სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კულტ. მემკვიდრეობა ,ომების ისტორიები, სხვადასხვა
ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში
1269 წელი თეგუდარის აჯანყება
ბმულის კოპირება

ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

359       ბეჭდვა

1269 წელი თეგუდარის აჯანყება

1269 - თეგუდარის აჯანყება საქართველოში ილხანთა სახელმწიფოს წინააღმდეგ. 

,,ქართლის ცხოვრების“ მიხედვით, როდესაც თექუდარმა აბაღას წასვლის ნება სთხოვა, ოჯახის ყველა წევრი და ათი ათას ხუთასი ჯარისკაცი მოამზადა წასასვლელად. ისინი ყარსის მთებისკენ დაიძრნენ და აჭარისკენ აიღეს გეზი. შავშეთში მოვიდნენ და კარჩხალის მთის კალთებზე დაბანაკდნენ. აფხაზეთში მყოფ დავით ნარინთან შესახვედრის მიზნით შუამავლად, სარგის ჯაყელი მოიხმო. აბაღამ კი ივანე მანდატურთუხუცესი დაიბარა და თეგუდარის თვალთვალი დაავალა. მან კი მეთაურად ჩარმაღანის ვაჟი შირამუნი დანიშნა და არტაანის მთაზე დაბანაკდნენ. თეგუდარმა მოქმედება გააგრძელა. იმ დროის უმდიდრესი მონასტერს, ოპიზას რომ უვლიდა, იხილა მისი სიმდიდრე და ათასი მხედრით გაძარცვა იგი, რის შემდეგაც გზა კარჩხლის მთებისკენ განაგრძო. ოპიზის ძარცვის შესახებ რომ შეიტყვეს, იქაური მოსახლეობა ძეგლის მთაზე თავს დაესხა თეგუდარის ლაშქარს და დიდი ზიანი მიაყენა მას (K.TS, 2014:363-364). ამ ქმედებების შესახებ რომ შეიტყვეს ქართველი და სომეხი მებრძოლები მონღოლთა საქციელის გამო ძალიან შეწუხდნენ. ამის გამო აბაღამ, შირამუნ ნოინი იმ რეგიონში მყოფი ასი ათასიანი ჯარის მეთაურად დანიშნა (Grigor, 2012:82). შირამუნი კი ალინაქის მეთაურობით მოწინავე ნაწილი გააგზავნა, თავად კი თავის ჯართან ერთად უკან გაჰყვა. აბათაი ნოინიც სხვა ჯართან ერთად მას გაჰყვა. 1269 წლის ივნისში (Kazvinî, 2018:480) ორივე ჯარი ერთერთი მთის წვერზე ერთმანეთს დაუპირისპირდა. ბრძოლის დაწყებისთანავე თექუდარმა მარცხი განიცადა. აბაღას გაგზავნილმა ჯარმა გზა ჩაკეტა და თეგუდარმა გეზი საქართველოსკენ აიღო და გზა აებნა (Fazlullah, 2013:87). შირამუნის ჯარში იბრძოდნენ ქართველები და სომხები. აბაღამ თეგუდარის ცოცხლად შეპყრობა ბრძანა (Grigor, 2012:82). ქართველმა ჯარისკაცებმა ტყეს ალყა შემოარტყეს. დავით მეფემ მიმართა: „ამ ტყის იქეთ გზა აღარ არის, უკან დაბრუნდი და თავი არ დაიღუპოო“. ამის შემდეგ თეგუდარი ტყიდან გამოვიდა (Fazlullah, 2013:87). ორი დღის განმავლობაში ებრძოდნენ ერთმანეთს. ,,ქართლის ცხოვრებაში“ და ეპისკოპოს სტეფანოსის ქრონიკაში წერია, რომ თეგუდარი ამ ბრძოლის შემდეგ დავით ნარინს შეეხიზნა (Stepanos, 2005:71). სხვა წყაროებისგან განსხვავებით ,,ქართლის ცხოვრება“, თექუდარის აჯანყების შესახებ დაწვრილებით გვიამბობს. იგი გვამცნობს, რომ დავით ნარინმა დანათესავების მიზნით თექუდარს გოგო მიათხოვა. ამ დროს შირამუნი ჯერ აბაკასთან დაბრუნდა