1256 წლიდან საქართველო ილხანთა ანუ ჰულაგუიანების სახელმწიფოს შემადგენლობაში მოექცა. ილხანთა ბატონობის ხანაში კიდევ უფრო დამძიმდა გადასახად-გამოსაღებელი, რის შედეგადაც 1259 წელს აჯანყებამ იფეთქა. მას სათავეში დავით VI ნარინი ჩაუდგა. ამ აჯანყების დროს ჰულაგუ-ყაენმა დავით VII-ს ეგვიპტის წინააღმდეგ ლაშქრობაში მონაწილეობა მოსთხოვა.
ქართლის ცხოვრების მიხედვით, საქართველოს მეეფებმა, დავით ულუმ და
დავით ნარინმა ყაენთან საკმაოდ დიდ ხანს იცხოვრეს. ჰულაგუს დავით ულუსთან კარგი
ურთიერთობა ჰქონდა, რასაც ვერ ვიტყვით დავით ნარინზე. დავით ნარინი ალადაღში
ჰულაგუსთან ყოფნის დროს ცუდად იქცეოდა, რის გამოც იგი გაგზავნეს ბარდაში,
რომელსაც ისინი ყიშლაღად იყენებდნენ. ჰულაგუს დავითის საქციელი აწუხებდა,
ამიტომაც გზად მონღოლი მეომრები გააყოლა. ნახიჭევანთან მიახლოებისას დავით
ნარინი სამ თანმხლებ პირთან ერთად აფხაზეთისა და ლიხისკენ გაიქცა. ამ დროს დავით
ულუ თბილისში იმყოფებოდა. დავით ნარინი სუმბათ ორბელიანს შეხვდა, რომელიც მას
ქუთაისში გადასვლაში დაეხმარა. აფხაზეთის, იმერეთისა და ლიხის ერისთავებმა
გაიხარეს დავით ნარინის მოსვლით და იგი იმერეთისა და აფხაზთა მეფედ სცნეს.
ამგვარად სამეფო ორად გაიყო. ლიხის მთების ზემო ნაწილი დავით ნარინს, ქვემო
ნაწილი კი დავით ულუს ხვდა წილად. საქართველოს სამეფოს ცენტრი თბილისი და
ქვეყნის მმართველობა დავით ულუს დარჩა. დასავლეთ საქართველოში, რომელსაც
დავით ნარინი მართავდა, მონღოლმა დამპყრობლებმა ვერ შეაღწიეს. ,,ქართლის ცხოვრების“ მიხედვით დავით ნარინი ბათოს ყაენის სასახლეს ეწვია და კარგ ხანს ცხოვრობდა.
ბათო ყაენი მას პატივით და კეთილად ეპყრობოდა (K.TS., 2014:347-348). ეს ცნობა
სიმართლეც რომ იყოს, მისი მასპინძელი ოქროს ურდოს ხანი ბათო ნამდვილად ვერ
იქნებოდა. რადგან ბათო ხანი 1255/1256 წლებში გარდაიცვალა. ხოლო ორი დავითის
აჯანყებები 1259 წელს დაიწყო. დავით ნარინი დიდი ალბათობით ბერქე ხანს უნდა
შეხვედროდა.
ჯუვეინი წერს, რომ 1258 წლის შემდეგ, როდესაც ამირა არღუნი ხორასნის გავლით
საქართველოში მოვიდა, დავით ნარინის აჯანყებების შესახებ შეიტყო. ჰულაგუმაც მის
წინააღმდეგ მონღოლებისა და მუსლიმებისგან შემდგარი ჯარი გააგზავნა. 1259 წლის
სექტემბრის ბოლოს, ჰულაგუს სირიაში ლაშქრობის დროს ამირა არღუნი მას შეუერთდა
და შექმნილი მდგომარეობის შესახებ აცნობა. ჰულაგუმ ჯარი ორად გაყო და ერთი
ნაწილი არღუნის თაოსნობით ქართველების წინააღმდეგ გამოაგზავნა. ქართველთა ჯარი
მალევე დამარცხდა (Cuveynî, 2013:431). ამ დროს, მონღოლთა მიერ მუდმივად ლაშქრის
მოთხოვნამ, უსამართლო გადასახადებმა და მოსახლეობის აღწერემბა დავით ულუსაც
აჯანყებისკენ უბიძგა (Allen, 1971:116). მონღოლთა გამუდმებულ ბრძოლებში ქართველთა
იძულებით მონაწილეობამ ქვეყანა მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო.
