკინგები საქართველოში და სასირეთის ბრძოლა
ევროპაში სახელგანთქმულმა ნორმანებმა მტკვრისა და თეძმის ხეობაში მარცხი იწვნიეს
IX საუკუნის დასავლეთ ევროპის კათედრალებსა თუ მონასტრებში ხშირად წარმოთქვამდნენ სავედრებელ ლოცვას: ”უფალო, შენ დაგვიფარე ნორმანთა მძვინვარებისგან”. ევროპული ქრონიკები ნორმანებად სკანდინავიიდან გამოსულ მეომრებს მოიხსენიებდნენ. მეორენაირად, მათ ვიკინგებსაც უწოდებდნენ. საუკუნეთა განმავლობაში ისინი ცეცხლითა და მახვილით არბევდნენ ევროპის ქალაქებსა და სოფლებს. დღემდე მსჯელობენ მეცნიერები, რამ განაპირობა ვიკინგთა ასეთი წარმატება. სამხედრო შეიარაღებაში მათ რამე განსაკუთრებული იარაღი არ გააჩნდათ, ისევე იყვნენ აღჭურვილი, როგორც სხვა დასავლეთევროპელი მეომრები. არც სამხედრო სტრატეგიასა და ტაქტიკაში შეუტანიათ ნორმანებს რევოლუციური ცვლილებები. მათი წარმატების ყველაზე დიდი საიდუმლო მდგომარეობდა ზღვაზე სწრაფ და მოხერხებულ გადაადგილებაში. ამიტომაცაა, რომ როცა ვახსენებთ ვიკინგს, სკანდინავიელ მეომარს, თვალწინ უპირატესად გულადი მეზღვაური წარმოგვიდგება. ვიკინგები პატარა გემებზე ამხედრებული, შენიღბვით, უცაბედად ესხმოდნენ თავს მოწინააღმდეგეს. VIII საუკუნიდან მოყოლებული, დღევანდელი სკანდინავიის ტერიტორიიდან ვიკინგთა სამხედრო აგრესია რამდენიმე მიმართულებით წარიმართა: ნორვეგიიდან და დანიიდან გამოსულმა მეზღვაურებმა ძირითადად თანამედროვე გერმანიის, საფრანგეთისა და ინგლისის სანაპირო ზოლის აოხრებას მიჰყვეს ხელი. შვედები აღმოსავლეთ ევროპის - კიევის რუსეთისა და სხვა სლავური სამეფო-სამთავროების დარბევით იყვნენ დაკავებული.
IX საუკუნიდან მოყოლებული, ნორმანები დიდი მდინარეებით კონტინენტური ევროპის სიღრმეში იჭრებიან. ამავე დროს სკანდინავიელები ახერხებენ ინგლისის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ პროვინციების დაპყრობას. ვიკინგთა სამხედრო რაზმები პატარა გემებით, რომელზეც 50-დან 100 მეომრამდე ეტეოდა და რომლის ქიმზე ურჩხული იყო გამოსახული, თანდათანობით გიბრალტარის სრუტით ხმელთაშუა ზღვის აუზში იკიდებდნენ ფეხს. სამხრეთ იტალიაში XI საუკუნეში ნორმანებმა საკუთარი სამეფოს შექმნა მოახერხეს.
გადმოცემით, 1000 წელს ნორმანმა მეზღვაურებმა თვით ჩრდილოეთ ამერიკამდეც კი მიაღწიეს.
X საუკუნის II ნახევრიდან ვიკინგთა მრავალრიცხოვანი სამხედრო რაზმები მსახურობდნენ ბიზანიის იმპერატორის კარზე. ბერძნები მათ ვარანგებად იხსენიებდნენ. კონსტანტინოპოლში, ადგილს, სადაც ვარანგები - ვიკინგები ცხოვრობდნენ, ვაერინგჯა სკიფტი ან ვაერინგჯა სეტა ერქვა. დაქირავებულ მეომრებს სასახლისა და იმპერატორის დაცვა ევალებოდათ. ბიზანტიაში ვიკინგები ძირითადად რუსეთის გავლით ხვდებოდნენ. ეს არც არის გასაკვირი, რადგანაც კიევისა და ნოვგოროდის დაწინაურება, ხოლო შემდეგ კიევის სახელმწიფოს ფორმირება ნაწილობრივ დაკავშირებულია ვიკინგებთან. პირველ რუს მთავრებსაც სკანდინავიური სახელები ერქვათ. ნაწილი მეომრებისა პირდაპირ კონსტანტინოპოლში მიდიოდა სამხედრო სამსახურში, ნაწილი ჯერ კიევში ჩადიოდა, ხოლო რაღაც დროის შემდეგ ბიზანტიაში გადადიოდა. იმპერატორის კარზე მყოფი რაზმები ივსებოდა ასევე სიცილიაში დამკვიდრებულ ნორმანთა ხარჯზეც.