და როდესაც ბრძანება მიიღო, თექუდარი შეიპყრო. ,,ქართლის ცხოვრების“ მიხედვით, ამ დროს ხორასნიდან მოსულმა ელჩებმა აბაღას 109 შეატყობინეს, რომ ბარაქი დიდძალი ლაშქრით მისკენ მოემართებოდა. თექუდარმა გაიგო თუ არა ბარაქის მოსვლის შესახებ, ამით ისარგებლა და ჯავახეთში მისი ჯარისკაცები გაგზავნა. თექუდარის სარდლებმა ჯავახეთი გაძარცვეს. აბაღამ გაიგო თუ არა ეს, დავით ნარინს თავაზიანად სთხოვა თეგუდარს აღარ დახმარებოდა. დავითმა ეს თხოვნა გაითვალისწინა. თეგუდარი, მიხვდა რა, რომ აბაღას ბრძანებით ქართველები მას მოკლავდნენ, შიკრიკი გაუგზავნა აბაღასთან და პატიება სთხოვა (K.TS, 2014:364-367). დავით ნარინის მიერ, აბაღას წინააღმდეგ თეგუდარისთვის დახმარების გაწევა, ნათლად გვიჩვენებს ქართველი მეფის ილხანებისადმი სიძულვილს (Müller, Pahlitzsch, 2000:278). წყაროები ამ მოვლენების შესახებ სხვადასხვა ცნობებს გვაწვდიან, თუმცა საერთო თვალსაზრისით თეგუდარი შირამუნმა დაატყვევა და მის ჯარს დიდი ზიანი მიაყენა. ბევრი ჯარისკაცი დაუხოცა (Fazlullah, 2013:87; Stepanos, 2005:71). შირამუნმა დატყვევებული თეგუდარი და 700-მდე ჯარისკაცი აბაღას მიჰგვარა (Grigor, 2012:82). ფაზლულას ცნობით ეს მოვლენები 1281 წელს დასრულდა და ამავე წელს თეგუდარი ოჯახით აბაღას ჩაბარდა. ავტორს, როგორც ჩანს, ილხანთა მაშინდელი ახალი მმართველი აჰმედ თეგუდარი, აჯანყებულ თეგუდარში აერია. აბაღამ თექუდარი შეიწყალა, მაგრამ მისი ჯარი ორად გაყო და ორმოცდაათი მონღოლი ჯარისკაცი გამოუყო სათვალთვალოდ. იგი ურმის ტბაზე დაატყვევეს. ერთი წლის შემდეგ, როდესაც აბაღამ ბარაქი დაამარცხა, თექუდარი გაათავისუფლა (Fazlullah, 2013:87-88). ამის შემდეგ, აბაღა ხანი დავით ულუსთან ერთად გამოსაზამთრებლად სიბაზე წავიდა და ზაფხულში უკან დაბრუნდა. მეფე სიბადან დაბრუნების შემდეგ, მალევე კუჭის ავადმყოფობით გარდაიცვალა (K.TS, 2014:367). წყაროებში, დავითის გარდაცვალების თარიღთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა. ეპისკოპოსი სტეფანოსი თავის ქრონიკაში 1270 წელს (Stepanos, 2005:71) ასახელებს, გრიგოლ აკანელი სომეხთა მეფის ჰეთუმის გარდაცვალების წელს (Grigor, 2012:79), ხოლო სებასტაცის აბაღას მიერ ბარაქის დამარცხების თარიღს, 1271 წელს მიიჩნევს (Sebastatsi, 2005:51-52). დავით მეფის გარდაცვალების შემდეგ, საქართველოს სამეფოს, 1270-1278 წლებში, დავითის ძე დემეტრე მართავდა. დავით ულუს გარდაცვალების შემდეგ ქართველი ერისთავები დავით ნარინს აუჯანყდნენ, რასაც აბაღა შეეწინააღმდეგა. საქართველოში არსებული შიდა არეულობის გამო, აბაღამ დემეტრეს გამეფება შესაფერისად მიიჩნია. დემეტრე, თბილისში ჩავიდა და ტახტზე ავიდა (K.TS, 2014:368). სომხური ანონიმური ქრონიკის მიხედვით დემეტრე II 1271 წელს (A.V., 2005:153), სებასტაცის ქრონიკის მიხედვით კი 1272 წელს (Sebastatsi, 2005:52) გამეფდა.