იმავე 1259 წელს ჰულაგუს სირიაში ლაშქრობისას დავით მეფე დამხმარე ძალად
იხმეს, რამაც ბაღდადის ლაშქრობიდან ახალდაბრუნებული დავითი და მისი ჯარი მძიმე
მდგომარეობაში ჩააგდო. დავით მეფემ სასწრაფოდ შეკრიბა დიდებულები და ეგვიპტის
მამლუქთა წინააღმდეგ ბრძოლაში მონაწილეობის თაობაზე რჩევა ჰკითხა. ბრძოლაში
მონაწილეობას მხარი არავინ დაუჭირა. უფრო მეტიც, ამირა არღუნის მიერ გადასახადების აკრეფისა და ქვეყნის მძიმე მდგომარეობაში ჩაგდების გამო დაიჩივლეს. თათბირზე
მეფემ გადაწყვიტა არ მიეღო ლაშქრობაში მონაწილეობა, ეს კი მონღოლთათვის
აჯანყების დაწყებას ნიშნავდა. თბილისში გადასახადების აკრეფა ირანელ ხოჯა აზიზს
ევალებოდა. ხოჯა აზიზი სასტიკად იქცეოდა. მეფის სამზარეულოსთვის შეძენილი
ცხვრისა და ბატკნისგანაც კი „დამღის“ გადასახადს იღებდა. დავით მეფემ აჯანყებისთვის ყველა ქართველი დიდებულის შემოკრება ვერ მოახერხა, მაგრამ სარგის ჯაყელს
აჯანყებაში მონაწილეობა შესთავაზა, რაზეც თანხმობა მიიღო. სარგის ჯაყელი მეფეს
სამცხეში გადმოსვლაში დაეხმარა. მეფე სარგისთან ზაფხულის ბოლომდე დარჩა (K.TS,
2014:352 ; Allen, 1971:116; Subaşı, 2015:92-97). დავითს სარგისთან არც ცოლი, დედოფალი
გვანცა და ახალდაბადებული ვაჟი დემეტრე წაუყვანია. მხოლოდ და მხოლოდ უფროსი
ძე გიორგი ჰყავდა გვერდით (Kiragos, 2009:82-83). ამ დროს, ჰულაგუსთან მიმავალმა
ამირა არღუნმა, რომელმაც აჯანყებული დავით ნარინი დაამარცხა, თბილისში ჩააღწია
და გაიგო, რომ ამჯერად დავით ულუ იყო აჯანყებული და დაკარგული ტერიტორიების
დაბრუნებას ცდილობდა (Cuveynî, 2013:431). ამირა არღუნი საქართველოს რამდენიმე
რეგიონს დაესხა თავს. მოსახლეობის ნაწილი ამოწყვიტა, ნაწილი კი ტყვედ წაიყვანა.
კირაკოსის მიხედვით გელათის ეკლესია მთლიანად გადაწვა (Kiragos, 2009:83). ჯუვეინის
ცნობებსა და ქართლის ცხოვრებაში ამ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული უზუსტორბებია. ჯუვეინის ამბობს, რომ ჰულაგუმ ჯარი ორად გაყო და ქართველების
წინააღმდეგ გაგზავნა 1259 წელს, დავით ნარინის აჯანყების დროს. ქართლის
ცხოვრებაში კი ეს მოვლენები უფრო დაწვრილებითაა გადმოცემული. ჰულაგუ
მამლუქთა სულთანთან ბრძოლის შემდეგ უკან რომ დაბრუნდა, ალადაღის საზაფხულო
რეზიდენციიდან მუღანსა და ყარაბაღში გადავიდა, სადაც ამირა არღუნისგან აჯანყების
შესახე შეიტყო თუ არა, ჯარი ორად გაყო (K.TS, 2014:352; Cuveynî, 2013:431). არღუნს
ქართველების ჩავლით 200 მეთაური და 20 ათასი მხედარი ჰყავდა და თბილისში რომ
ჩამოაღწია ქართველი აზნაურებიც შეიერთა, რითაც ლაშქრის რაოდენობა უფრო გაზარდა. სამცხეში მყოფმა დავით მეფემ კი, სარგის ჯაყელის მხარდაჭერით 8 ათასიანი არმია
შეკრიბა. ჯარს სათავეში სარგის ჯაყელი ჩაუდგა. პირველი შეტაკება დეკემბრის თვეში
ახალდაბის ველზე მოხდა. მართალია მონღოლთა ზოგიერთი ძალა გაანადგურეს, მაგრამ
სიმცირის გამო ქართველებმა უკან დახევა ამჯობინეს. მოგვიანებით კიდევ ერთი
ბრძოლა გაიმართა. ქართველ მხედართა ერთმა ნაწილმა არღუნის არმია დაამარცხა და
400 ცხენოსნით უკან დაიხია. არღუნის ჯარი გადაღლილი იყო, ამიტომ უკან, ჰულაგუსთან დაბრუნდა. მაგრამ, უკან დაბრუნებისას დავით მეფის ცოლი, ვაჟი, დიდებულები
შაჰინშაჰი და ჯელალ ჰასანი დაატყვევა და მონღოლთა დედაქალაქში გააგზავნა (Kiragos,
2009:83). გაგზავნილთა შორის უნდა ყოფილიყო შაჰინშაჰის ძე ზაქარიაც. ზაქარია, ამირა
არღუნისა და ქართველთა ბრძოლის დროს მონღოლების მხარეს იყო. მაგრამ არღუნმა
შეიტყო რა მისგან მალულად სარგისთან მყოფი სიმამრის მოსანახულებლად წასულიყო,
ამის შესახებ ჰულაგუს მოახსენა. ამ უკანასკნელმა კი მის დატყვევება ბრძანა (Kiragos,
2009:84). 1261 წელს შაჰინშაჰის ძე ზაქარია ჰულაგუმ სასახლეში მოაკვლევინა (Sebastatsi,
2005:49; Kiragos, 2009:84).
https://www.bsu.edu.ge/text_files/ge_file_13026_1.pdf