გამეფებიდანვე, მეფის ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი საქართველოს ერთიანობის აღდგენა იყო. დასავლეთ საქართველოში დავით ნარინის სიკვდილის შემდეგ გამეფებულ კონსტანტინე I-ს მისივე ძმა, მიქელი აუჯანყდა. ძმათა შორის ბრძოლა ხან წყდებოდა ხანმოკლე დაზავებით, ხან კი ისევ გრძელდებოდა. 1327 წელს კონსტანტინე გარდაიცვალა და ტახტი მიქელმა დაიკავა, თუმცა ორი წლის შემდეგ ისიც გარდაიცვალა. მიქელს მცირეწლოვანი ვაჟი — ბაგრატი დარჩა, რომელსაც მთავრებმა მხარი არ დაუჭირეს. ამით ისარგებლა გიორგი ბრწყინვალემ, დაუკავშირდა იმერეთის დიდებულებს, მათთან შეთანხმებით გადავიდა დასავლეთ საქართველოში და ყველა ციხე და ქალაქი დაიკავა. ბაგრატი მცირერიცხოვან მომხრეებთან ერთად ქუთაისის ციხეში გამაგრდა, მაგრამ როდესაც გიორგის ჯარი ქალაქს მიუახლოვდა, ბაგრატი მეფეს ჩაბარდა, რის სანაცვლოდაც ხელშეუხებლობის პირობა და შორაპნის ერისთავობა მიიღო. ქუთაისში გიორგი მეფეს დადიანი, გურიელი, აფხაზთა და სვანთა ერისთავები ეახლნენ დიდი საჩუქრებით და მორჩილება გამოუცხადეს. შემდეგ მეფემ თავად იმოგზაურა ოდიშში, აფხაზეთსა და გურიაში და იქაური საქმეები მოაწესრიგა.
კონსტანტინე I-ის (მარცხნივ) და მისი ძმის მიქელის ფრესკის ფრაგმენტი. კონსტანტინე I (გ. 1327) — იმერეთის მეფე 1293-1327, დავით VI ნარინის ძე. ვახტანგ II-ის მომდევნო ძმა. მეფობას ეცილებოდა უმცროსი ძმა მიქელი, რომელმაც დაიპყრო რაჭა-ლეჩხუმი და არგვეთი. ძმებს შორის ბრძოლა კონსტანტინე I-ის გარდაცვალებამდე არ შეწყვეტილა. შინაური არეულობით ისარგებლეს მსხვილმა ფეოდალებმა (დადიანმა, შერვაშიძემ, გურიელმა) და ოდიში (სამეგრელო), აფხაზეთი, გურია ცენტრალური ხელისუფლებისაგან თითქმის დამოუკიდებელ სამთავროებად აქციეს. კონსტანტინე I აღესრულა 1327 წელს. შვილი არ დარჩენია.
მიქელი — ლიხთ-იმერეთის მეფე 1327-1329, დავით VI ნარინის ძე. უფლისწილობაში ტახტისათვის ებრძოდა უფროს ძმას კონსტანტინე I-ს. დაიპყრო რაჭა-ლეჩხუმი და არგვეთი. ძმებს შორის ბრძოლა კონსტანტინე I-ის გარდაცვალებამდე არ შეწყვეტილა.