ქართველებს ვიკინგთა არსებობის შესახებ სწორედ ბიზანტიელებისგან უნდა გაეგოთ. ქართულ წყაროებში მოხსენიებული სახელი `ვარანგ~ ბერძნული სახელწოდების ადეკვატურია. ამავე პერიოდში, საქართველოს ეკონომიკური და კულტურული კავშირები ჰქონდა სლავურ სამყაროსთან, სადაც ვიკინგები მეტად პოპულარული იყვნენ. ასე რომ, სკანდინავიელი მეომრების ბრძოლისუნარიანობის, შემართების შესახებ ქართველებს უტყუარი ცნობები ექნებოდათ. სწორედ ამან განაპირობა კიდეც XI საუკუნის შუა ხანებში საქართველოს მეფის, ბაგრატ IV-ის გადაწყვეტილება, დაექირავებინა ვიკინგები - ვარანგები აჯანყებული კლდეკარის ერისთავის, ლიპარიტ ბაღვაშის წინააღმდეგ.
XI საუკუნის 40-იან წლებში საქართველოში საშინელი ძმათამკვლელი ომი იყო გაჩაღებული. ცენტრალური ხელისუფლება საქართველოს მეფის, ბაგრატ IV-ის მეთაურობით და განდგომილი ფეოდალი - ლიპარიტ ბაღვაში ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ პირველობის მოსაპოვებლად. ამ ომმა შესვენებებით თხუთმეტ წელიწადს გასტანა.
1041 წელს მოხერხდა დაპირისპირებულ მხარეთა დაზავება, მაგრამ მშვიდობა ქვეყანაში დიდხანს არ გაგრძელებულა. 1045 წელს ლიპარიტ ბაღვაშმა ბიზანტიელთა მხარე დაიკავა და ბაგრატ IV-ს ანისის სომხური სამეფო დააკარგვინა. ამ ფაქტით ძმათამკვლელი ომის ახალი ეტაპი დაიწყო.
იმავე წელს მოწინააღმდეგეებმა თავი აარიდეს ერთმანეთთან პირისპირ ბრძოლას. როგორც ბაგრატ IV-მ, ისე ლიპარიტ ბაღვაშმა ძალების მობილიზაციის ტაქტიკა არჩიეს. ლიპარიტმა დასახმარებლად ბიზანტიელებს უხმო. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება კი იმ დროს ბიზანტიიდან სამშობლოში მიმავალ ვიკინგებს დაუკავშირდა, რომელთა ნაწილი 1043 წელს კონსტანტინოპოლზე რუსთა თავდასხმაში მონაწილეობდა. მათ, ბიზანტიელთა მიერ დატყვევებულებმა, სამი წელიწადი გაატარეს ტყვეობაში. იმპერატორის ბრძანებით, ტყვე რუს-ვიკინგთა ერთი ნაწილი დაასახიჩრეს.
დაქირავებული ვარიაგები პირველად რიონის დინებით სოფელ ბაშში დაბანაკდნენ. ბაგრატ IV-მ საქართველოში სულ 3000 ვიკინგი მოიწვია. გადამწყვეტ ბრძოლაში მეფემ მხოლოდ 700 ვარიაგი წამოიყვანა. როგორც ჩანს, დარჩენილ 2300 კაცს, მძიმე ტყვეობისგან ძალაგამოლეულებსა და დასახიჩრებულებს, ბრძოლა აღარ შეეძლოთ.
ლაშქარმა ლიხის მთა გადმოიარა და დღევანდელი კასპის რაიონში, სოფელ სასირეთის ჭალასთან დაიბანაკა. ლიპარიტ ბაღვაში მოპირდაპირედ, მდინარე თეძმის მარცხენა მხარეს იყო გამაგრებული. ბრძოლის დაწყებას არც ერთი მხარე არ აპირებდა. ბაგრატ IV კიდევ ელოდა დამატებით ძალებს მესხეთიდან, მაგრამ ამ დროს საკუთარ სიმამაცესა თუ სიძლიერეში დარწმუნებულმა ვიკინგებმა, სარდლობასთან შეუთანხმებლად იერიში მიიტანეს ლიპარიტის ბანაკზე. ამან საქართველოს მეფე იძულებული გახადა, ბრძოლაში ჩართულიყო. ქართველი მემატიანე გაკვირვებით აღნიშნავს: `ვარანგები მესხებს აღარ დაელოდნენ და ლიპარიტს შეუტიეს~. კლდეკარის ერისთავს ბიზანტიელთა გარნიზონები უმაგრებდნენ ზურგს. სისხლისმღვრელი შეტაკება მცირერიცხოვან ვიკინგთა და ქართველთა გაერთიანებული ლაშქრის დამარცხებით დასრულდა. ევროპაში სახელგანთქმულმა ნორმანებმა მტკვრისა და თეძმის ხეობაში მარცხი იწვნიეს. ლიპარიტ ბაღვაშმა ვიკინგებს სამარცხვინო სასჯელი მიუსაჯა. მათ პური გააცხრილვინა, შემდეგ კი, ბაშში დაბანაკებულ თანატომელებთან გაისტუმრა. როგორც ჩანს, ლიპარიტმა ვიკინგებისგან უმთავრესი პირობა მიიღო, რიონის ნაპირებთან დაბრუნებისთანავე ისინი დარჩენილ 2300 მეომართან ერთად საქართველოს უნდა გაცლოდნენ. ეს იყო ერთადერთი სამხედრო ეპიზოდი, როცა ვარიაგები საქართველოში იმყოფებოდნენ. სასირეთის ბრძოლას შეიძლება ისტორიაში არც დაეკავებინა ისეთი გამორჩეული ადგილი, რომ არა მასში ვიკინგთა მონაწილეობა. ამის შემდეგ კიდევ ათ წელიწადს ლიპარიტ ბაღვაში და ბაგრატ IV უწინდებურად განაგრძობდნენ დაპირისპირებას, მაგრამ ვარიაგების მოწვევა არც ერთ მხარეს აღარ გახსენებია. ვიკინგი-ვარიაგი საქართველოში უძლეველი მეომრის სინონიმად ვერ იქცა, ხალხს კარგა ხანს ემახსოვრებოდა პურის საკაზმავად (პურის გასაცხრილად) დამსხდარი ვარიაგები, რომელთაც სამშობლოში დაბრუნება მხოლოდ ლიპარიტ ბაღვაშის გულმოწყალებით მოახერხეს.
