1751 წლის 15 თებრვალს მდინარე აგრი-ჩაისთან აჯი-ჩალაბმა დაამარცხა ქართველები. ამ ბრძოლაში მდინარეში ცხენიანად ჩავარდნილი ერეკლე, პაპა ბებურიშვილი-ვაჩნაძის დახმარებით გამოვიდა წყლიდან. მაჩხაანელმა გლეხმა დათუნა ბოსტაშვილმა კი თავისი ცხენი დაუთმო და ერეკლე ამგვარად გადარჩა დატყვევებას.
დღეს ერეკლესა და თეიმურაზის აგრი-ჩაისთან წაგებულ ბრძოლაზე გიამბობთ. ეს ამბავი 1752 წლის 15 თებერვალს მოხდა, თუმცა, ჯერ მის წინაპირობაზე მოგახსენებთ. ქართველობას ლამის არასდროს ჰყოლია ისეთი მოუსვენარი და შემაწუხებელი მტერი, როგორებიც ლეკები იყვნენ მეთვრამეტე საუკუნეში. უბედურება ის გახლდათ, რომ ეს მტერი საქართველოს მეზობლად ცხოვრობდა და ყოველ წამს შეეძლო, ფარულად გადმოევლო მისი საზღვრები, უეცრად დასცემოდა მოსახლეობას, აეკლო და ტყვედ გაერეკა ხალხი.
რასაკვირველია, ქართველები გულხელდაკრეფილნი არ მსხდარან. ფშავ-ხევსურნი და თუშები კედლად ედგნენ ქვეყანას, მრავალმა ლეკმა საუკუნოდ დახუჭა თვალები საქართველოს მთიანეთში, მაგრამ ქართველებს მაინც უფრო მეტი ზარალი მოსდიოდათ ამ განუწყვეტელი ომიანობისგან, ვიდრე ლეკებს. საქმე ისაა, რომ საქართველოს გაშლილ დაბლობში ლეკები ადვილად ახერხებდნენ ნავარდს, ხოლო ქართველებისთვის მეტად ძნელი იყო უზარმაზარ მთებსა და დაბურულ ტყეებში მოქცეულ დაღესტანში შესვლა. ამის გამო თუმცა ხშირად მარცხდებოდნენ ლეკები, მაგრამ მათი ბუნაგი მაინც მუდამ უვნებელი რჩებოდა.
თავიდან კახეთის საზღვრებს უწყეს აოხრება ლეკებმა, მაგრამ მალე ქართლშიც გადავიდნენ სათარეშოდ და იმერეთსაც უწიეს. ამის მოთმენა უკვე აღარ შეიძლებოდა და ქართლ-კახეთის მეფეებმა, მამამ და შვილმა — თეიმურაზმა და ერეკლემ ჭარ-ბელაქნიდან ლეკთა ამოძირკვა გადაწყვიტეს. მოხარკე ერევნისა და განჯის ხანებსაც მოუწოდეს და ხუთიათასიანი ჯარით გასწიეს ნუხისკენ.
იმ დროს იქ ჰაჯი-ჩალაბი ბატონობდა — შთამომავლობით სომეხი, რომელიღაც ტერტერას შვილი. ერთხელ მაჰმადიან მლოცველებს გაჰყოლია მექაში, მაჰმადიანობა მიუღია და რჯულგამოცვლილი, ჰაჯიდ (მლოცველი) სახელდებული დაბრუნებულა დაღესტანში. თუმცა, ესეც არ იკმარა გადასასხვაფერებლად და ახალ სახელს „ჩალაბიც“ მიუმატა, რაც წინასწარმეტყველ მაჰმადის შთამომავლობას ნიშნავს.
ცხადია, რა გავლენასაც მოახდენდა იგი დაღესტნელ მაჰმადიანებზე მარტო ამ სახელწოდებითაც კი.
