1785 წელს თბილისში რუსის ჯარი შემოვიდა. მათ ქართველებთან ერთად რამდენიმე ბრძოლაში მიიღეს მონაწილეობა.
ამავე წელს ქართლ-კახეთის სამეფოს თავს დაესხა ნურსალ-ბეგის ვაჟი ომარ-ხანი 20, 000-იანი ჩრდილო კავკასიური, მუსლიმური ლაშქრით. ამის მიუხედავად მან ვერ გაბედა პირისპირ შებრძოლებოდა ერეკლეს ქართულ ლაშქარს. ქართველებმაც ვერ მოიხელთეს მისი სარბევად გაყოფილი რაზმები, რომლებიც ახალციხეში შემოვლითი გზით გადავიდნენ და გზად ყველაფერს აოხრებდნენ. დაანგრიეს ახტალის ლითონის მადნებიც. დიდი ზარალი მიაყენეს ქართლ-კახეთის მთელ სამეფოს და იმერეთსაც კი გადაწვდნენ.
მიუხედავად ქართველების საბრძოლო გამარჯვებებისა, მტრის შეუჩერებელი თავდასხმები მაინც არ წყდებოდა. ქართლ-კახეთი სისხლისგან იცლებოდა. ხალხი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში იყო ჩავარდნილი. დიდი ეკონომიკური ზარალი მიაყენა სამეფოს ომარ-ხანის თავდასხმებმა.
ომარ-ხანი, ავარიელი (გ. 22 მარტი, 1801[1]) — დაღესტნელი ფეოდალი, ხუნძახის მფლობელი და ავარიის სახანოს გამგებელი. ნურსალ-ბეგის ვაჟი.
ომარ-ხანი ხშირად ესხმოდა თავს ამიერკავკასიას, მას ჩრდილო კავკასიის ზოგიერთ წარმომადგენელთან ერთად და ოსმალებთან შეთანხმებით, ქართლ-კახეთის სამეფოს დაპყრობა, გაძარცვა და განადგურება ჰქონდა ჩაფიქრებული. ომარ–ხანი ოსმალეთის აგენტად ითვლებოდა.
1785 წლის სექტემბერში, ომარ-ხანმა 20000 მეომრისაგან შემდგარი „რჩეულთა ჯარით“ ალაზანი გადმოლახა და ბორჩალოსკენ დაიძრა. ერეკლემ სიღნაღში შეკრიბა ჯარი და უკან მიჰყვა ომარ-ხანს. ომარ-ხანი ერეკლესთან პირისპირ შებრძოლებას ვერ ბედავდა. მოულოდნელად ომარ-ხანი ახტალისკენ დაიძრა, ახტალა აიღო და დაარბია. გაანადგურეს ახტალის ოქროს მადნები, მადნის მცველები და ბერძენი მემადნეების ნაწილი დახოცა, 845 ტყვე წაიყვანა. აქედან ლორეს მიადგა, გზად ყველაფერს წვავდა და ანგრევდა. ლორე, რომელიც ერეკლეს მოურავ ზაქარია გლურჯიძეს ჰქონდა გამაგრებული, ვერ აიღო და ახალციხეში გადავიდა.
ერთ თვეში ომარ-ხანი იმერეთისკენ შემოვლითი გზებით დაიძრა და ვახანის ციხე აიღო, ციხის მფლობელი, ქაიხოსრო აბაშიძე დაატყვევა, მამაკაცები გაწყვიტა, ქაიხოსრო აბაშიძის ქალიშვილები დაატყვევა და ერთი მათგანი თავად შეირთო ცოლად, მეორე კი თავის ცოლისძმას, ყარაბაღის ხანს, იბრაჰიმ-ხანს მიუყვანა.
საქართველომ ამ თავდასხმის შედეგად უდიდესი ეკონომიური ზარალი განიცადა.
1787 წელს, ომარ-ხანი ისევ შემოესია საქართველოს, მაგრამ ერეკლე წინ გადაუდგა და უკან გააბრუნა მტერი.
ერეკლე II იძულებული გახდა, სიმშვიდის საფასურად, საკმაოდ დიდი ჯამაგირი გადაეხადა ომარ-ხანისთვის. ასე აკეთებდნენ მისი თავდასხმებით შეწუხებული შაქის, შირვანის, ბაქოს და დარუბანდის ხანებიც.
1800 წლის ნოემბერში, ომარ-ხანი დიდძალი ჯარით საგარეჯოსკენ დაიძრა და ალაზნის ნაპირზე დაბანაკდა. მას, რუსებთან ურთიერთობას შეურიგებელი, ალექსანდრე ბატონიშვილიც მიემხრო, თუმცა ბრძოლაში მონაწილეობა არ მიუღია. დამხმარედ ირანის ჯარსაც მოელოდნენ. მტრის მიზანი თბილისის აღება იყო. ომარ-ხანის 20 ათასიანი ლაშქარი კაკაბეთის მიდამოს მოადგა.
7 ნოემბერს, მდ. ივრის ნაპირას, სოფელ კაკაბეთთან გაიმართა ნიახურის ბრძოლა, სადაც ერთმანეთს გიორგი მეთორმეტესა და ომარ-ხანის ჯარი დაუპირიპირდა. ქართველთა გვერდით რუსების ჯარის ნაწილიც იბრძოდა. ქართველებმა სასტიკად დაამარცხეს მტერი, მათი უმეტესობა დაიხოცა, ამ ბრძოლაში დაჭრილი ომარ-ხანი დაღესტნისაკენ გაიქცა. ცოტა ხანში ჭრილობა გაურთულდა და ზაქათალაში გარდაიცვალა.