XIII საუკუნის 60–იანი წლები უმძიმესი ხანა იყო საქართველოსთვის. ქვეყანა ორ ნაწილად იყო გაყოფილი. აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველო დავით VII ულუს ეკუთვნოდა, რომელიც თავის მხრივ ილხანელ მონღოლთა ყაენს ემორჩილებოდა, ხოლო დასავლეთი დავით VI ნარინის კუთნილება გახლდა.

და თუ დავით ულუმ მორჩილება გამოუცხადა მონღოლებს, დავით ნარინი დამოუკიდებლობას ინარჩუნებდა. უფრო მეტიც, ის ძალისხმევას არ იშურებდა, რომ ზიანი მიეყენებინა ილხანელი მონღოლებისათვის და ყაენთან დაპირისპირებულ ძალებთან მოკავშირეობდა. ერთ-ერთი მათთაგანი გახლდათ მონღოლი უფლისწული თეგუდარი.

ჩაღატაელთა ულუსის უფლისწული თეგუდარი და ილხანელ მონღოლთა ყაენი აბაღა ნათესავები იყვნენ. ამიტომაც აბაღამ თეგუდარის ურდოს სამომთაბარეოდ არტაანი გადასცა, რომელიც სამცხის საათაბაგოს მიეკუთვნებოდა.

„მადლიერმა“ თეგუდარმა ყაენს სიკეთე იმით გადაუხადა, რომ ანტიილხანური კოალიციის შეკვრა განიზრახა. ის დაუკავშირდა თავის ბიძაშვილის შვილს, ყაენ ბარახას (ბორაკა) და აბაღას  წინააღმდეგ ომში ჩართვა შესთავაზა. 

ბარახა ყაენმა, მისი შიკრიკები მონღოლების კარგად მოწყობილ სასაზღვრო კონტროლს რომ დაძვრომოდნენ და უფლისწულისთვის გაგზავნილი საიდუმლო უსტარი აბაღას აგენტებს არ აღმოეჩინათ, ერთი ხერხი მოიფიქრა.  

ბარახას წარმომადგენლებმა თეგუდარს საჩუქარი გადასცეს — საგანგებოდ დამზადებული მშვილდ–ისარი და ანიშნეს, ერთ-ერთ ისარში საიდუმლო ინახებაო.

თეგუდარმაც გადატეხა ისარი და შიგ ბარახას ეპისტოლე აღმოაჩინა. ჩაღატაელთა ულუსის ყაენი თეგუდარს სწერდა, რომ თანახმა იყო, გაელაშქრა აბაღას წინააღმდეგ.

ეს იყო პასუხი თეგუდარის წერილზე, რომელშიც მონღოლი უფლისწული ჩაღატაელთა ყაენს სწერდა:

„რად მივსცემთ ყაენობასა და ქუეყანას დიდსა აბაღას. აწ წამოემართე მანდით შენ და აქთ - მე, და ორთავე შვმუსროთ აბაღა და ჩუენ დავიპყრათ ქუეყანა მისი“. 

აბაღასთან მოსალოდნელი ომის წინ, თეგუდარმა დავით ნარინთან დაამყარა მჭიდრო კავშირი. ეშინოდა, რომ დავითს ზურგიდან არ დაერტყა მისთვის. თანაც, წინდახედულად იმედოვნებდა, რომ მარცხის შემთხვევაში დასავლეთ საქართველოს შეაფარებდა თავს და აბაღასათვის მიუწვდომელი გახდებოდა.