ჰაჯი-ჩალაბს მაშინდელ დროში სხვა დიდად მოსაწონი და სასარგებლო თვისებანიც ჰქონია. მხნე, ხერხიანი, ეშმაკი, ვერაგი, ცბიერი და გაიძვერა ყოფილა, მოუსვენარი ხასიათი ჰქონია და დიდების მოყვარულიც იყო თურმე. ამიტომ თავზეხელაღებული ავაზაკები შეკრიბა და კახეთის საზღვრების, საინგილო-ნუხის მიდამოების აკლებას მიჰყო ხელი, რასაც სარწმუნოებრივი სარჩული დაუდო...
საინგილოს მისულ ქართველ მეფეთა ჯარმა აღმოაჩინა, რომ ჭარ-ბელაქნის მთელი მოსახლეობა დედაბუდიანად გამქრალიყო — ზოგი სიმაგრეებში შესულიყო და ზოგიც ნუხში გაეხიზნა ჰაჯი-ჩალაბს. მეფეებს კი მოციქული აახლა და შეუთვალა:
„თუ მოეცლებით და მოეშვებით ჭარელთა, ხომ კარგი, თუ არა და, ჭარელებთან ახლა მეც ვდგავარ და თუ ამოწყვეტაა, მეც ჩემი ქვეყნით მაგათთან ერთად ამოვსწყდებიო“.
ქართველთა ლაშქარიც შაქ-შირვანისკენ შებრუნდა და აგრი-ჩაის მიადგა. და იქ უეცრად, თითქოს მიწიდან ამოძვრა თავად ჰაჯი-ჩალაბი. უკან შაქ-შირვანის მხედრობა ედგა, მარჯვნივ — კაკის სულთანი, მარცხნივ — ჭარელი ლეკები, ქუდზე კაცით გამოყრილნი სააბრაგო ბუდეებიდან.
მყისვე საომრად დალაგდნენ ქართველები: წინ ქვემოქართლელნი და ქიზიყელნი — რევაზ ორბელიანისა და თამაზ ანდრონიკაშვილის სარდლობით, მარჯვნივ — ზემო ქართლელნი, მარცხნივ — მუხრანელნი, ზურგში — სამეფო ლაშქარი და „თათრული ჯარები“.
წინ ერეკლე დადგა, უკან — თეიმურაზი.
1751 წლის 15 თებერვალს სუსხიანი ორშაბათი გათენდა. მტრის შუაგულს მიაწვა ერეკლე მეფე. მძლავრად უტევდნენ რევაზ ორბელიანი და თამაზ ანდრონიკაშვილი, „ასე იყვნენ, ქება აღარ უნდა“.
უეცრად გატყდნენ ლეკები, ჰაჯი-ჩალაბმა ცხენი უკან გაატრიალა, ადგილიდან მოწყდა სრულიად ლეკთა მხედრობაც და გაჰყვა ბატონს. დაედევნნენ ქართველები ყიჟინითა და უწყალო ჩეხვით. მალე უნდა დასრულებულიყო კიდეც ბრძოლა, მაგრამ...
მაგრამ უეცრად ლეკი მხედრების დევნაში გართულ ქართველებს ყოვლის მხრიდან საშინელი ყიჟინით მიესივნენ „მიწიდან აღმოხდენილი“ ქვეითი ჯარები. თეიმურაზმა ბრძოლაში ჩააბა სამეფო ჯარიც, ყაზახ-ბორჩალოსა და განჯა-ყარაბაღის „თათრობაც“.
მეწინავე ქართველები მხნედ მიეტევნენ სამი მხრიდან გააფთრებით მომდინარე მტერს:
მაშინ მოწინააღმდეგის მარჯვენა ფრთისკენ წამოუძღვა თავის მხედრობას ჰაჯი-ჩალაბი, სადაც თათართა ჯარები იდგნენ სქელ კედლად განჯის ხანის შავერდის სარდლობით. მაგრამ როგორც კი მიუახლოვდნენ ლეკები, „კედელი“ დაირღვა — განჯის ხანი გაიქცა და უკან გაიყოლა თათართა სრული მხედრობა.
მერეღა შეიტყვეს ქართველებმა, რომ თურმე წინასწარ ყოფილან გარიგებული ჰაჯი-ჩალაბი და შავერდი-ხანი: როგორც კი ნუხელი შეუტევდა, განჯელს ქართველები უნდა მიეტოვებინა და ბრძოლის ველს გაცლოდა.
