1065 წელს თურქებმა პირველად ილაშქრეს საქართველოში, ააოხრეს თრიალეთი, სამცხე, შავშეთი, კლარჯეთი და ჯავახეთი. ალფ-არსლანმა აიღო ახალქალაქი და მოსახლეობა ამოწყვიტა.
ალფ-არსლან ბენ ჩაღრი (დ. 20 იანვარი, 1029 — გ. 15 დეკემბერი, 1072) — სელჩუკთა იმპერიის სულთანი 1063–1072 წლებში.
ალფ-არსლანი სელჩუკთა სულთნის თოღრულ-ბეგის ძმის, ჩაღრი-ბეგის შვილი იყო. მან შეძლო მანამდე დანაწევრებული სელჩუკთა სამფლობელოების ერთ, ცენტრალიზებულ სახელმწიფოდ გაერთიანება. ალფ-არსლანმა საქართველოში ორჯერ ილაშქრა. 1064 წელს მან ჯერ სომხეთი დალაშქრა და ქალაქი ანისი აიღო. გადმოცემის თანახმად ალფ-არსლანმა სომეხ ტყვეებს თავები დააჭრა. სისხლით აუზი გაავსო და მასში იბანავა. სომხეთიდან წამოსული ალფ-არსლანი მესხეთს შემოესია, ახალქალაქი აიღო და გადაბუგა. 1068 წელს კი კახეთი დალაშქრა.
1071 წელს ალფ-არსლანმა მანასკერტის ბრძოლაში დაამარცხა ბიზანტიელები და მათი იმპერატორი რომანოზ IV დიოგენე დაატყვევა.