მაგრამ მოხდა გაუთვალისწინებელი რამ: შეთქმულებს შეცდომა მოუვიდათ და მთვარის ორი მოქცევით შეეშალა პაემნის დრო. თეგუდარმა თავისდა უნებურად დაასწრო მოვლენებს და სანამ ბარახა ყაენი ილხანთა სახელმწიფოს დაესხმებოდა თავს, აჯანყება წამოიწყო. მაგრამ მარტომ ირანზე ლაშქრობა ვერ გარისკა და აბაღას სამფლობელოების, ქართლისა და სამცხის აოხრება-გაპარტახებას მიჰყო ხელი.

ამ თარეშმა დიდი ქონება დაუგროვა მონღოლ უფლისწულს. სომეხი ისტორიკოსი გრიგოლ აკანელი აღნიშნავს, რომ „თეგუდარი, ძლიერ გამდიდრდა მხედრობით, განძით, ოქროთო და ყოველგვარი საქნელით. 300 აქლემი და 150 ურემი განძი და მალი მოჰქონდა ხოლმე გარდა ცხენების, ჯოგებისა, ფარისა და ურიცხვისა. ცხენოსანთა რიცხვი იყო 40 ათასი, სახელოვანი და ფრიადი მებრძოლი და უშიში ყოველ ადგილს“.

გრიგორ აკანელი იმასაც გვიამბობს, რომ თეგუდარის მეომრები „ქვეყნის ქარავანს ხოცავდნენ, ავაზაკურად ეჭირათ გზები და ყველა საქონელს ართმევდნენ ქარავანს, რომლებიც დადიოდნენ ქალაქიდან ქალაქს. რამე მცირე სოფლებსაც აწიოკებდნენ, მთელი ქონება მიჰქონდათ, ოთხფეხი მიჰყავდათ და ხალხს  უწყალოდ წყლავდნენ ისრით“. 

უფრო მეტიც. თეგუდარის მებრძოლები მონასტრებში მწირველ ხუცესებს თავდაღმა ჰკიდებდნენ, ერთმანეთში არეულ მარილსა და მჭვარტლს აყრიდნენ ცხვირში და ეუბნებოდნენ, მოგვიტანეთ ღვინო ზღვის ოდენა და ხორცი მთის ოდენაო.

იმდენად მაშსტაბური იყო თეგუდარის ეს ამბოხი, რომ  ქართველი და სომეხი მთავრები იძულებული გახდნენ, აბაღა ყაენთან ეჩივლათ. და აბაღა ყაენის ბრძანებით, სირმონ ნოინი თეგუდარის წინააღმდეგ დაიძრა.

თეგუდარმა ნიგალის ხევში თავდაცვითი პოზიცია დაიკავა და ბარემ  ოპიზის მონასტრის გაძარცვა მოიწადინა. მის ასაოხრებლად ათასი მხედარი გაგზავნა, მაგრამ მონღოლებს ოპიზამდე გზის გაგნებაში ნისლმა შეუშალა ხელი. გზააბნეული ლაშქარი ხევში აღმოჩნდა. მოულოდნელად დაიწყო საშინელი წვიმა, რასაც სეტყვაც მოჰყვა და მოვარდნილმა წყალმა  მონღოლები გაიტაცა:

„მიეტევა წყალი და წარიხუნა თათარნი სრულიად, კაცი და ცხენი, არა დაშთა თვინიერ კიდე ერთისა კაცისა, და წარვიდა თხრობად თეგუდარისა“.

ამასობაში სირმონ ნოინიც გამოჩნდა და თეგუდარის რაზმს გვერდიდან მოურა. ამ უკანასკნელს არ გამოჰპარვია ეს მანევრი და აჭარა-შავშეთის საზღრისკეენ გადაინაცვლა, ფიჭვთას დადგა. აქედან  დავით ნარინს მსტოვარი გაუგზავნა და დასავლეთ საქართველოში გადასვლა ითხოვა... 

