ხუნანის ბრძოლა 1221წელი მონღოლები ხუნანი გარდაბანი ქვემო ქართლი
1221 წელს ხუნანის ველზე გამართულ ბრძოლაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ქართველები და მონღოლები. ბრძოლა მონღოების გამარჯვებით დასრულდა. ეს ბრძოლა არის იმ უიშვიათეს შეტაკებათა რიცხვში სადაც მტერზე რიცხვმარავალი ქართველები დამარცხდნენ. ქართველთა რიცხვი სხვადასხვა მონაცემებით, დაახლოებით 90 ათასი იყო. ისინი მონღოლთა მახეში მოექცნენ. ბრძოლას დაახლოებით 30000 ქართველი მეომარი შეეწირა. აქეთან მონღოლები ჩრთ. კავკასიაში გადავიდნენ და 1223 წელს მდ. კალკაზე მათ რუსებისა და ყივჩაღების 80000 კაციანი არმია სასტიკად დაამარცხეს.
შეგვახსენა მერაბ ბაბუნაშვილმა
თეოდორა ყარალაშვილი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საბაკალავრო ნაშრომი
ქართველთა და მონღოლთა დაპირისპირება ხუნანის ველზე
ნაშრომის ძირითადი თემაა საქართველოში მონღოლთა პირველი გამოჩენა და მათი შეიარაღებული დაპირისპირება ქართველებთან. განხილულია მონღოლთა გაერთიანებისა და სამხედრო ასპარეზზე წარმატების მიზეზები; შედარებულია მომთაბარე და ფეოდალური ტიპის არმიების სტრუქტურა და ტაქტიკა; მონღოლთა ზოგადი ტაქტიკისა და მათი გადახდილი ბრძოლების აღწერის საფუძველზე ახსნილია ხუნანის ველზე ქართველთა დამარცხების მიზეზები.
შესავალი
წინ, მუხლმაგარო მონღოლურო ცხენებო,აჩრდილებს თქვენსას ვერ გაასწრებს შიში ხალხების. (ძველი მონღოლური სიმღერიდან)
მონღოლები ცენტრალური აზიის სტეპებიდან გამოვიდნენ და ქარიშხალივით დაატყდნენ იმ დროინდელი მსოფლიოს უძლიერეს ქვეყნებს. კორეიდან ბალკანეთამდე, ციმბირიდან ინდოეთამდე ისე გადაიჭიმა მათი იმპერია, რომ წინააღმდეგობის გაწევა ვერავინ შეძლო. „დღეს ხალხთა უმეტესობა ოდესღაც მონღოლთა მიერ დაპყრობილ ქვეყნებში ცხოვრობს; თანამედროვე რუკაზე ჩინგიზ ყაენის იმპერია მოიცავს ოცდაათ ქვეყანას სამ მილიარდზე მეტი მოსახლით“ [ჯ.უეზერფორდი, 2012: 8]. ამ ქარიშხალმა საქართველომდეც მოაღწია და მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ჩვენი ქვეყნის ისტორიაზე – სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ჩვენს ისტორიაში ერთ–ერთი უდიდესი დაღმასვლა. უფრო მეტიც, რიჩარდ გაბრიელის აზრით მონღოლებთან ხუნანის ველზე დაპირისპირების შემდეგ ქართველთა არმია მთლიანად განადგურდა. [R. Gabriel, 2006: 94]
ჩინგიზ ხანის მეომრები მიერეკებიან დატყვევებულ მუსლიმებს დარბეული ქალაქიდან (ანგუს მაკბრაიდის ნახატი)
. მონღოლი მეთაური უძღვება საალყო მოქმედებებს (ანგუს მაკბრაიდის ნახატი)
მეცამეტე საუკუნე საქართველოში ოქროს ხანით დაიწყო. უმაღლეს დონეს მიაღწია ყველა სფერომ სამხედრო სიძლიერიდან კულტურულ აღმავლობამდე. თამარის სამეფოს შესწევდა უნარი წარმატებულად ელაშქრა ირანში და შესწევდა ძალა ზეგავლენა მოეხდინა მის მეზობლად მდებარე ქვეყნებში მიმდინარე პროცესებზე, რისი მაგალითიც არის ტრაპიზონის იმპერიის დაარსება, რომელშიც ქართველებმაც საკმაოდ აქტიური მონაწილეობა მიიღეს. ყმადნაფიცები ჰყავდა როგორ იმიერკავკასიაში, აგრეთვე სამხრეთშიც: დარუბანდი, შირვანი, განძა, ხლათის და ერზინკის სასულთნოები, არზრუმის საამირო და სხვები.
დედის გარდაცვალების შემდეგ კი ტახტზე ადის გიორგი IV – ერთ–ერთი ყველაზე საინტერესო მეფე საქართველოს ისტორიაში. მან საკმაოდ ენერგიულად დაიწყო მოღვაწეობა და მოახერხა აელაგმა განდგომის მოსურნე ვასალები, როგორიც იყო განძის ათაბაგი. მის დროს დაიგეგმა ამბიციურ და მნიშვნელოვან ღონისძიებაში – ჯვაროსნულ ლაშქრობაში მონაწილეობა. რომის პაპმა ჰონორიუსმა წერილი მოსწერა ლაშა–გიორგის და სთხოვა მონაწილეობა მიეღო მეხუთე ჯვაროსნულ ლაშქრობაში. მეფე მზადებას შეუდგა, მაგრამ მოვლენები დრამატულად განვითარდა და მას საშუალება აღარ მიეცა აღესრულებინა რომის პაპის თხოვნა. გეგმები „კაცნი ვინმე საკჳრველნი“–ს გამოჩენამ შეცვალა: მონღოლებმა რამდენიმე ბრძოლა გამართეს ქართველებთან და მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს სამეფოს სამხედრო პოტენციალს. საკმარისია აღინიშნოს, რომ ზოგი ისტორიკოსის ვარაუდით თვით ლაშა–გიორგის გარდაცვალების მიზეზი მონღოლებთან ბრძოლაში მიღებული ჭრილობა გახდა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ წყაროები არ არიან შეთანხმებულნი ბრძოლების თანმიმდევრობასა და რაოდენობაზე. „ზოგიერთი ავტორი მხოლოდ ერთი ბრძოლის შესახებ გვაწვდის ცნობას (ჟამთააღმწერელი, კირაკოს განძაკეცი, გრიგოლ აკნეცი), ზოგი ორ ბრძოლას აღწერს (ლაშა გიორგის დროინდელი მემატიანე, რაშიდ ად–დინი), ზოგიც სამს (იბნ ალ–ასირი), ხოლო ჯუვეინი საერთოდ არ ახსენებს ჯებესა და სუბუდაის ქართველებთან შეტაკების ამბავს“ [ნარკვევები, ტ. III, 399]. საჭიროა წყაროების ურთიერთშეჯერება.
ამ ნაშრომის მიზანია არსებული ისტორიული წყაროების მიხედვით, ქართული და მონღოლური სამხედრო საქმის შედარების საფუძველზე შეძლებისდაგვარად აღვადგინოთ ბრძოლის დეტალები და გადმოვცეთ ის მიზეზები თუ რამ გამოიწვია ქართველთა მარცხი და რა იყო მონღოლებთან პირველი სამხედრო დაპირისპირების საბოლოო შედეგი.
1. მონღოლური სამხედრო სისტემა
ცენტრალურ აზიაში უძველესი ხანიდან მომთაბარეობდნენ თათარ–მონღოლები, სანამ ჩინგიზ ხანმა არ გააერთიანა და მრისხანე ძალად აქცია. 1206 წელს მდინარე ონონის ნაპირებზე შეკრებილმა ყურულთაიმ – მონღოლ ტომთა დიდებულების კრებამ თემუჩინი დიდ ყაენად აირჩია და ჩინგიზ–ყაენი უწოდა. ამ დღემდე მონღოლი მომთაბარეების ცხოვრება პრიმიტიული და ერთფეროვანი იყო. ისინი იყოფოდნენ ტყისა და სტეპის მონღოლებად. ტყის მონღოლები უფრო ღარიბები იყვნენ, ვიდრე სტეპის. სტეპში მცხოვრებთა მთავარი საქმიანობა მეჯოგეობა იყო. თუმცა, ვერც ეს საქმიანობა აკმაყოფილებდა უნაყოფო ველებზე მცხოვრებთა მზარდ მოთხოვნებს და ხშირად იძულებულები იყვნენ ერთმანეთის გაძარცვის ხარჯზე გაეტანათ თავი. უმრავლესობის რელიგიას შამანიზმი და ანიმიზმი წარმოადგენდა, რომელიც ღვთისმსახურებისა და დოგმებისაგან დაცლილი იყო. ეთაყვანებოდნენ მარადიულ ლურჯ ზეცას.
მონღოლთა ბანაკი (დაახლ. 1220 წ). ანგუს მაკბრაიდის ნახატი
მონღოლები ეწოდებოდა იმ ტომს, რომლიდანაც იყო წარმოშობით ჩინგიზ–ხანი. ამიტომ მის შექმნილ გაერთიანებას მონღოლები დაერქვა. აგრეთვე ერთ–ერთი ყველაზე ძლიერი იყო თათართა ტომი. მოგვიანებით ეს სახელი ყველა მონღოლზე გავრცელდა. ჟამთააღმწერელი წერს „ესენი ენითა მათითა უწოდიან თავთა მათთა მანღოლ, ხოლო ქართველნი თათრად, რომელთა ვგონებ ერთსოფლელად“ [ჟამთააღმწერელი, 2012: 162]. ხოლო პლანო კარპინიმ, პირველმა ევროპელმა, რომელმაც სცადა აღეწერა მონღოლთა ისტორია ქრონოლოგიურად, თავის წიგნს უწოდა „Historia Mongalorum quos nos Tartaros (Tataros) appellamus”, („მონღოლთა ისტორია, რომელთაც ჩვენ თათრებს ვუწოდებთ“).
თემუჩინმა ანუ ჩინგიზ–ხანმა წარმატებით მოახერხა დაქსაქსული ტომების გაერთიანება და მათი მსოფლიოს დასაპყრობად დარაზმვა. მონღოლთა არმიამ მოახერხა მანამდე არნახული სამხედრო ამოცანების შესრულება. „მონღოლებმა იბრძოლეს ყველაზე მეტ მტერთან, ვიდრე ისტორიაში რომელიმე არმიამ. მათი მტრების ნაწილი მათსავით მომთაბარე იყო და მსუბუქ კავალერიას ეყრდნობოდა, ნაწილი კი ბინადარი საზოგადოება იყო და თავდასაცავად მძიმე აბჯარსა და ქალაქის კედლებს მიმართავდა“. [S. Turnbull 2003, 16]. საინტერესოა, როგორ შეძლო სულ რაღაც 1 მილიონიანმა ხალხმა თითქმის ნახევარი მსოფლიოს დაპყრობა. მათ მიერ განადგურებული სახელმწიფოები და დამარცხებული არმიები ბევრად აღემატებოდნენ რესურსებითა და რიცხოვნობით მონღოლებს. თავიდან მათი აღჭურვილობა საკმაოდ ჩამორჩენილი იყო თავისი თანამედროვეებისაგან და მიუხედავად ამისა, მათ აწარმოეს ომები უდიდეს დისტანციებზე, რაც მანამდე შეუძლებელი იყო. ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად საჭიროა გადავხედოთ იმ თავისებურებებს, რაც ახასიათებდა მონღოლურ არმიას.