ღალატმა თავისი გაიტანა. ძალიან კი ეცადა ორივე მეფე, მაგრამ „ჯარი ვეღარ დააყენეს“. უკან დახევა მოუხდათ ქართველებს.
ადიდებული ალაზნის შლამში ჩაეფლო ერეკლეს ცხენი. მალე ლეკთა მდევარი წაადგებოდა თავს დაქვეითებულ მეფეს. მაგრამ უეცრად ვიღაც მხედარი ჩამოხდა ცხენიდან, მეფეს მიჰგვარა და შებრძანდი, ბატონო, შენი ჭირიმე, თავს უშველეო, უთხრა.
ვინა ხარო, ჰკითხა პატარა კახმა. ქვემო მაჩხაანელი გაბრიელ ბოსტაშვილიო, იყო პასუხი. მერე, შენ რა გეშველება, ლეკები მოგკლავენო, იუარა ერეკლემ. ამაზე საოცარი პასუხი გასცა ქიზიყელმა გლეხმა პატრონს:
— თუნდაც რომ მომკლან, არა უშავს-რა, შენი ჭირიმე. ჩემისთანებს ქართველი დედა წელიწადში ათასსა შობს. თქვენ გადირჩინეთ თავი, ბატონო. ერეკლე ბატონიშვილს ძნელათღა გაზრდის ქართველი ქალის ძუძუ...
აგრი-ჩაისთან მარცხი დიდი დაღი იყო ქართველი მეფისთვის, რომლის სახელიც ქუხდა არა მარტო აზიაში. ევროპელი მონარქები ახალ ალექსანდრე მაკედონელს უწოდებდნენ პატარა კახს და ქრისტიანობის მხსნელად ესახებოდათ.
იმავე წლის გაზაფხულზე ერეკლემ ყირბულახთან აზატ-ხანის ძლევით პრესტიჟი კი აღიდგინა, მაგრამ ჰაჯი-ჩალაბის ჯავრი არ ასვენებდა. ამიტომ მომდევნო წლის შემოდგომაზე ქართლ-კახელთა ჯარს დაქირავებულ ჩერქეზთა და ცოტაც ოსების ჯარი მიაშველა, რომელთა გასამრჯელოსთვის სამეფო ხაზინის ნივთებზე ოქრო ააძრობინა და ფული მოაჭრევინა. მერე კი, 1752 წლის სექტემბერში ყაზახ-შამშადილუს საზღვარზე თულქითეფეს ბრძოლაში ჰაჯი ჩალაბის ჯარი, რომელსაც მისი ვაჟი აღა-ქიში სარდლობდა, სასტიკად დაამარცხეს ქართველებმა და შამქორამდე სდიეს ოტებულ მტერს.
იმ დღის მერე ჰაჯი-ჩალაბის სახელი ისტორიაში აღარ ჩანს, ერეკლე მეორეს კი კიდევ დიდხანს არ ჩაუგია ხმალი ქარქაშში, კიდევ მრავალ წელს „ოთხივ კუთხით აელვებდა“ თავის სახელგანთქმულ მახვილს, რომელსაც ფრიად ნიშანდობლივი წარწერა ამშვენებდა:
„მე ვარ ავი მუსაიფი კახთ ბატონის ირაკლისა“.