ჟურნალი ”ისტორიანი”, 2013 წლის იანვარი, #1/25
(ავტორი: ჯაბა სამუშია)
საინტერესო სტატია ინტერმედიასგან
სასირეთის ბრძოლა
გაინტერესებთ რატომ ვერ იქცა საქართველოში "ვიკინგი" - დაუმარცხებელის სინონიმად ისე, როგორც ეს ევროპის სხვა ქვეყნებში იყო? აი რაშია საქმე - 1047 წელს საქართველოში სამოქალაქო ომი მძვინვარებდა მეფე ბაგრატ მეოთხესა და კლდეკარის ერისთავ ლიპარიტ ბაღვაშს შორის. მათ შორის გადამწყვეტი ბრძოლა სწორედ კასპთან, სასირეთის ჭალასთან მოხდა. დაპირისპირპირებულმა მხარეებმა უცხოელებს უხმეს დასახმარებლად - ლიპარიტ ბაღვაშს მხარს უჭერდნენ ბიზანტიელები, მათი გარნიზონები სამხრეთ საქართველოს სტრატეგიულ ციხეებში იდგა. ბაგრატ მეფემ კი თავისი არმიის გასაძლიერებლად 3000 ვიკინგი მეომარი დაიქირავა შვედეთიდან. ბრძოლაში კი მათგან მხოლოდ 700-დან 1000-მდე ჩართო. ბრძოლის დაწყებას არცერთი მხარე არ აპირებდა. ბაგრატ მეოთხე დამატებით ძალებს ელოდა მესხეთიდან, მაგრამ ამ დროს საკუთარ სიმამაცეში ზედმეტად დარწმუნებულმა ვიკინგებმა სარდლობასთან შეუთანხმებლად იერიში მიიტანეს ლიპარიტ ბაღვაშის ბანაკზე, რამაც საქართველოს მეფე აიძულა ბრძოლაში მთელი ძალებით ჩართულიყო. ლიპარიტმა ქართველთა სამეფო ჯარს და ვიკინგებს მწარე დამარცხება აწვნევინა. ამის შემდეგ კიდევ 10 წლის განმავლობაში ლიპარიტი და ბაგრატი უწინდებურად განაგრძობდნენ სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირებას, მაგრამ ვიკინგების მოწვევა არცერთ მხარეს აღარ გახსენებია. "ვიკინგი" - საქართველოში უძლეველის სინონიმად ვერ დამკვიდრდა. ხალხს კარგა ხანს ემახსოვრებოდა პურის საკაზმავად (პურის გასაცხრილად) დამსხდარი "უძლეველი" ვიკინგები, რომელთაც სამშობლოში დაბრუნება მხოლოდ ლიპარიტ ბაღვასის გულმოწყალების გამო მოახერხეს. დანარჩენი 2000 ვიკინგი კი, რომელიც ბაგრატ მეოთხემ არ ჩართო ბრძოლაში, ქუთაისთან ახლოს, სოფელ ბაშში დაასახლა. მათი შთამომავლები დღემდე ცხოვრობენ საქართველოში.
ცნობილია, რომ თამარ მეფესაც ემსახურებოდა მოწვეული "3000 ვარიაგი" (ვარიაგი იგივე ვიკინგია, ასე ეძახდნენ მათ ქართველები). "კავკასიაში, მთების კალთებზე არსებობს უძლიერესი ქრისტიანული სახელმწიფო - საქართველო, რომელსაც სათავეში ქალი უდგას და მისი სახელია თამარ. მას ემსახურება 3000 "ვარეაგირ" (ვიკინგი)." მე-13 საუკუნის სკანდინავიური ლიტერატურიდან. http://intermedia.ge/%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90/100011-%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%92%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A8%E1%83%98/89/