მონღოლი სარდალი და მებარაბნე. ანგუს მაკბრაიდის ნახატი
მონღოლთა ჯარი კლასიკური მომთაბარე არმია იყო. სამოქალაქო და სამხედრო საზოგადოებას შორის ძალიან მცირე განსხვავება არსებობდა. თითოეული მამაკაცი ნადირობაში, ცხენოსნობასა და მშვილდოსნობაში იყო გაწაფული. ეს ფაქტორი მათი რაოდენობის განსაზღვრის დროსაც მნიშვნელოვანია: მომთაბარეთა რიცხოვნობების შესაფასებლად აუცილებელია იმ ფაქტორის გათვალისწინება, რომ ყველა მოზრდილი მომთაბარე მეომარი ან პოტენციური მეომარი იყო, როდესაც ცივილიზებულ სამყაროში სამხედრო საზოგადოება მთელი მოსახლეობის მცირე ნაწილს შეადგენდა. ერთიანი რაოდენობით მომთაბარეები ბევრად ჩამორჩებოდნენ მუდმივმოსახლე ხალხებს, მაგრამ პროცენტულად სამხედრო მობილიზაციისას მეტი მეომრის გამოყვანა შეეძლოთ (H.Kennedy, J. Keegan, 18-19). ბუნების მკაცრმა პირობებმა და ცხოვრების რთულმა წესმა უფრო ამტანები და ძლიერები გახადა, ვიდრე ბინადარი მოსახლეობა. ისინი მომთაბარეობდნენ, მესაქონლეობდნენ და შესაბამისად მარცვლეულის ნაცვლად საკვებ რაციონში ცილოვანი პროდუქტები ჭარბობდა (ჯ. უეზერფორდი 2012, 122). ჯუვეინის გადმოცემით „მათი ტანსაცმელი ძაღლებისა და თაგვების ტყავისგან იყო დამზადებული, მათი საჭმელი იყო ამ ცხოველების ხორცი და სხვა მკვდარი რაღაცები. მათი ღვინო იყო ფაშატის რძე“ [S. Turnbull, 2003: 12]. ხშირად თავის გატანა ერთმანეთის ძარცვა–გლეჯით უწევდათ. ჯუვეინი წერს: „ჩინგიზ–ხანის გამოჩენამდე მათ არ ჰყავდათ წინამძღოლი ან მმართველი. განცალკევებით ცხოვრობდა თითო ტომი, ან ორი ტომი ერთად. ისინი არ იყვნენ ერთიანნი და მუდმივი ომი და მტრობა ჰქონდათ ერთმანეთში. ბევრი მათგანი მძარცველობასა და ძალადობას, უზნეობასა და გარყვნილებას ვაჟკაცურ საქციელად თვლიდა“ [S. Turnbull, 2003: 12]. ჩინგიზ–ხანის ამოცანა იყო ეს აგრესიული, მეომარი ხალხი დისციპლინირებულ, ეფექტურ სამხედრო მანქანად გარდაექმნა. მისი შექმნილი სისტემიდან დღემდე გამოიყენება მეთოდები, მაგალითად, არმიის სტრუქტურული დაყოფა. ათეულების სისტემა, რასაც დღეს ეყრდნობა ნებისმიერი არმია, სწორედ ჩინგიზ–ხანის ინოვაციაა. მიუხედავად იმისა, რომ დანაყოფებად არმიის დანაწილება მანამდეც არსებობდა, მონღოლური სისტემა მაინც ყველაზე უფრო მოქნილი და დახვეწილი ჩანს. ის ასე გამოიყურებოდა: 10 კაცი ქმნიდა ათეულს ანუ არბანს.[1] 10 არბანი – ასეულს, ანუ ჯაგუნს. 10 ჯაგუნი ათასეული იყო, იგივე – მინგანი. ხოლო 10 მინგანი ქმნიდა ყველაზე მსხვილ შენაერთს– 10 ათასეულს ანუ ტუმანს, ქართულ საისტორიო წყაროებში ცნობილია როგორც დუმანი. საინტერესოა, რომ ერთი დანაყოფიდან მეორეში გადასვლა მკაცრად იკრძალებოდა. მონღოლი მეომარი სადაც იწყებდა მსახურებას, იმავე დანაყოფში ასრულებდა. მას მკაცრად გაწერილი ფუნქციები და მოვალეობები ჰქონდა. ეს „ზრდიდა მეომრებს შორის მორალურ კავშირს და საბრძოლო სულისკვეთებას“ [R. Gabriel 2006, 28]. სამხედრო ვალდებულად ითვლებოდა მამაკაცი 14–დან 60 წლამდე.
მონღოლი მეომარი აგროვებს კალკასთან ბრძოლის ველზე, სადაც მონღოლებმა რუსთა გაერთიანებული ლაშქარი გაანადგურეს (1223 წ.). ანგუს მაკბრაიდის ნახატი
„მონღოლური არმია იყოფოდა ტერიტორიულად სამ ძირითად ძალად, და რადგანაც მონღოლები თავის კარვებს ყოველთვის პირით სამხრეთისაკენ შლიდნენ, ამ დასახელებებს ნამდვილი ფიზიკური მნიშვნელობა ჰქონდა: მარცხენა ფრთის არმია, ანუ აღმოსავლეთი (ჯუნგარი); მარჯვენა ფრთის არმია ანუ დასავლეთი (ბარაუნგარი), ცენტრის არმია (ხოლი). ცენტრის არმია – ქეშიკი შესაძლებელია მივიჩნიოთ საიმპერიო გვარდიად, რომლისთვისაც საუკეთესო მეომრები ირჩეოდნენ“ [S.R. Turnbull 1980, 23]. მას ევალებოდა პირადად ყაენის დაცვა.
კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე რაც ჩინგიზ–ხანმა დანერგა იყო წარმოშობისდა მიუხედავად ადამიანის დაწინაურება. მონღოლები იყოფოდნენ თეთრ და შავ „ძვლებად“, ანუ პრივილეგირებულ და დაბალ ფენებად. ჩინგიზ-ხანმა წაშალა ზღვარი ამ ფენებს შორის. იმ შემთხვევაშიც კი თუ ადამიანი სამხედრო საქმისთვის გამოუსადეგარი იყო, მას რაღაც ფუნქცია მაინც უნდა შეესრულებინა ტომისათვის და სასარგებლო ყოფილიყო (ჯ. უეზერფორდი 2012, 88).
მონღოლურ არმიაში აკრძალული იყო ნადავლის დატაცება ბრძოლის დასრულებამდე. მხოლოდ გამარჯვების შემდეგ იწყებოდა ალაფის შეგროვება და განაწილება სამართლიანად და თანაბრად. კიდევ ერთი სიახლე რაც ჩინგიზ–ხანს ეკუთვნის: დაღუპული მებრძოლის წილი მის ოჯახის წევრებს გადაეცემოდათ.
პლანო კარპინის მიხედვით, მონღოლი მეომრის შეიარაღებაში შედიოდა სულ მცირე ერთი კარგი მშვილდი (უმეტესად კი სამი), ისრებით სავსე სამი კაპარჭი, ერთი ნაჯახი და მშვილდის ლარები ამ იარაღის დასაჭიმად. დიდგვაროვნებს აქვთ მუზარადები, აბჯარი (ფირფიტოვანი), სამუხლეები, მოღუნული ხმლები, რომელსაც ბასრი პირი აქვს და მისი მხოლოდ ცალი მხარეა მჭრელი; ასევე მათ ჰყავთ აღჭურვილი ცხენებიც, რომლებიც ტყავის აბჯრით არიან დაცულები. [Ystoria Mongalorum, VI, 2: 50]
მონღოლთა ძირითადი იარაღი კომპოზიტური მშვილდი გახლდათ. „მისი სიმძლავრე გაცილებით მეტი იყო, ვიდრე ინგლისური გრძელი მშვილდის. ასეთი მშვილდიდან ნატყორცნი ისრის ეფექტიანი მოქმედების მანძილი 200–300 იარდია, ანუ 180–270 მეტრი. „ის შედგებოდა იაკის რქისგან, მყესისგან და ბამბუკისაგან, რომლებიც იმგვარად იყო ერთმანეთთან შეკავშირებული, რომ ქმნიდა ერთ მთლიანობას.“ [S.Turnbull, 2003: 16] ზოგადად მშვილდ–ისარს იმდენად ეფექტიანად იყენებდნენ, რომ ქრონისტთა აღწერა თითქოს „მონღოლთა ისრებით ცა იფარებოდა“ ძალიან გაზვიადებულიც არ უნდა იყოს. საგულისხმოა, რომ სომეხი ისტორიკოსი გრიგოლ აკანელი თავის ნაშრომს მონღოლთა შესახებ „მოისართა ტომის ისტორიას“ უწოდებს.
მონღოლ მხედართა ოთხგვარი ტაქტიკა
„ზოგიერთ მათგანს აქვს შუბიც და შუბის ბუნიკზე კაუჭი, რომლის საშუალებითაც შეუძლიათ კაცის ცხენიდან გადმოგდება. მათი ისრების სიგრძე ორ ფუტს აღწევს, ისრების რკინის ბუნიკები ძალზე ბასრია და ორივე მხარე გალესილი აქვს, როგორც ორლესულ მახვილს. ყოველთვის ატარებენ კაპარჭში ისრების გამოსათლელ იარაღს. ორი ტიპის ისრები აქვთ: მსუბუქთავიანები შორს სასროლად, და მძიმე თავიანები ახლო მანძილისთვის. ისრების თავებს მანამდე ჭედავენ სანამ ცხელი, წითელი არ გახდება, შემდეგ კი მარილიან წყალში ავლებენ. ამ გზით ისე მაგრდება, რომ აბჯრის გაკვეთა შეუძლია.“ [Ystoria Mongalorum, 1957, VI, 2: 51]
მონღოლთა მოწინააღმდეგეთათვის ყველაზე საშიში ის იყო, რომ მონღოლებს ისრის სროლა გაჭენებული ცხენიდან ნებისმიერი მიმართულებით შეეძლოთ.(იხ. სურ. 1.1) ისინი ხომ ფეხის ადგმისთანავე სწავლობდნენ ცხენის ჭენებას და იმდენად ოსტატურად ჯირითობდნენ, რომ სრულიად მარტივად შეეძლოთ ნავარდის დროს შემოტრიალებულიყვნენ და ისრები უკნიდან დაეშინათ მდევრისათვის.
