1771 წელს ერეკლე მეორემ აიღო ხერთვისი, ათაბაგის(ოქროს) ციხესიმაგრე ამავე წელს რამოდენიმეჯერ დაამარცხა აღსიღ ფაშა.
ოქროს ციხე – ციხესიმაგრე ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლაჯურის მახლობლად. იგი უზარმაზარ კლდოვან მასივზე დგას და ძნელი მისადგომია (ზოგიერთი მხრიდან მიუდგომელიც). ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ციხეთაგანია საქართველოში.
ხერთვისის ციხე — შუა საუკუნეების ციხესიმაგრე სამხრეთ საქართველოში[1]. მდებარეობს, ჯავახეთში, სოფელ ხერთვისში, მდინარე ფარავნისა და მტკვრის შესართავთან, მაღალ კლდოვან მთაზე. ხერთვისი მოქმედი სიმაგრე იყო ფეოდალური ხანის მთელ მანძილზე.
2007 წლის 24 ოქტომბრიდან ხერთვისი ვარძიის მონასტერთან ერთად შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.
მემატიანე ლეონტი მროველის ცნობით, რომელიც ზეპირ ტრადიციას უნდა ემყარებოდეს, ალექსანდრე მაკედონელს ძვ. წ. IV საუკუნის 20-იან წლებში, აღმოსავლეთში ლაშქრობის დროს, საქართველოს სხვა ციხე-ქალაქებთან ერთად ხერთვისიც უნახავს (ალექსანდრე მაკედონელის საქართველოში ლაშქრობის ვერსიას ისტორიული მეცნიერება არ იზიარებს). ხერთვისი მნიშვნელოვან მაგისტრალზე მდებარეობდა, ექვემდებარებოდა ფარავნის და მტკვრის მიმდებარე რეგიონის დასახლებული პუნქტები. XVI საუკუნეში ხერთვისის ფეოდალური მფლობელები მონაცვლეობით იყვნენ ქამქამისძენი, ხერთვისარნი, ამატაკიანნი ან შალიკაშვილნი.
1832 წელს შვეიცარიელმა გეოგრაფმა და მოგზაურმა დიუბუა დე მონპერემ ციხის შესასვლელის თავზე მიაკვლია ვრცელ ასომთავრულ წარწერას, რომელიც ჯერ მარი ბროსემ წაიკითხა და სათანადო ჩასწორების შემდეგ ექვთიმე თაყაიშვილმა 1909 წელს გამოაქვეყნა.
„ | სახელითა ღვთისაითა, ოხითა და შეწევნითა წმინდისა მშობელისა ღვთისა, მინდობითა წმიდისა იოანე მახარობელისათა, ვიწყე მეფეთ-მეფისა მოლარეთ უხუცესმა ზაქარია, ძემან ქამქამის შვილისამან, ოფელმან კოშკი და გალავანი ესე ქორონიკონსა მბ და გავათავეთ მდ ღმერთო ... გუილხინე, ამინ. | “ |
წარწერის მიხედვით ადგილობრივმა ფეოდალმა, აზნაურმა „მეფეთ მეფის მოლარეთუხუცესმა ზაქარია, ძემან ქამაქმის შვილისამან“ 1354 წელს დაიწყო და 1356 წელს განასრულა კოშკისა და გალავნის აგება (ან აღდგენა).
სამხრეთ საქართველოში ოსმალთა ექსპანსიის დროს, 1578, არფაქსად იოთამის ძემ ჯავახეთის სხვა ციხესიმაგრეებთან ერთად ოსმალებს ხერთვისიც ჩააბარა. შემდგომში იგი ოსმალეთის ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი იყო. 1771 წელს ოქტომბერში მეფე ერეკლე II-მ დროებით დაიბრუნა. რუსეთ-ოსმალეთის ომის (1828-1829) დროს, 1828 წლის 22 სექტემბერს რუსეთის ჯარებმა ციხე გაათავისუფლეს