გიორგი ბრწყინვალემ სამცხის შემოერთებაც მშვიდობიანად მოახერხა. 1334 წელს, როდესაც ბიძამისი, სამცხის მთავარი სარგისი გარდაიცვალა, მეფე სამცხეში ჩავიდა და სარგისის ძე, ყვარყვარე მთავრად თავად დაამტკიცა. ეს ფაქტი სამცხეზე მეფის უზენაესობის აღდგენასა და მის საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნებას ნიშნავდა. ამ აქტით გიორგი V-მ, არსებითად, საქართველოს გაერთიანების პროცესი დაასრულა.
სარგის II ჯაყელი — სამცხის (მესხეთის) მმართველი 1306-1334 წლებში, სამცხის სპასალარი, ბექა I-ის ძე. მამის მმართველობის დროს თავი გამოიჩინა რუმის თურქების შემოსევათა წინააღმდეგ ბრძოლაში. ქართველთა ლაშქარმა მისი მეთაურობით ვაშლოვანთან დაამარცხა თურქები, რომელთაც აზატ მოსე მეთაურობდა. მის დროს სამცხე აღმოსავლეთ საქართველოს მეფის მეშვეობით ემორჩილებოდა ილხანთა სახელმწიფოს.
ვახუშტის ცნობით, სარგის II-ს გიორგი V ბრწყინვალემ ათაბაგობა და ამირსპასალარობა უბოძა.
ყვარყვარე I ჯაყელი — სამცხე-საათაბაგოს ათაბაგი 1334-1361. მამის სარგის II-ის გარდაცვალების (1334) შემდეგ ყვარყვარე I ათაბაგად დასვა საქართველოს მეფემ გიორგი V ბრწყინვალემ. ამ აქტით სამცხე-საათაბაგო, რომელიც პოლიტიკურად 1266-იდან გამოყოფილი იყო საქართველოს სამეფოსთან და უშუალოდ ემორჩილებოდა ილხანების მონღოლთა სახელმწიფოს, კვლავ საქართველოს შეუერთდა და საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკური ერთიანობა აღდგა.