მონღოლები თავდასაცავად იყენებდნენ ხის მრგვალ ფარებს. მძიმედ შეჭურვილი ცხენოსანი ატარებდა აზიური ტიპის ლამელარულ აბჯარს, რომელიც წვრილი რკინისა და ტყავის ნაჭრების გადაბმით იკერებოდა. მის ქვეშ აბრეშუმის პერანგს იცვამდნენ.[2] აბჯრით იყვნენ დაცული აგრეთვე ცხენები. აღსანიშნავია, რომ შემოსაცმელ ტუნიკას, რომელიც ბამბისაგან და ზამთრისათვის ბეწვისაგან მზადდებოდა, უწოდებდნენ “kalat” (ხომ არ არის ქართული სიტყვა „ხალათი“ წარმოშობით აქედან?)
მონღოლური არმია თითქმის მთლიანად კავალერიისაგან შედგებოდა. მათი ნაწილი მძიმედ აღჭურვილი მხედრებისაგან შედგებოდა, ხოლო ნახევარზე მეტი კი მსუბუქად აღჭურვილი ცხენოსნებისაგან. სწორედ მონღოლური ცხენი იყო ის მთავარი უპირატესობა, რასაც ისინი ფლობდნენ. ეს ცხოველი ამტანობითა და გამძლეობით ნებისმიერ სხვა ჯიშს სჯობნიდა. მას შეეძლო თოვლის ქვეშ მოეძებნა ბალახი; დიდხანს გაეძლო უწყლოდ; გადაელახა სწრაფი მდინარეები. უნაგირი წყალგამძლე იყო და მდინარის გადალახვის დროს ხშირად ცხენის კუდზე აბამდნენ. თითოეულ მონღოლ მეომარს 2–3 ცხენი ჰყავდა, ზოგს 5–6. ცხენების სიმრავლით გაოცებული მოგზაური პლანო კარპინი წერდა, რომ მათ იმდენი ულაყი და ფაშატი ჰყავთ, ამდენი ალბათ მთელ დანარჩენს მსოფლიოსაც არ ეყოლებაო. მისივე თქმით, ცხენს ერთ დღეს რომ აჭენებდა მონღოლი, მომდევნო 2–3 დღე იმ ცხენს ასვენებდა და სხვას იყენებდა. მათთვის ცხენი თითქმის წმინდა ცხოველად იყო მიჩნეული და ჩინგიზ–ხანის ბრძანებით საბრძოლო ცხენებს დიდი პატივისცემით ეპყრობოდნენ: მას არ კლავდნენ მას შემდეგაც კი, რაც გამოუსადეგარი გახდებოდა. ბრძოლაში ძირითადად ფაშატებს იყენებდნენ, რომლებსაც ჯარის რძით მომარაგება შეეძლოთ და საკვებად ხშირად ცხენების სისხლსაც იყენებდნენ. ბევრი ქრონისტი აღწერს, თითქოს მონღოლები საკუთარ ცოცხალ ცხენებს ხორცს აჭრიდნენ და იმას ჭამდნენ. სინამდვილეში ეს იყო ხორცი, რომელსაც უნაგირის ქვეშ ათავსებდნენ და ჭენების დროს ბრტყელდებოდა, ცხენის ოფლისგან კი მარილდებოდა. შესვენების დროს მონღოლი მეომარი მას ნაწილს აჭრიდა. (R. A. Gabriel, 36).
ე.წ. „პართიული სროლა" - სროლის სტილი, რომელიც ანტიკური ხანიდან არსებობდა ახლო აღმოსავლეთსა და შუა აზიის მომთაბარე ხალხებში
„მომთაბარე ჰუნები, ალანები და სხვა ტომები ნადავლის სახით მოპოვებულ სიმდიდრეს ანიჭებდნენ უპირატესობას, რადგან მათი მომთაბარული ცხოვრების წესი, თავდაცვითი არქიტექტურის წინააღმდეგ ბრძოლის არცოდნა და ძლიერ პოზიციებზე მდგარ, მომზადებულ მტერთან შეტაკება არცთუ სახარბიელოდ ეჩვენებოდათ. მათი ტაქტიკა გულისხმობდა მოულოდნელ, სწრაფ თავდასხმას დაუცველ ადგილებზე, ძარცვას, ნადავლის მოგროვებას და შემდეგ თავიანთ სტეპებში ისე დაბრუნებას, რომ მტერს არ მოესწრო არმიის შეკრება და მათი ბრძოლაში ჩათრევა.“ [ნ.ხოფერია, 2013: 83] მათგან განსხვავებით მონღოლებმა აითვისეს ფორტიფიკაციასთან დაპირისპირება და საკმაოდ კარგად განავითარეს საალყო ტექნიკა.(იხ. სურ. 1.4) ამან განაპირობა მათი არნახული წარმატება სამხედრო საქმეში, რასაც მანამდე სხვა მომთაბარეებმა ვერ მიაღწიეს.
ცხენოსნების სიმრავლე მონღოლურ არმიას უდიდეს სისწრაფესა და მობილურობას ანიჭებდა. ასევე, აყრა და სხვა ადგილას გადასვლა მოსახერხებელი იყო კარვების – იურთების სპეციფიკიდან გამომდინარე და აგრეთვე იმ „ვაგონების“ – ურიკების დახმარებით, რომლებსაც იყენებდნენ ბარგის გადასაზიდად და არმიის მოსამარაგებლად. მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ როგორც აღვნიშნეთ არმიის დიდ ნაწილს მსუბუქი ცხენოსნები შეადგენდნენ. ცნობილია, რომ ჩინგიზ-ხანის არმიამ 130 მილი დაფარა 2 დღეში შესვენების გარეშე.
ასეთი იყო ჩინგიზის ძლევამოსილი არმია, როდესაც მისი ნაწილი ჯებესა და სუბუდაის მეთაურობით დასავლეთისაკენ გამოემართა და შეიარაღებული დაპირისპირება ქართველებთან მოუხდა.
2. ქართული სამხედრო სისტემა
საქართველოს სამხედრო ისტორიაში ბევრი „თეთრი ლაქა“ არსებობს. გაურკვეველია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები როგორიცაა ქართველი მეომრის ჩაცმულობა და აღჭურვილობა ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე; ქართული არმიის სტრუქტურა და ბრძოლის სტილი. თუმცა გარკვეული მონახაზის გაკეთება შესაძლებელია და თანამედროვე ისტორიკოსების კვლევების შედეგად თანდათანობით ნათელი ეფინება.
ქართული არმია მონღოლების მომთაბარული ლაშქრისგან განსხვავებით, კლასიკური ფეოდალური არმია იყო. მაღალ შუა საუკუნეებში (XI-XII-XIII საუკუნეები) საქართველოში აშკარად ჩანს განვითარებული ფეოდალიზმი, ესე იგი სამხედრო საქმე ძირითადად მიწის მფლობელების ანუ მაღალი ფენის პრეროგატივაა. მიწის ფლობა პირდაპირ უკავშირდება სამხედრო ვალდებულებას და პატრონსა და ვასალს შორის დამოკიდებულებაზეა აგებული. „ვეფხისტყაოსანი“ მკვეთრად მიჯნავს ფუნქციებს საზოგადოების სხვადასხვა ფენისთვის: „რაცა ვის რა ბედმა მისცეს, დასჯერდეს და მას უბნობდეს, მუშა მიწყივ მუშაკობდეს, მეომარი გულოვნობდეს“. [“ვეფხისტყაოსანი“, 1957: 9]
მინიატურა ცხენოსანი მეომრების გამოსახულებით შუა საუკუნეების ქართული ხელნაწერიდან (ფსალმუნი, დაახლ. XIII ს.)
არმიის სათავეში იდგა მეფე. ასევე ის იყო ფეოდალურ კიბის უმაღლეს საფეხურზე მდგომიც. მეფის არყოფნის შემთხვევაში ჯარს მეთაურობდა ამირსპასალარი, რომელსაც „სამხედრო მინისტრი“ შეიძლება ვუწოდოთ. მას ენიჭებოდა პირველი სიტყვა სამხედრო საკითხებში. მასვე ემორჩილებოდნენ მეჯინიბეთუხუცესი, მეაბჯრეთუხუცესი და სხვა დანარჩენი სამხედრო მეთაურები. (ხელმწიფის კარის გარიგება 1965, 86).
„ქართული ფეოდალური ლაშქარი ორი ტიპის ნაწილებისაგან შედგებოდა – მცირერიცხოვანი მუდმივი ნაწილებისა (ტაძრეული, მონასპა) და საჭიროების შემთხვევაში შეკრებილი ფეოდალური რაზმებისაგან, რომელთაც ხშირად მოქირავნეებიც ემატებოდათ“. [მ. წურწუმია, 2014: 38]
ქ. ჩხატარაიშვილის განმარტებით „ტაძრეული“ ძველქართულად სასახლისეულს ნიშნავს. ეს იყო მეფის პირადი, რჩეული მეომრებისგან შემდგარი რაზმი. ფეოდალური რაზმები თითოეულ ერისთავს თავისი კუთვნილი ტერიტორიიდან გამოჰყავდა. მიუხედავად იმისა, რომ წყაროები დაბალი ფენების შესახებ მეტად სიტყვაძუნწები არიან, გარკვეული ცნობები მაინც არსებობს და უნდა ჩავთვალოთ, რომ ჯარის შემადგენლობაში გლეხებიც იყვნენ, რომლებსაც არმიის მომსახურების ფუნქცია ექნებოდათ და ქვეითადაც იბრძოდნენ.[3] მ. წურწუმიას აზრით, „მნიშვნელოვანი ბრძოლების დროს, როდესაც ბრძოლის ველზე მრავალრიცხოვანი ლაშქარი გამოდიოდა, ჯარის ძირითად მასას ქვეითები ქმნიდნენ, რომლებიც მოსახლეობის დაბალი ფენის წარმომადგენლებით კომპლექტდებოდნენ“, [მ. წურწუმია, 2014: 32] თუმცა მისივე თქმით „სამხედრო საქმიანობაში ჩართული იყო მათი მხოლოდ მცირე ნაწილი, საერთო ჯამში გლეხთა ფენის მეტად მცირე ნაწილი.“ (გვ. 33). ქვეით ჯარს უერთდებოდნენ მთიანეთში მცხოვრები თავისუფალი მეთემეებიც (ჩხატარაიშვილი 1979:25–31).
