1118 წლის ადრე გაზაფხულზე, ბზობას, დავითმა ნახიდურს ზატიკი (სააღდგომო ზეიმი) გადაიხადა. აქ მას მოახსენეს ამბავი თურქთა მიერ ჯავახეთში ბეშქენ ჯაყელის მოკვლის შესახებ. მიუხედავად დიდებულთა წინააღმდეგობისა, დავითმა სასწრაფოდ გაილაშქრა და რახსის (არაქსის) პირას მდგარ სელჩუკებს დაესხა თავს. „მოსრა სიმრავლე მათი, და წამოიღო ტყვე და ალაფი ურიცხჳ“.[47]
დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმავე 1118 წელს დავითის მიერ ციხე-ქალაქ ლორის აღებას. ეს ქალაქი 1065 წლიდან კვირიკიანების დინასტიის მიერ შექმნილი ტაშირ-ძორაკერტის სამეფოს ცენტრს წარმოადგენდა. დავითმა ლორე თავისი მიმდებარე ტერიტორიით საქართველოს შემოუერთა და განსაკუთრებული სამხედრო მნიშვნელობის გამო ამირსპასალართა რეზიდენციად აქცია.[46]
დავით აღმაშენებელმა 1118 წლის ივლისში ერთ დღეში აიღო აგარანი. „ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისა“ მოგვაგონებს, რომ იგივე აგარანის აღებას დავითის პაპა ბაგრატი სამ თვეს მოუნდა.[48]
პოლიტიკურად, ეკონომიკურად და კულტურულად ზეაღმავალი საქართველოსათვის, რომლის საშინაო და საგარეო გეგმები სულ უფრო მზარდი და მრავლისმომცველი იყო, აუცილებელი იყო ლაშქრის გამრავლებისათვის ქმედითი, გონივრული ზრუნვა. სახელმწიფოსა და მისი მეფის მიერ დასახული დიდი ამოცანების გადასაწყვეტად საკმარისი არ იყო ის ღონისძიებები რაც დავითმა თავისი მეფობის პირველ ეტაპზე სამხედრო საქმის ორგანიზაციის მიზნით გაატარა.[46] ლაშქრის სიმრავლე განსაკუთრებით საჭირო გახდა მას შემდეგ, რაც დავითმა ზედიზედ აიღო მრავალი ციხე-ქალაქი. რა თქმა უნდა, გამუდმებულმა ბრძოლებმა ქართული ლაშქარი დაღალა და რიცხობრივადაც შეამცირა. ამასთან, მოპოვებული გამარჯვების განმტკიცების მიზნით, ლაშქრის ერთი ნაწილი „ქალაქთა და ციხეთა შინა მდგომად და დამჭირველად“ იქნა განწესებული.[49]
ამოცანა მნიშვნელოვანი იყო — ლაშქარი ისე უნდა გამრავლებულიყო, რომ ქვეყნის ზეაღმავალი ეკონომიკის განვითარება არ შეფერხებულიყო, ე ი. მატერიალური დოვლათის მწარმოებელი მასა არ უნდა მოწყვეტილიყო თავისი ძირითადი სამუშაოდან. საქართველოს სამეფო კარმა ლაშქრის გამრავლება არაქართული წარმოშობის მოლაშქრეთა ჩამოსახლების გზით გადაწყვიტა. არჩევანი ყივჩაყებზე შეჩერდა.
დავით IV აღმაშენებელი — საქართველოს მეფე 1089-1125
ლორე, ლორი (სომხ. Լոռի) — შუა საუკუნეების ციხე-ქალაქი და ისტორიული მხარე ტაშირში (ახლანდელი სომხეთი). ქალაქის ნანგრევები შემორჩენილია ქ. სტეფანავანის ახლოს. დაარსდა XI საუკუნის 20–იან წლებში ტაშირ ძორაგეტის მეფე დავით I უმიწაწყლოს მიერ, 1065 წლიდან კვირიკიდების დინასტიის მიერ ჩამოყალიბებული ტაშირ-ძორაგეტის სამეფოს ცენტრი. მდებარეობდა მაღალ სამკუთხა პლატოზე. ორი მხრით ხეობები იცავდა, მესამე მხრით — ციხესიმაგრეთა კედლების სისტემა. 1118 წელს მეფე დავით IV აღმაშენებელმა ლორე მიმდებარე ტერიტორიებით საქართველოს სახელმწიფოს შემოუერთა. განსაკუთრებული სამხედრო მნიშვნელობის გამო იგი საქართველოს ამირსპასალართა სადგომი პუნქტი გახდა. განვითარებული ფეოდალიზმის ხანაში მთელ ტაშირს ლორე ეწოდა. 1177 წელს ლორე მეფე გიორგი III-ის წინააღმდეგ აჯანყებული ივანე ორბელისა და დემნა უფლისწულის უკანასკნელი საყრდენი პუნქტი იყო. აჯანყების ჩახშობის შემდეგ ქალაქი ამირსპასალარ ყუბასარს გადაეცა. 1186 წლიდან ლორეს მხარგრძელთა ფეოდალური საგვარეულო ფლობდა და საქართველოს სანაპირო საერისთავოს ცენტრი იყო. მხარგრძელთა მმართველობის დროს ქალაქი აყვავდა. აშენდა სასახლეები, ეკლესიები, ხიდები. 1236 წელს ლორე მონღოლებმა აიღეს და სასტიკად დაარბიეს. XIV-XV საუკუნეებში ქალაქი მნიშვნელოვნად დაქვეითდა და ციხესიმაგრის ფუნქციაღა შერჩა. XVI-XVIII საუკუნეებში საბოლოოდ დააკნინა ირანელთა და ოსმალთა ლაშქრობებმა. 1918-1921 წლებში ლორის რეგიონი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში შედიოდა. 1921 წელს საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, რეგიონი საქართველოს ჩამოეჭრა და სომხეთს გადაეცა.