ყველისციხესთან გამართულ ბრძოლაში თეგუდარი სასტიკად დამარცხდა და მისმა მომხრეებმა დაქსაქსულად დაიწყეს უკან დახევა. ისინი ძნელად სავალი გზებით დასავლეთ საქართველოში გადასვლას შეეცადნენ.

დიდი განსაცდელის მიუხედავად, მონღოლმა უფლისწულმა თეგუდარმა და მისმა მომხრეებმა ქუთაისს მაინც მიაღწიეს. სირმონ ნოინმა ვერ გაბედა დასავლეთ საქართველოში გადასვლა, იცოდა, დავით ნარინი შეებრძოლებოდა, და უკან აბაღა ყაენთან დაბრუნდა.

დავით ნარინმა ხელგაშლილად უმასპინძლა მონღოლ უფლისწულს. მის ლაშქარს „სერი დიდი განუმზადა“, რომელზეც, თეგუდარის ლაშქრის გამოსაკვებად, 600 ცხენი, 1500 ძროხა, 2000 ცხვარი და სხვა საკლავი მირეკეს.

აბაღა ყაენის მოთხოვნის მიუხედავად, დავითმა მონღოლი უფლისწული არ გასცა. ის თეგუდარში ხედავდა ადამიანს, რომელიც აბაღა ყაენს დაამხობდა, მაგრამ მონღოლი უფლისწულს სხვა გეგმები აღმოაჩნდა.  ირანზე ლაშქრობას ვერ ბედავდა და ქართული მიწების აოხრებით აყენებდა ზიანს აბაღა ყაენს. ეს კი ნარინის ინტერესებში ნამდვილად არ შედიოდა. ამიტომ მონღოლ უფლისწულს ოქროს ურდოში გადასვლა შესთავაზე. მაგრამ არ დათანხმდა შეთავაზებას თეგუდარი, ისევ გააგრძელა   ქართლის აოხრება.

ირანში კარგად ხვდებოდნენ, რომ სანამ თეგუდარს დავით ნარინი ედგა გვერდში, ვერ გაანეიტრალებდნენ. ამიტომ აბაღამ ძალ-ღონე არ დაიშურა დასავლეთ საქართველოს ხელმწიფის, დავით ნარინის გადასაბირებლად. მონღოლი უფლისწული უკვე დიდი თავისტკივილი იყო დავითისთვის და მიუხედავად იმისა, რომ დევნილი სტუმრის გაწირვა ქვეშევრდომთა თვალში მეფის თავმოყვარეობასა და ღირსებას დიდ დარტყმას მიაყენებდა, მაინც გადაწყვიტა ამ გარიგებაზე წასვლა.

ერთ დღეს თეგუდარმა ისევ ილაშქრა ქართლში, სადაც აბაღას სარდალ სორმონ ნოინის მრავალრიცხოვან ჯარს გადააწყდა. სასტიკად დამარცხდა მონღოლი უფლისწული, იძულებული გახდა, უკუქცეულიყო, მაგრამ წამოეწია სორმონ ნოინი, შეიპყრო ისიცა და მისი ძეც  და ორივე აბაღა ყაენს მიჰგვარა...



Read more: https://sputnik-georgia.com/columnists/20200406/248172525/saqarTvelos-istoria-Tegudaris-ajanyeba.html


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 02.10.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





ბათუმის ხელშეკრულება 04 ივნისი 1918 წელი

2 0

ფონდი ქართუს მიერ რესტავრირებული ისტორიული ძეგლები

2 0

12000 მეტი სასულიერო პირი, მოიძიე გვარით, ითანამშრომლეთ ავტ. დავით ფეიქრიშვილი

1 0

დალაგებულია ანბანის მიხედვით, 

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები ითანამშრომლა ია კუხალაშვილი

2 0

ახმეტის რაიონში გარდაცვლილი მებრძოლები 1990 წლიდან, წიგნი ახმეტელი გმირები.

2 0

ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 0