ყივჩაღები (XII-XIII სს.). ვიქტორ კოროლკოვის ნახატი
მაღალი ფენის წარმომადგენლები ქმნიდნენ კავალერიას. სოსო მარგიშვილი და მამუკა წურწუმია თვლიან, რომ ეს მძიმედ შეჭურვილი კავალერია იყო. მარგიშვილი, ადარებს რა ქართულ ფეოდალურ არმიას და მის მოწინააღმდეგე მომთაბარე არმიებს და ასკვნის, რომ ქართულ არმიას აკლდა მობილურობა და დისტანციური ბრძოლის უნარი, ახასიათებდა ყველა ის ნაკლი რაც საერთოდ ყველა ფეოდალურ არმიას: რეგულარული არმიის არარსებობის პირობებში სწრაფი შეკრების შეუძლებლობა და მოუხერხებელი სტრუქტურა, ცალკეული ერისთავების თვითნებობა და განდგომა, მძიმე შეიარაღების გამო სისწრაფის უქონლობა და ა.შ. უფრო მეტიც, მკვლევრის აზრით, ყივჩაღების საქართველოში ჩამოსახლება აღმაშენებელმა სწორედ იმიტომ გადაწყვიტა, რომ მსუბუქი მოისარ–ცხენოსნების დანაკლისი შეევსო: „ყივჩაღთა მსუბუქი ცხენოსანი რაზმების (იხ. სურ. 2.1) ფეოდალური არმიის სამხედრო ორგანიზაციაში ჩართვით დავით აღმაშენებელმა რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა (მომთაბარეთა წინააღმდეგ ბრძოლის, სასაზღვრო რეგიონების დაცვის, მეზობელი მტრული ერთეულების წინააღმდეგ ეფექტური სამხედრო ძალის შექმნის და ა.შ.) ერთდროულად გადაჭრა, რომელთაგანაც ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ქართული არმიის მობილურობისა და დისტანციური ბრძოლის უნარის ამაღლება, რითაც ქართული არმია საბრძოლო-ტაქტიკური შესაძლებლობებით გაუთანაბრდა (და შესაძლოა გადააჭარბა კიდეც) სელჯუკური არმიების ბრძოლისუნარიანობას.“ [ს. მარგიშვილი, 2006: 186] როგორც ჩანს, მომთაბარე ტომების – ალანების, ყივჩაღების, ქართულ არმიაში მოქირავნეებად ჩართვა ემსახურებოდა ამ მიზანს – მომთაბარეებთან მომთაბარული ტაქტიკით ბრძოლას.
XIII საუკუნის მინიატურა, რომელზეც გამოსახულია რაინდი რიჩარდ მარშალი „წაგრძელებული შუბით", რომლითაც ბალდუინ დე გუინეს ორთაბრძოლაში ამარცხებს
„საბოლოოდ, შუა საუკუნეების საქართველოს სამხედრო მოწყობა ასე შეიძლება წარმოვიდგინოთ: 1.წამყვან როლს თამაშობდნენ აზნაურ–დიდებულები, რომლებიც ცხენზე ამხედრებულნი, მძიმედ შეჭურვილები გადიოდნენ ბრძოლაში; 2.მათი რიცხვი საკმარისი არ იყო ომის საწარმოებლად და რიგებს ავსებდნენ ქვედა ფენებიდან დაწინაურებული მსახურები, რომლებიც ასევე ცხენით (აზნაურული წესით) იბრძოდნენ; 3. პატრონ–აზნაურებს ომში თან ახლდნენ დაბალი ფენის წარმომადგენლები („წვრილი ერი“, „გლეხობა“), რომლებიც პატრონს ემსახურებოდნენ და ქვეით ჯარს შეადგენდნენ; ქვეითი ჯარის რიცხვს ავსებდა მთის სხვადასხვა თემიდან გამოსული ქვეითი მოლაშქრეებიც.“ [მ. წურწუმია, 2013: 127]
რაც შეეხება აღჭურვილობას, როგორც აღვნიშნეთ, საქართველოს სამხედრო ისტორიაში ბევრი კითხვის ნიშანია და ეს საკითხიც არაა გამონაკლისი. ძალიან რთულია ეპოქების მიხედვით ქართული შეიარაღების განვითარების ეტაპების განსაზღვრა, თუმცა პირდაპირი თუ ირიბი წყაროების, იმდროინდელი მეზობელი ქვეყნების გამოცდილებასთან შედარებით, დაახლოებითი სურათის აღდგენა შესაძლებელია. სოსო მარგიშვილი „ხელმწიფის კარის გარიგებისა" (XIV ს.) და „წესი და განგება მეფეთ კურთხევისას" (XIII ს.) მიხედვით თვლის რომ ქართველი მძიმე ცხენოსანი დაცული იყო მუზარადით, ჯაჭვის პერანგით (სამხრეულებთან და საბარკულებთან ერთად) და ფარით. საბრძოლო იარაღს კი შეადგენდა, შუბი, ხმალი და ლახტი. რაც შეეხება ცხენებს, როგორც ჩანს, მათ დასაცავად ლითონის ჯავშანი არ გამოიყენებოდა, ხოლო „ხელმწიფის კარის გარიგებაში" დასახელებული „საცხენე ჯავშანი" (მანჯუვები აბრეშუმისა, ცხენის ყელსაბამი მოჭედილი, კანჯრის კუდი) უფრო აკაზმულობის გასალამაზებელი დეტალები იყო, ვიდრე დამცავი ელემენტები. (ს. მარგიშვილი, 2006: 186–187). მამუკა წურწუმია არ ეთანხმება თითქოს ცხენის აბჯარი არ გამოიყენებოდა საქართველოში. მისი სტატია „ცხენის აბჯარი შუა საუკუნეების საქართველოში“ მთლიანად ამ საკითხს ეხება და ამტკიცებს, რომ ელიტარული მეომრები ცხენს აბჯრით იცავდნენ. უფრო მეტიც, მისი აზრით ქართველი ცხენოსნების აღჭურვილობა იმდროინდელ ბიზანტიურ კავალერიაზე უფრო მძიმე იყო (მ. წურწუმია, 2012: 96). ცხენოსნის აღჭურვილობის დამძიმებას უზანგის გამოჩენამ შეუწყო ხელი. შუბით ბრძოლის ტაქტიკაც დაიხვეწა და დამკვიდრდა წაგრძელებული შუბის ძგერება, რადგან ამიერიდან მეომარს შეეძლო უზანგებზე დაყრდნობით უნაგირიდან წამოწეულიყო.(იხ. სურ. 2.3)
ქართველი აზნაური-მოლაშქრე სრული აღჭურვილობით (XI-XIII ს.), გიორგი წიკლაურის ნახატი
როგორც უკვე აღინიშნა, მიუხედავად მძიმე ცხენოსნებისა და კავალერიის წამყვანი როლისა, არმიის გარკვეული ნაწილი მაინც ქვეითები იყვნენ. მათ შეიარაღებას ძირითადად შუბი და მშვილდი შეადგენდა. აგრეთვე ისინი აუცილებლად გამოიყენებოდნენ ალყის დროს.
საინტერესოა, რომ ქართველ დიდებულთათვის, ისევე როგორც ევროპელებისათვის, მშვილდით ბრძოლა სირცხვილად მიიჩნეოდა და მას მხოლოდ ნადირობის დროს იყენებდნენ. მაშინ როცა გარემომცველ ისლამურ სამყაროში პრესტიჟულ იარაღად ითვლებოდა. (მ. წურწუმია, 2014: 65).
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ქართული არმია ოთხ სადროშოდ გამოდიოდა ბრძოლის ველზე და ეს სისტემა ერთიანი სამეფოს დაშლის შემდეგაც უცვლელი დარჩა.
3. ბრძოლა
მონღოლებმა 1220 წლისათვის გაანადგურეს ხორეზმის იმპერია, ქალაქები ღაზნი, ჰერათი, მერვი მიწასთან გაასწორეს. მონღოლთა გამოჩენილი სარდალი სუბუდაი არ იღებდა ამ ბრძოლებში მონაწილეობას, ის დაბრუნდა კასპიისპირა ბანაკში და ჩინგიზ–ხანს შეხვდა. შეხვედრის დროს თავის მხედართმთავარს გადასცა ცნობები, რომლებიც ყივჩაღებისგან მოიპოვა კასპიის ზღვის მიღმა მდებარე მიწების შესახებ, სადაც „ვიწროსახიანი და ღია ფერის–თმიანი ცისფერთვალება ხალხი ცხოვრობს“. [R. Gabriel, 2006, 88] მან შესთავაზა ჩინგიზ-ხანს გაეგზავნა 20 ათასკაციანი არმია დასაზვერ ლაშქრობაში. ისინი შემოუვლიდნენ კასპიის ზღვას და „ყივჩაღების მიწაზე“ ანუ ჩრდილოეთ კავკასიაში გადავიდოდნენ, საიდანაც კვლავ მონღოლეთში დაბრუნდებოდნენ. ჩინგიზ-ხანმა მოიწონა ეს აზრი, სუბუდაის და ჯებეს 3 წლიანი ვადა მისცა და დაიწყო ლაშქრობა, რომელიც „ყველაზე ღირსშესანიშნავი საცხენოსნო ლაშქრობა გახდა სამხედრო ისტორიაში.“ (R. Gabriel, 2006: 88)
სუბუდაი მამაცი („bagatur”) ერთ–ერთი უდიდესი სამხედრო სტრატეგი იყო სამხედრო საქმის ისტორიაში. მას საკმაოდ დიდხანს ვერ ამჩნევდა ევროპული ისტორიოგრაფია, თუმცა XIX საუკუნის შუა ხანებიდან თანდათანობით დაიწყეს მისი მოღვაწეობის აღწერა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჩინგიზის რეფორმის შედეგად მონღოლურ არმიაში სამხედრო ნიჭისა და უნარების წყალობით ნებისმიერი წარმოშობის ადამიანს შეეძლო წარმატებული კარიერა გაეკეთებინა და სარდალიც კი გამხდარიყო. სწორედ ამის საუკეთესო მაგალითია სუბუდაი. ის წარმოშობით ციმბირიდან იყო. მჭედლის ვაჟი მონღოლებისგან განსხვავებულად იზრდებოდა: მას ბავშვობაში ცხენის ჭენებას და ისრის სროლას არავინ ასწავლიდა. თემუჩინის არმიას 14 წლის ასაკში შეუერთდა თავისი ძმის ჯელმეს კვალდაკვალ, რომელიც უკვე მეთაური იყო. დაახლოებით 10 წელიწადში ის სარდალი გახდა და ავანგარდის 4 დუმანიდან ერთი ჩააბარეს. 1212 წელს შტურმით აიღო ქალაქი ჰუანი და ჩინგიზ–ხანმა თავისი ერთ–ერთი „ომის ქოფაკი“ უწოდა. სუბუდაის მიიჩნევენ მონღოლური სამხედრო რეფორმების ნამდვილ ავტორად. მან დანერგა საინჟინრო მანქანების გამოყენება ალყის დროს და გაიაზრა ზოგადად ინჟინრების როლი ომში. მან უხელმძღვანელა მანამდე წარმოუდგენელი მასშტაბის ჯარებს, მოიგო თორმეტზე მეტი საომარი კამპანია, მონღოლთა დაპყრობები გააფართოვა დასავლეთით.