წყარო: http://qartuliazri.reportiori.ge/inside.php?menuid=68&id=30009
აჯი-ჩალაბი ან ჰაჯი ჩელები ყურბან-ოღლუ (დ. 1703 — გ. 1755) — აზერბაიჯანის სახელმწიფო მოღვაწე, შაქის სახანოს დამაარსებელი და მისი პირველი დამოუკიდებელი ხანი (1747–1755). XVIII საუკუნის 40-იან წლებში ხელმძღვანელობდა ანტიირანულ განმანთავისუფლებელ მოძრაობას. 50-იან წლებში დაიმორჩილა კაბალა და არეშის სასულთნო. იბრძოდა განჯისა და ყარაბახის სახანოებზე გასაბატონებლად. საქართველოსთან ურთიერთობაში თავდაპირველად ქართლ-კახეთის პოლიტიკურ უპირატესობას აღიარებდა. 1749-1750 წლებში მისი მოკავშირე იყო ყარაბახზე ლაშქრობაში. 1751 წელს მონაწილეობდა ქართლ-კახეთის ლაშქრობაში ჭარ-ბელაქნის უბატონო თემების დასამორჩილებლად, მაგრამ ჩათვალა, რომ ქართველთა გამარჯვება საფრთხეს შეუქმნიდა მისი სახანოს დამოუკიდებლობას და ბრძოლის გადამწყვეტ მომენტში მოწინააღმდეგის მხარეზე გადავიდა აგრის ბრძოლაში. ამ ბრძოლაში ქართველთა დამარცხების შემდეგ აჯი ჩალაბმა დაიმორჩილა კაკის სასულთნო და ჭარ-ბელაქანი. ცდილობდა თავის ხელქვეით გაეერთიანებინა აღმოსავლეთ ამიერკავკასიის მაჰმადიანური სახანოები და ფართო რელიგიურ პროპაგანდას ეწეოდა საქართველოს მაჰმადიანურ პროვინციების მისამხრობად.
1752 წელს განჯის ბრძოლაში აჯი ჩალაბმა დაამარცხა ქართლ-კახეთის ლაშქარი, დაიკავა განჯა, ყაზახი და ბორჩალო. 1755 წელს შირვანზე გაილაშქრა, მაგრამ შირვანისა და ყუბის გაერთიანებული ლაშქრის წინააღმდეგობას წააწყდა და დიდი დანაკარგით უკუიქცა. გარდაიცვალა იმავე წელს.
ქართული ენის ინგილოური დიალექტი
ინგილოური ქართული ენის მეტად თავისებური და საინტერესო დიალექტია. იგი ყურადღებას იქცევს როგორც არქაიზმებით, ისე ნეოლოგიზმებით. მასში განსაკუთრებით ხელშესახებია უცხო ენის ძლიერი გავლენა. ისტორიულად მოექცა რა უცხო ენობრივ გარემოცვაში, იგი არსებითად მოსწყდა სალიტერატურო ქართული ენის გავლენას და, ფერეიდნულისა და იმერხეულის მსგავსად თავისებური გზით განვითარდა.
გავრცელების არე
საინგილო მდებარეობს კახეთის აღმოსავლეთით, მდინარე ალაზნის მარცხენა ნაპირზე. ინგილოებით დასახლებული ეს კუთხე ამჟამად აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარეობს და შედგება კახის, ზაქათალისა და ბელაქნის რაიონებისაგან და თხუთმეტიოდე სოფელს აერთიანებს: კაკი (კახ-ინგილო), ალატემური, მუშაბაში, ქოთუქლუ, თასმალლუ, ზაგანი, ყორაღანი, ყიმურრუ, ქეშხუთანი, ხარაბთალა, ბახთალა, ალიაბათი, მოსული, ენგიანი და ითითალა.
ინგილოურ კილოზე მოლაპარაკე სოფელთა რიცხვი წინათ გაცილებით მეტი ყოფილა, ვიდრე ახლა. დროთა ვითარებაში, საუკუნეების მანძილზე, ინგილოური კილო თანდათანობით გამქრალა რიგ სოფლებში. ესენია: ქანდახი, ენგიანი, კაპანახჩი, ვერხიანი, ლალაფაშა, მარსანი, სოსკანი (სოსკაანტ გორა), ქორაღანი, შოთავარი (შოთაგორა), გულუგი (გუ:ლლუ:ქ, ვარდიანი) და სხვ.
ტერიტორიულად მოიცავს 3 497,5 კვ. კილომეტრს. მისი ახლანდელი საზღვრებია: დასავლეთითა და სამხრეთ-დასავლეთით დღევანდელი კახეთი (მდ. ბაზიმ-ჩაი და მდ. ალაზანი), სამხრეთით მდ. აგრი-ჩაი, აღმოსავლეთითა და სამხრეთ-აღმოსავლეთით ნუხის რაიონი, ჩრდილოეთითა და ჩრდილო-აღმოსავლეთით კავკასიონის მთაგრეხილი.