1173-იდან გიორგი III-ის მცდელობის შედეგად დვინი, ანისი და მათი მიმდგომი მხარეები საქართველოს სახელმწიფოს შეუერთდა, თუმცა ბრძოლა ამ მხარეებისათვის შემდეგშიაც გრძელდებოდა.
გიორგი III (დ. უცნობია — გ. 1184) — საქართველოს მეფე 1156 წლიდან, დემეტრე I-ის ძე, ბაგრატიონთა გვარის შთამომავალი
ანისი (სომხ. Անի, თურქ. Ani, ლათ. Abnicum) — შუა საუკუნეების დანგრეული ქალაქი. მდებარეობს თურქეთის პროვინცია ყარსში, სომხეთის საზღვრის მახლობლად.
961-1045 წლებში იყო სომხური ანისის სამეფოს დედაქალაქი. აღნიშნული სახელმწიფო მოიცავდა თანამედროვე სომხეთის უდიდეს და აღმოსავლეთ თურქეთის გარკვეულ ტერიტორიას. ქალაქი გაშენებული იყო მდინარე ახურიანის ხეობაში მდებარე სამკუთხედის ფორმის მაღლობზე, რომელიც უზრუნველყოფდა მის ბუნებრივ დაცვას. ანისს უწოდებენ 1001 ეკლესიის ქალაქს[3], მასზე გადიოდა რამდენიმე სავაჭრო გზა. ანისის შენობები, სასახლეები და ციხესიმაგრეები გამოირჩეოდა მხატვრული და ტექნიკური ღირებულებებით[4][5].
თავისი განვითარების უმაღლეს ეტაპზე ქალაქში ცხოვრობდა 100 000-ზე მეტი ადამიანი და მეტოქეობას უწევდა კონსტანტინოპოლს, ბაღდადს და დამასკოს[6]. ქალაქი ანისი 1319 წლის მიწისძვრის შედეგად განადგურდა[7].
დვინი, ვოსტან დვინი (სომხ. Դվին, ბერძ. Δουσιος, Τισιον, არაბ. ارمينيّة (დაბილი), სპარს. دوين) — მსხვილი სავაჭრო ცენტრი, შუა საუკუნოვანი სომხეთის დედაქალაქი. აშენებული დიდი სომხეთის მეფის ხოსროვ III კოტაკის მიერ 335 წელს. ამავე წლიდან არშაკიანების სამეფო რეზიდენცია სწორედ ამ ქალაქში გადავიდა.
დვინი მდებარეობდა არტაშატის ჩრდილოეთით, მდინარე მეწამორის ზემო წელზე, 35 კმ-ში ერავნიდან.
428 წელს სომხური სამეფოს ლიკვიდაციის შემდეგ დვინი გადაიქცა სომხეთის სპარსი მმართველების რეზიდენციად. 640 წელს სომხეთი არაბებმა დალაშქრეს და იმავე წლიდან სომხეთის ყოფილი დედაქალაქი გახდა ოლქ არმინიას (არაბ. ارمينيّة) ცენტრი.
1064 წელს სომხეთი სელჩუკებმა დაიპყრეს. საქართველოს მეფემ გიორგი III-მ 1161—1162 წწ. აიღო დვინი. 1201—1203 წწ., თამარის მმართველობის დროს დვინი კვლავ შემოუერთდა საქართველოს.
1226 წელს ქალაქი აიღო ჯალალედინმა, 1236 წელს კი განადგურებული იყო მონღოლთა მიერ.