„საიდუმლო ისტორია“ ამბობს, რომ „თემუჩინს ომის 4 ქოფაკი ჰყავს. მათ თითბერის შუბლები და რკინის გულები აქვთ, ქარს დააჭენებენ და ადამიანის ხორცს ჭამენ. თქვენ იკითხავთ, ვინ არიან ისინი? ისინი არიან ჯებე და ხუბილაი, ჯელმე და სუბუდაი.“ [The Secret History of the Mongols, 2005, 175] ხსენებული ჯებე დასავლეთით გამოგზავნილი ჯარის მეორე მეთაური იყო, ამიტომ საინტერესოა მასაც გავეცნოთ. „საიდუმლო ისტორია“ გადმოგვცემს, რომ როცა ჩინგიზი ჯერ კიდევ შინატომობრივ ბრძოლებში იყო ჩართული, კაცი – სახელად ჯირქუდაი მისი მტერი იყო – ტაიჩუდების მხარეს იბრძოდა. მან მთის მწვერვალიდან სტყორცნა ისარი თემუჩინის ცხენს და კისერში დაჭრა. შემდეგ კი ყაენს გამოეცხადა და აუწყა, „მე ვესროლე ისარი შენს ცხენს მთის მწვერვალიდან. თუ სიკვდილით დავისჯები, ჩემგან მხოლოდ მტვრის მარცვალი დარჩება ხელის გულზე, ხოლო თუ შემიწყალებს ყაენი, მის სასარგებლოდ ვიბრძოლებ; მისთვის შევუტევ, მისთვის გავარღვევ ადიდებულ წყლებს, მისთვის გამოვხრავ ელვარე ქვებს..“ (The Secret History of the Mongols, 2005, 125) თემუჩინმა შეიწყალა, უწოდა ჯებე – რაც „ისრის პირს“ ნიშნავს და სარდლად დანიშნა.
მონღოლთა ძირითადი ლაშქრობები ჩინგიზ-ხანის დროს
მონღოლები „ჯარის სათავეში აყენებენ ორ ან სამ მეთაურს, მაგრამ ისე, რომ ისინი ერთს ემორჩილებოდნენ.“ [Pian del Carpine, 1996: 49] სავარაუდოდ ჩვენსკენ გამოგზავნილი ჯარის მთავარი მეთაური სუბუდაი იქნებოდა. „საიდუმლო ისტორია“ წერს, რომ ჩინგიზმა სუბუდაი გააგზავნა 11 ტომის დასაპყრობად და ჩამოთვლის თურქული წარმოშობის ტომებს, მათ შორის ყივჩაღებს, კასპიისპირეთისა და ვოლგისპირეთის ხალხებს (The Secret History of the Mongols, 2005, 253). ჯებე ნახსენები არაა. თუმცა წინა კამპანიაში, რომელიც ხორეზმელთა წინააღმდეგ იყო მიმართული სწორედ ის არის ავანგარდის მეთაური, სუბუდაის კი არიერგარდი აბარია. (The Secret History of the Mongols, 2005, 248–249). სამაგიეროდ სხვა წყაროების თანახმად დასტურდება, რომ ჯებე ნამდვილად იყო კავკასიისკენ წამოსულ არმიაში, ოღონდ ამჯერად ალბათ სუბუდაის ექვემდებარებოდა, რადგანაც სწორედ სუბუდაი ჩანს მთავარ გმირად ამ კამპანიაში.
ამგვარად, 1220 წლის გვიან შემოდგომაზე მონღოლები დასავლეთისკენ დაიძრნენ. ზამთარმა რეის მიდამოებში მოუსწროთ. (ნარკვევები, ტ. 3, გვ. 399), სუბუდაიმ გადაწყვიტა შემოევლო კასპიის ზღვისთვის და ჩრდილო–ირანის მთებით აზერბაიჯანში გადავიდა. რაშიდ ად–დინის მიხედვით: „როდესაც ისინი [მონღოლები] მივიდნენ თავრიზში, ადგილობრივი მმართველი აქ იყო ათაბეგი უზბეკი, ჯეჰან-ფეხლევანის ძე; ის დაიმალა და გაუგზავნა კაცი [მონღოლებს] მშვიდობის დამყარების თხოვნით და თან აახლა დიდძალი ფული და საქონელი; [მონღოლებმა] დადეს ზავი, დაბრუნდნენ უკან და გაემართნენ არანისაკენ გამოსაზამთრებლად.“ [Рашид-ад-Дин, 1952: 227] იბნ ალ–ასირის ცნობით კი მუღანში წავიდნენ. (Ибн ал-Асир, 1946: 137)
აი სწორედ ამ მარშრუტით უწევდათ საქართველოზე გავლა. იმ ხანად სამეფოს საზღვარი მდ. არაქსს მიუყვებოდა. რ. გაბრიელი წერს, რომ „მონღოლთა ლაშქრობის ბუნებიდან გამომდინარე, რადგან მათი დანიშნულება მხოლოდ დაზვერვა იყო და გადასვლა სურდათ კავკასიონზე ჩრდილოეთით, შესაძლოა სულაც არ გამოეწვიათ ქართველები ბრძოლაში. მაგრამ თავრიზის გაძარცვამ აფიქრებინა ლაშას, რომ ან ბრძოლის ველზე უნდა გასწორებოდა მონღოლებს, ან თავადაც ათაბაგის ბედს გაიზიარებდა“. [R.Gabriel, 2006: 90]
სრულიად მიუღებელია აზრი, რომ მონღოლები საქართველოში მოულოდნელად გამოჩნდნენ. მათ მანამდე იმ დროის უდიდესი სახელმწიფო – ხორეზმის სამეფო გაანადგურეს, შემდეგ კი მოსაზღვრე ქვეყნებში დათარეშობდნენ, რაც ვერაფრით დარჩებოდა ქართველების ყურადღების მიღმა. თუმცა მართლაც არსებობდა რამდენიმე შეცდომა, რომელსაც მონღოლებთან დაკავშირებით უშვებდნენ - ისინი ხომ მართლაც სრულიად უცხო ტომი იყო ცივილიზებული ახლო აღმოსავლეთისთვის. მთავარი შეცდომა იყო ის, რომ მათ ქრისტიანებად მიიჩნევდნენ. ჩინგიზ–ხანის გვარის ტოტემი – იაკის გადაჯვარედინებული ძვლები („ტუგი“) შორიდან ჯვარს ჰგავდა, ამიტომ თავიდან ჩინგიზს აღიქვამდნენ როგორც მუსლიმების გასანადგურებლად ღვთისაგან გამოგზავნილ ქრისტიან მეფეს. ივანე მხარგრძელიც თითქოს ამას აღნიშნავს რომის პაპ ჰონორიუს III–სადმი მიწერილ წერილში: „როდესაც ჩვენ ვემზადებოდით იარაღის, სურსათის, ცხენებისა და მებრძოლთა საჭირო მარაგით, რათა წამოვსულიყავით ქრისტიანების დასახმარებლად და წმინდა საფლავის გასათავისუფლებლად, ჩვენს ქვეყანას ჯვრის ნიშნებით შენიღბული თათრები შემოესივნენ.“[ტაბაღუა, 1984: 79] ამ ციტატიდან კარგად ჩანს ისიც, რომ ქართველები მონღოლთა გამოჩენის დროს ჯვაროსნული ლაშქრობის სამზადისში იყვნენ და ჯარის ნაწილი მაინც შეგროვებული ჰყავდათ. ეს იქიდანაც დასტურდება, რომ მონღოლებს საკმაოდ ორგანიზებულ წინააღმდეგობას უწევენ და მრავალრიცხოვანი ჯარი გამოჰყავთ. ამ მოვლენების თანამედროვე და მომსწრე აბდ ალ-ლატიფ ალ-ბაღდადი წერს: „როცა [თათრებმა] ქართველთა ქვეყანას მიაღწიეს, ქართველებმა შეჰყარეს თავიანთი ჯარები და შეხვდნენ მათ, მაგრამ დამარცხდნენ. მოიკლა მათგან [ქართველთაგან] 8 ათასი რჩეული მეომარი და დიდძალი ქვეშევრდომი და გლეხი.“ [C. Cahen, 1970, t XXIII, 125] დაღუპულების რიცხვიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ქართველთა ჯარი რიცხოვნობით 10 ათასს მაინც აჭარბებდა და შესაძლოა 15-20 ათასამდე მეომრისაგან შედგებოდა.
მონღოლთა ლაშქრობები კავკასიასა და რუსთა სამეფო-სამთავროების მიმართულებით (ნიკა ხოფერიას რუკა)
ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანი და რთული საკითხია არმიის რაოდენობა. რაშიდ ად–დინის ცნობით მონღოლებს ჩინგიზ–ხანის გარდაცვალების დროისთვის (1227 წელი) 123 ათასიანი არმია ჰყავდათ. „გადმოცემის თანახმად, რეფორმების პერიოდში თემუჩინს ჰყავდა 95 მინგანი, ანუ 95 ათასი კაცი, მაგრამ ბევრი დანაყოფი ჯერ კიდევ არ იყო ბრძოლისუნარიანი და ჯარის საერთო რიცხვი, სავარაუდოდ 80 ათასს არ აღემატებოდა“. [ჯ. უეზერფორდი 2012, 88] ეს ისე არ უნდა გავიგოთ, თითქოს ერთ ბრძოლაში გამოდიოდა ამდენი ადამიანი. წყაროებიდან ჩანს, რომ სხვადასხვა კამპანიაში ერთობლივად 2–3 დუმანი, ანუ 20–30 ათასი კაცი იკრიბებოდა, როგორც ამ შემთხვევაში მოხდა. იმ დროისათვის ესეც საკმაოდ დიდი არმიაა. თანამედროვე მსოფლიო ისტორიოგრაფიაში დიდი ხანია გარკვეულად ითვლება, რომ შუა საუკუნეების დროინდელი, როგორც ქრისტიანული, ასევე მაჰმადინური არმიები არ გამოირჩეოდნენ დიდი მრავალრიცხოვნობით და საშუალოდ, ამა თუ იმ ქვეყნის სიდიდის, ეკონომიკური რესურსებისა და სახელმწიფო ორგანიზაციის განვითარების დონის გათვალისწინებით უნდა განვსაზღვროთ. შუა საუკუნეების ევროპაში დიდი სამხედრო ამოცანებისათვის ზოგჯერ 10-15 ათასიანი არმიაც სავსებით საკმარისი იყო, ახლო აღმოსავლეთში კი, სადაც შუა საუკუნეებში სხვადასხვა დროს ისეთი მსხვილი და ადამიანური თუ ეკონომიკური რესურსებით მდიდარი სახელმწიფოები გვხვდებოდა, როგორიც იყო ბიზანტიის იმპერია, ბაღდადის სახალიფო, ფატიმიანების ეგვიპტე, სელჯუკთა სასულთნო, შემდგომში მონღოლთა სახელმწიფოები და ა.შ. უფრო მრავალრიცხოვანი არმიების გამოყვანის საშუალება არსებობდა. ასეთი არმიები 20-25 ათასიდან 40-50 ათასამდე აღწევდა, იშვიათად იკრიბებოდა და მათი დროებითი ორგანიზება გიგანტურ სახელმწიფოებს ან სახელმწიფოთა კოალიციას შეეძლო. (ს. მარგიშვილი, 2006: 73; Г. Дельбрюк, Т. 3, 1996: 140-141) ისტორიულ ქრონიკათა ავტორებს უბრალოდ არ შეეძლოთ ზუსტად და ობიექტურად განესაზღვრათ რიცხვები. ისინი ამ მონაცემებს იღებდნენ ან ომების მონაწილეებისაგან, ან მოვლენებთან ახლოს მდგომი პირებისაგან, რომლებმაც ან თავად არ იცოდნენ ზუსტი რიცხვები, ან დაინტერესებულნი იყვნენ მათი შემცირება - გაზვიადებით. ის ფაქტი, რომ წერილობით წყაროებში არმიების სიდიდეები თითქმის გამონაკლისის გარეშე, მხოლოდ დამრგვალებულ რიცხვებშია მოცემული, უკვე მათ უზუსტობაზე მიუთითებს, რაც იმ პირობებში, როდესაც არ არსებობდა დიდ რაოდენობათა დათვლისა და აღრიცხვის არანაირი საიმედო სისტემა, სავსებით ბუნებრივი იყო. [ს. მარგიშვილი, 2006: 75; Г. Дельбрюк, Т. 3, 1996: 140-141]
მეფე გიორგი IV ლაშა (ბერთუბნის ფრესკა)
როგორც ცნობილია საქართველოს სამეფოში გამოყოფილი იყო მონაპირე საერისთავოები, რომელთა პირდაპირი მოვალეობა იყო დაეცვათ საზღვრები და პირველი რეაქცია მათ მოეხდინათ შემოჭრილ მტერზე. ალბათ სწორედ მათ გაუწიეს პირველი წინააღმდეგობა და დამარცხდნენ. მონღოლებმა ბუნებრივია დაიწყეს მოსახლეობის გაჩანაგება, რათა შეევსოთ მარაგი. ამის შემდეგ როგორც ჩანს, ქართველებმა უფრო ძლიერი ლაშქარი შეკრიბეს და გენერალური ბრძოლისთვის მოემზადნენ, რომელშიც თავად მეფე იღებს მონაწილეობას და მიუძღვის ლაშქარს. ჟამთააღმწერელი გადმოგვცემს, რომ ლაშა–გიორგიმ შეკრიბა 90 ათასი მეომარი: „მეფემან მოუწოდა სპათა თვისთა, იმერთა და ამერთა, და შეკრიბა ოთხმოცდაათი ათასი მხედარი“. [ჟამთააღმწერელი,2012: 166] აკანელის თანახმად ქართველები 60 ათასი იყვნენ. ეს რიცხვი უფრო მისაღები ჩანს, თუმცა მაინც ეჭვის ქვეშ დგება ერთ კონკრეტულ ბრძოლაში ამხელა ლაშქრის თავმოყრა საკმაოდ მოკლე დროში და მონღოლების მხრივ მათთან ღიად დაპირისპირება გაშლილ ველზე. როგორც აღვნიშნეთ, რიცხვების უზუსტობა ბევრი მიზეზითაა გამოწვეული. პირველ რიგში ისტორიკოსთა არაობიექტურობით, (მტრის გაზვიადება, საკუთარი ძალების შემცირება), მეორე რიგში კი საერთოდ „ძალიან რთულია დიდი რაოდენობის ხალხის ზუსტი რიცხოვნობის დადგენა. ეს არც მთავარსარდლისთვის არის ისეთი ადვილი, როგორც ჩვეულებრივ ფიქრობენ. თითქოს ჩანს, რომ უმცროსი მეთაურების მოხსენებების მიღების შედეგად შეიძლება მეთაურისთვის თავისი ლაშქრის ზუსტი რაოდენობის გაგება, მაგრამ აქ ჩნდება კითხვაც – სწორია კი ეს მოხსენებები? მეტად რთულია განსაზღვრო და მუდამ წესრიგში გქონდეს ინფორმაცია მწყობრში მყოფ, დაჭრილ, დაღუპულ თუ დათხოვილ სამხედროებზე.“ [Г. Дельбрюк, Том II, 1999, 209].
ამ კონკრეტულ ბრძოლასთან დაკავშირებით უცნაურობას ვხვდებით ჟამთააღმწერელთან, რომელიც ჩვენს რაოდენობას, როგორც ზემოთ ვნახეთ, 90 ათასით განსაზღვრავს, მტრისას კი 12 ათასით: „ხოლო ესენი წამოვიდეს ათორმეტითა ათასითა მხედრითა“. [ჟამთააღმწერელი, 2012, 166]
მონღოლები დაბანაკებულნი იყვნენ ბერდუჯის პირას. სხვადასხვა მატიანეების მიხედვით ბრძოლა მოხდა: საგიმის ველზე, კოდმანის ველზე, ხუნანის ველზე. „ხოლო იგინი, დაბანაკებულნი წყალსა ზედა ბერდუჯსა და აწ საგიმად წოდებულსა, მყის ამხედრდეს და ეწყვნეს ურთიერთას, და იქმნა ძლიერი ბრძოლა.“ [ჟამთააღმწერელი, 2012: 166] ცნობილია, რომ ხუნანის მხარე იყო მონაპირე და იყო არანის (აზერბაიჯანი) მოსაზღვრე. რადგან მონღოლები არანისკენ მიდიოდნენ, ბუნებრივია რომ ამ საერისთაოზე გაევლოთ. ამიტომ ყველაზე შესაფერს ლოკაციად ხუნანი გვეჩვენება.(იხ. სურ. 3.1)
მარცხენა ფლანგს სარდლობდა ივანე ათაბაგი, მარჯვენას კი გაგის მფლობელი ვარამი. (გრიგოლ აკანელი, 1961,9–10) ორი სომეხი ისტორიკოსი – გრიგოლ აკანელი და ვარდანი [ს. მარგიშვილი, 2012: 478] გადმოგვცემენ, რომ ვინმე ჰამიდოლამ, მანასაგომის[4] პატრონმა შურისძიების მიზნით გადაუჭრა ძარღვი ივანეს ცხენს და ამან არია ლაშქარი. გრიგოლ აკანელის თანახმად ეს ბრძოლის დასაწყისშივე მოხდა. (გრიგოლ აკანელი, 1961: 9–10)
მამუკა წურწუმიას თავის დისერტაციაში ნაჩვენები აქვს, რომ ქართველები წაგრძელებული შუბის ტაქტიკით ცხენოსანთა შოკური დარტყმის პრინციპს იყენებდნენ. ეს ტაქტიკა დამკვიდრდა X-XII საუკუნეებში ბიზანტიაში, ახლო აღმოსავლეთსა და ევროპაში. წაგრძელებული შუბის გამოყენება გულისხმობდა მხედრის მიერ შუბის მკლავქვეშ უძრავად ამოდებას და ცხენის ძალის სრულად გამოყენებას მოწინააღმდეგისათვის ძლიერი დარტყმის მისაყენებლად. ასეთი დარტყმის დროსა ადამიანისა და ცხენის ენერგია შუბის წვერზეა კონცენტრირებული. მკლავქვეშ მხოლოდ შუბის ბოლო ჰქონდათ ამოდებული, რის გამოც მისი წვერი უფრო მეტად წინ იყო მიმართული. ასეთი ტაქტიკით მებრძოლი მხედრობის მასიური იერიში გამანადგურებელ ძალას წარმოადგენდა და მას მოწინააღმდეგის რიგების გარღვევა და მწყობრის დაშლა მოსდევდა. ამ ტაქტიკის ანუ „ცხენოსანთა შოკური დარტყმის" განხორციელება მხოლოდ უაღრესად დისციპლინირებულ არმიას შეეძლო. ქართულ ისტორიულ წყაროებში ჩანს, რომ ამ ტაქტიკას ქართული მხედრობაც იყენებდა და წარმატებითაც. ბრძოლისას, წყობა ნაადრევად რომ არ დაერღვია, ქართული მხედრობა (რაინდული კავალერიის მსგავსად) ჯერ ნელი ტემპით უახლოვდებოდა მტერს და მხოლოდ უშუალოდ შეტაკების წინ ცოტა აჩქარდებოდა და ბოლოს მთელი ძალით შეასკდებოდა მოწინააღმდეგის რიგებს (წურწუმია, 2014: 54-60). ეს განაპირობებდა სწრაფ გამარჯვებას მსუბუქად შეიარაღებულ მუსლიმურ არმიებზე. აღნიშნული ტაქტიკა ბიზანტიაში შემოიღეს და გასაკვირი არაა, მალევე, X საუკუნეშივე გადმოეღოთ ქართველებსაც, რომლებსაც ინტენსიური შეხება ჰქონდათ ბიზანტიურ სამხედრო საქმესთან. თუმცა წაგრძელებული შუბით ბრძოლის წესს თავისი სისუსტეებიც ჰქონდა. მაგალითად ის ნაკლებად გაამართლებდა ისეთ მოწინააღმდეგესთან, რომელიც დისტანციურ ბრძოლას ამჯობინებდა. ასეთი ტაქტიკა კი ჰქონდათ მონღოლებს. თუ ისინი ხელჩართულ ბრძოლაში არ ჩაერთვებოდნენ და უშუალოდ ცხენდაცხენ არ შეებმოდნენ ქართველ მძიმედ აღჭურვილ მხედრებს, ამ უკანასკნელებს გაუჭირდებოდათ მიწვდომოდნენ მშვილდ-ისრით შეიარაღებულ, მსუბუქად აღჭურვილ მოწინააღმდეგეს, თვითონ კი მისი სამიზნეები გახდებოდნენ.
ქართველებისა და მონღოლების ბრძოლის სქემა (ავტ. ნიკა ხოფერია)
ბრძოლის მიმდინარეობა საფუძველს იძლევა ვიფიქროთ, რომ ქართველებმა მართლაც ამ ტაქტიკით დაიწყეს შეტევა. მონღოლები ვერ უძლებენ პირველ ტალღას, უკუიქცევიან და ქართველები იწყებენ დევნას. ეს კი შეცდომა აღმოჩნდა. მონღოლები საკმაოდ ხშირად იყენებდნენ ჩასაფრების ტაქტიკას. როგორც უკვე არაერთგზის აღვნიშნეთ, მსუბუქ და მობილურ მომთაბარე არმიას არ უჭირდა განევითარებინა საჭირო სიჩქარე და მოხერხებულობა. ისინი სწრაფად ტოვებდნენ ბრძოლის ველს, ხოლო მდევარი წინასწარ ჩასაფრებულ რაზმს აწყდებოდა, შემდეგ გაქცეულებიც უკან ბრუნდებოდნენ და მტერი ალყაში მოქცეული რჩებოდა. გამარჯვება დამარცხებად ექცეოდა. ხუნანის ველის ბრძოლაშიც ეს სცენარი ვითარდება და ჟამთააღმწერელი ასე გადმოგვცემს ამ ამბავს: „ნახევარი ივლტოდეს თათარნი, და ნახევართა მზირი ეყო, და უკანით მოუხდეს“. [ჟამთააღმწერელი, 2012: 166] მეფემ გადარჩენილ ლაშქართან ერთად თავს უშველა.(იხ. სურ. 3.2)
ჯეიმს ჩამბერსი და რიჩარდ გაბრიელი ფიქრობენ, რომ ამ ბრძოლაში ქართული არმია მთლიანად განადგურდა. ეს აზრი არ მიგვაჩნია სწორად, რადგან ჯარის გარეშე დარჩენილ ქვეყანას სერიოზული პრობლემები დაეწყებოდა. განუდგებოდნენ ვასალები, (მითუმეტეს, რომ მცდელობები ლაშას გამეფებისთანავე ჰქონდათ), აჯანყდებოდნენ მოხარკეები, მაგრამ მსგავსი მოვლენები არ ჩანს. პირიქით, გიორგი IV თავისი დის ქორწინების საკითხით არის დაკავებული და ამ სამზადისის დროს გარდაიცვალა ბაგავანში. „დიდითა შემოხუეწითა სთხოვა შარვან–შაჰმან. უქადეს და უბრძანეს მიცემისა პირი. გაგზავნა შარვანს ქართლისა ერის–თავი და თვით გიორგი მეფე ბაგავანს მივიდა გაკაზმად და მიცემად დისა მისისა და ათ დღე [დაყო], დრო იყო წასვლისა მისისა, ხოლო მოგუაგო ღმერთმან პატიჟად ცოდვათა ჩუენთა: მოკუდა გიორგი მეფე ბაგავანს, იანვარსა თურამეტსა, დღესა ოთხშაბათსა, ქრონიკონი იყო ოთხას ორმოცდაორი.“ [ლაშა–გიორგის დროინდელი მემატიანე] შემდეგ კი ქვეყანას ჯალალ ად–დინის შემოსევების დახვედრა მოუწია და არსად არ ჩანს, რომ ჯარი განადგურებული იყოს. თუმცა მონღოლებისაგან დიდი ზარალი რომ იწვნიეს – ეს ცხადია.
საინტერესოა, რომ გიორგი IV–ს მემატიანეს თხრობა ისე მიჰყავს, თითქოს ორივე ბრძოლაში ქართველებმა გაიმარჯვეს. მხოლოდ ჟამთააღმწერელი აღიარებს, რომ აქამდე დაუმარცხებელი გორგასლიან–დავითიანი დროშა იძლია და ქართველებმა დიდხანს ვეღარ მოიპოვეს გამარჯვება „თათრებზე“. (ჟამთააღმწერელი, 2012: 167)
სუბუდაისა და ჯებეს ჯარმა დარუბანდით ჩრდილოეთისკენ გასწია. ალ–ბაღდადი წერს: „ქართველებმა სხვა ჯარი შეკრიბეს და დახმარებისათვის მიმართეს არზან არ-რუმის ლაშქარს, მაგრამ თქვა ხალხმა: ისინი [თათრები] არ დაბრუნებულან და როცა გაძლიერდა ქართველთა ძალა, გაბრუნდნენ უცნობი გარემოებისა და საშიში მიზეზის გარეშე... ეს მოხდა 1221-22 წელს და მე ამ დროს ვიყავი არზანში... შემდეგ თათრები მიიქცნენ შირვანისაკენ, დაიპყრეს მახვილით, მოსრეს დედაბუდიანად, ძალით მახვილით, გადაჭრეს დარუბანდი, გადაუარეს ყივჩაღებსა და ალანებს და მოსრეს მახვილით.[ C. Cahen, 1970, t. XXIII: 126; ჯაფარიძე, 2012: 231]
ჯუვეინი წერს: „შირვანის გზას გაჰყვნენ და დარუბანდს გავიდნენ. არავის ახსოვდა, რომ ოდესმე რომელსამე ლაშქარს გაევლო იქ ან საომრად მოსულიყო. [მონღოლებმა] ეშმაკობა იხმარეს და ისე გაიარეს იქ“, [ჯუვეინი, 1974, 21] ანუ ბრძოლას თავი აარიდეს. სამაგიეროდ არ მორიდებიათ „ყივჩაღებისა და ალანების მოსრვა“. [C. Cahen, 1970, t XXIII 126] ეს მეტყველებს იმაზე, რომ ქართულმა არმიამ ჯეროვანი წინააღმდეგობა გაუწია მათ და მონღოლებმა აღარ ისურვეს მასთან შეტაკება. ჩრდილოეთით ჯებემ და სუბუდაიმ ბრძოლით გადაიარეს სტეპები და 1223 წლის 31 მაისს მდინარე კალკასთან სასტიკად დაამარცხეს რუსებისა და ყივჩაღების გაერთიანებული არმია. „აქ თავი მოეყარათ ყივჩაღებს, ჩერნიგოველებს, კიეველებს და სმოლენსკელებს. იმდენნი იყვნენ, რომ ფონზე წყალი არ ჩანდა. აქვე მოვიდნენ გალიჩელები და ვოლინელები მთავრებითურთ. ცხენოსანი ჯარი გამოიყვანეს კურიანებმაც, ტრუბელებმაც, პუტივლელებმაც.“ [„გალიჩ–ვოლინური მატიანე“, 2005: 121–122] აღსანიშნავია, რომ მონღოლებმა ამ ბრძოლაშიც ალყაში მოაქციეს დაბნეული და დეზორიენტირებული მტერი. რუსებისა და ყივჩაღების ავანგარდს სარდლობდა მსტისლავ იღბლიანი, რომელიც არ დაელოდა დანარჩენი ნაწილების მოახლოებას და არც შეატყობინა მათ თავისი გეგმის შესახებ, ისე ჩაება ბრძოლაში. მონღოლი მხედრები წინ და უკან დაჰქროდნენ და ესროდნენ ისრების წვიმას, რომელსაც გამანადგურებელი ეფექტი ჰქონდა. მათ მოახერხეს გაეხლიჩათ შუაზე რუსების არმია და შეჭრილიყვნენ სიღრმეში. ამასობაში ბრძოლის ველს მოუახლოვდნენ ჩერნიგოველები, რომლებსაც წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ რა ხდებოდა და შეეჯახნენ გამოქცეულ ყივჩაღებს. მონღოლებმა გზა გადაუჭრეს უკან დახეულებს და ინტენსიური ზეწოლა დაიწყეს. მსტისლავმა ჯარის ნარჩენებთან ერთად ძლივს გაასწრო ცოცხალმა.
მონღოლი მეომარი აგროვებს გასროლილ ისრებს კალკასთან ბრძოლის შემდეგ.
ანგუს მაკბრაიდის ნახატი
მთელი ეს ეპოპეა შუა აზიიდან რუსეთამდე, როგორც უკვე ვთქვით, 20–30 ათასიანი არმიით განხორციელდა. სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს რომ მათ გზადაგზა უერთდებოდნენ და დანაკლისს უნაზღაურებდნენ სხვა ხალხის მებრძოლები, მაგალითად ქურთები, ანდაც სხვადასხვა თურქული თუ ჩრდილოკავკასიური ტომები, („მონღოლურ არმიათა დიდი ნაწილი, რომელიც შიშის ზარს სცემდა დასავლეთს, შედგებოდა თურქულ ტომთა მეომრებისაგან.“ [J.Keegan, 1993: 155]) მაგრამ მაინც გასაოცარი რჩება ფაქტი, რომ ამხელა კამპანიის წარმოება, შუა აზიიდან რუსეთამდე შესაძლებელია ამ რაოდენობის ჯარისკაცით. აქედან ცხადად ჩანს, რომ ეს რიცხვი მართლა სერიოზული ძალა იყო იმ დროში.
სუბუდაიმ სვლა დასავლეთით შეუჩერებლად გააგრძელა. მონღოლების ლაშქრობის შედეგებს რუსი მემატიანე ასე აღწერს: „აღარ დარჩა გახელილი თვალი, რომ დაეტირებინა მკვდარი“. [H. Chesire, 1926, vol. 5. N. 13, 91] 1241 წელს მონღოლები ლეგნიცასთან დაუპირისპირდნენ პოლონურ–გერმანულს კავშირს, რომელსაც რაინდთა ორდენები – ტევტონები, ტაპმლიერები, ჰოსპიტალიერები ეხმარებოდნენ. ბრძოლის დეტალების ზუსტი აღდგენა შეუძლებელია, მაგრამ ზოგადი სურათი ნათელია. პოლონელებმა გაარღვიეს მონღოლთა ცენტრი და შეიჭრნენ სიღრმეში, რადგან ეგონათ, რომ მტერი უკან იხევდა. ეს იყო იგივე ხრიკი, რასაც მონღოლები ხშირად იყენებდნენ! – მოწინააღმდეგე შეიტყუეს და ალყაში მოაქციეს დასვენებულმა მსუბუქმა მოისრეებმა. მონღოლებმა აგრეთვე გამოიყენეს შავი კვამლი, რომლითაც დააბრმავეს კავალერია და დააშორეს ქვეითებს. სანამ მონღოლთა მძიმე ცხენოსნები მტრის კავალერიას ანადგურებდნენ, ამასობაში მონღოლი მსუბუქი მხედრები პოლონელთა ქვეითებს ცხრილავდნენ. ამ მაგალითიდანაც ჩანს, მონღოლთა ძირითადი ტაქტიკა დამყარებული იყო ჩასაფრებასა და მშვილდოსნების ეფექტიან გამოყენებაზე, რაც გამოიყენეს ჩვენს წინააღმდეგაც.
დასკვნა
ქართული სამეფოსათვის ბრძოლათა სერია მონღოლებთან კარგი გამოცდილება უნდა ყოფილიყო. ისინი შეხვდნენ მტერს, რომელსაც აქამდე არ იცნობდნენ და რომელსაც წინააღმდეგობა ვერავინ გაუწია, ისე გაანადგურეს ნახევარი მსოფლიო. მიაღწიეს უნგრეთამდე და რუსულსა თუ სხვა ევროპულ ენებს სამუდამოდ შემორჩა მათი საომარი შეძახილი „ჰურა“. მონღოლები თავისი სამხედრო ეპოქის ზენიტში იყვნენ. მათ ჰყავდათ განსაკუთრებული სამხედრო ნიჭით დაჯილდოებული მეთაური –სუბუდაი, რომელსაც ლომის წვლილი მიუძღვის მონღოლთა გამარჯვებებში.
ჩინგიზ-ხანის რეფორმებმა სამართლიანობა და წესრიგი დაამყარა მონღოლთა შორის. მას თითქმის არ ჰყავდა მოღალატეები, ყველა წესი იმდენად სამართლიანი და დამაკმაყოფილებელი იყო მომთაბარეთა პრინციპების გათვალისწინებით. სუბუდაიმ კი სამხედრო რეფორმების თვალსაზრისით გაამდიდრა მონღოლური არმია. ამგვარად ეს იყო შეკრული და დისციპლინირებული ორგანიზმი.
ქართველთა მეთაურებს ნაკლები ყურადღება დავუთმეთ, მაგრამ ეს იმითაა განპირობებული. რომ პირველ რიგში მეფისა და მისი სამხედრო მონაცემების შესახებ თითქმის არაფერი ვიცით. მემატიანეები მას სტანდარტულად ახასიათებენ, როგორც თითქმის ყველა მეფეს: „მშვილდოსანი და ცხენოსანი გულოვანი და შემმართებელი, რომელ მისითა მკლავითა ომნი დასხნა და გარდაიხადნა სიმცროსა–ვე შინა სწორნი დავით პაპის–პაპისა მისისანი“ [ლაშა–გიორგის დროინდელი მემატიანე]. ჩანს გიორგი IV ნამდვილად მამაცი და ჭკვიანი სარდალი იქნებოდა, რადგან დავით აღმაშენებელს ადარებს მემატიანე. ივანე მხარგრძელზე უფრო მეტი ვიცით, ის თამარის დროიდან მხედართმთავარი იყო და მრავალ ბრძოლას უძღვებოდა. არანაკლებ წარმატებული სარდალი იყო ვარამ გაგელი და ივანესთან ერთად მონაწილეობდა ირანის კამპანიაში. თუმცა ერთი რამ ცხადია, რაც არ უნდა მამაცები და სამხედრო თვალსაზრისით ნიჭიერები ყოფილიყვნენ ეს ადამიანები, ისინი დახელოვნებული იყვნენ ფეოდალური არმიითა და ფეოდალური წესებით ბრძოლაში, რაც არ გამოდგა დისტანციურად მებრძოლი მომთაბარე მონღოლების წინააღმდეგ.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ქართველებმა ერთ–ერთი ყველაზე ორგანიზებული და ძლიერი წინააღმდეგობა გაუწიეს მონღოლებს. მათ არ აუღიათ არც ერთი ქალაქი საქართველოს ტერიტორიაზე (თუმცა შესაძლოა ეს მათ გეგმებში არც შედიოდა). ქართველებმა ვერაფერი გააწყეს იმ დროის საუკეთესო მშვილდოსნებთან და მათ ტაქტიკასთან. დამარცხების მიზეზიც სწორედ მონღოლების სამხედრო სიძლიერეში და მსგავს ძალასთან დაპირისპირებაში გამოუცდელობაში უნდა ვეძებოთ.
[1] არბანს მეთაურობდა „ბაღათური“. რაც შეგვიძლია გავაიგივოთ ევროპულ „რაინდთან“. ამ სიტყვიდან წარმოიშვა რუსული სიტყვა „bogatir” რაც გოლიათს ნიშნავს, პოლონური “bohater”, რაც გმირს ნიშნავს და უნგრული „bator”, რაც ნიშნავს მამაცს.
[2] როგორც დღესდღეობით დადასტურებულია, ისარი ყველაზე მეტ ზიანს ჭრილობიდან გამოღების დროს აყენებს ადამიანს, რადგან მისი წვეტიანი თავი გლეჯს კანის უჯრედებს, აბრეშუმი კი რომელიც ეხვეოდა ისრის თავს, ზრდიდა მისი უსაფრთხოდ ამოძრობის შანსს (S. Turnbull, 2003: 16).
[3] საქართველოში მონღოლთა პირველი ლაშქრობის თანამედროვე ისტორიკოსი აბდ ალ-ლატიფ ალ-ბაღდადი ქართულ ლაშქარში გლეხებსაც აღნიშნავს: „მოიკლა მათგან [ქართველთაგან] 8 ათასი რჩეული მეომარი და დიდძალი ქვეშევრდომი და გლეხი". C. Cahen, 1970, t. XXIII: 125. გ. ჯაფარიძე, 2012: 235.
[4] ძველი ქალაქი სომხეთში ლორეს ოლქში მდინარე ბედრუჯის (დებედას) ხეობაში.
ბიბლიოგრაფია
1. აბდალაძე გ. საქართველოს მეფე გიორგი IV ლაშა. ავტორეფერატი, ისტ. მეცნ. კანდ. 07.00.01. სამეცნ. ხელმძღვ. ლორთქიფანიძე მ. თსუ. თბილისი, 2006.
2. გარიგება ხელმწიფის კარისა. ქართული სამართლის ძეგლები, ტ. 2. თბილისი: მეცნიერება, 1965.
3. გრიგოლ აკანელი. მოისართა ტომის ისტორია. სომხ. ტექსტი ქართული თარგმანით და კომენტარით გამოსცა ნოდარ შოშიაშვილმა. თბილისი: საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, 1961.
4. ლაშა-გიორგის დროინდელი მემატიანე. [ელ-ვერსია, titus.uni-frankfurt.de/].
5. მარგიშვილი ს. მითები და რეალობა დავით აღმაშენებლის მეფობის შესახებ. თბილისი: სიესტა, 2006
6. მარგიშვილი ს. შუა საუკუნეების სამხედრო ხელოვნება და საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური ისტორია IX-XV საუკუნეებში. თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2012.
7. ჟამთააღმწერელი. „ასწლოვანი მატიანე". ქართლის ცხოვრება, ტ. II. თბილისი: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2012.
8. საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. III. რედ. ზ. ანჩაბაძე, ვ. გუჩუა. თბილისი: მეცნიერება, 1979. [ელ-ვერსია Nplg.gov.ge]
9. ტაბაღუა ი. საქართველო ევროპის არქივებსა და წიგნსაცავებში, ტ. I (XIII-XVI სს.). თბილისი: მეცნიერება, 1984.
10. უეზერფორდი ჯ. ჩინგიზ ყაენი და ახალი სამყაროს დაბადება. თბილისი: ქართული ბიოგრაფიული ცენტრი, 2012.
11. ჯაფარიძე გ. „ახალი არაბული წყარო XIII საუკუნის საქართველოს ისტორიისათვის". ძიებანი, ტ. I. თბილისი: მხედარი, 2012.
12. ჯაფარიძე გ. „გიორგი ლაშას გარდაცვალების თარიღის შესახებ", ძიებანი, ტ. I. თბილისი, 2012.
13. ჯუვეინის ცნობები საქართველოს შესახებ. სპარს. შესავალი წაუმძღვარა, ქართული თარგმ. და შენიშვნ. დაურთო რევაზ კიკნაძემ. თბილისი: მეცნიერება, 1974.
14. შოთა რუსთაველი. ვეფხისტყაოსანი. თბილისი: სახელგამი, 1957.
15. ჩხატარაიშვილი ქ. ნარკვევები სამხედრო საქმის ისტორიიდან ფეოდალურ საქართველოში („ლაშქარ-ნადირობა“ და მისი სოციალური არსი). თბილისი, მეცნიერება, 1979.
16. წურწუმია მ. შუა საუკუნეების ქართული ლაშქარი (900-1700): ორგანიზაცია, ტაქტიკა, შეიარაღება. დისერტაცია. თბილისი: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2014.
17. წურწუმია მ. შუა საუკუნეების ქართული ლაშქრის სოციალური შემადგენლობა და კომპლექტაცია. საქართველოს ისტორიის ინსტიტუტი: შრომები, ტ. VII. თბილისი, 2013.
18. წურწუმია მ. ცხენის აბჯარი შუა საუკუნეების საქართველოში. საქართველოს ისტორიის ინსტიტუტი: შრომები, ტ. V. თბილისი, 2012.
19. ხოფერია ნ. „ვახტანგ გორგასლის ეპოქის სამხედრო ისტორიის საკითხები". საისტორიო კრებული, ტ. 3. თბილისი: მხედარი, 2013.
20. Cahen, C. Abdallatif al-Baghdadi, portraitiste et historien de son temps. BEO: Damas, 1970.
21. Gabriel R. A, Genghis Khan's greatest general : Subotai the valiant. Norman: University of Oklahoma Press, 2006.
22. Kennedy, H.; Keegan, John. Mongols, Huns and Vikings: nomads at war. London: Cassell, 2002.
23. Onon, U (ed.). The secret history of the Mongols: the life and times of Chinggis Khan. Richmond, Surrey: Curzon, 2001.
24. Pian del Carpine, Giovanni da. The story of the Mongols whom we call the Tartars (Historia Mongalorum quos nos Tartaros appellamus). Boston: Branden Pub. Co., 1996.
25. Turnbull, S. R. The Mongols. Oxford, UK; Lond Island City, NY: Osprey Pub., 1980.
26. Turnbull, S. R. Genghis Khan & the Mongol conquests, 1190-1400. Oxford: Osprey, 2003.
27. Turnbull, S. R. Mongol Warrior 1200-1350. Oxford: Osprey, 2003.
28. Дельбрюк, Г. История Военного Искусства в Рамках Политической Истории, Том II. Санкт-Петербург: Наука, 1999.
29. Дельбрюк, Г. История Военного Искусства в Рамках Политической Истории, Том 3. Санкт-Петербург: Наука, 1996.
30. Ибн ал-Асир. Тарих ал-Камиль. Материалы по истории Азербайджана. Баку: Аафан, 1946.
31. Рашид ад-Дин. Сборник летописей, Том 1, Книга 1. Москва, Ленинград: АН СССР, 1952.
თეოდორა ყარალაშვილი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საბაკალავრო ნაშრომი
წყარო http://samxedro-istoria.blogspot.com/2017/09/blog-post.html